№ას-422-400-2012 23 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს „ა-ას“ კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე, საქმეზე – სს „... ბანკის“ სარჩელის გამო, მოპასუხეების: შპს „ა-ას“, ზ. ქ-ის, მ. ქ-ის, ა. ფ-ისა და ე. უ-ის უფლებამონაცვლე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამიონისტროს მიმართ საკრედიტო ხელშეკრულების მოშლის, დავალიანების დაკისრებისა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა-ას“ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 მარტის განჩინებით შპს „ა-ას“ კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 2 (ორი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის წარმოდგენა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან სასამართლო კურიერის მეშვეობით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი, ტექნიკური საშუალებით გაგზავნილი სასამართლო უწყების ჩაბარება დასტურდება ტელეფონის შემთხვევაში – ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ შედგენილი აქტით.
განსახილველ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 19 მარტის განჩინების შესახებ შპს „ა-ას“ დირექტორ ზ. ქ-ეს (იხ.ამონაწერი ტ. I, ს.ფ.34) სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა 2012 წლის 19 მარტს, კერძო საჩივარში მითითებულ ნომერზე, რის დასადასტურებლადაც საქმეში წარმოდგენილია სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტი (ტ.II, ს.ფ.19).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ორდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 20 მარტს და დასრულდა ამავე წლის 21 მარტს. აღნიშნულ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ შპს „ა-ას“ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეუვსია ხარვეზი, რაც მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ა-ას“ კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.