№ას-449-426-2012 30 მარტი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - კ. ყ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - თ. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – ანდერძის ბათილად ცნობა, სამკვიდრო მოწმობის გაუქმება, სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, მემკვიდრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
კ. ყ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. მ-ის, მესამე პირის - ქ.თბილისის ნოტარიუს ნ, გ-ის მიმართ ანდერძის ბათილად ცნობის, სამკვიდრო მოწმობის გაუქმების, სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებისა და მემკვიდრედ ცნობის მოთხოვნით.
ქ.თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ყ-მა.
აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ.
სააპელაციო ინსტანციის წესით საქმის განხილვისას - 2008 წლის 29 დეკემბერს მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი, იშუამდგომლეს მისი დამტკიცებისა და საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 დეკემბრის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები.
2010 წლის 12 აპრილს კ. ყ-მა კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე, მოითხოვა სამოქალაქო კოდექსის 62, 55, 81-82, 98-ე მუხლების საფუძველზე მორიგების პირობების მე-6 პუნქტის გაუქმება და სადავო პირობის ნაცვლად მითითება: „ვადების ამოწურვისა და პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბინა დარჩეს კ. ყ-ისა და თ. მ-ის საკუთრებად, ხოლო თუ მხარეები კვლავ ვერ შეთანხმდებიან, მაშინ ბინა გაიყიდოს სააღსრულებო ბიუროს მეშვეობის აუქციონზე და თანხა მხარეთა შორის განაწილდეს თანაბრად“. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 29 დეკემბრის განჩინების მე-6 პუნქტზე მას ხელი მოტყუებით მოაწერინეს, რადგანაც არ არის იურისტი და მოწინააღმდეგე მხარემ ისარგებლა მისი გამოუცდელობით. ამასთან, განჩინებაში მითითებული პირობების შესრულების მიზნით, კ. ყ-მა მოიძია სადავო უძრავი ნივთის შემძენი, რომელიც თანახმა იყო გადაეხადა 60000 აშშ დოლარი. თ. მ-მა შეპირებული თანხის ნაცვლად კი მოითხოვა 45000-ის გადაცემა, რასაც შედეგად მოჰყვა შემძენის მიერ გარიგების დადებაზე უარის თქმა. მოგვიანებით თ.მ-ი უარს აცხადებდა ბინის შეძენის მსურველებთან შეხვედრაზე და არც ტელეფონს პასუხობდა, რადგანაც განზრახული ჰქონდა სადავო ბინის მხოლოდ მის საკუთრებაში დატოვება. მხარის არაკეთილსინდისიერებაში კ. ყ-ი დარწმუნდა 2010 წლის აპრილის თვეში, რის გამოც იგი იძულებული გახდა მორიგების პირობების დამტკიცების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეეტანა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 3 მაისის განჩინებით კ. ყ-ის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.
კ. ყ-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის არსებითად განხილვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 28 სექტემბრის განჩინებით კ. ყ-ის განცხადება კერძო საჩივრის შეტანის ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2012 წლის 13 მარტს კ. ყ-მა კერძო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და კვლავ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 დეკემბრის განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ მორიგების პირობების მე-6 პუნქტის ბათილად ცნობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ყ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის შემოტანიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს კერძო საჩივარი შეტანილია თუ არა კანონით დადგენილ ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. ამდენად, დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა, კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინებაზე მისი კანონის ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად ჩაბარების ან გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება, ამასთან დასახელებული ნორმით დადგენილი 12-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ მხარის მიერ სადავოდ მიჩნეული განჩინება შედის კანონიერ ძალაში.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 დეკემბრის განჩინება კ. ყ-ის წარმომადგენელ გ. ხ-ეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა 2009 წლის 24 იანვარს (იხ ტ.IV, ს.ფ. 445), ამასთან, საქმეში არსებული ხელწერილით ასევე დასტურდება, რომ კ. ყ-ს სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება გადაეცა 2009 წლის 16 ნოემბერს (იხ.ტ.IV, ს.ფ.466).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინება ეგზავნება უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს და ერთ-ერთი მათგანისათვის, ან ამავე კოდექსის 74-ე მუხლით დადგენილი სუბიექტისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს, რომ წლებით, თვეებით ან დღეების გამოსათვლელი ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლების დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
ამდენად, კერძო საჩივრის შეტანის ვადის დენის დასაწყისი, დასახელებული ნორმების დანაწესის შესაბამისად, დაიწყო მხარის წარმომადგენლისათვის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გადაცემის დღის მომდევნო კალენდარული დღიდან, ხოლო კ. ყ-მა სასამართლოს კერძო საჩივრით მომართა 2012 წლის 13 მარტს, რაც მისი განუხილევალად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კ. ყ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კ. ყ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.