Facebook Twitter
საქმე №ას-65-62-2012 2 მარტი, 2012 წელი

№ას-65-62-2012 2 მარტი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ე. ა-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ „სოფელ ო-ს საჯარო სკოლა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ახმეტის მუნიციპალიტეტის სსიპ „სოფელ ო-ს საჯარო სკოლის“ მიმართ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სსიპ „სოფელ ო-ს საჯარო სკოლის“ დირექტორის 2010 წლის 14 სექტემბრის №3 ბრძანების ბათილად ცნობის, ამავე სკოლის ისტორიის მასწავლებლად აღდგენისა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

მოსარჩელე 1968 წლიდან მუშაობდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ს საშუალო სკოლაში (ამჟამად საჯარო სამართლის იურიდიულ პირ „სოფელ ო-ს საჯარო სკოლაში“) ისტორიის მასწავლებლად. თავის მოვალეობებს კეთილსინდისიერად ასრულებდა, რაიმე სახის დისციპლინური სახდელი სკოლის ადმინისტრაციის მიერ მის მიმართ გამოყენებული არ ყოფილა. სკოლის დირექტორად ი. ბ-ის დანიშვნის შემდეგ, დაიწყო მისი სამსახურებრივი დევნა და პიროვნული დისკრედიტაცია. 2010 წლის 1 სექტემბერს სკოლის დირექტორმა გაუგზავნა №101 წერილობითი გაფრთხილება მასწავლებლის ეთიკური ქცევის ნორმების დარღვევისა და შეუფერებელი საქციელის გამოვლენისათვის მოსალოდნელი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. სკოლის დირექტორის 2010 წლის 14 სექტემბრის №3 ბრძანებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლებული იქნა სამსახურიდან. ბრძანებას საფუძვლად დაედო სკოლის სამეურვეო საბჭოსა და პედაგოგიური საბჭოს №1 გაფართოებული სხდომა. მოსარჩელე სხდომის ჩატარების თაობაზე არ იყო ინფორმირებული. 2010 წლის 20 სექტემბერს ე.ა-მა განცხადებით მიმართა სკოლის დირექტორს და მოითხოვა სამეურვეო საბჭოსა და პედაგოგიური საბჭოს გაფართოებული სხდომის ოქმის ასლი, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებად მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლზე, ევროპის სოციალური ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტზე, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლზე, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლზე, ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის ,,ა “ ქვეპუნქტზე, შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, 32-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე, სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 352-ე, 405-ე მუხლებზე, 408-ე მუხლის პირველი ნაწილზე, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სკოლის წესდებაზე“, 2007 წლის 11 ოქტომბრის №959 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების“ მე-6 მუხლზე, მე-10 მუხლის მე-5-8 პუნქტებსა და 2010 წლის 14 ივლისის №57/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსზე“.

ახმეტის მუნიციპალიტეტის სსიპ „სოფელ ო-ს საჯარო სკოლის“ დირექტორმა სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით:

ი. ბ-ი ასრულებდა დირექტორის მოვალეობას ო-ს საშუალო სკოლაში. მისი ბრაძანებით ე. ა-ი გათავისუფლდა სამუშაოდან, რასაც საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ე. ა-მა თავი ვერ გაართვა განათლების ეროვნული გეგმით გათვალისწინებულ სწავლებას: არ შეეძლო მოსწავლის შეფასების გაკეთება, ქულების დაჯამება, საბოლოო ნიშნის გამოყვანა და ჟურნალის შევსება. მოსწავლეებს ავსებინებდა ჟურნალებს, დახმარებას სთხოვდა სხვა მასწავლებლებს, გასულ სასწავლო წელს ე. ა-მა ერთი კვირით გათავისუფლება ითხოვა, მაგრამ გათავისუფლების თაობაზე ბრძანებას არ დაელოდა და თვითნებურად დატოვა სკოლა, რის გამოც მისი გაკვეთილები სხვა მასწავლებელმა ჩაატარა და ხელფასიც, შესაბამისად, მას გამოეწერა. ე. ა-მა საკლასო ჟურნალში კი ჩაწერა, რომ გაკვეთილები გაცდა, რის გამოც გენერალურ ინსპექციას მიმართა საჩივრით, მის ნაცვლად სხვა მასწავლებებების მიერ ნიშნების დაწერის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ე. ა-ი იყო კლასის ხელმძღვანელი, თვითნებურად აცდენდა გაკვეთილებს, მოსწავლეთა პირადი საქმეები მოწესრიგებული არ ჰქონდა, საკლასო ჟურნალებს აწარმოებდა დარღვევებით, სკოლაში ყოფნის პერიოდში შეუძლებელი იყო მუშაობა. შეურაცხყოფას აყენებდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. სკოლის მასწავლებლები დაჟინებით მოითხოვდნენ ე. ა-ის გათავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაშლიდნენ სასწავლო პროცესს. ე. ა-ს გამოცხადებული აქვს გაფრთხილებები, საყვედურები, სასტიკი საყვედურები, სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა მოითხოვეს სკოლის პედაგოგიურ კოლექტივთან გაფართოებული სხდომის ჩატარება მოსარჩელის გათავისუფლების საკითხის განსახილველად. სხდომაზე თანხმობა იქნა მიცემული ე. ა-ის მასწავლებლის მოვალეობისაგან გათავისუფლების შესახებ. მოპასუხის განმარტებით, 2010 წლის 14 სექტემბრის ბრძანებით ე. ა-ი სოფელ ო-ს საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლის მოვალეობისაგან განთავისუფლებულია კანონიერად და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილებით ე. ა-ის სარჩელი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სსიპ „ო-ს საჯარო სკოლის“ დირექტორის 2010 წლის 14 სექტემბრის №3 ბრძანების ბათილად ცნობის, ამავე სკოლის ისტორიის მასწავლებლად აღდგენისა და იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების თობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ე. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 1968 წლიდან მუშაობდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ო-ს საშუალო სკოლაში (ამჟამად საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სოფელ ო-ს საჯარო სკოლა“) ისტორიის მასწავლებლად. 2010 წლის 1 სექტემბერს სსიპ „სოფელ ო-ს საჯარო სკოლის“ დირექტორმა ე. ა-ს გაუგზავნა №101 წერილობითი გაფრთხილება, რომლითაც დადასტურებულია, რომ მასწავლებლის ეთიკური ქცევის ნორმების დარღვევისა და მისთვის შეუფერებელი საქციელის გამოვლენისათვის მოსალოდნელი იყო მისი სამსახურიდან გათავისუფლება. სოფელ ო-ს საჯარო სკოლის დირექტორის 2010 წლის 14 სექტემბრის №3 ბრძანებით „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ე. ა-ი გათავისუფლდა სამსახურიდან. ბრძანების საფუძვლად მითითებულია სკოლის სამეურვეო საბჭოსა და პედაგოგიური საბჭოს გაფართოებული №1 სხდომა. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გააჩნდა ე. ა-ის, როგორც მასწავლებლის მიერ დაშვებული დარღვევების შესახებ ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისათვის შესაბამისი მტკიცებულებები. პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო გარემოებების დადგენილად მიჩნევისათვის შესაბამის მონაცემებს შეიცავს არა მხოლოდ პედაგოგიური საბჭოს 2010 წლის 15 ივლისისა და სამეურვეო საბჭოს 2010 წლის 14 სექტემბრის ოქმები, არამედ საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები და მოწმე ზაირა ცათიევის ჩვენება. პალატის განმარტებით, ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებში მითითებული გარემოებები შეესაბამება აპელანტის მიერ სადავოდ გამხდარ პედაგოგიური საბჭოს 2010 წლის 15 ივლისისა და სამეურვეო საბჭოს 2010 წლის 14 სექტემბრის ოქმებში დაცულ მონაცემებს. აპელანტის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საპირისპიროდ, რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. პალატის მოსაზრებით, ე. ა-ის მიმართ უკანონო ქმედების განხორციელებისა და მისი შევიწროების შესახებ ინფორმაციის შემცველი მტკიცებულებების სარწმუნოდ მიჩნევისათვის არ არსებობს შესაბამისი საფუძველი, რადგანაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსწავლეთა და მშობელთა საჩივარი ხელმოწერილ იქნა ცარიელ ფურცელზე და ხელმომწერთათვის ცნობილი არ იყო იმ ტექსტის შინაარსი, რაც შემდგომში დაფიქსირდა მათ მიერ ხელმოწერილ ფურცელზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ ჩათვალა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სწორად იქნა დადგენილი შრომითი პირობების მოსარჩელის მიერ დარღვევის ფაქტი. ასევე დადგენილ იქნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მხარეთა შორის წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობას. ამ ურთიერთობიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობების გათვალისწინებით, სწორად იქნა შეფასებული დამსაქმებლის უფლებამოსილება სადავოდ გამხდარი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის თაობაზე. პალატამ იხელმძღვანელა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 მუხლით, პირველი მუხლის პირველი ნაწილით და ჩათვალა, რომ მოცემული დავის მიმართ უნდა გავრცელდეს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი. სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან საჯარო სკოლასა და მასწავლებელს შორის წარმოშობილი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ საკითხი განსხვავებულად არის მოწესრიგებული „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, უნდა დადგინდეს მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე საფუძვლის არსებობა, უნდა შეფასდეს, თუ რამდენად არსებობდა სადავო ბრძანების გამოცემისათვის და ე.ა-ის გათავისუფლებისათვის, ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული საფუძველი. სასამართლომ მიუთითა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებზე, 35-ე მუხლის პირველ პუნქტსა და 50-ე მუხლის პირველ პუნქტზე და განმარტა, რომ სკოლის დირექტორი, სხვა უფლებამოსილებასთან ერთად მართავს სკოლას, შეიმუშავებს საშტატო განრიგს, პასუხისმგებლია სასწავლო სააღმზრდელო პროცესის სათანადოდ მომზადებასა და სკოლის ქონების დაცვაზე, ასევე უფლებამოსილია, ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში. პალატამ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით (ე. ა-ს კონფლიქტური ურთიერთობები ჰქონდა არა მარტო მასწავლებლებთან, არამედ მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან, იგი შეურაცხყოფას აყენებდა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, აცდენდა და არ ატარებდა გაკვეთილებს, ვერ უზრუნველყოფდა მოსწავლის შეფასებას – ქულების დაჯამებას და საბოლოო ნიშნის გამოყვანას, უხეში დარღვევებით აწარმოებდა სკოლის ჟურნალის შევსებას) ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ე. ა-ის ქმედებები სწორად შეაფასა მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსისა და შრომითი ხელშეკრულების დარღვევად. პალატის მოსაზრებით, სადავო ბრძანების გამოცემის მიზეზი და საფუძველი გახდა სწორედ ე. ა-ის მიერ მასწავლებლის ისეთ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება, როგორიცაა მასწავლებლის ვალდებულება, დაიცვას პედაგოგიური და კოლეგიური ეთიკის ნორმები, შრომის დისციპლინა, განახორციელოს გაკვეთილების სრულფასოვნად ჩატარება. ე. ა-ისათვის საყვედურის გამოცხადების საფუძველი გახდა თავად ე. ა-ის მიერ შრომითი ხელშეკრულებით და ეთიკის კოდექსით გათვალისწინებულ მოვალეობათა შეუსრულებლობა და სკოლაში არაჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სარწმუნოდაა დადასტურებული, რომ ე. ა-ი მუდმივად კონფლიქტურ სიტუაციას ქმნიდა სკოლის მასწავლებლებთან, არ ერიდებოდა მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან კონფლიქტში შესვლას, რაც სკოლაში არაჯანსაღი გარემოს ჩამოყალიბების წინაპირობას წარმოადგენდა და უარყოფითად აისახებოდა სასწავლო პროცესზე. სწორედ აღნიშნული გარემოებები გახდა საბოლოოდ საფუძველი მოსარჩელის მიმართ შორმითი ურთიერთობის შეწყვეტისა. არ იქნა გაიზიარებული აპელანტის მოსაზრება მის მიმართ ყოველგვარი საფუძვლის არსებობის გარეშე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. ა-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:

გასაჩივრებული განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული, არ არის მითითებული, თუ რატომ არ იხელმძღვანელა პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილით სსიპ „ო-ს საჯარო სკოლის“ სამეურვეო საბჭოს 2010 წლის 14 სექტემბრის სხდომის №1 ოქმის სიყალბესთან დაკავშირებით, რომელიც გამოყენებულ იქნა ამავე სკოლის დირექტორ ი.ბ-ის მიერ კასატორის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემისას. სწორედ აღნიშნული მტკიცებულება დაედო საფუძვლად რაიონული სასამართლოს კანონშეუსაბამო გადაწყვეტილებას. სასამართლო უწყების კასატორისათვის გადაცემამდე, ე. ა-მა აცნობა სასამართლოს ამ ოქმის სიყალბის შესახებ, კერძოდ, მასზე ხელმომწერი ექვსი პირიდან ოთხი უარყოფდა ოქმზე მათი ხელმოწერის არსებობას. კასატორმა განმეორებით იშუამდგომლა, აღნიშნული ოთხი პირის გამოძახებისა და დაკითხვის შესახებ, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, მიუხედავად იმისა, რომ საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან არიდების მიზნით, მასში მითითებული იყო გამოსაძახებელ პირთა მინიმალური რაოდენობა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილია ო-ს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2010 წლის 14 სექტემბრის სხდომის №1 ოქმის ქსეროასლი, სააპელაციო სასამართლო დაუსაბუთებლად, ობიექტური და სრული გამოკვლევის გარეშე უთითებს მასზე, როგორც ე. ა-ის განთავისუფლების კანონშესაბამის მტკიცებულებაზე. გაურკვეველია, რატომ მიიჩნია პალატამ დასაბუთებულად, რომ კასატორს მიღებული ჰქონდა გაფრთხილებები, საყვედურები და სასტიკი საყვედურები, მაშინ, როცა საქმეში არ იყო ო-ს საჯარო სკოლის ბრძანებების წიგნი. კასატორმა წერილობითი შუამდგომლობით მოითხოვა, მოწინააღმდეგე მხარეს წარედგინა აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი. ე. ა-ი რომც ყოფილიყო არაპროფესიონალი და კონფლიქტური მასწავლებელი, დისციპლინური გადაცდომისათვის სამსახურიდან მისი გათავისუფლებისათვის საჭირო არ იქნებოდა სამეურვეო საბჭოს მოწვევა და შესაბამისი სხდომის ოქმის არსებობა, რადგანაც ამის გარეშეც კანონშესაბამისი იქნებოდა კასატორის გათავისუფლება ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე. დაუსაბუთებელია, თუ რატომ არ ჩათვალა სასამართლომ საქმესთან კავშირში სკოლის დირექტორ ი. ბ-ის მიერ ყალბი ატესტატების გაცემის ფაქტზე დაწყებული გამოძიება, რომელიც მიმდინარეობდა ახმეტის პოლიციაში, ვინაიდან ე. ა-ის გათავისუფლება წარმოადგენადა ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმისა და აქედან წარმოშობილი შურისძიების შედეგს. აღნიშნული ფაქტის დადასტურება პალატას შეეძლო სასამართლო დარბაზში მყოფი ი. ბ-ისაგან ახსნა-განმარტების მიღების გზით. სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი კასატორს მოწმეთა დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ საქმისათვის არ ჰქონდათ მნიშვნელობა. სააპელაციო პალატამ, ე.ა-ისათვის შეკითხვების დასმით არ დაადგინა, რომ ე. ა-ს, 43 წლის სტაჟის მქონე პედაგოგს, ნამდვილად შეეძლო თუ არა მოსწავლის შეფასება, ნიშნების გამოყვანა და ჟურნალის შევსება. აღნიშნული გარემოების დასამტკიცებლად პალატა უსაფუძვლოდ დაეყრდნო მოწინააღმდეგე მხარის მიერ კანონდარღვევით, გაურკვეველ დროსა და ვითარებაში წარდგენილ მტკიცებულებებს, ისე, რომ არ გამოუკვლევია საქმეში მტკიცებულებებად წარდგენილი წერილობითი განმარტებებისა და მოხსენებითი ბარათების ავთენტიკურობა, ასევე მათი შინაარსის სინამდვილესთან შესაბამისობა. პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილის, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 372-ე მუხლების დარღვევით არ გაითვალისწინა კასატორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების არსებობა საქმეში, სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არითმეტიკული მეტობის პრინციპით განახორციელა მტკიცებულებათა გამოყენება-შეფასება და არა მათი ავთენტიკურობისა და უტყუარობის მიხედვით, თუმცა აღნიშნული განჩინებაში არ დაუსაბუთებია, ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს პოზიცია, თუ რატომ გამოიყენა მტკიცებულებები, რომელთა წარმოდგენის შემთხვევაში დარღვეული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილი და 201-ე მუხლი. მოპასუხეს შესაგებელში არ მიუთითებია იმ მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზეც მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება, მან, ალბათ, შემდგომ, კანონდარღვევით წარადგინა ისინი. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ე. ა-ი არღვევდა კანონმდებლობას, მათ შორის, „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, მას არ შეეძლო მოსწავლის შეფასება, ჟურნალის შევსება და მასწავლებლისათვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევების გამოვლენა, რის გამოც კანონშესაბამისად იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან. ო-ს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 2010 წლის 14 სექტემბრის №1 სხდომის ოქმის სიყალბის საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები. საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ობიექტური და დასაშვები მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ კასატორს კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა მასწავლეებთან, მოსწავლეებსა და მშობლებთან. რაც შეეხება 2010 წლის 15 ივლისის პედაგოგიური საბჭოსა და 2010 წლის 14 სექტემბრის სამეურვეო საბჭოს სხდომების ოქმებს, ისინი ქსეროასლებია, მათი ავთენტიკურობა, შინაარსის უტყუარობა, არც ერთი ინსტანციის სასამართლოს არ დაუდგენია, მათი დედნების წარმოუდგენლობა მათი სიყალბითაა გამოწვეული და უფრო მეტიც, კასატორს აქვს მტკიცებულებები მათი სიყალბისა და გაყალბების ხერხის შესახებ. რაც შეეხება, ზ.ცათიევის ჩვენებას, ის არაობიექტურია, რადგანაც, მოწმის კასატორისადმი დამოკიდებულების გამო, ე. ა-ს მასთან არ აქვს კარგი ურთიერთობა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 16 თებერვლის განჩინებით ე. ა-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ე. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ე. ა-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, ამდენად, პალატა თვლის, რომ ე. ა-ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ №... საგადახდო დავალებით 2012 წლის 30 იანვარს გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

კასატორის მოწინაარმდეგე მხარეს უნდა დაუბრუნდეს მისი წარმომადგენლის – ი. ბ-ის მიერ 2012 წლის 29 თებერვალს წარმოდგენილ წერილობით მოსაზრებაზე დართული მტკიცებულებები 35 (ოცდათხუთმეტი) ფურცლად, რადგანაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ „ო-ს საჯარო სკოლას“ უნდა დაუბრუნდეს მისი წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორ ე. ა-ს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ №... საგადახდო დავალებით 2012 წლის 30 იანვარს გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი. ბრძანების ბათილად ცნობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. სსიპ „ო-ს საჯარო სკოლას“ დაუბრუნდეს ი. ბ-ის მიერ 2012 წლის 29 თებერვალს წარმოდგენილ წერილობით მოსაზრებაზე დართული მტკიცებულებები 35 (ოცდათხუთმეტი) ფურცლად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.