Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

№ას-5-5-2012 1 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. გ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ. რ. ს-ო“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „ქ. რ. ს-ოს“ მიმართ 2007 წლის 21 სექტემბერს მათ შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტით მიყენებული ზიანის – 2 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ არ ცნო სარჩელი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქობულთის მუნიციპალიტეტის მაგისტრატი სასამართლოს 2011 წლის 3 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოპასუხე მხარემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს 2011 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც ნ. გ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით ნ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2003 წლის აგვისტოდან ნ. გ-ე მუშაობდა შპს „ქ. რ. ს-ოში“ იურისტის თანამდებობაზე და გაფორმებული ჰქონდა ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით.

2007 წლის სექტემბერში აღნიშნული ხელშეკრულება ახალ დირექტორთან შეთანხმებით შეიცვალა ახლით, რომელიც დაიდო 8 წლის ვადით.

2011 წლის თებერვალში ს-ოში კვლავ შეიცვალა დირექტორი, რომელმაც №34 ბრძანებით საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ნ. გ-ე 2011 წლის 5 აპრილიდან გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. იმავე ბრძანებით, შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ს-ოს ბუღალტერიას დაევალა, აპელანტთან მოეხდინა საბოლოო ანგარიშსწორება ერთი თვის შრომის ანაზღაურების გადახდით.

2011 წლის 14 აპრილის საქმეში არსებული სს „პროკრედიტ ბანკის“ საგადასახადო დავალებით დადგინდა, რომ ნ. გ-ემ მიიღო საბოლოო ანგარიშსწორების ანაზღაურება 556 ლარის ოდენობით.

შპს „ქ. რ. ს-ოს“ №34 ბრძანება ნ. გ-ესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მიღებულ იქნა 2011 წლის 5 აპრილს.

სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები მოცემული საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლების, სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 37-ე და 38-ე მუხლების მოთხოვნათა საფუძველზე პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად უთხრა უარი ნ. გ-ეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან საქმის მასალებით არ დადასტურდა მოპასუხე მხარის მიერ მოსარჩელისათვის მორალური ზიანის მიყენების ფაქტი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ნ. გ-ეს ასევე მართებულად ეთქვა უარი მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე, რადგან შრომითი ურთიერთობა მასთან დამსაქმებლის მიერ შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნათა საფუძველზე. ამასთან, ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, ნ. გ-ეს დამსაქმებლის მიერ გადაეცა ერთი თვის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა შპს „ქ. რ. ს-ოს“ წარმომადგენლის – ლ. რ-ის საჩივარი 2011 წლის 3 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, რადგან მიიჩნია, რომ ამ უკანასკნელის სასამართლოს სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. გ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი დასაბუთების მიზნით მხარემ სასამართლოში მტკიცებულების სახით წარადგინა 2007 წელს მოპასუხესთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც დაიდო 8 წლის ვადით, 2003 წლის თავდაპირველი ხელშეკრულება და წერილობითი ახსნა-განმარტება (ს-ოს დირექტორის სახელზე), რომ მოპასუხემ ხელშეკრულების შეწყვეტამდე მოსთხოვა ნ. გ-ეს აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტა, რაზეც უარი განაცხადა (ამ დოკუმენტის, ჩაბარების ფაქტი, მასზე ხელმოწერით დადასტურებული აქვს შესაბამის უფლებამოსილ თანამდებობის პირს).

კასატორმა ასევე წარადგინა 2011 წლის 5 აპრილის განცხადება, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე მოპასუხეს შესთავაზა დავის მორიგების გზით გადაწყვეტა. ამ განცხადებაზე მას პასუხი არ მიუღია. მისი შეტანიდან 16 დღის გასვლის შემდეგ კი მიმართა სასამართლოს. აღნიშნულით მტკიცდებოდა, რომ კასატორის მიერ დაცულ იქნა შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მოთხოვნები. ამ განცხადების მიღების ფაქტს ადასტურებს თავად მოპასუხე პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში.

ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგინდა, რომ მხარეთა შორის არსებობდა წერილობითი ვადიანი ხელშეკრულება, რომელიც ვადაზე ადრე უსაფუძვლოდ შეწყდა. მითითებული დასტურდება იმითაც, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ და არა „გ“ პუნქტის საფუძველზე. ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის შეცლა უნდა მომხდარიყო მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით და არა ცალმხირვად. ხელშეკრულების ვადაც ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობა იყო.

შრომითი ხელშეკრულება კერძო სამართლებრივ ხელშეკრულებადაა მიჩნეული. მასში ასახული ურთიერთობების მოსაწერსრიგებლად, სპეციალური წესების გარდა, შესაბამის შემთხვევებში დასაშვებია გარიგებებთან დაკავშირებული და ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნორმების გამოყენება. დაუშვებელია მისი მხოლოდ შრომის კოდექსის ჭრილში განხილვა.

ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის ფაქტს საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსი. მის შეწყვეტას ითვალისწინებს შრომის კოდექსიც. აქედან გამომდინარე, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, ან შეწყვეტის მიზეზების და ფაქტის დასაბუთება კასატორს არ მოუთხოვია. კანონი ხელშეკრულების უსაფუძვლოდ ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურებას, ეს გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსით. ასევე დადგენილია მსგავსი შემთხვევის დროს ზიანის გამოთვლის წესიც. რაც შეეხებოდა შრომის კოდექსს, 38-ე მუხლი პირდაპირ ავალდებულებს დამსაქმებელს, გადაიხადოს კომპენსაცია „არანაკლებ ერთი თვის ხელფასის ოდენობით“, ამ ნორმის სრულყოფილად გააზრებისას ნათელი ხდება, რომ ეს კანონი არ კრძალავს კომპენსაციის ან ზიანის ანაზღაურების ერთი თვის ანაზღაურებაზე მეტი ოდენობით გაცემას. რა თქმა უნდა საამისოდ კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.

სასამართლომ წინამდებარე საკითხი მხოლოდ შრომითი კანონმდებლობის ჭრილში განიხილა. კონკრეტულ შემთხვევაში ასევე დაუშვებელი იყო სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმების უგულებელყოფა მაშინ, როცა საქმეში უდავოდ დამტკიცებული იყო, რომ მოპასუხეს ნაკისრი ჰქონდა გარკვეული ვალდებულებები. სასამართლომ კი ვერ დაასაბუთა, რომელი კანონი ათავისუფლებდა მოპასუხეს მათი შესრულებისაგან.

ორივე ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლზე, შესაბამისად, მათ მიიჩნიეს, რომ მოპასუხეს 2007 წლის ხელშეკრულებით მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა შეწყდა ამ ნორმითა და შრომის კოდექსით გათვალისწინებული წესით.

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მითითებამდე სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ამავე კოდექსის 51-ე, 52-ე მუხლების დანაწესი.

სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად კასატორის მიერ წარდგენილ იქნა ყველა ის მტკიცებულება, რაზეც იგი თავის მოთხოვნებს ამაყარებდა, თუმცა აღნიშნული სასამართლოს სათანადოდ არ გამოუკვლევია.

რაც შეეხებოდა კასატორის მოთხოვნას მორალური ზიანის ნაწილში, ის ეყრდნობოდა მოპასუხის ცრუ ბრალდებას.

საქმეში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ასევე აღიარებულ და დადასტურებულ იქნა მოპასუხე მხარის მიერ. მათ არ წარუდგენიათ პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი 2011 წლის 3 ივნისის საჩივრის დასასაბუთებლად. შესაბამისად, გაუგებარია, თუ რატომ გაიზიარა სასამართლომ მათი პოზიცია, ხოლო კასატორისა, დაუსაბუთებლად ჩათვალა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 თებერვლის განჩინებით ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ნ. გ-ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ ნ. გ-ეს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) 2012 წლის 25 იანვარს №23 სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.