№ას-6-6-2012 23 მარტი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - პ. შ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ. ბ-ი“
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - აუცილებელი გზის დადგენა, სერვიტუტის დადგენა და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 26 აპრილს პ. შ-ემ სასამართლოში შპს „მ. ბ-ის“ წინააღმდეგ სარჩელი აღძრა მოპასუხის კუთვნილ ნაკვეთზე აუცილებელი გზის დადგენისა და მოპასუხის მიწის ნაკვეთის მისი ნაკვეთის სასარგებლოდ სერვიტუტით დატვირთვის მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, მის კუთვნილ მიწის ნაკვეთს, რომელზედაც განლაგებულია სამშენებლო საწარმო, არ გააჩნდა მისასვლელი ცენტრალურ გზასთან. იგი სარჩელის აღძვრის დროისათვის შპს „მ. ბ-ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გამავალი დროებითი მოხრეშილი გზით სარგებლობდა, თუმცა მოპასუხესთან ამ საკითხზე სადავო ურთიერთობა ჰქონდა, რაც მომავალში იმავე გზით სარგებლობის შესაძლებლობას გამორიცხავდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთს გააჩნდა საავტომობილო მისასვლელი გზა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით პ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ნოემბრის განჩინებით პ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1. მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში მდებარე 808 კვ. მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა ნაგებობებითურთ. მოსარჩელე ინდ. მეწარმეა, ეწევა სამშენებლო მასალების დამზადება-რეალიზაციას, რისთვისაც იყენებს სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებს;
2. მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ფართობი რეგისტრირებულის ჩათვლით შეადგენს 2794, 94 კვ.მ-ს, რომელიც დასავლეთის მხრიდან შემოსაზღვრულია ბლოკის კედლით, ხოლო სამხრეთით, მოპასუხის მხარეზე, შემოღობილია მავთულბადით, რომელშიც მოქცეულია ჭიშკარი;
3. მითითებული ნაკვეთი მდებარეობს ქუთაისი-სამტრედიის ცენტრალური საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, სადაც 1994 წლამდე ფუნქციონირებდა კირისა და ბეტონის ხსნარის საამქრო. 1994 წელს იგი პრივატიზების წესით საკუთრებაში გადაეცა ვ. ლ ‘ეს, რომელმაც 2008 წლის 30 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთებაში გადასცა მოსარჩელე პ. შ-ეს;
4. შპს ,,მ. ბ-ს“ საკუთრებად ერიცხება 20 100 კვმ მიწის ნაკვეთი პ. შ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მეზობლად, სამხრეთის მიმართულებით. საკუთრების უფლება წარმოშობილია წყალტუბოს მერიის 30.09. 1997 წლის №20 გადაწყვეტილებით და წყალტუბოს რაიონის აღმასკომის სხდომის №152 გადაწყვეტილებით;
5. შპს ,,მ. ბ-ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა ნაგებობები არასაცხოვრებელი ფართით სავაჭრო მოდულის და ავტოსერვისის სახით, სადაც მოპასუხე, როგორც სამეწარმეო იურიდიული პირი, ძირითად საქმიანობას ეწევა ბაზრობის სახით გამართულ საბითუმო ვაჭრობას ავტოსათადარიგო ნაწილებით;
6. მოპასუხის მიწის ნაკვეთი პირდაპირ ესაზღვრება საჯარო დანიშნულების, ქუთაისი-სამტრედიის ცენტრალურ საავტომობილო გზას;
7. მოსარჩელე რაიმე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, წლების განმავლობაში სარგებლობდა მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გამავალი მიწაყრილი გზით, რომლის სრული სიგრძე საავტომობილო გზის მონაკვთიდან 115 მეტრია და თითქმის მთლიანად მხოლოდ მოპასუხის მიწის ნაკვეთზეა მოქცეული;
8. კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პროექტით ,,მ. ბ-ის“ კუთვნილ მიწაზე გათვალისწინებულია საბითუმო ვაჭრობისათვის გამიზნული ობიექტების მშენებლობა, რაც შეუძლებელია იმავე ტერიტორიაზე სამანქანო გზის არსებობისას;
9. მოსარჩელეს გააჩნია ალტერნატივა მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის შპს ,,მ. ბ-ის“ მიწის ნაკვეთის გამოუყენებლად და ამდენად ამ კონკრეტული მიმართულებით აუცილებელი გზის საკითხი ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია;
10. ადგილის დათვალიერების ოქმით, ასევე წერილობითი მტკიცებულებით-2011 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით შედგენილი სიტუაციური გეგმით დგინდება, რომ პ. შ-ეს ქუთაისი სამტრედიის ცენტრალურ საავტომობილო გზასთან დასაკავშირებლად გააჩნია ალტერნატიული საუბნო გზა, რომლითაც სარგებლობს კიდეც;
11. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის №... დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ დღეის მდგომარეობით იმ „პ. შ-ეს“ სატვირთო-საავტომობილო აუცილებელი გზა, რომელიც დაკავშირებული იქნება ქუთაისი-სამტრედიის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან რეგისტრირებული სახით არ გააჩნია და საჯარო გზას ქუთაისი-სამტრედიის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს უკავშირდება „მ. ბ-ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გავლით. იმ „პ. შ-ის“ მიერ დაკავებულ ფართზე მისასვლელი ალტერნატიული გზის მოწყობა შესაძლებელია;
12. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაკითხული ექსპერტის ჩვენებით დგინდება, რომ 2011 წლის №... დასკვნის შედგენის დროისათვის ბლოკის კედლის მომიჯნავე მიწის ნაკვეთისა და იქ გამავალი საუბნო (საჯარო) გზის დათვალიერება არ მოუხდენია და არც პ. შ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, საუბნო გზასთან დამაკავშირებელი, ბლოკის კედლის ბოლოში ჩადგმული სამანქანე ჭიშკარი არ დაუფიქსირებია
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აუცილებელი გზის მოთხოვნა გამართლებულია მხოლოდ მაშინ, თუკი მიწის ნაკვეთს არა აქვს აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან. ადგილის დათვალიერებითა და სიტუაციური გეგმით კი, დადგინდა, რომ მოსარჩელეს დღეისათვის გააჩნია სხვა მისასვლელი სამანქანე გზა, რომლითაც შესაძლებელია ქუთაისი-სამტრედიის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან დაკავშირება, რის გამოც აუცილებელი გზის მოთხოვნა, გაუმართლებელი იყო.
რაც შეეხება სერვიტუტის დადგენას, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სერვიტუტი თავისი იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, მხოლოდ ორი გზით შეიძლება დადგინდეს, კერძოდ, კანონის ობიექტურ-ნორმატიული ნების საფუძველზე ან სანივთო გარიგების საფუძველზე. კანონისმიერი სერვიტუტის გამოყენებას კონკრეტული ნორმატიული აქტი უზრუნველყოფს, ხოლო სანივთო გარიგებას მხარეთა ნება, რომლის შინაარსი ძირითადად კანონის ნორმატიული ნებით განისაზღვრება. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე წინააღმდეგია სერვიტუტის გაფორმებისა, რაც გამორიცხავს აღნიშნულის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნული განჩინება პ. შ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლი და არ გაითვალისწინა, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს „მ. ბ-ის“ ინტერესების უპირატესობა პ. შ-ის კანონიერ ინტერესებთან მიმართებით არ იკვეთებოდა. სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ საკუთრების უფლება შეუზღუდავი არ არის და სერვიტუტის მართლზომიერებაზე ემსჯელა და არა ორმხრივი ნების არარსებობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ პ. შ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას სერვიტუტის დადგენასა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე უარის თქმის ნაწილში. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სერვიტუტი თავისი იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, მხოლოდ ორი გზით შეიძლება დადგინდეს, კერძოდ, კანონის ობიექტურ-ნორმატიული ნების საფუძველზე ან სანივთო გარიგების საფუძველზე. კანონისმიერი სერვიტუტის გამოყენებას კონკრეტული ნორმატიული აქტი უზრუნველყოფს, ხოლო სანივთო გარიგებას მხარეთა ნება, რომლის შინაარსი ძირითადად კანონის ნორმატიული ნებით განისაზღვრება.
აუცილებელი გზისაგან განსხვავებით, სამოქალაქო კოდექსის სანივთო სამართლის წიგნის მე-3 თავით გათვალისწინებული სერვიტუტი, თავისი ბუნებით, სანივთო გარიგებაა და მხარეთა შეთანხმებას საჭიროებს. ერთ-ერთი მხარის ნების საწინააღმდეგოდ, სასამართლო წესით სერვიტუტის იძულებით დადგენა დაუშვებელია, ისევე როგორც ნებისმიერი ხელშეკრულების დადების დავალდებულება, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული იძულებით კონტრაჰირების შემთხვევების გარდა. როგორც სააპელაციო სასამართლომ მართებულად აღნიშნა, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე შპს „მ. ბ-ი“ სერვიტუტის გაფორმების წინააღმდეგია, ამდენად, აღნიშნულის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შეუძლებელია.
რაც შეეხება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს ამ შემთხვევაში პ. შ-ის კანონიერი ინტერესების უპირატესობაზე უნდა ემსჯელა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან სამოქალაქო სამართალში არსებობს მიწის ნაკვეთის, რომელსაც სათანადო კომუნიკაციები არ გააჩნია, მესაკუთრის ინტერესების დაცვის სამართლებრივი საშუალება აუცილებელი გზის ინსტიტუტის სახით, სერვიტუტის გაფორმების იძულების გზით მხარის ნების თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი არ არსებობს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
რაც შეეხება აუცილებელი გზის დადგენას, პალატა პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1. მოსარჩელის საკუთრებაში ირიცხება წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში მდებარე 808 კვ. მ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა ნაგებობებითურთ. მოსარჩელე ინდ. მეწარმეა, ეწევა სამშენებლო მასალების დამზადება-რეალიზაციას, რისთვისაც იყენებს სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებს;
2. მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ფართობი რეგისტრირებულის ჩათვლით შეადგენს 2794, 94 კვ.მ-ს, რომელიც დასავლეთის მხრიდან შემოსაზღვრულია ბლოკის კედლით, ხოლო სამხრეთით, მოპასუხის მხარეზე, შემოღობილია მავთულბადით, რომელშიც მოქცეულია ჭიშკარი;
3. მითითებული ნაკვეთი მდებარეობს ქუთაისი-სამტრედიის ცენტრალური საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს, სადაც 1994 წლამდე ფუნქციონირებდა კირისა და ბეტონის ხსნარის საამქრო. 1994 წელს იგი პრივატიზების წესით საკუთრებაში გადაეცა ვ. ლ-ეს, რომელმაც 2008 წლის 30 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთებაში გადასცა მოსარჩელე პ. შ-ეს;
4. შპს ,,მ. ბ-ს“ საკუთრებად ერიცხება 20 100 კვმ მიწის ნაკვეთი პ. შ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მეზობლად, სამხრეთის მიმართულებით. საკუთრების უფლება წარმოშობილია წყალტუბოს მერიის 30.09. 1997 წლის №20 გადაწყვეტილებით და წყალტუბოს რაიონის აღმასკომის სხდომის №152 გადაწყვეტილებით;
5. შპს ,,მ. ბ-ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებულია შენობა ნაგებობები არასაცხოვრებელი ფართით სავაჭრო მოდულის და ავტოსერვისის სახით, სადაც მოპასუხე, როგორც სამეწარმეო იურიდიული პირი, ძირითად საქმიანობას ეწევა ბაზრობის სახით გამართულ საბითუმო ვაჭრობას ავტოსათადარიგო ნაწილებით;
6. მოპასუხის მიწის ნაკვეთი პირდაპირ ესაზღვრება საჯარო დანიშნულების, ქუთაისი-სამტრედიის ცენტრალურ საავტომობილო გზას;
7. მოსარჩელე რაიმე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, წლების განმავლობაში სარგებლობდა მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გამავალი მიწაყრილი გზით, რომლის სრული სიგრძე საავტომობილო გზის მონაკვთიდან 115 მეტრია და თითქმის მთლიანად მხოლოდ მოპასუხის მიწის ნაკვეთზეა მოქცეული;
8. კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პროექტით ,,მ. ბ-ის“ კუთვნილ მიწაზე გათვალისწინებულია საბითუმო ვაჭრობისათვის გამიზნული ობიექტების მშენებლობა, რაც შეუძლებელია იმავე ტერიტორიაზე სამანქანო გზის არსებობისას;
9. მოსარჩელეს გააჩნია ალტერნატივა მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის შპს ,,მ. ბ-ის“ მიწის ნაკვეთის გამოუყენებლად და ამდენად ამ კონკრეტული მიმართულებით აუცილებელი გზის საკითხი ფაქტობრივ საფუძველს მოკლებულია;
10. ადგილის დათვალიერების ოქმით, ასევე წერილობითი მტკიცებულებით-2011 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით შედგენილი სიტუაციური გეგმით დგინდება, რომ პ. შ-ეს ქუთაისი სამტრედიის ცენტრალურ საავტომობილო გზასთან დასაკავშირებლად გააჩნია ალტერნატიული საუბნო გზა, რომლითაც სარგებლობს კიდეც;
11. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2011 წლის №... დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ დღეის მდგომარეობით იმ „პ. შ-ეს“ სატვირთო-საავტომობილო აუცილებელი გზა, რომელიც დაკავშირებული იქნება ქუთაისი-სამტრედიის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან რეგისტრირებული სახით არ გააჩნია და საჯარო გზას ქუთაისი-სამტრედიის ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს უკავშირდება „მ. ბ-ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გავლით. იმ „პ. შ-ის“ მიერ დაკავებულ ფართზე მისასვლელი ალტერნატიული გზის მოწყობა შესაძლებელია;
12. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაკითხული ექსპერტის ჩვენებით დგინდება, რომ 2011 წლის №... დასკვნის შედგენის დროისათვის ბლოკის კედლის მომიჯნავე მიწის ნაკვეთისა და იქ გამავალი საუბნო (საჯარო) გზის დათვალიერება არ მოუხდენია და არც პ. შ-ის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, საუბნო გზასთან დამაკავშირებელი, ბლოკის კედლის ბოლოში ჩადგმული სამანქანე ჭიშკარი არ დაუფიქსირებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამგვარი პრეტენზია გულისხმობს მხარის მითითებას პროცესუალური ნორმების დარღვევაზე, რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენა გამოიწვია. აღნიშნული პირველ რიგში ეხება ცალკეულ მტკიცებულებათა არასწორად შეფასებას ან შეუფასებლობას. განსახილველ შემთხვევაში კასატორმა ისარგებლა კანონით გარანტირებული შედავების უფლებით და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ მე-8, მე-9, მე-11 და მე-12 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დასაბუთებული პრეტენზია წარმოადგინა. საკასაციო სასამართლომ, შეამოწმა რა შედავების საფუძვლები, მიიჩნია, რომ კასატორის პრეტენზია გაზიარებულ უნდა იქნეს.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პ. შ-ის მიწის ნაკვეთს გააჩნდა ალტერნატიული მისასვლელი გზა, რის გამოც სარჩელი არ დააკმაყოფილა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნულ პოზიციას დაუსაბუთებლად მიიჩნევს.
სააპელაციო სასამართლომ ადგილზე დათვალიერების შედეგად მიიჩნია, რომ პ. შ-ის მიწის ნაკვეთს გააჩნდა ჯეროვანი კავშირი ქუთაისი-სამტრედიის ცენტრალურ საავტომობილო გზასთან, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გავლით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მართალია, ადგილზე დათვალიერებას უშუალოდ სასამართლო ახორციელებს და, ბუნებრივია, შესაბამისი ოქმი, როგორც მტკიცებულება, ნდობის მაღალი ხარისხით სარგებლობს, მაგრამ მას სხვა მტკიცებულებებთან შედარებით რაიმე უპირატესობა არ ენიჭება და მათთან ერთობლიობაში უნდა შეფასდეს.
განსახილველ საქმეზე რამდენიმე ექსპერტიზაა ჩატარებული. წარმოდგენილი დასკვნების მიხედვით, პ. შ-ის მიწის ნაკვეთს ალტერნატიული მისასვლელი არ გააჩნია, უფრო მეტიც, ექსპერტები მიუთითებენ, რომ ნაკვეთთან მიმავალი გზა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, მაგრამ ფაქტობრივად აღარ არსებობს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული დასკვნები არ გაიზიარა და აღნიშნა, რომ 2011 წლის №... დასკვნის შედგენის დროისათვის ექსპერტს მომიჯნავე ნაკვეთისა და მასზე გამავალი საუბნო გზის ან კედელში ჩადგმული სამანქანე ჭიშკრის დათვალიერება არ მოუხდენია და ისინი არც დასკვნაში დაუფიქსირებია. სასამართლოს მითითებით, ყოველივე აღნიშნული სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა განმარტა. საქმეში არსებული სასამართლო სხდომის აუდიოჩანაწერი კი, ექსპერტის ამგვარ ჩვენებას არ ასახავს (ს.ფ. 259). 2011 წლის 28 სექტემბრის სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტი ვახტანგ ლომიძე გადაჭრით აცხადებს, რომ საკვლევ ტერიტორიაზე ალტერნატიული გზა არ მიდის და, შესაძლებელია, ნახევარი კილომეტრის მოშორებით რაიმე სხვა გზა არსებობდეს. არავითარ გზის არსებობაზე, მაგრამ დასკვნაში არ ასახვაზე ექსპერტი არ საუბრობს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს პოზიცია გაუგებარია.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ თუნდაც პ. შ-ის ნაკვეთთან რაღაც გზა მიდიოდეს, მაინც არასათანადოდაა გამოკვლეული, რამდენად უზრუნველყოფს იგი ჯეროვან კავშირს საჯარო გზასთან.
სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად.
აღნიშნული მუხლის მიზნებისათვის „ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელ კავშირში“ არ იგულისხმება ბილიკი ან არასაავტომობილო გზა. აღნიშნული გულისხმობს, მიწის ნაკვეთთან ჯეროვან მისასვლელს, რომელიც, სულ მცირე, უზრუნველყოფს ნაკვეთის დანიშნულებისამებრ გამოყენებას, ასევე გადაუდებელი დახმარების სამსახურების დანიშნულების ადგილამდე მიღწევას.
განსახილველ შემთხვევაში, გაურკვეველია, სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული საუბნო გზა საერთოდ თუ უკავშირდება ცენტრალურ მაგისტრალს, ამასთან, არ არის სათანადოდ დასაბუთებული უზრუნველყოფს თუ არა იგი ჯეროვან კავშირს. ადგილზე დათვალიერების ოქმის მიხედვით, არაჯეროვნად მოწყობილი სამანქანე გზა უკავშირდება თავისუფალ მიწის ნაკვეთებს და არა რაიმე სხვა გზას. ოქმის თანახმად, ასევე არსებობს საუბნო გზა, რომელიც მიდის თუ არა პ. შ-ის მიწის ნაკვეთთან, არ იკვეთება. ამ ყველაფერთან მოხვედრა კი, უნდა ხორციელდებოდეს არხზე გადებული ბეტონის ფილების მეშვეობით, რომლებიც, სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტის ჩვენებით, საავტომობილო გამოყენებისათვის გამოუსადეგარია. იმავე ოქმის თანახმად, აპელანტი განმარტავს, რომ ეს არ არის გზა, არამედ ბალახით დაფარული მინდორია, რომელიც სხვა ფიზიკური პირის საკუთრებაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ალტერნატიული გზის არსებობის საკითხი დამატებით გამოსაკვლევია.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ, ცხადია, პ. შ-ის ინტერესების დაცვა არ უნდა განხორციელდეს შპს „მ. ბ-ის“ საკუთრების უფლების არათანაზომიერი შეზღუდვის გზით. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული თმენის ვალდებულება შეუზღუდავი არაა და არ გულისხმობს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ინტერესების იგნორირებას. აუცილებელი გზა იმგვარად უნდა დადგინდეს, რომ ორივე მხარის უფლებები იყოს დაცული და მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის შესაძლებლობა ყველაზე ნაკლებად შეზღუდოს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ შპს „მ. ბ-ის“ მიწის ნაკვეთზე გამავალი მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზა, რომლითაც პ. შ-ე სარგებლობდა, მოპასუხის ნაკვეთს დიაგონალურად, თითქმის მთელ სიგრძეზე კვეთს, რაც, ბუნებრივია, ნაკვეთის სრულფასოვან გამოყენებას ან მასზე მშენებლობის განხორციელებას შეიძლება ხელს უშლიდეს, მაგრამ N... დასკვნის მიხედვით, ექსპერტი სასამართლოს გზის მოწყობის ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს (დასკვნის დანართი N2, მე-3 ვარიანტი), რომელიც უფრო მოსახერხებელია და შპს „მ. ბ-ის“ მიწის ნაკვეთის გაცილებით მცირე ნაწილს იკავებს. სააპელაციო სასამართლოს კი, აღნიშნულ ალტერნატივაზე არც უმსჯელია.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ აუცილებელი გზის არსებობით გამოწვეული თმენის ვალდებულება უსასყიდლო არაა და მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს საკუთრების უფლების შეზღუდვის ხარისხის თანაზომიერი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვს.
რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნით შეთავაზებულ გზის მოწყობის დანარჩენ ორ ალტერნატივას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არ შეიძლება მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს მოეთხოვოს მის ნაკვეთთან დამაკავშირებელი ახალი გზის გაყვანა. ჩვეულებრივ პირობებში, გზების დაგება მოქალაქის ვალდებულება არაა, გარდა ამისა, აღნიშნული შეუსაბამოდ დიდ დანახარჯებსა და ძალისხმევას მოითხოვს. განსახილველ შემთხვევაში კი, ის გარემოებაა გადამწყვეტი, რომ ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზა უკვე არსებობს, რომლითაც არა მხოლოდ პ. შ-ე, არამედ მიწის ნაკვეთის წინა მესაკუთრეც წლების მანძილზე სარგებლობდნენ. აღნიშნულის გათვალისწინებით, არც იმის მითითებაა მართებული, რომ პ. შ-ეს სხვა მეზობელს შეუძლია მოსთხოვოს აუცილებელი გზის დადგენა, რადგანაც შესაძლებელია პირის დაუსრულებლად გადამისამართება მეზობლიდან მეზობლამდე, მისი კანონიერი ინტერესები კი დაუცველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს იმავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების შეფასების გზით უნდა გამოარკვიოს გააჩნია თუ არა პ. შ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთს ალტერნატიული ჯეროვანი კავშირი ცენტრალურ გზასთან, ასევე უნდა შეაფასოს შპს „მ. ბ-ის“ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზის დადგენის საჭიროება და შესაძლებლობა, ექსპერტიზის დასკვნით შეთავაზებული ვარიანტების გათვალისწინებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პ. შ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ნოემბრის განჩინება აუცილებელი გზის დადგენაზე უარის თქმის თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში გაუქმდეს და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას;
3. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.