№ას-47-45-2012 2 მარტი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ფ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ლ-ე (შეგებებული სარჩელის ავტორი)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – თავდაპირველ სარჩელში – ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება, შეგებებულ სარჩელში – ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლა, გადახდილი ნასყიდობის თანხის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ფ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ლ-ის მიმართ ბინის ნასყიდობის ფასიდან, 450 000 აშშ დოლარიდან, გადაუხდელი ნაწილის – 152 450 აშშ დოლარის, მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის – 22 750 აშშ დოლარის, მიყენებული მატერილური ზიანის – 6 873.40 აშშ დოლარის, 165 ევროსა და 20.43 ანაზღაურების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ზ. ფ-ის მიმართ 2008 წლის 15 ივლისს გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების მოშლის შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ გადახდილი ნასყიდობის ფასის – 321 040 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის – 11 000 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით, რაც ასევე არ ცნო ზ. ფ-მა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით ზ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე მ. ლ-ეს ზ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 128 960 აშშ დოლარის გადახდა, მოპასუხე მ. ლ-ეს ზ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის - 16 497 აშშ დოლარის ანაზღაურება, ამავე გადაწყვეტილებით მ. ლ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ლ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ზ. ფ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მ. ლ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება. ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ზ. ფ-მა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით მ. ლ-ისათვის ბინის ნასყიდობის ღირებულებიდან 1490 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე მ. ლ-ეს ზ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 128 960 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის - 16 497 აშშ დოლარის ანაზღაურება და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ზ. ფ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. ლ-ეს ზ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 16 960 აშშ დოლარის გადახდა, მ. ლ-ეს ზ. ფ-ის სასარგებლოდ 2009 წლის მარტიდან 2010 წლის 30 დეკემბრამდე დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის – 16 960 აშშ დოლარის წლიური 7%-ის – 2020.88 აშშ დოლარის ანაზღაურება, გაუქმდა გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ზ. ფ-ის მოთხოვნა 22 000 აშშ დოლარისა და 2009 წლის მარტიდან 2010 წლის 30 დეკემბრამდე მიუღებელი შემოსავლის – 23 490 აშშ დოლარის წლიური 7%-ის – 2877 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში და შეწყდა წარმოება ზ. ფ-ის სარჩელზე ბინის ნასყიდობის ღირებულებიდან მოპასუხის მიერ გადაუხდელი 22 000 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით 23 490 აშშ დოლარის წლიური 7%-ის 2009 წლის მარტიდან 2010 წლის 30 დეკემბრამდე 2877 აშშ დოლარის ოდენობით დაკისრების ნაწილში, ზ. ფ-ის მიერ სარჩელის ამ ნაწილში მოთხოვნაზე უარის თქმის გამო, განემარტათ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში სასამართლომ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
ზ. ფ-მა უარი თქვა სარჩელზე ბინის ნასყიდობის ღირებულებიდან მოპასუხის მიერ გადაუხდელი 22 000 აშშ დოლარისა და 2009 წლის მარტიდან 2010 წლის 30 დეკემბრამდე მიუღებელი შემოსავლის – 23 490 აშშ დოლარის წლიური 7%-ის – 2877 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის, მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის, 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად პალატამ ჩათვალა, ვინაიდან აპელანტმა ზ. ფ-მა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას უარი თქვა სარჩელზე ბინის ნასყიდობის ღირებულებიდან მოპასუხის მიერ გადაუხდელი 22 000 აშშ დოლარისა და 2009 წლის მარტიდან 2010 წლის 30 დეკემბრამდე მიუღებელი შემოსავლის – 23 490 აშშ დოლარის წლიური 7%-ის – 2877 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, ზ.ფ-ის შუამდგომლობა საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო, უნდა გაუქმებულიყო გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ზ. ფ-ის მოთხოვნა 2009 წლის მარტიდან 2010 წლის 30 დეკემბრამდე 22 000 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის – 23 490 აშშ დოლარის წლიური 7%-ის – 2877 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და უნდა შეწყვეტილიყო საქმის წარმოება ზ. ფ-ის სარჩელზე ბინის ნასყიდობის ღირებულებიდან 2009 წლის მარტიდან 2010 წლის 30 დეკემბრამდე მოპასუხის მიერ გადაუხდელი 22 000 აშშ დოლარის და მიუღებელი შემოსავლის – 23 490 აშშ დოლარის წლიური 7%-ის – 2877 აშშ დოლარის ოდენობით დაკისრების თაობაზე.
საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ზ. ფ-მა და მოითხოვა ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 25 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე მხარემ წარადგინა ხელწერილის დედანი და მისი ასლი, სადაც მითითებულია, რომ ზ.ფ-ს მ.ლ-ისაგან დამატებით მიღებული აქვს 22 000 აშშ დოლარი. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელის მიერ წარდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულება ამ მითითებას არ შეიცავდა, მოწინააღმდეგე მხარემ ამ მტკიცებულების პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვის დროს წარუდგენლობა დაასაბუთა იმით, რომ მტკიცებულების ქსეროასლის გადაღებისას არ მოხდა ამ ინფორმაციის ასლზე გადატაა, რასაც მხარემ ყურადღება არ მიაქცია, სასამართლოს მიერ კი ახალი მტკიცებულება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ დაურთო საქმეს, რაც საპროცესო დარღვევაა. ამ მტკიცებულების თავდაპირველი ვერსიის პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენა გახდა ზ.ფ-ის მიერ სარჩელის მოთხოვნის გაზრდის საფუძველი. იმის გაზიარების შემთხვევაშიც კი, რომ მხარეს გამორჩა ქსეროასლსა და მტკიცებულების დედანს შორის სხვაობის შემოწმება, მან მაინც დაკარგა ამ მტკიცებულების სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წარდგენის უფლება, რადგანაც მ.ლ-ეს არც პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისა და არც სააპელაციო საჩივრის წარდგენისას არ მიუთითებია ზემოაღნიშნულზე. სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულების კანონდარღვევით მიღების შემდგომ აპელანტს არ მისცა შესაძლებლობა, კონსულტაცია გაევლო მის ადვოკატთან და მიეღო კვალიფიციური დახმარება, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლი და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მან აღკვეთა ზ.ფ-ის ადვოკატის შეკითხვა ხელწერილის მტკიცებულებად მიღების თაობაზე, ხოლო აპელანტმა ვერ უზრუნველყო მისი უფლების დაცვა, რის გამოც მოსამართლის შეკითხვაზე, იყო თუ არა მისი ხელმოწერა ხელწერილზე 22 000 აშშ დოლარის მიღების თაობაზე, არასწორად დაადასტურა, აღნიშნულით ზ.ფ-ს მიადგა ზიანი, რაც ამავე სხდომაზე საქმის განხილვისაგან მოსამართლის აცილების საკითხის დაყენების წინაპირობა გახდა, ხოლო ზ.ფ-ი იძულებული იყო შეემცირებინა მოთხოვნა 22 000 აშშ დოლარით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ფ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
საკასაციო პალატა მოცემული საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით მიუთითებს საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებზე: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ნოემბრის სხდომაზე, როდესაც წარდგენილ იქნა სადავო მტკიცებულება, აპელნტმა ზ. ფ-მა მიუთითა, რომ ხელმოწერა მას ეკუთვნოდა, კერძოდ, მოსამართლის შეკითხვაზე, 2008 წლის 10 სექტემბრით დათარიღებული ხელმოწერა ეკუთვნოდა თუ არა მას, მხარემ უპასუხა: „დიახ, მე მოვაწერე ხელი. რადგან არსებობს, ესე იგი ჩემი ხელმოწერაა, მე ტყუილად არ მოვაწერდი ხელს“ (იხ. ტ.II, ს.ფ.124), საყურადღებოა ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი განცხადებით აპელანტ ზ.ფ-ის წარმომადგენელი, მართალია, მოითხოვდა სხდომის ოქმში შენიშვნების შეტანას, რაც დაუშვებლად იქნა მიჩნეული საპროცესო ვადის დარღვევის გამო, თუმცა ამ განცხადებით მხარე აპელანტის ზემოაღნიშნულ აღიარებას არ შედევებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 132-ე მუხლით კი დადგენილია, რომ ზეპირი აღიარება წერილობითი აღიარების ტოლფასია და ის შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს. კერძო საჩივრის არგუმენტები: მხარეს არ მიეცა საშუალება მიეღო კვალიფიციური კონსულტაცია; მან არასწორად აღიარა ხელმოწერის კუთვნილების ფაქტი; სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლი და „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, პალატის მოსაზრებით, არ წარმოადგენს დასაბუთებულ შედავებას, რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლის შესაბამისად, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას აღიარების გაქარწყლებად, რადგანაც მხარემ კერძო საჩივრით ვერ დაადასტურა აღიარების გამაქარწყლებელი კანონით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების (ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას) რეალურად არსებობის წინაპირობა. უფრო მეტიც, კერძო საჩივრის ზემოაღნიშნული არგუმენტის დასაბუთებულ შედავებად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგანაც ამავე სხდომის დასასრულს ზ.ფ-ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შესაძლოა, ისარგებლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლით გათვალისწინებული უფლებით, რასაც დაეთანხმა მოწინააღმდეგ მხარე, ხოლო საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 25 იანვრის განცხადებით მხარემ ნაწილობრივ უარი თქვა სარჩელზე და შეამცირა მოთხოვნა (იხ. ტ.II, ს.ფ.127;143). აღნიშნული ზ.ფ-ს კერძო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე, რომლითაც განმტკიცებულია დისპოზიციურობის პრინციპი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში და დადგენილია, რომ მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. დასახელებული ნორმა მხარეს აძლევს რა შესაძლებლობას მისი უფლების სასამართლო წესით დაცვის რეალიზაცია მოახდინოს მხოლოდ საკუთარი ნების თავისუფლად გამოვლენის საფუძველზე, მასვე ეძლევა სრული შესაძლებლობა, საპროცესო კანონმდებლობის სხვა პრინციპების გათვალისწინებით, გარკვეულწილად თავადვე განაპირობოს საქმის წარმოების შედეგი. აღნიშნული თვალნათლივ იკვეთება ამავე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესში, სადაც განსაზღვრულია, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
დისპოზიციურობის პრინციპის ფარგლებში მხარემ სააპელაციო წარმოების ეტაპზე ნაწილობრივ უარი თქვა რა სარჩელზე, მან განკარგა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული პროცესუალური შესაძლებლობანი, რაც სასამართლოს მხრიდან სავსებით მართებულად იქნა დაკმაყოფილებული.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და თვლის, რომ პალატამ სწორად შეწყვიტა მოცემულ სამოქალაქო საქმეზე წარმოება, იმ ნაწილში, რომელშიც მოსარჩელემ უარი განაცხადა სარჩელზე, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების გასაჩივრებული ნაწილის მიღებისას სწორად გამოიყენა სამართლის ნორმა.
რაც შეეხება მოცემული კერძო საჩივრის არგუმენტებს სააპელაციო პალატის მიერ ახალი მტკიცებულების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის დარღვევით მიღებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმის წარმოების ამ ეტაპზე არაა უფლებამოსილი, შეაფასოს მტკიცებულების მიღების მართებულობა, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ამ საკითხზე კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, განიხილოს მსგავსი საკითხის კანონიერება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილითაა რეგულირებული, აღნიშნული ნორმის მოქმედება ვრცელდება საქმის საკასაციო წესით განხილვისას და დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
რაც შეეხება ზ. ფ-ის კერძო საჩივრის მითითებას, რომ სასამართლოს ქმედებით მას მიადგა ქონებრივი ზიანი, რადგანაც სარჩელის მოთხოვნის შემცირებით მხარე ვარაუდობდა სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებას და ის იძულებული გახდა უარი ეთქვა 22 000 დოლარის მოთხოვნასა და სახელმწიფო ბაჟზე, საკასაციო პალატა ვერც მითითებულ მოსაზრებას გაიზიარებს, რადგანაც 22 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელზე უარის თქმის გამო, როგორც უკვე ითქვა, სასამართლომ სწორად შეწყვიტა წარმოება, ხოლო სახელმწიფო ბაჟის ნაწილში ზ. ფ-ის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-13 პუნქტით კანონის მოთხოვნათა დაცვითაა დაკმაყოფილებული, მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სააპელაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი ბაჟის ნაწილი 825,91 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზ. ფ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების წინაპირობები, ხოლო გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლის გაუქმებასაც მხარე მოითხოვს არ ემყარება კანონის დარღვევას, რის გამოც უცვლელად უნდა იქნას დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. ფ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 და მე-8 პუნქტები რომლითაც შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.