Facebook Twitter
საქმე №ას-399-378-2012 23 მარტი, 2012 წელი

№ას-399-378-2012 23 მარტი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ. ხ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. პ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, დარღვეული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევა და საქმის სააპელაციო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების დადგენა, მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ხ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. პ-ის მიმართ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დადგენისა და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

მოპასუხე ა. პ-მა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

ვ. ხ-ს გათხოვების შემდეგ, ქ.თბილისში, ზ-ის ქ№67-ში მდებარე დედის დანაშთ სამკვიდრო სახლში არ უცხოვრია და ფაქტობრივად არ დაუფლებია სამკვიდრო ქონებას. ვ. ხ-ისთვის ცნობილი იყო გარდაცვლილი დედის სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაგრამ არ მიუმართავს ნოტარიუსისთვის სამკვიდრო მოწმობის მისაღებად. მისთვის ისიც ცნობილი იყო, რომ 2005 წელს ა. პ-მა მიიღო აწ გარდაცვლილი ი. პ-ის დანაშთი ქონება და პრეტენზია არ გამოუთქვამს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ხ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 თებერვლის განჩინებით ვ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით, 374-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ვ. ხ-ს არაერთხელ გაეგზავნა (2011 წლის 17 აგვისტოს, 2011 წლის 6 სექტემბერსა და 2011 წლის 22 სექტემბერს), თუმცა მისთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა მოსარჩელის რაიონში ყოფნის გამო. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლზე და განმარტა შემდეგი: იმის გამო, რომ მოსარჩელეს სასამართლოსთვის არ უცნობებია მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი, აპელანტისათვის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს გზავნილის სასამართლოში მეორედ ჩაუბარებელი სახით დაბრუნების დღიდან – 2011 წლის 8 სექტემბრიდან. ზემოხენებულის მიუხედავად, პირველი ინსტანციის სასამართლომ 2011 წლის 30 სექტემბერს გადაწყვეტილება კვლავ გაუგზავნა ამჯერად აპელანტის წარმომადგენელ ჯ. ჯ-ს (ს.ფ 196). საქმეში არსებული საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით უდავოდ დასტურდება, რომ ჯ. ჯ-ს პირადად აქვს მიღებული გადაწყვეტილების ასლი (ს.ფ. 197) 2011 წლის 4 ოქტომბერს. საქმეში წარმოდგენილი (ს.ფ. 4–5) რწმუნებულების მიხედვით დასტურდება, რომ ჯ. ჯ-ს გააჩნდა სასამართლოებში მარწმუნებელ ვ. ხ-ის ინტერესების წარმოდგენის, მათ შორის, სასამართლო გააწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილებაც. გადაწყვეტილების ასლი მისივე განცხადების საფუძველზე 2011 წლის 8 დეკემბერს პირადად ჩაბარდა ხელზე აპელანტის მეორე წარმომადგენელ რ. კ-ს (ს.ფ. 199). სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყო აპელანტის წარმომადგენელ ჯ. ჯ-ისთვის გზავნილის ჩაბარებიდან მეორე დღეს 2011 წლის 5 ოქტომბრიდან და დასრულდა 2011 წლის 18 ოქტომბერს. სააპელაციო საჩივარი კი სასამართლოში წარდგენილ იქნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით განსაზღვრული 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ – 2012 წლის 24 იანვარს, რის გამოც იგი დაუშვებელია.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ვ. ხ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, დარღვეული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევა და საქმის სააპელაციო პალატისათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არც მას და არც მის წარმომადგენელს პირადად არ ჩაბარებიათ, წარმომადგენელს გადაწყვეტილება გადასცა თანამშრომელმა 2011 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, რის გამოც ვ.ხ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს საპროცესო ვადის დარღვევის საპატიოდ მიჩნევის თხოვნით, მოგვიანებით კი წარადგინა სააპელაციო საჩივრი, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განუხილველად იქნა დატოვებული. გასაჩივრებული განჩინების უკანონობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ სასამართლომ კანონით გათვალისწინებული 14-დღიანი ვადა დარღვეულად მიიჩნია წარმომდგენლისათვის გადაწყვეტილების პირადად ჩაბარებიდან. სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა არასწორია, რადგანაც უშუალოდ მხარეს გადაწყვეტილება არ ჩაბარებია, რადგანაც ქალაქგარეთ იმყოფებოდა სამკურნალოდ, ხოლო მისი წარმომადგენლის – ჯ. ჯ-ის განმარტებით, საქმეში მითითებული გარემოება მისთვის 2011 წლის 4 ოქტომბერს გადაწყვეტილების პირადად ჩაბარების თაობაზე, სინამდვილეს არ შეესაბამება. სააპელაციო პალატას ზემოაღნიშნული არ გამოუკვლევია, რაც გასაჩივრებული განჩინების უსწორობაზე მიუთითებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ხ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება ვ. ხ-ს გაეგზავნა 2011 წლის 29 აგვისტოს შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჯ-ის ქ№46, საქმეში წარმოდგენილი შპს „სკს-ს“ გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, 2011 წლის 31 აგვისტოს ადრესატს შეტყობინება არ ჩაბარდა. ადრესატის დის – ნ. ხ-ის განმარტებით, ადრესატი რაიონში იმყოფებოდა, მან კი არ იცის თბილისში როდის დაბრუნდება. 2011 წლის 6 სექტემბერს სასამართლო შეტყობინება ადრესატს გაეგზავნა განმეორებით ამავე მისამართზე, ხოლო 2011 წლის 8 სექტემბერს კურიერმა სასამართლო შეტყობინების ჩაუბარებლობის მიზეზად მიუთითა შემდეგი: აღნიშნულ მისამართზე არის იტალიური ეზო, ადრესატი იმყოფება რაიონში განაცხადა ნათესავმა – ხ-მა ნ.მ და არ იცის როდის დაბრუნდება. სასამართლო შეტყობინება მხარეს 2011 წლის 23 სექტემბერს კვლავ გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე, ხოლო შპს „სკს-ს“ შეტყობინების ბარათზე 2011 წლის 26 სექტემბრის მინაწერის თანახმად, მეზობელ ხ-ი ვ.ს განმარტებით, ადრესატი რაიონში იმყოფებოდა, ხოლო ბინა დროებით იყო დაკეტილი. საქმეში წარმოდგენილია ასევე 2011 წლის 3 ოქტომბრით დათარიღებული გზავნილი, რომლის თანახმადაც ვ.ხ-ის წარმომადგენელ ჯ.ჯ-ს სასამართლო გადაწყვეტილება გაეგზავნა ქ.თბილისში, წ-ის ქ№1-ში და საფოსტო შეტყობინების ბარათის შესაბამისად, სასამართლო კორესპოდენცია ადრესატმა პირადად ჩაიბარა 2011 წლის 4 ოქტომბერს (იხ. ს.ფ.187-197). საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის თანახმად კი, მხარემ იგი სასამართლოში წარადგინა 2012 წლის 24 იანვარს (იხ. ს.ფ.202).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მოდავე მხარე, რომელიც არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, უფლებამოსილია, შეიტანოს სააპელაციო საჩივარი მისი კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4331 მუხლის თანახმად, ამავე კოდექსის 2591 მუხლი ამოქმედებულია მხოლოდ თბილისისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების მიმართ, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად უნდა ჩაითვალოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

ამდენად, სააპელაციო სასამართლო, სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე ზუსტად და უტყუარად არკვევს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტს, რადგანაც კანონის მითითებული დანაწესის სწორად განმარტება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მხარეს ერთმევა უფლება, სასამართლო წესით დაიცვას თავისი ინტერესი. აღნიშნული კი უზრუნველყოფილია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით და მის ერთ-ერთ ძირითად, ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს (სსსკ-ის მე-2 მუხლი), ამასთანავე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის დანაწესი სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის გაგრძელება-აღდგენის დაუშვებლობის თაობაზე გამომდინარეობს მეორე მხარის ინტერესიდან, რათა მართლმსაჯულების განხორციელებისას დაუსაბუთებლად არ დაირღვეს მისი დაცვადი ინტერესები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს. დასახელებული ნორმით დადგენილია სასამართლო შეტყობინების ჩაბარებულად მიჩნევის ზოგადი წესი და კანონმდებელი განმარტავს, რომ ნორმის სუბიექტთაგან ერთ-ერთისათვის შეტყობინების ჩაბარება ნამდვილია და ითვლება უშუალოდ მხარისათვის ჩაბარებად, რაც საპროცესო მოქმედების განხორციელების წინაპირობაა.

საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ სასამართლო შეტყობინება ვ. ხ-ს პირველად 2011 წლის 29 აგვისტოს გაეგზავნა და მისი ოჯახის ქმედუნარიანმა წევრმა – დამ, ნ. ხ-მა 2011 წლის 31 აგვისტოს უარი განაცხადა შეტყობინების ჩაბარებაზე იმ საფუძვლით, რომ ადრესატი რაიონში იმყოფება და არ იცის, როდის დაბრუნდება.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველსა და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმადაც, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად კი, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ადრესატის არყოფნის შემთხვევაში სასამართლო უწყების ჩამბარებელმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას. განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 75-ე და 76-ე მუხლებზე მითითება, რომლითაც კანონმდებელმა დაადგინა შემდეგი: თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე. უწყების მიღებაზე ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სუბიექტის უარის შემთხვევაში სასამართლო უწყება არ ჩაითვლება მოპასუხისათვის ჩაბარებულად, თუ მას პირველად ეგზავნება უწყება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უწყება გაგზავნილი იქნა მოპასუხის მიერ პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე. მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

განსახილველ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს რა ის ფაქტი, რომ ვ. ხ-ი მოცემულ დავაში წარმოადგენს მოსარჩელე მხარეს და სასამართლო კორესპოდენცია მას გაგეგზავნა მის მიერვე სარჩელში მითითებულ მისამართზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ მისამართზე მყოფი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული, მოსარჩელის ოჯახის ქმედუნარიანი წევრის უარი შეტყობინების ჩაბარებაზე სწორედ ვ. ხ-ისათვის ჩაბარებად უნდა იქნას მიჩნეული. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების თანახმად, ადრესატის ოჯახის ქმედუნარიანმა წევრმა შეტყობინების ჩაბარებაზე უარი 2011 წლის 31 აგვისტოს განაცხადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 1 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 14 სექტემბერს, სამუშაო დღეს – ოთხშაბათს, საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი კი მხარემ შეიტანა 2012 წლის 24 იანვარს, რაც მისი განუხილველად დატოვების უდავო წინაპირობაა. რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სასამართლომ მხარეს შეტყობინება გაუგზავნა 3-ჯერ, რის ვალდებულებაც მას კანონის თანახმად არ გააჩნდა, სადავო არაა ისიც, რომ ვ.ხ-ს სასამართლოსათვის მისამართის შეცვლის შესახებ არ უცნობებია. ამდენად, თუნდაც იმ პოზიციის გაზიარების შემთხვევაში, რომ მხარეს შეტყობინება განმეორებით გაგზავნის შემდგომ ეთვლება ჩაბარებულად, მისი სააპელაციო საჩივარი მაინც ვერ იქნებოდა მიღებული განსახილველად, ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ შპს „სკს-ს“ საფოსტო გზავნილის ჩაბარების დასტურზე, რომელიც 2011 წლის 8 სექტემბრითაა დათარიღებული (ს.ფ.191-192). ამ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, მხარეს სააპელაციო საჩივარი უნდა წარედგინა 2011 წლის 22 სექტემბერს, ხოლო მისი წარმომადგენლის, ჯ. ჯ-ისათვის (რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეშია წარმოდგენილი და მხარეს აღნიშნული სადავოდ არ გაუხდია) შეტყობინების ჩაბარების დღის მომდევნო დღიდან საპროცესო ვადის ათვლის შემთხვევაში მისი დენა დაიწყო 2011 წლის 5 ოქტომბერს და ამოიწურა 18 ოქტომბერს, სამშაბათს.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის არგუმენტს, რომ მხარემ, ვადის საპატიოდ დარღვევის გამო, მიმართა სასამართლოს და ამის შემდეგ წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რადგანაც, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში მართლაც არის წარმოდგენილი ვ.ხ-ის განცხადება (ს.ფ. 200), აღნიშნულის გაზიარება დაუშვებელია, რადგანაც, მსგავსად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის იმპერატიული დანაწესისა, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით პირდაპირაა განსაზღვრული, რომ სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. ამასთანავე, უსაფუძვლოა ის არგუმენტიც, რომ მხარის წარმომადგენელ ჯ.ჯ-ს გადაწყვეტილება პირადად არ ჩაბარებია და თანამშრომელმა მას გადაწყვეტილება სექტემბრის შუა რიცხვებში გადასცა, რადგანაც საპროცესო ვადის წარმომადგენილისათვის ჩაბარების შემთხვევაშიც კი, სააპელაციო საჩივარი შეტანილია 14 დღის დარღვევით, ამასთანავე, საქმეში, ერთი მხრივ, წარმოდგენილია მტკიცებულება გადაწყვეტილების ჯ.ჯ-ის მიერ პირადად ჩაბარების შესახებ (ს.ფ.197), ხოლო მხარეს ის გარემოება, რომ ხელმოწერა ჯ.ჯ-ს არ ეკუთვნის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, არ დაუდასტურებია, არამედ მოსაზრებას ამყარებს მხოლოდ ზეპირ განმარტებებზე, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ. ხ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. ხ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.