№ას-47-45-2012 30 მარტი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები: 1. მ. ლ-ე (შეგებებული სარჩელის ავტორი)
2. ზ. ფ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორების მოთხოვნა – 1. ზ.ფ-ის სასარგებლოდ თანხის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება, ასევე სააპელაციო პალატის იმ განჩინების გაუქმება, რომლითაც მ.ლ-ეს უარი ეთქვა მტკიცებულების სახით ექსპერტის დასკვნის საქმისათვის დართვაზე და ახალი გადაწყვეტილებით მ.ლ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ზ.ფ-ის სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თავდაპირველ სარჩელში – ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება, შეგებებულ სარჩელში – ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლა, გადახდილი ნასყიდობის თანხის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ფ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ლ-ის მიმართ ბინის ნასყიდობის ფასიდან, 450 000 აშშ დოლარიდან, გადაუხდელი ნაწილის – 152 450 აშშ დოლარის, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის – 22 750 აშშ დოლარის, მიყენებული მატერილური ზიანის – 6 873.40 აშშ დოლარის, 165 ევროსა და 20.43 ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:
2008 წლის 15 ივლისის სანოტარო წესით დამოწმბეული №1-4706 გადახდის განვადების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ზ.ფ-მა მოპასუხეს მიჰყიდა ქ.თბილიში, ზ.ბ-ის ქ№5-ში, მე-4 სართულზე მდებარე №9 ბინა. ხელშეკრულებით ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 338000 აშშ დოლარით, საიდანაც 158000 აშშ დოლარი მ.ლ-ემ გამყიდველს ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადასცა, დარჩენილი 180000 აშშ დოლარი კი უნდა გადაეხადა შემდეგი წესით: 100000 აშშ დოლარი – 2009 წლის იანვრამდე, ხოლო 80000 აშშ დოლარი – ამავე წლის 30 მარტს. მოპასუხეს გადასახდელი დარჩა 130000 აშშ დოლარი, რომლის გადახდასაც აჭიანურებს, რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა ნასყიდობის საფასურის დარჩენილი თანხისა და ზიანის ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით:
ხელშეკრულების მეორე გვერდზე პირველი აბზაცის ბოლო წინადადება ჩამოყალიბებულია შემდეგნაირად: ,,იმ შემთხვევაში თუ მყიდველი ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ვერ შეძლებს ფასის სრულად გადახდას მხარეებს უფლება აქვთ ურთიერთშეთანხმებით გააგრძელონ ნასყიდობის ფასის გადახდის ვადა წინამდებარე ხელშეკრულებაში სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი ცვლილების შეტანის გზით, შეუთანხმებლობის შემთხვევაში მხარეები ვალდებულნი არიან, ერთმანეთს დაუბრუნონ ის, რაც მიიღეს წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე“. საქმეზე წარმოდგენილ იქნა ხელწერილი ზ. ფ-ის მიერ თანხის მიღების თაობაზე, რომელზეც მოსარჩელე ძირითად აქცენტებს აკეთებს. ხელწერილში მითითებული თანხების გარდა, ზ. ფ-ს კიდევ აქვს მიღებული სხვა თანხები, რაც დადასტურდება მოწმეთა ჩვენებით. 2008 წლის 8 ივლისის ხელწერილი წარმოდგენილ იქნა იმ გარემოების დასადასტურებლად, თუ რეალურად რა მიიღო ზ. ფ-მა ხელწერილით, რომელიც უშუალოდ მოსარჩელის მიერ იქნა შედგენილი, შესაბამისად, სწორედ მან მიუთითა ხელწერილში 450 000 აშშ დოლარის თაობაზე. 450 000 აშშ დოლარი ნასყიდობის საგნის ღირებულება არ ყოფილა, თუმცა იგი მითითებულ იქნა ხელწერილში დამატებითი თანხის სახით, რომელსაც გამყიდველი ცალკე შეთანხმებით მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუ დამატებით შესრულდებოდა გარკვეული პირობები უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, კერძოდ, გამყიდველი მოიპოვებდა დაშენების ნებართვის, ასევე მოაგვარებდა ფიტისა და სარდაფის საკითხს. რაც შეეხება უძრავი ქონების ნაკლს, უნდა აღინიშნოს, რომ საქმეში წარმოდგენილია 3 ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლოსათვის საყურადღებოა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2010 წლის 5 ივლისის №5782 დასკვნა, სადაც საუბარია არა სარდაფის გამაგრებაზე, არამედ შენობის მზიდუნარიანობის შენარჩუნებაზე. საქმეში ასევე წარმოდგენილია 2011 წლის 10 თებერვლის ექსპერტიზის №5-002446-2011 დასკვნა, საიდანაც ჩანს რომ პროექტი, რომლითაც განხორციელდა შენობის გამაგრება, არ იყო სრულფასოვანი, იგი ვერ უზრუნველყოფდა შენობის მზიდუნარიანობის შენარჩუნებას, არამედ მისი მიზანი იყო მხოლოდ და მხოლოდ სარდაფის გამაგრება. შენობა დღესაც მწვავე მდგომარეობაშია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დასტურდება, რომ მ. ლ-ეს გადაეცა ნაკლიანი ნივთი. ამასთან, საყურადღებოა 2008 წლის 15 ივლისის ხელშეკრულების პირობა, რომ „იმ შემთხვევაში, თუ ნასყიდობის საგანი აღმოჩნდება უფლებრივად ან ნივთობრივად ნაკლის მქონე, გამსხვისებელი ვალდებულია თავისი ხარჯით გამოასწოროს ეს ნაკლი“. ზ. ფ-ის მიერ ზემოაღნიშნული ნაკლი გამოსწორებული არ არის, ამასთანავე, მოპასუხემ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ზ. ფ-ის მიმართ 2008 წლის 15 ივლისს გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების მოშლის, შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ გადახდილი ნასყიდობის ფასის – 321 040 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის – 11 000 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
შეგებებული სარჩელის ავტორმა დამატებით მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: მხარეთა შორის 2008 წლის 15 თებერვალს დადებული ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის ფასი განისაზღვრა 338000 აშშ დოლარით. ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში შემძენმა სულ 321040 აშშ დოლარი გადაუხადა ზ.ფ-ს. ხელშეკრულების დადების შემდგომ შემძენისათვის ცნობილი გახდა ნასყიდობის საგნის ნივთობრივი ნაკლის შესახებ. აღნიშნული მ.ლ-ისათვის ხელშეკრულების დადებისას უცნობი იყო, რადგანაც ამისათვის საჭირო სპეციალური ცოდნა არ გააჩნია. ნაკლის არსებობის ფაქტს ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურის 2010 წლის 5 ივნისის დასკვნა, რომლითაც დადგენილია მცირე სეისმური ძალის ან ძლიერი ქარის ზემოქმედებით შენობის ნაწილის ან მთლიანი ნაგებობის მყისიერი დანგრევა, რკინა-ბეტობის სვეტებისა და რიგელიების დაშლა. ნაკლის დადგენისთანავე შემძენმა მიმართა გამყიდველს და მოსთხოვა მისი აღმოფხვრა, თუმცა მოსარჩელეს აღნიშნული არ განუხორციელებია, სარჩელის დაზუსტების მიზნით წარმოდგენილი სარდაფის გამაგრების პროექტი არ შეიძლება იქნას მიჩნეული გამაგრებითი სამუშაოს ჩატარებად, რადგანაც აღნიშნულით გარეგნულად შეილესა მხოლოდ რამდენიმე სვეტი.
ზ. ფ-მა შეგებებული სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: ნასყიდობის საგნის ფასი იყო 450000 აშშ დოლარი, რაც დასტურდება შესაგებელზე თანდართული ზ. ფ-ის 2008 წლის 8 ივლისის ხელწერილით, რომელშიც სწორედ აღნიშნული თანხაა მითითებული ნასყიდობის საგნის ღირებულებად. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გარემოება დასტურდება გაზეთ „სიტყვა და საქმის“ ნომრებით. გარდა ამისა, სხდომაზე მოწვეული მოწმე არჩილ მამალაძე, რომელიც ესწრებოდა მხარეების შორის მოლაპარაკების პროცესს, დაადასტურებს, რომ ნასყიდობის საგნის ღირებულება იყო 500000 აშშ დოლარი, ხოლო მხარეები საბოლოოდ შეთანხმდნენ 450000 აშშ დოლარზე და არა 338000 აშშ დოლარზე. მოსარჩელის მოსაზრება, სახლის ავარიულობისა და ნასყიდობის საგნის ნივთობრივი ნაკლის შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს და, აქედან გამომდინარე, არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე მ. ლ-ეს ზ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 128960 აშშ დოლარის გადახდა, მოპასუხე მ. ლ-ეს ზ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის – 16497 აშშ დოლარის ანაზღაურება, ამავე გადაწყვეტილებით მ. ლ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მ. ლ-ეს ზ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 3000 ლარის ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ლ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ზ. ფ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მ. ლ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ზ. ფ-მა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით მ. ლ-ისათვის ბინის ნასყიდობის ღირებულებიდან 1490 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე მ. ლ-ეს ზ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 128960 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის – 16497 აშშ დოლარის ანაზღაურება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ფ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. ლ-ეს ზ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 16960 აშშ დოლარის გადახდა, მ. ლ-ეს ზ. ფ-ის სასარგებლოდ 2009 წლის მარტიდან 2010 წლის 30 დეკემბრამდე დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის – 16960 აშშ დოლარის წლიური 7%-ის – 2020,88 აშშ დოლარის ანაზღაურება, გაუქმდა გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ზ. ფ-ის მოთხოვნა 22000 აშშ დოლარისა და 2009 წლის მარტიდან 2010 წლის 30 დეკემბრამდე მიუღებელი შემოსავლის – 23 490 აშშ დოლარის წლიური 7%-ის – 2877 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში და შეწყდა წარმოება ზ. ფ-ის სარჩელზე ბინის ნასყიდობის ღირებულებიდან მოპასუხის მიერ გადაუხდელი 22000 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით 23490 აშშ დოლარის წლიური 7%-ის 2009 წლის მარტიდან 2010 წლის 30 დეკემბრამდე 2877 აშშ დოლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში, ზ. ფ-ის მიერ სარჩელის ამ ნაწილში მოთხოვნაზე უარის თქმის გამო, განემარტათ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, მ. ლ-ეს ზ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის – 360 ლარის ანაზღაურება, ზ. ფ-ს მ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის – 759,23 ლარის გადახდა, ზ. ფ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სააპელაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი ბაჟის ნაწილი 825,91 ლარი შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლოს განმარტებით, მ. ლ-ის მოთხოვნას წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ზ. ფ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო მ. ლ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ახალი გადაწყვეტილების მიღება. მ. ლ-ე შეგებებული სარჩელით მოითხოვს ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლას, ნასყიდობის ფასის დაბრუნებას და ზიანის ანაზღაურებას. მ. ლ-ე 321040 აშშ დოლარის დაბრუნების თაობაზე მოთხოვნის საფუძვლად უთითებს მის მიერ აღნიშნული თანხის ზ. ფ-ისათვის გადახდის ფაქტზე, ხოლო ხელშეკრულების მოშლის საფუძვლად უთითებს როგორც ნასყიდობის საგნის ნაკლზე, ასევე ხელშეკრულებაში ხელშეკრულების მოშლის თაობაზე განხორციელებულ ჩანაწერზე, სასამართლო არ დაეთანხმა მ. ლ-ის მოსაზრებას ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული ნივთის ნაკლოვანების თაობაზე და მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 487-ე, 488-ე, 491-ე მუხლებზე, ასევე აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით არ დასტურდება, საცხოვრებელი სახლის (რომელშიც განთავსებულია ნასყიდობის საგანი) ავარიულობა, რადგანაც სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2010 წლის 2 ივლისის №6943/03/1 დასკვნის თანახმად, დასკვნის გაცემის დროისთვის სახლის სარდაფის და გარე ფასადის კედლებზე ჯდენისათვის დამახასიათებელი ან ავარიული ბზარები არ შეიმჩნევა. აუცილებელია დამუშავდეს სახლის სარდაფში მოწყობილი რკინა-ბეტონის კარკასის ელემენტების რიგელების (კოჭები) და დგარების (სვეტები) გამაგრების პროექტი და მის საფუძველზე უზრუნველყოფილ იქნას შენობის მზიდუნარიანობის შენარჩუნება. ამავე ბიუროს 2011 წლის 9 თებერვალს №142341/03 დასკვნის თანახმად, „ქ.თბილისში, ზ.ბ-ის ქ№5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფის კონსტრუქციების გაძლიერების პროექტი“ დამაკმაყოფილებელ დონეზეა შესრულებული. არსებული შენობის კონსტრუქციული სქემის, ასევე მისი ელემენტების სრულფასოვანი გამოკვლევისა და მისი პროექტის კონსტრუქციული ნაწილის ანალიზის გარეშე რთულია იმის განსაზღვრა, თუ სარდაფის ერთ-ერთი დაზიანებული სეგმენტის გაძლიერება რამდენად უზრუნველყოფს მთელი შენობის მზიდუნარიანობას. კითხვაზე – განისაზღვროს შენობის საძირკვლის, კედლების, გარე პერიმეტრის, სახურავის, ბინის ფანჯრების ვარგისიანობა, ასევე შესაძლებელია თუ არა აღნიშნულ შენობაზე არსებული ნაკლის გამოსწორება და აღნიშნული რა ხარჯთან არის დაკავშირებული, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2011 წლის 18 თებერვლის №001949-2011/03 დასკვნის თანახმად, სარდაფის ის ნაწილი, რომელიც მოწყობილი იყო დაბალმარკიანი ბეტონით, ექსპერტის დასკვნის მომზადების დროისთვის გამაგრებულია ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული პროექტის შესაბამისად. პალატამ მიუთითა სსიპ „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის“ 2011 წლის 18 თებერვლის №01-0825 წერილზე, რომლის თანახმადაც 2001 წლიდან თბილისში დაფიქსირდა 6 მიწისძვრა, საიდანაც შენობების დაზიანება გამოიწვია მხოლოდ 2002 წლის აპრილის მიწისძვრამ, დანარჩენ მიწისძვრებს რაიმე სახის დაზიანება არ გამოუწვევია. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების ანალიზის თანახმად, სადავო საცხოვრებელ სახლში მისი ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ 2002 წლის აპრილის თვეში დაფიქსირებულ მიწისძვრას სახლის დაზიანება არ გამოუწვევია, აღნიშნულის საწინაააღმდეგო მტკიცებულება მ. ლ-ეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, ხოლო ექსპერტიზის დასკვნაში მითითება იმ გარემოებაზე, რომ მცირე სეისმური ძალების ან ძლიერი ქარის ზემოქმედებით გამოწვეულ ბიძგებს შეუძლიათ სარდაფში მოწყობილი რკინა-ბეტონის სვეტებისა და რიგელების დაშლა გამოიწვიოს, პალატის მოსაზრებით, თავისი შინაარსიდან გამომდინარე სავარაუდო ხასიათისაა და არ შეიძლება გაზიარებულ იქნას საცხოვრებელი სახლის შეძენის პერიოდისათვის მისი მდგომარეობის შესაფასებლად. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილ იქნა ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 2011 წლის 11 თებერვლის №07-14/396 წერილი საცხოვრებელ სახლზე 2010 წლის ნოემბერში ძველი თბილისის რაიონის გამგეობის დაკვეთით სს „თბილისის მ-ის“ მიერ რკინა-ბეტონის მზიდი კონსტრუქციების გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების თაობაზე, რომლის ღირებულებამ შეადგინა 11120,28 ლარი. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით და ჩათვალა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ზ. ფ-ის მიერ მ. ლ-ისათვის გადაცემული ნივთი ვარგისია სარგებლობისათვის. სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ მ. ლ-ის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული მოსარჩელის მიერ ნაკლიანი ნივთის მიწოდების ფაქტი, რის გამოც შეგებებული სარჩელი ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლის, გადახდილი თანხის უკან დაბრუნებისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. ამასთანავე, პალატამ გაიზიარა მ. ლ-ის მოსაზრება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ნასყიდობის ფასის არასწორად განსაზღვრის თაობაზე. პალატის მითითებით, სანოტარო წესით ბინის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე, 2008 წლის 8 ივლისის ხელწერილის თანახმად, დასტურდება ის გარემოება, რომ ზ. ფ-მა მ. ლ-ისაგან ბეს სახით მიიღო 156000 აშშ დოლარი. ხელწერილის თანახმად, აღნიშნული თანხა მ. ლ-ეს ჩაეთვლება იმ თანხის შემადგენელ ნაწილად, რომელიც მას უნდა გადაეხადა ბინის საფასურად, რომელიც 450 000 აშშ დოლარს შეადგენდა. 2008 წლის 15 ივლისს ზ. ფ-სა და მ. ლ-ეს შორის გაფორმებული გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულებაში ნასყიდობის ფასი განსზღვრულია 338000 აშშ დოლარით. ხელშეკრულების თანახმად, მყიდველმა მ. ლ-ემ გამსხვისებელ ზ. ფ-ს გადაუხადა 158000 (ნაცვლად ხელწერილში მითითებული 156000 აშშ დოლარისა) აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 180000 აშშ დოლარიდან 100000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა 2009 წლის იანვრამდე, 80000 აშშ დოლარი 2009 წლის 30 მარტს. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლით, რომლის შესაბამისადაც ხელშეკრულების ფასი წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობას. ამასთან არ იქნა გაზიარებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება ნასყიდობის ხელშეკრულების ფასის 450000 აშშ დოლარით განსაზღვრის თაობაზე, გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში წარმოდგენილი 2008 წლის 15 ივლისის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, უძრავი ქონების ნასყიდობის ფასი განსაზღვრულია 338000 ლარით, რომელსაც, პალატის მოსაზრებით, უპირატესი ძალა უნდა მიენიჭოს, ვინაიდან, იგი წარმოადგენს სანოტარო აქტს. 2008 წლის 15 ივლისის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია უფრო გვიან, ვიდრე 2008 წლის 8 ივლისის ხელწერილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის – 2008 წლის 15 ივლისისათვის მხარეები საბოლოოდ შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობაზე – ფასზე. პალატამ მიუთითა ასევე სასამრთლო სხდომაზე მ. ლ-ის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებაზე, რომლითაც იგი არ უარყოფს მხარეთა მოლაპარაკებას 450000 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დამატებით შესრულდებოდა გარკვეული პირობები უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, კერძოდ, გამყიდველის მიერ დაშენების ნებართვის მოპოვება, ფიტისა და სარდაფის საკითხის მოწესრიგება, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ნასყიდობის ფასი უნდა განისაზღვროს 2008 წლის 15 ივლისის გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების შესაბამისად, 338000 აშშ დოლარით. სასამართლოს მოსაზრებით, მინიშვნელოვანია იმ გარემოებაზე მითითება, რომ ზ. ფ-ი სარჩელის ფაქტობრივ საფუძვლად უთითებდა 2008 წლის 15 ივლისის ბინის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებაზე და აღნიშნულ ხელშეკრულებაში მითითებული ბინის ნასყიდობის საგნის ღირებულებიდან –338000 აშშ დოლარიდან ითხოვდა გადაუხდელი თანხის – 130000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრებას. სარჩელზე დადგენილი ხარვეზის შევსების შემდგომ წარდგენილ დაზუსტებულ სარჩელში ზ. ფ-ი გადაუხდელი თანხის გადახდას კვლავ ითხოვდა 2008 წლის 15 ივლისს გაფორმებული გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულებიდან. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოპასუხე მ. ლ-ის მიერ სარჩელის შესაგებელზე წარმოდგენილი იქნა 2008 წლის 8 ივლისის ხელწერილი, ზ. ფ-მა 2011 წლის 31 იანვარს სასამართლოში წარადგინა განცხადება სასარჩელო მოთხოვნის გაზრდის თაობაზე და, ნაცვლად 130000 აშშ დოლარისა, მოითხოვა 156000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება, ასევე შეცვალა სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი და თანხის გადახდა მოითხოვა არა 2008 წლის 15 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბინის ღირებულებიდან, არამედ ზ. ფ-ის მიერ ცალმხრივად შედგენილ ხელწერილში მითითებული ბინის საფასურის 450000 აშშ დოლარიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩია, რომ ბინის ნასყიდობის ღირებულებაზე მხარეთა საბოლოო შეთანხმებას ასახავს 2008 წლის 15 ივლისის სანოტარო წესით გაფორმებული ხელშეკრულება და არა 2008 წლის 8 ივლისის ხელწერილი. სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ მ. ლ-ემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის ვალდებულება, კერძოდ, მ. ლ-ის მიერ ზ. ფ-ისათვის გადახდილია ნასყიდობის ფასის ნაწილი 321040 აშშ დოლარი, საიდანაც 297550 აშშ დოლარის მიღების ფაქტს აღიარებს ზ. ფ-ი, ხოლო მოპასუხე მ. ლ-ის მიერ სადავო თანხის 321040 აშშ დოლარის ზ. ფ-ისათვის გადაცემა დასტურდება, როგორც მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებით, ასევე მ. ლ-ის შუამდგომლობით მოწვეული მოწმეთა ჩვენებებით და სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოდგენილი 2008 წლის 8 ივლისის ხელწერილის სრულყოფილი ქსეროასლით, სადაც დაფიქსირებულია, რომ ზ. ფ-ის მიერ მიღებული თანხების ოდენობა აღემატება მ. ლ-ის მიერ აღიარებულ ზ. ფ-ისათვის გადახდილი თანხების ოდენობას. სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის საფუძველზე ჩათვალა, რომ ვერ გასცდებოდა რა მ. ლ-ის მოთხოვნას შეგებებული სარჩელში მითითებული თანხას – 321040 აშშ დოლარს, მიიჩნია, რომ მ. ლ-ის მიერ ზ. ფ-ისათვის გადახდილ იქნა ბინის ნასყიდობის ფასი 321040 აშშ დოლარი. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის საწინააღმდეგოდ, მ. ლ-ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, ნაცვლად 338000 აშშ დოლარისა მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა ღირებულების ნაწილი 321040 აშშ დოლარი, გადასახდელი დარჩა 16960 აშშ დოლარი. სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით კანონმდებელი პრინციპულად აკანონებს ზიანის ანაზღაურებას და არ უკავშირებს მას მოვალის ბრალეულობის ხარისხს. მიუღებელია შემოსავალი, რომელიც შეიძლება დამდგარიყო სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შემთხვევაში. როგორც წესი, საკითხის გადაწყვეტისას სასამართლოს მიერ ყურადღება უნდა მიექცეს, რამდენად მოსალოდენელი იყო მისი მიღება. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებელია, სასამართლოს შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი და იკვეთებოდეს, რომ შესაძლებელი იყო მისი დადგომა. სასამართლომ ჩათვალა, რომ სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში, გონივრული განსჯის ფარგლებში ზ. ფ-ს შეეძლო, მოპასუხისაგან მისაღები 16960 აშშ დოლარი განეთავსებინა კომერციულ ბანკში ანაბარზე და მიეღო შესაბამისი შემოსავალი, კომერციული ბანკების დეპოზიტებზე უცხოური ვალუტის განთავსებით სესხზე წლიური 7%-ის ოდენობით, რის გამოც მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს მოსარჩელეს მიუღებელი შემოსავლის სახით 16960 აშშ დოლარზე 7% 2009 წლის 30 მარტიდან (ვინაიდან 2008 წლის 15 ივლისის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულების ბოლო ვადა იყო 2009 წლის 30 მარტი) 2010 წლის 30 დეკემბრამდე, რაც შეადგენს 2020,88 აშშ დოლარს. პალატამ სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, განმარტა, რომ ზ. ფ-ი წარმოადგენს უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს მ. ლ-ეს ნასყიდობის ფასისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. ზ. ფ-მა უარი თქვა სარჩელზე ბინის ნასყიდობის ღირებულებიდან მოპასუხის მიერ გადაუხდელი 22000 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის – 23 490 აშშ დოლარის წლიური 7%-ის 2009 წლის მარტიდან 2010 წლის 30 დეკემბრამდე 2877 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის, 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად პალატამ ჩათვალა, ვინაიდან აპელანტმა ზ. ფ-მა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას უარი თქვა სარჩელზე ბინის ნასყიდობის ღირებულებიდან მოპასუხის მიერ გადაუხდელი 22000 აშშ დოლარისა და 2009 წლის მარტიდან 2010 წლის 30 დეკემბრამდე მიუღებელი შემოსავლის – 23490 აშშ დოლარის წლიური 7%-ის – 2877 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, ზ.ფ-ის შუამდგომლობა საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო, უნდა გაუქმებულიყო გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ზ. ფ-ის მოთხოვნა 2009 წლის მარტიდან 2010 წლის 30 დეკემბრამდე 22 000 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის – 23490 აშშ დოლარის წლიური 7%-ის – 2 877 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და უნდა შეწყვეტილიყო საქმის წარმოება ზ. ფ-ის სარჩელზე ბინის ნასყიდობის ღირებულებიდან 2009 წლის მარტიდან 2010 წლის 30 დეკემბრამდე მოპასუხის მიერ გადაუხდელი 22 000 აშშ დოლარის და მიუღებელი შემოსავლის – 23 490 აშშ დოლარის წლიური 7%-ის – 2877 აშშ დოლარის ოდენობით დაკისრების თაობაზე.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ლ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მას ზ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 16960 აშშ დოლარის, მიუღებელი შემოსავლის – 2020,88 აშშ დოლარის გადახდა, ასევე არ დაკმაყოფილდა მ. ლ-ის სააპელაციო საჩივრი და ახალი გადაწყვეტილებით კასატორმა მოითხოვა ზ.ფ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მისი შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ასევე მოითხოვა იმ განჩინების გაუქმება, რომლითაც მას უარი ეთქვა ექსპერტის დასკვნის მტკიცებულების სახით საქმისათვის დართვაზე შემდეგი საფუძვლებით:
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ მტკიცებულებათა – ექსპერტის დასკვნების საპირისპიროდ, არასწორად დაადგინა, რომ საცხოვრებელი სახლი, სადაც სადავო ბინა მდებარეობს, ნაკლის მქონე არ არის. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი, რომლითაც გათვალისწინებულია ხელშკერულების თავისუფლება, მხარის უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები, მათ შორის ისეთიც, რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგებ მას. სასამართლომ ჩათვალა, რომ თანხის გადაუხდელობა მყიდველის მიერ არ არის ხელშეკრულების მყიდველის მიერ მოშლის მარეგულირებელი ნორმის დისპოზიციაში, რაც არასწორია. მხარეებს ეს პირობა შეთანხმებული აქვთ და ხელშეკრულებით განსაზღვრეს, რაც სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით დაშვებულია. პალატამ ასევე არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 484-ე მუხლის, რომლიდან გამომდინარეც, ყველა მხარეს შეუძლია, უარი თქვას თავისი ვალდებულების შესრულებაზე, თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ აღმოჩნდება, რომ არსებობს რეალური საშიშროება იმისა, რომ მეორე მხარე თავის მოვალეობათა მნიშვნელოვან ნაწილს არ შეასრულებს. მოცემულ შემთხვევაში, მ. ლ-ე უარს აცხადებს დარჩენილი თანხის – 16960 აშშ დოლარის გადახდაზე იმ მიზეზით, რომ გამყიდველი არ ასრულებს ნივთის ნაკლის გამოსწორების ვალდებულებას. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა 488-ე მუხლი, რომლის შინაარსიდან გამომდინარეც, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუკი იგი ვარგისია ჩვეულებრივი სარგებლობისათვის. კონკრეტულ შემთხვევაში ნათელია, რომ საცხოვრებელ სახლს საძირკველი აქვს უხარისხო, რაც გამორიცხავს მის უსაფრთხოებას და ჩვეულებრივ სარგებლობას, ამასთან, ბინას, უხარისხოდ გაკეთებული ფანჯრების გამო, აქვს კონდენსირების პრობლემა, ფანჯრები მუდამ სველია და უამინდობის პირობებში ამის გამო სველია კედლებიც. ბუნებრივია, ეს გარემოება გამორიცხავს ბინით ჩვეულებრივ სარგებლობას. ამ ფონზე ყველაზე ნაკლებად მტკივნეული შეიძლება იყოს, მზიდი კედლის დასაშვებზე ნაკლები სისქის გამო, მეზობლის ბინიდან ხმაურის სმენა, თუმცა მზიდი კედლის დასაშვებ პარამეტრებთან შეუსაბამობა, ასევე, შესაძლოა, ბინის ტექნიკური უსაფრთოებისა და ჩვეულებრივი სარგებლობის გამომრიცხავი გარემოება გახდეს. სასამართლომ, საცხოვრებელი სახლის საძირკვლის არაავარიულად და ბინის უნაკლოდ მიჩნევით, დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი, რადგან ექსპერტის დასკვნები საწინააღმდეგოზე მიუთითებს. მხოლოდ სარდაფის ერთი ნაწილის შელესვა და შერემონტება ვერ აღმოფხვრის არსებულ ნაკლს და ეს ნათლად ჩანს 2011 წლის 21 თებერვლით დათარიღებული საექსპერტო დასკვნიდან, სადაც აღნიშნულია, რომ რკინა-ბეტონის სარტყელი დაბალმარკიანია და საჭიროებს გამაგრებას. იმავე დასკვნიდან ირკვევა, რომ ფანჯრის კონსტუქციული ნაწილის კონდესირება ხდება და ამის მიზეზია ჭრილში ნაცვლად სამკამერიანისა, ერთკამერიანი კონსტრუქციის არსებობა. ბუნებრივია, სპეციალისტის მიერ გაკეთებული ასეთი დასკვნა ობიექტურად შეუსაბამოა სასამართლოს დასკვნასთან. სასამართლოს დასკვნა, მომხდარი მიწისძვრის გამო, სახლის დაუზიანებლობა ნივთის ნივთობრივი ნაკლის არარსებობის დადასტურების თაობაზე, უსაფუძვლოა, სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების დარღვევით, მ.ლ-ის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეუფასებლობით, არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ მ.ლ-ემ სახლის ავარიულობა ვერ დაადასტურა. მსგავსად საქალაქო სასამართლოსი, სააპელაციო პალატამ ყურადღება არ მიაქცია შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებას სახლის ფანჯრების უხარისხოდ მოწყობასა და სამეზობლო №6 მზიდი კედლის საპროექტო პარამეტრებთან შეუსაბამობას, რომელიც მომეტებულ საფრთხის წყაროსთან ერთად ქმნის სერიოზულ დისკომფორტს, რადგანაც მცირე ხმაურიც კი ისმის.
მ.ლ-ემ საკასაციო საჩივარს ასევე დაურთო „ინტელექტპროექტი 2010-ის“ ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა და იშუამდგომლა მისი საქმისათვის დართვის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის 128960 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ასანაზღაურებლად 16497 აშშ დოალრის დაკისრების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ფ-მა, მოითხოვა გასაცივრებულ ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ნასყიდობის ფასი, კერძოდ ის, რომ თანხა იყო არა 450000 აშშ დოლარი, არამედ 338000 აშშ დოლარი. აქედან გამომდინარე, სასამართლომ კასატორს ნაცვლად 128960 აშშ დოლარისა, მხოლოდ 16960 აშშ დოლარი მიაკუთვნა. ნასყიდობის ხელშეკრულებას არ აქვს უპირატესი მტკიცებულება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნწილიდან გამომდინარე, არავითარ უპირატესობაზე ლაპარაკი არ შეიძლება იყოს. თავად ნასყიდობის ხელშეკრულების სანოტარო აქტში მითითებულია შემდეგი: თუ მხარეები ამცირებენ ნასყიდობის ფასს, დავისას მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ფასის შემცირების ფაქტი, რაც კასატორმა განახორციელა კიდევაც, არასწორია სააპელაციო სასამრთლოს დასკვნა, რომ, ვინაიდან ხელწერილი შესრულებულია 2008 წლის 8 ივლისს, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულება უფრო გვიან – 2008 წლის 15 ივლისს, მხარეები შეთანხმდნენ 338000 აშშ დოლარის გადახდაზე. ხელწერილი არ არის შედგენილი მხოლოდ 2008 წლის 8 ივლისს. მისი შედგენა დაიწყო 2008 წლის 8 ივლისს და ის გრძელდებოდა შემდეგაც. ხელწერილში არსებული 2009 წლის 22 იანვარს, 18 მარტს, 7 აპრილსა და 27 ივლისს შესრულებული ჩანაწერები ასახავენ ზ. ფ-ის მიერ თანხების მიღების ქრონოლოგიას. სწორედ 2008 წლის 8 ივლისის შემდგომი ჩანაწერები განამტკიცებენ 8 ივლისს შესრულებული ჩანაწერის სისწორეს იმის შესახებ, რომ ბინის ნასყიდობის ფასი იყო 450000 აშშ დოლარი. მთლიანობაში წარმოდგენილი ხელწერილის შემდეგ შედგენილი ხელწერილების პირველ და მეორე გვერდებზე არსებული კალკულაცია სრულად ადასტურებს ბინის ნასყიდობის ფასის 450000 აშშ დოლარით განსაზღვრას. საგულისხმოა ისიც, რომ ერთ-ერთ ხელწერილში 450000 აშშ დოლარსა და 288050 აშშ დოლარს შორის სხვაობა მ. ლ-ის მიერ არის დაწერილი. სასამართლოს ლოგიკიდან გამომდინარე, ბინის ნასყიდობის ფასად 338000 აშშ დოლარის მიჩნევა წინააღმდეგობაშია ხელწერილის პირველ გვერდზე არსებულ ჩანაწერთან, სადაც კასატორის მიერ ჩაწერილ მისაღებ თანხას წარმოადგენს 179000 აშშ დოლარი და იგი ავსებს თანხებს 450000 აშშ დოლარამდე. აღნიშნულით ირკვევა, რომ ბინის გასაყიდი ფასი 450000 აშშ დოლარია. ხელშეკრულების დადებამდე კასატორს მიღებული ჰქონდა 271000 აშშ დოლარი და გადასახდელად დარჩენილი იყო 179000 აშშ დოლარი. ბინის ნასყიდობის ფასის ოდენობა დასტურდება ასევე გაზეთ „სიტყვა და საქმის“ 2008 წლის 21-23 მარტის, 2008 წლის 24 მარტის, 2008 წლის 26 მარტისა და 2008 წლის 30 მარტის ნომრებით, სადაც განთავსებული იყო განცხადება სადავო ბინის გაყიდვასთან დაკავშირებით. საქმეში მოწმე არჩილ მამალაძის ჩვენებაა, რომლითაც დასტურდება, რომ მან გააცნო კასატორს მ. ლ-ე და მისი მეუღლე, სწორედ ამ შეხვედრის დროს მოხდა 450000 აშშ დოლარზე შეთანხმება, შეთანხმების მიხედვით ნასყიდობის ფასი სრულად უნდა ყოფილიყო გადახდილი 2009 წლის გაზაფხულამდე. ჩვენების მიცემამდე ერთი წლით ადრე არჩილ მამალაძე ასევე ესწრებოდა მხარეთა შეხვედრას, სადაც მ. ლ-ემ განაცხადა, რომ მას გადასახდელი ჰქონდა 129 000 აშშ დოლარი. პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ მ. ლ-ემ არ უარყო მხარეთა მოლაპარაკება 450000 აშშ დოლარზე ზ.ფ-ის მიერ დამატებითი პირობების შესრულების შემთხვევაში. პალატის ეს დასკვნა, ბუნდოვანია, რადგან არ ირკვევა, დადგენილად მიიჩნია თუ არა სასამართლომ დამატებით პირობებზე შეთანხმების არსებობა, დადებით შემთხვევაში რა შედეგი დადგა იმის გამო, რომ ზ. ფ-მა ვალდებულება არ შეასრულა, ხოლო, თუკი პალატამ დამატებით პირობებზე შეთანხმება დადებულად არ მიიჩნია, მაშინ რატომ არ გამოიყენა სასამართლომ ნასყიდობის ფასის დასადგენად მ. ლ-ის აღიარება 450000 აშშ დოლარზე. აღნიშნულით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი. სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ზ. ფ-ი თავდაპირველ სარჩელსა და ხარვეზის გამოსწორების შემდეგ შეტანილ სარჩელში მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ 338 000 აშშ დოლარს უთითებდა, რის გამოც მხარეთა ნასყიდობის ფასზე საბოლოო შეთანხმების 2008 წლის 15 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულება ასახავს, უსაფუძვლოა, რადგანაც სარჩელის შეტანის დროს ზ.ფ-ს არ გააჩნდა მტკიცებულება – ხელწერილი და ამიტომ მას არ შეეძლო მოთხოვნა არარსებულ მტკიცებულებაზე დაემყარებინა. იმის გამო, რომ კასატორი თანხის მიღების აღრიცხვას ცალკე აწარმოებდა, მისთვის უცნობი იყო, ზუსტად რა თანხა ჰქონდა გადასახდელი მოპასუხეს. ნასყიდობის ხელშეკრულებით ნასყიდობის ფასი მართლაც 380000 აშშ დოლარი იყო, მოპასუხის მიერ ხელწერილის სასამართლოში წარდგენიდან მე-4 დღეს კი, ზ.ფ-მა მიმართა სასამართლოს და დაადასტურა, რომ ეთანხმებოდა ხელწერილს, შესაბამისად, სარჩელის მოთხოვნაც გაზარდა. ნასყიდობის რეალურ ფასსა და სანოტარო წესით დამოწმებულ ხელშეკრულებაში არსებულ ფასს შორის არსებული სხვაობა გამოწვეული იყო იმ მიზეზით, რომ მოპასუხეს შედარებით ნაკლები სანოტარო ხარჯი გაეწია. სანოტარო ხარჯს მხარეთა შეთანხმებით მყიდველი იხდიდა. აღნიშნულს ადასტურებს მ. ლ-ის შეგებებული სარჩელი, რომლითაც იგი მის მიერ გადახდილი სანოტარო ხარჯის კასატორისათვის დაკისრებას მოითხოვს. ფასის სხვაობის დაფიქსირება ხელწერილსა და ხელშეკრულებაში განაპირობა ასევე ვალუტის კურსის ცვლილებამ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულ იქნა ასევე საპროცესო ნორმები, კერძოდ, 2008 წლის 21 ნოემბერს მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე სააპელაციო სასაამრთლომ მიიღო მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი ხელწერილის დედნის ასლი, საიდანაც ირკვეოდა, რომ ზ. ფ-ს მ. ლ-ისაგან დამატებით მიღებული ჰქონდა 22,000 აშშ დოლარი. პირველ ინსტანციაში მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ხელწერილის ასლი არ შეიცავდა ამ ინფორმაციას. მოპასუხემ თავის დროზე სრულყოფილი დოკუმენტის წარმოუდგენლობა იმით ახსნა, რომ პირველი ინსტანციაში მტკიცებულების წარმოდგენის დროს მათ არ მიაქციეს ყურადღება ან გამოეპარათ ის, რომ ხელწერილის ქსეროკოპირების დროს არ მოხდა ამ ინფორმაციის შემცველი ჩანაწერის ასლზე გადატანა. ამის გამო მოპასუხემ მოითხოვა, რომ სასამრთლოს საქმეში სრულყოფილი ხელწერილი ჩაედო. სააპელაციო სასამრთლომ ხელწერილი ავტომატურად საქმეში ჩადო, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი, ასევე არ მიეცა მხარეს ახალი მტკიცებულების გამოკვლევის ეტაპზე ადვოკატისაგან კვალიფიციური დახმარების მიღების შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევაა და სწორედ აღნიშნული გახდა მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობის დაყენების წინაპირობა, ის ფაქტი, რომ სასამართლომ მხარეს იურიდიული დახმარების მიღების საშუალება არ მისცა, მოსამართლის აცილებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო პალატის 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 თებერვლის განჩინებით მ. ლ-ის, ხოლო ამავე პალატის 2012 წლის 27 თებერვლის განჩინებით ზ. ფ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. ლ-ისა და ზ. ფ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ლ-ისა და ზ. ფ-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ მ. ლ-ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 15 თებერვალს №4877069 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 6000 ლარის 70% – 4200 ლარი, ხოლო კასატორ ზ. ფ-ს – სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 20 თებერვალს №... სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 6000 ლარის 70% – 4200 ლარი.
რაც შეეხება მ. ლ-ის საკასაციო საჩივრზე დართულ მტკიცებულებებს, ასევე ზ. ფ-ის მიერ 2012 წლის 24 თებერვალს წარმოდგენილ №ა-796-12 განცხადებაზე დართულ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული უნდა დაუბრუნდეთ მხარეებს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება საკასაციო პალატის მიერ მტკიცებულებათა საქმისათვის დართვაზე უარის თქმის საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდთ მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. ზ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ მ. ლ-ეს (პ/№...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 15 თებერვალს №4877069 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 6000 ლარის 70% – 4200 ლარი. კასატორ ზ. ფ-ს (პ/№...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2012 წლის 20 თებერვალს №... სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 6000 ლარის 70% – 4200 ლარი. მ. ლ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივრზე დართული მტკიცებულებები 22 ფურცლად. ზ. ფ-ს დაუბრუნდეს 2012 წლის 24 თებერვლის №ა-796-12 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 4 ფურცლად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.