№ას-369-350-2012 29 მარტი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ი. ბ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 იანვრის განჩინება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სარჩელი მოპასუხე ი. ბ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
2012 წლის 26 მარტს სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წარმომადგენელმა ლია გაბაიძემ შუამდგომლობით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის შესაბამისად საკასაციო საჩივრის გამოხმობა.
აღნიშნული შუამდგომლობის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, 2012 წლის 28 მარტს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა მოწინააღმდეგე მხარე ი. ბ-ის წარმომადგენელ რაჟდენ ხიმშიაშვილს, რომელიც დაეთანხმა საკასაციო საჩივრის გამოხმობას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. სარჩელის გამოხმობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას, ასევე სააპელაციო და საკასაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მოპასუხის თანხმობით. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გამოხმობის შესახებ.
ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კასატორი უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით გამოიხმოს საკასაციო საჩივარი, რის შედეგადაც იგი დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში კასატორმა სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ თავისი საკასაციო საჩივარი გამოიხმო, რასაც მოწინააღმდეგე მხარე ი. ბ-ის წარმომადგენელი რაჟდენ ხიმშიაშვილი დაეთანხმა (ს.ფ.179).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. კასატორ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს (საიდენტიფიკაციო კოდი ...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ №312 საგადასახადო დავალებით 2012 წლის 16 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.