№ას-359-340-2012 15 მარტი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – თ. ფ-ე, ი. ფ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ფ-ე, აჭარის ა/რ პროკურატურა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 დეკემბრის განჩინება
კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 დეკემბრის განჩინებით თ. და ი. ფ-ეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანესა თ. და ი. ფ-ეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. და ი. ფ-ეების საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან (2012 წლის 01 იანვრიდან მოქმედი რედაქციით).
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 დეკემბრის განჩჲნების ასლი 2012 წლის 25 იანვარს პირადად ჩაბარდა თ. ფ-ეს (ტომი 2, ს.ფ. 67).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დენა კასატორ თ. ფ-ისათვის დაიწყო 2012 წლის 26 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 16 თებერვალს, რომელიც იყო სამუშაო დღე – ხუთშაბათი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი შეტანილია 2012 წლის 23 თებერვალს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ტომი 2, ს.ფ. 71-83).
საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადა დარღვეულია ასევე კასატორ ი. ფ-ის მიერ. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო ამავე წლის 27 დეკემბერს. აღნიშნულ სხდომას ესწრებოდა კასატორი ი. ფ-ე, შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი (ტომი 2, ს.ფ. 40-50). აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ვალდებული იყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, კერძოდ, კასატორს გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის უნდა მიემართა არა უგვიანეს 2012 წლის 26 იანვრისა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორ ი. ფ-ეს გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2012 წლის 26 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 16 თებერვალს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საკასაციო საჩივარი შეტანილია 2012 წლის 23 თებერვალს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით (ტომი 2, ს.ფ. 71-83).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ი. და თ. ფ-ეებმა საკასაციო საჩივარი შეიტანეს კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, ამიტომ მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ი. და თ. ფ-ეების საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან მიმართებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397.1 მუხლის ახალი რედაქციის გამოყენების თაობაზე საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს შემდეგი:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. იგივე შინაარსის დანაწესს შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 435-ე მუხლი. მითითებული ნორმებით, კანონმდებელი განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედებას დროში, საიდანაც გამომდინარეობს შემდეგი დასკვნა: სამოქალაქო საპროცესო კანონს უკუქცევითი ძალა არა აქვს, სასამართლომ უნდა გამოიყენოს ახალი კანონი, დამოუკიდებლად იმისა, საქმის განხილვა დაიწყო თუ არა ძველი საპროცესო კანონმდებლობის მოქმედების პირობებში. ისეთი საპროცესო მოქმედებები, რომლებიც ახალი კანონმდებლობის ამოქმედების პირობებში უნდა განხორციელდეს, შესრულდება არა ძველი, არამედ ახალი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილით მხარეებს განემარტათ, რომ განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენდა ერთ თვეს, მაგრამ ამ განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარების დროს, საიდანაც უნდა აითვალოს საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397.1 მუხლი მოქმედებდა ახალი რედაქციით, რომლითაც ახლებურად განისაზღვრა საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ი. და თ. ფ-ეებს სააკასაციო საჩივრის შეტანის უფლება გააჩნდათ ახალი კანონით დადგენილ 21-დღიან ვადაში. სასამართლოს აღნიშნული განმარტება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვან პრაქტიკას (იხ. სუსგ. №ას-58-57-2010, 3 თებერვალი 2010 წელი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. და თ. ფ-ეების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. ი. და თ. ფ-ეებს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეთ თ. ფ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი (გადახდის თარიღი – 2012 წლის 23 თებერვალი, ანგარიში: სს ბანკი „რესპუბლიკა“, ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) სს ბანკი „რესპუბლიკის“ მეშვეობით;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.