№ას-361-342-2012 26 მარტი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ს. რ-ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ. ნ-“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სავაგონო მომსახურებისათვის თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ს. რ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ. ნ-ის“ მიმართ დანიშნულების სადგურში 24 საათზე მეტი მომსახურების გაწევისათვის თანხის – 1200 ლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:
2009 წლის ნოემბერში მოპასუხემ ტვირთი გადაზიდა შპს „ს. რ-ის“ მეშვეობით, რა დროსაც შპს „ს. რ-ამ“ კეთილსინდისიერად, დრულად და ჯეროვნად შეასრულა გადაზიდვის ვალდებულება. შპს „ჯ. ნ-მა“ მოაცდინა შპს „ს. რ-ის“ კუთვნილი №91613123 და №91615567 ვაგონები. აღნიშნული დასტურდება №185045 და №173510 საერთო ფორმის აქტებით, ასევე სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების №267385 სამახსოვროთი. ვაგონები გაჩერდა მოპასუხის მიზეზით. შპს „ს. რ-ის“ დარიცხვებისა და გადახდების აღრიცხვის ცენტრის უფროსის მიერ შედგენილი დავალიანების გადაანგარიშების ცხრილის თანახმად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 1200 ლარის გადახდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
რ-ის სადგურ „ბათუმის“ 2009 წლის 27 დეკემბრის სადგურის მომსახურებისა და ტვირთის მიღება-ჩაბარების №267385 სამახსოვროთი და №185045 საერთო ფორმის აქტით დასტურდება ბათუმის რ-ის სადგურში 2009 წლის 20 დეკემბერს შპს „ჯ. ნ-ის“ სახელზე დასაცლელი რ-ის №91613125 და №91615567 ორი რონოდის შესვლის ფაქტი. აღნიშნული რონოდები დასაცლელად მოპასუხეს გადაეცა 20 დეკემბერს, 15:15 საათზე და დასაცლელად ვადა მიეცა 24 საათი. ტვირთის თავისებურებიდან გამომოდინარე, ვაგონების გათავიუფლება შესაძლებელი გახდა მხოლოდ 27 დეკემბერს, რის გამოც ადგილი ჰქონდა 6 დღე-ღამით ვაგონების მოცდენას. მოპასუხემ აღნიშნულის გამო მოსარჩელეს 27 დეკემბერს გადაუხადა ვაგონების მოცდენის საფასური 1200 ლარი, რაც დასტურდება 2009 წლის 27 დეკემბერს შპს „ს. რ-ის“ მიერ გაცემული №470161 ქვითრით, სადაც მითითებულია როგორც მოცდენის საფასური – 1200 ლარი, ისე მომსახურების თანხის – 900 ლარის გადახდის თაობაზე, ამდენად, მოპასუხემ შეასრულა მისი ვალდებულება და სარჩელი უსაფუძვლოა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ს. რ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 თებერვლის განჩინებით შპს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის ნოემბერში, შპს „ჯ. ნ-მა“ შპს „ს. რ-ის“ კუთვნილი ვაგონებით გადაზიდა ტვირთი. 2009 წლის 20 ნოემბრიდან 2009 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით რ-ის კუთვნილი ვაგონები გაჩერდა შპს „ჯ. ნ-ის“ მიზეზით. ამის გამო, შპს „ჯ. ნ-ს“ შპს „ს. რ-ამ“ მოსთხოვა ვაგონით სარგებლობის საფასურის – 1200 ლარის გადახდა, რაც აპელანტს მოწინააღმდეგე მხარემ 2009 წლის 27 ნოემბერს გადაუხადა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მართებულად დაადგინა, რომ შპს „ჯ. ნ-ს“ აპელანტის მიერ მოთხოვნილი თანხა უკვე გადახდილი ჰქონდა. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულებები შპს „ს. რ-ას“ არ წარუდგენია და არც მათზე მიუთითებია. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლით და, რადგან შპს „ჯ. ნ-ს“ ვალდებულება შესრულებული აქვს, ჩათვალა, რომ ეს ვალდებულება შეწყვეტილია და არც სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები არსებობდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. რ-ამ“, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
2009 წლის ნოემბერში შპს „ს. რ-ამ“ განახორციელა შპს „ჯ. ნ-ის“ ტვირთის გადაზიდვა, რა დროსაც კასატორს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული წესი არ დაურღვევია, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დროული შესრულება ვერ განხორციელდა მოპასუხის ბრალით, კერძოდ, გაჩერდა შპს „ს. რ-ის“ კუთვნილი №91613125 და №91615567 ვაგონები. მოპასუხის ქმედებით გამოწვეული ვაგონების 24 საათზე მეტი მომსახურების გაწევის გამო შპს „ს. რ-ა“ მოითხოვს შპს „ჯ. ნ-ისათვის“ 1200 ლარის დაკისრებას. კასატორის განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლი და სარკინიგზო კოდექსის 47-ე მუხლი აწესებს გადამზიდავის პასუხისმგებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, თუმცა კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს შპს „ჯ. ნ-ის“, როგორც ტვირთმფლობელის პასუხისმგებლობას, რომელმაც დაარღვია სარკინიგზო კოდექსის 22-ე მუხლის მე-7 ნაწილი, 23-ე მუხლის პირველი ნაწილი, 26-ე მუხლის მე-7 ნაწილი, 36-ე მუხლის მე-10 ნაწილი და 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი. სარკინიგზო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმებით კი იმპერატიულადაა დადგენილი, დანიშნულების სადგურში გადაზიდული ტვირთის დაგვიანებით მიღებისა და ვაგონის მოცდენის გამო ტვირთმფლობელის ქონებრივი პასუხისმგებლობა, შესაბამისად, სასამართლომ არასწორად განმარტა სარკინიგზო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები და არასწორად დაადგინა მოსარჩეკლის მიერ მოთხოვნილი თანხის მოპასუხის მიერ გადახდის ფაქტი. ამავდროულად, სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს: საერთო ფორმის აქტები და სადგურის მომსახურების მიღება-ჩაბარების სამახსოვროები, ვაგონების გაჩერება განაპირობა მოპასუხის მიერ ტვირთის გასწორებამ, შესაბამისად, შპს „ს. რ-ის“ პოზიცია დასაბუთებულია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მარტის განჩინებით შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ შპს „ს. რ-ას“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 16 თებერვალს №89 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ს. რ-ას“ (საიდენტიფიკაციო №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 16 თებერვალს №89 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.