Facebook Twitter

№ას-45-43-2012 22 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ო-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ს-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ს-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ო-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მას და მოპასუხეს შორის 2006 წლის 16 მარტს დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, ქ. თბილისში, ვ-ის მე-3 , მე-3 კვარტლის მე-8 კორპუსში მდებარე ბინა №27-ზე შემდეგი საფუძვლებით:

სარჩელის თანახმად, მოსარჩელემ 2005 წლის 23 დეკემბერს, საკუთარი სახსრებით შეიძინა ქ. თბილისში, ვ-ის მე-3 , მე-3 კვარტლის მე-8 კორპუსში მდებარე ბინა №27, რომელიც 2006 წლის 16 მარტის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, გადასცა მეუღლეს – მ. ო-ს.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მხარეთა შორის ურთიერთობა დაიძაბა, რის შემედგაც მოსარჩელე, გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, იძულებული გახდა სახლიდან წასულიყო. ნ. ს-ე პერიოდულად აკითხავდა მეუღლეს და სთხოვდა, მიეცა ბინაში ცხოვრების უფლება, ვინაიდან უსახლკაროდ იყო დარჩენილი, თუმცა მოპასუხე სახლში არ უშვებდა. ბოლოს 2010 წლის 18 დეკემბერს მეუღლესთან იმავე თხოვნით მისულ ნ. ს-ეს, მოპასუხემ მიაყენა შეურაცხყოფა, რის გამოც გამოძახებულ იქნა პატრული და შედგა შესაბამისი ოქმი. ამჟამად მოსარჩელეს საცხოვრებელი არ გააჩნია და ცხოვრობს დორებით თანამშრომელთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და ქონების დაბრუნება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მოსარჩელემ იგი იძულებით მოათავსა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რათა ფარულად გაეყიდა უძრავი ქონება. მოსარჩელესთან მას ყოველთვის კონფლიქტური ურთიერთობა აქვს. მოსარჩელის სადავო ბინაში მისვლის მიზანს კი, წარმოადგენდა მისი ციხეში მოთავსება და ბინის წართმევა, რაც დანაშაულებრივი გზით ვერ შეძლო და ამჟამად ცდილობს ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით მიაღწიოს. მას თავად, ნ. ს-ეთვის არც შეურაცხყოფა მიუყენებია და არც უმადურობა გამოუჩენია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოელგიის 2011 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ნ. ს-ესა და მ. ო-ს შორის 2006 წლის 16 მარტს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: თბილისი, ვ-ი, მე-3 ..., მე-3 კვარტალი, მე-8 კორპუსი, პირველი სართული, ბინა №27, დამოწმებული ნოტარიუს რ. მ-ის მიერ, რეესტრის №1-343; სასამართლოს გადაწყვეტილებით განისაზღვრა აღნიშნული ბინის ნ. ს-ის სახელზე აღრიცხვა.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ო-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინებით მ. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2006 წლის 16 მარტს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ნ. ს-ემ უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ვ-ი, მე-3 ..., მე-3 კვარტალი, მე-8 კორპუსი, ბინა №27, საკუთრებაში გადასცა მ. ო-ს (ტ. I. ს.ფ. 24-25).

საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგინდა, რომ უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, ვ-ი, მე-3 ..., მე-3 კვარტალი, მე-8 კორპუსი, ბინა №27, საკუთრების უფლებით ირიცხება მ. ო-ის სახელზე (ტ. I. ს.ფ. 14).

ნ. ს-ე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულით ... (ტ. I. ს.ფ. 10-11).

მ. ო-ი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სარეიტინგო ქულით 50690 (ტ. I. ს.ფ. 49).

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ო-მა მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა და დიდი უმადურობა გამოიჩინა ნ. ს-ის მიმართ, კერძოდ, მხარეთა ახსნა-განმარტებების, 2010 წლის 18 დეკემბრის საპატრულო პოლიციის ოქმისა და მოწმე მ. ბ-ის ჩვენების შეფასების შედეგად, პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელე სადავო ბინაში ვერ ახერხებდა ცხოვრებას დასაჩუქრებულის ბრალით, მაშინ, როდესაც მჩუქებელს სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია და იგი იძულებულია თავი შეაფაროს ყოფილი თანამშრომლის – მ. ბ-ის ოჯახს. ამასთან, მოსარჩელე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას არ გააჩნია შესაძლებლობა იქირავოს საცხოვრებელი ფართი. ასევე, მოწმე მ. ბ-ის ჩვენებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ 2010 წლის 18 დეკემბერს მოპასუხესთან მისვლისას მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რამაც სასამართლოს შეუქმნა შინაგანი რწმენა იმისა, რომ დასაჩუქრებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა მჩუქებლის მიმართ დიდ უმადურობასა და შეურაცხყოფას.

მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმე მ. ბ-ის ჩვენების, ასევე საქმეში წარმოდგენილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის 2011 წლის 17 მარტის №05/231 ცნობის შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ ნ. ს-ე უძრავი ქონების გაჩუქების შემდეგ აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაში და ამასთან, მითითებულ გარემოებათა საპირისპირო მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოში არ წარმოუდგენია.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მართებულად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 529-ე და 530-ე მუხლებით, ვინაიდან, პალატის მოსაზრებით, ჩუქების გაუქმების შესაძლებლობას კანონი განსაკუთრებული გარემოებების არსებობას უკავშირებს, როგორიც არის: 1) დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფა და/ან 2) მჩუქებლის, ან მისი ახლო ნათესავის მიმართ გამოვლენილი დიდი უმადურობა. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დასაჩუქრებულის მხრიდან ადგილი აქვს მჩუქებლის მიმართ დიდ უმადურობასა და შეურაცხყოფას (განჩინების 4.5. პუნქტი)

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ს-ის სარჩელი საფუძვლიანი იყო და, შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ო-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მართებულად არ უნდა მიეჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტისას სამოქალაქო კოდექსის 529-ე და 530-ე მუხლების გამოყენება, ვინაიდან ნ. ს-ე ჩუქების შემდეგ მძიმე მდგომარეობაში არ აღმოჩენილა, იგი ცხოვრობს თავის შვილთან, სასამართლოს კი, წარუდგინა ცრუ მოწმე. ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებით უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება მ. ო-ი, რომელსაც უპირისპირდებიან შვილებიც და იგი აღმოჩნდება ქუჩაში.

კასატორის მოსაზრებით, საცხოვრებელი ფართის შეუვალობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მძიმე შეურაცხყოფად არ უნდა მიეჩნია ის ფაქტი, რომ მ. ო-მა თავისი ყოფილი მეუღლე სახლში არ შეუშვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 იანვრის განჩინებით მ. ო-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ო-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ო-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კასატორი მ. ო-ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ო-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.