№ას-59-56-2012 12 მარტი, 2012 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ზ. ა-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ს-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ა-ემ სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს ვ. ს-ის წინააღმდეგ და მოითხოვა დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოპასუხისთვის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით: 2009 წლის 5 ივნისს ვ. ს-ემ შეიძინა ქ.გორში, რუსთაველის ქ.№20-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა, აღნიშნული ბინიდან გამოსახლებულ იქნა, თუმცა თავის კუთვნილ ნივთებს კვლავ აღნიშნულ ბინაში ინახავდა, 2010 წლის 8 სექტემბერს მოპასუხემ განიზრახა, მართლსაწინააღმდეგოდ მიეთვისებინა ამავე ბინაში შენახულიMმისი კუთვნილი ნივთები, კერძოდ: ,,შტამპები”, ,,შაბლონები” და სხვადასხვა ლითონის დეტალები. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ვ. ს-ემ დაიქირავა სატვირთო ავტომანქანა, რომელზეც დატვირთა აღნიშნული ნივთები და ჯართის მიმღებ პუნქტში 392 ლარად ჩააბარა, რითაც 4 000 ლარის ქონებრივი ზიანი მიაყენა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზიანი უკვე ანაზღაურებულია, ვინაიდან გამოძიების მიმდინარეობისას სადავო ქონება ნატურით იქნა ამოღებული, ხოლო განაჩენით განისაზღვრა მისი ზ. ა-ისთვის დაბრუნება, რაც ამჟამად დაბრუნებულია.
გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ა-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ზ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2009 წლის 5 ივნისს ვ. ს-ემ შეიძინა საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. გორში, რუსთაველის ქ. №20-ში. 2010 წლის 18 აგვისტოს აღნიშნული ბინიდან გამოსახლებულ იქნა ზ. ა-ე, თუმცა თავის კუთვნილ ნივთებს კვლავ აღნიშნულ ბინაში ინახავდა. 2010 წლის 8 სექტემბერს ვ. ს-ემ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა რა ზ. ა-ის კუთვნილი ნივთები, 392 ლარად ჩააბარა ჯართის მიმღებ პუნქტში – შპს “ე. და კომპანიაში”. 2011 წლის 6 მაისის გორის რაიონული სასამართლოს განაჩენით ვ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ. ამავე განაჩენით დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულ ვ. ს-ის დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულ ზ. ა-ეს მიადგა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობის ზიანი. ზ. ა-ეს გამოძიების მიმდინარეობისას ამოღებული ნივთები დაუბრუნდა 2011 წლის 30 მაისს. ნივთების ამოღების დროს მათი წონა და დასახელება იდენტური იყო იმ მონაცემებისა, რაც დაფიქსირდა ნივთების ჩაბარების დროს. გამოძიების მიერ ამოღებულ იქნა ყველა ნივთი, რომლებიც შესანახად ჩაჰბარდა ზვიად კანიაშვილს.
აპელანტის მითითებით, ჩაბარებული ნივთებიდან დაუბრუნდა მხოლოდ ნაწილი, ხოლო დანარჩენი აღარ აღმოჩნდა ჯართის მიმღებ პუნქტში. რის თაობაზეც პალატამ აღნიშნა, რომ ზ. ა-ემ კონკრეტულად ვერ დაასახელა სახელდობრ, რომელი ნივთი არ იქნა მისთვის გადაცემული. იგი მხოლოდ ზოგადად უთითებს, რომ დაიკარგა ბევრი ნივთი. საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღნიშნული ნივთები გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 მაისის განაჩენის საფუძველზე დაუბრუნდა ზ. ა-ეს, იმ სახითა და იმ ოდენობით როგორადაც ჯართის მიმღებ პუნქტში ვ. ს-ემ ჩააბარა.
პალატამ არ გაიზიარა ზ.ა-ის მითითება, იმასთან დაკავშირებით, რომ მისთვის გადაცემული ნივთები დაზიანდა, ხოლო ზოგიერთი მათგანი გახდა გამოუსადეგარი, რის გამოც მას ასევე მიადგა ზიანი, ზ.ა-ეს აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, ამ მხრივ რაიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას არ შეიცავს არც მხარის მიერ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნა სადაც მითითებულია კოროზიის ზემოქმედებით დაზიანებული ნივთების ჩამონათვალი, ასევე იმ ნივთების ჩამონათვალი, რომლებიც აუდიტის მოსაზრებით არ ექვემდებარება აღდგენას.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში არ იკვეთება იმ აუცილებელი სამართლებრივი საფუძვლის არსებობა რისი გათვალისწინებითაც შესაძლებელი გახდებოდა ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის ვ. ს-ისათვის დაკისრება.
პალატამ ასევე განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლის შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ზ. ა-ის სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რამდენადაც არ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული ნორმის გამოყენებისათვის მაკვალიფიცირებელი გარემოებები, კერძოდ, მართალია ვ. ს-ემ განახორციელა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიხატა ზ. ა-ის კუთვნილი ნივთების არაკანონიერ განკარგვაში, თუმცა რამდენადაც ჯართის მიმღებ პუნქტისათვის ჩაბარებული ნივთები სრულად დაუბრუნდა ზ. ა-ეს, შესაბამისად არ არსებობს ვ. ს-ის ამ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული ზიანი. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ კოროზიის ზემოქმედებით დაზიანება მიიღო ზ. ა-ის კუთვნილმა ნივთებმა პალატა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ აპელანტის პრეტენზია ამ კუთხით მოკლებულია ფაქტობრივ დასაბუთებულობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. ა-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლოს მიერ ცალმხრივად და არასრულად იქნა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ვ. ს-ის მიერ ჯართის მიმღებ პუნქტში ჩაბარებული ნივთებიდან დაუბრუნდა ნაწილი, ამასთან ეს ნივთებიც იყო უკვე დაზიანებული და აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას. ნივთები 2010 წლის 8 სექტემბერს ჩააბარეს ჯართში და გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 6 მაისის განაჩენის საფუძველზე მისი კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ დაუბრუნდა. ამ ხნის მანძილზე ნივთები ეყარა თოვლსა და წვიმაში ღია ცის ქვეშ. სასამართლოს მიერ სრულიად უსაფუძვლოდ არ იქნა გაზიარებული აუდიტის დასკვნა ზარალის გაანგარიშებასთან დაკავშირებით. თუ სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს არ იყო შესაბამისი დოკუმენტი, მაშინ შეეძლო, თავისი ინიციატივით დაენიშნა ექსპერტიზა, რაც არ განუხორციელებია, რითაც მისი უფლება დაარღვია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ა-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
მოცემული დავის საგანია ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.