Facebook Twitter
№ას-51-48-2012 1 მარტი, 2012 წელი

№ას-51-48-2012 1 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ლ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - კ. ლ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. ლ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ლ-ის წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ზ. ლ-ის მიერ მის მიმართ ბაღადათის რაიონულ სასამართლოში 2007 წლის 22 აგვისტოს წარდგენილი სარჩელის განხილვისას (აღნიშნული დავა ყველა ინსტანციის სასამართლოში კ. ლ-ის სასარგებლოდ გადაწყდა) იგი იძულებული იყო ბაღდათის რაიონულ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში დავის განხილვისას მიემართა ადვოკატისათვის, რომლის მომსახურების თანხამაც შეადგინა 600 ლარი.

მოპასუხე ზ. ლ-ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს თავად ჰქონდა გადასახდელი თანხა, რომელიც 1991 წლიდან არ გადაუხდია.

ვანის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით კ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ზ. ლ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 600 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ლ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ზ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის საგანს წარმოადგენდა თანხის დაკისრება 600 ლარის ოდენობით, რომელიც კანონით დადგენილ 1000 ლარზე ნაკლები იყო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ზ. ლ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ზ. ლ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელით, რომელშიც ჩამოყალიბებულია მოსარჩელის მოთხოვნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებითა და კანონით. კანონი ქონებრივი დავის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.

განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრით ასაჩივრებდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ზ. ლ-ისათვის, კ. ლ-ის სასარგებლოდ, ადვოკატის მომსახურებისათვის გადახდილი – 600 ლარის დაკისრებას, რომელიც არ აღემატება ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისიწნებულ 1000 ლარს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო და არ არსებობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.