№ას-66-63-2012 15 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ჭ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. ჭ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ბ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის სესხის სახით მიღებული 41000 აშშ დოლარის 2%-ის გადახდა დღემდე (25 თვე) 20500 აშშ დოალრის ოდენობით და ყოველთვიურად 820 აშშ დოალრის გადახდა სარჩელის შეტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე მოპასუხისათვი, მის სასარგებლოდ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟჲს 1035.66 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის – დავის საგნის 4%-ის ღირებულების დაკისრება შემედგი საფუძვლებით:
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხესთან ჰქონდა შეთანხმება, რომ საკუთრებაში გაუფორმებდა 500 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რაშიც უნდა გადაეხადა 215000 აშშ დოლარი. მოსარჩელემ შეთანხმებული თანხა გადაუხადა, თუმცა მოპასუხემ გაუფორმა მხოლოდ 300 კვ.მ. დარჩენილი ფართის გაფორმებასთან დაკავშირებით, მოპასუხემ საჭიროების გამო, სესხად სთხოვა 41000 აშშ დოლარი, რაც რ. ჭ-ემ გადასცა და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა მოპასუხისა და მისი შვილის თანასაკუთრებაში არსებული სახლი. შეთანხმებისამებრ, თუკი თ. ბ-ე ვერ გაუფორმებდა დარჩენილ ფართს, მოსარჩელეს გადაუხდიდა 41000 აშშ დოლარის 2%-ს ყოველთვიურად – 820 აშშ დოლარს, რაზეც შედგა ხელწერილი.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელე თავდაპირველად სარჩელით დაობდა 41000 აშშ დოლარზე, რომლის განხილვისას, პირველი ინსტანციის სასამართლოში თ. ბ-ის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო და, შესაბამისად, დაეკისრა 41000 აშშ დოლარის გადახდა მოასარჩელის სასარგებლოდ. რ. ჭ-ის განმარტებით, იგი სარგებლის მოთხოვნას არ აპირებდა, თუმცა, ვინაიდან თ. ბ-ის შვილმა სადავო გახადა იპოთეკის ხელშეკრულება და პროკურატურაში უჩივლა მამას, იპოთეკის ხელშეკრულებაზე თავისი ხელმოწერის გაყალბებასთან დაკავშირებით, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ სარგებლის თაობაზე მოთხოვნა უნდა დაეყენებინა, ვინაიდან თვლის, რომ თ. ბ-ემ თაღლითურად მიითვისა სესხის თანხა, ფართიც სხვის საკუთრებას წარმოადგენს, რის გამოც იგი მოითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, რ. ჭ-ე მოითხოვს მოპასუხეზე სარგებლის თანხის დაკისრებას კანონდარღვევვითაა შედგენილი, რის გამოც მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით რ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. ჭ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნაახალი გადაწყვეტილება, რ. ჭ-ის სასარჩელო მოთხოვნანაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. ბ-ეს რ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის 27 იანვრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ყოველთვიურად 820 აშშ დოლარის გადახდა, თ. ბ-ეს რ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისროს საპროცესო ხარჯის 2405,66 ლარის გადადა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში წარმოდგენილი, 2010 წლის 9 თებერვლის საჯარო რეესტრის ამონაწერისა და მხარეთა განმარტებების თანახმად, 2009 წლის 6 იანვარს, მოსარჩელე რ. ჭ-ესა და მოპასუხე თ. ბ-ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოპასუხემ მოსარჩელისაგან ერთი წლის ვადით ისესხა 41000 აშშ დოლარი უპროცენტოდ, ხოლო სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მის თანასაკუთრებაში რიცხული, ქ. ბათუმში, ა-ის დასახლებაში მდებარე უძრავი ქონება;
მოსარჩელე რ. ჭ-ეს სურდა 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის შეძენა, რომელშიც დახმარებას დაპირდა მოპასუხე, რაც მხარეებმაც დაადასტურეს;
საქმეში წარმოდგენილი 2009 წლის 6 იანვრისა და 2008 წლის 12 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებებით, ასევე მხარეთა განმარტებებით დადგინდა, რომ მოსარჩელე რ. ჭ-ემ, თ. ბ-ის დახმარებით, ნ. კ-ისაგან შეიძინა ქ. ბათუმი, თაყაიშვილის ქ.№56-ში მდებარე 257 კვ.მ და 42,16 კვ.მ მიწის ნაკვეთები (სულ 299,16 კვმ).
პალატამ დამატებით განმარტა შემდეგი: საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებითა და მხარეთა განმარტებებით დგინდება, რომ 2009 წლის 06 იანვარს, რ. ჭ-ესა და თ. ბ-ეს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 41000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა ცნო თ. ბ-ემ და გადაწყვეტილება რ. ჭ-ის სასარგებლოდ თ.ბ-ისათვის სესხის სახით გადაცემული თანხის 41000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე კანონიერ ძალაშია შესული.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში განთავსებულ წერილობით მტკიცებულებაში, 2009 წლის 27 იანვრის ხელწერილში დაფიქსირებულია შემდეგი: ”მე თ. ბ-ე მცხოვრები ხელვაჩაურის რ-ნი, სოფ. ა-ა პირ. ნომერი ... ვისესხე რ. ჭ-ისაგან 41000 (ორმოცდაერთი ათასი ამერიკული დოლარი) სამაგიეროდ გარანტის სახით ჩავუდევი ჩემი კუთვნილი სახლი ხელვაჩაურის რ-ნი სოფ. ა-აზე. დრო მაქვს 1 წელი. თუ ამ ერთი წლის მანძილზე ვერ გავაფორმეთ, ფართი, რომელიც შეადგენს 149 კვ.მ. ვერ გავაფორმე ვიხდი ამ თანხის ე.ი. 41000 $-ის 2% რაც შეადგენს 820$ თვეში. თუ გაფორმდა მაშინ არაფერს არ ვიხდი. თანხა რომელიც ვისესხე ჭ-ისაგან დაჭირდა მისივე საქმეს, კერძოდ 300 კვ.მ ფართის გაფორმება შესყიდვას ქალბატონი ნ. კ-ისაგან. ხელწერილი ჩემი ხელით არის დაწერილი და ხელს ვაწერ.”
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 319-ე და 709-ე მუხლებზე და საქმეში განთავსებულ წერილობით მტკიცებულებებსა და მხარეთა განმარტებებზე დაყრდნობით, მიიჩნია, რომ რ. ჭ-ესა და თ. ბ-ეს შორის, 2008 წლის 30 ივნისს ზეპირი ფორმით დაიდო დავალების ხელშეკრულება, რომლითაც თ. ბ-ემ აიღო ვალდებულება, დახმარებოდა რ. ჭ-ეს ს 500 კვ.მ მიწის ნაკვეთის შეძენაში, ამასთან, დავალების პირობა ნაწილობრივ შეასრულა და 2009 წლის 6 იანვრისა და 2008 წლის 12 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებებით, რ. ჭ-ემ, თ. ბ-ის დახმარებით, ნ. კ-ისაგან შეიძინა, ქ. ბათუმი, თაყაიშვილის ქ.№56-ში მდებარე 257 კვ.მ და 42,16 კვმ მიწის ნაკვეთები (სულ 299,16 კვმ).
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ კანონიერ ძალაში შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილებითა და მხარეთა განმარტებებით დადგენილი იყო, რომ 2009 წლის 06 იანვარს, მხარეთა შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც თ. ბ-ემ რ. ჭ-ესაგან ერთი წლის ვადით ისესხა 41000 აშშ დოლარი უპროცენტოდ. შესაბამისად, პალატამ დადასტურებულად ჩათვალა, რომ რ. ჭ-ესა და თ. ბ-ეს შორის არსებობდა როგორც სესხის ხელშკრულებიდან გამომდინარე, ისე დავალების ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ურთიერთობები.
სააპლაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 50-52-ე მუხლებზე და ე.წ “ხელწერილში” გამოხატული ნების განმარტებისას, დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 06 იანვარს, რ. ჭ-ესა და თ. ბ-ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 41000 აშშ დოლარის თაობაზე, თუმცა ხელშეკრულება არ მოიცავდა შეთანხმებას პროცენტის თაობაზე. ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, 2009 წლის 27 იანვარს, მხარეებმა შეცვალეს ხელშეკრულების პირობები, შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების განსხვავებულ წესზე და ე.წ “ხელწერილით” თ. ბ-ემ აიღო ვალდებულება, თუ 2010 წლის 27 იანვრამდე ვერ უზრუნველყოფდა დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რ. ჭ-ისათვის დამატებით 149 კვ.მ. ფართის გაფორმებას, ამ დროის შემდეგ, გადაიხდიდა 2009 წლის 06 იანვრის ხელშეკრულებით ნასესხები თანხის ე.ი. 41000 $-ის 2%, რაც შეადგენდა თვეში 820 აშშ დოლარს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316- 317-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-400.1 და 404-ე 403.1-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, თუ მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს, ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად. ვინაიდან, სადავოს არ წარმოადგენდა ის ფაქტობრვი გარემოება, რომ თ. ბ-ეს 149 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნასყიდობის თაობაზე აღებული ვალდებულება არ შეუსრულებია, ასევე რ. ჭ-ისათვის 2009 წლის 6 იანვრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული და სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული 41000 აშშ დოლარი არ დაუბრუნებია, სააპელაციო პალატამ დადსტურებულად მიიჩნია, რომ ჭ-ის წინაშე ვალდებულება ჯეროვნად არ შესრულდა. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა, 2010 წლის 27 იანვრიდან მოცემულ დავაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, 2009 წლის 27 იანვრის ე.წ. ”ხელწერილით”, სესხისათვის განსაზღვრული საპროცენტო სარგებელის, ყოველთვიურად 820 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანად ჩათვალა.
სასარჩელო მოთხოვნა 2009 წლის 27 იანვრიდან საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე, სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია, ვინაიდან, როგორც 2009 წლის 27 იანვრის ”ხელწერილით” ირკვევა, ნასესხები თანხის ე.ი. 41000 $-ის 2%-ის თვეში 820 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება წარმოიშობოდა ერთი წლის შემდგომ, 2010 წლის 27 იანვრიდან და არა ხელშეკრულების გაფორების დროიდან-2009 წლის 27 იანვრიდან.
მოწინააღმდეგე მხარის მსჯელობა იმის შესახებ, რომ მხარეთა შეთანხმება არსებობდა მხოლოდ 300 კვ.მ მიწის ნაკვეთის შესყიდვაზე და რომ თ. ბ-ეს დამატებით 149 კვ.მ მიწის ნაკვეთის შესყიდვასთან დაკავშირებით რაიმე ვალდებულება არ აუღია და რომ 2010 წლის 27 იანვრის ე.წ. ”ხელწერილი” შედგენილია კანონდარღვევით და შესაბამისი სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და გონივრული განსჯის შედეგად (სკ-ის 52-ე მუხლი) მიიჩნია, რომ 2009 წლის 27 იანვრის ”ხელშეკრულებაში” გამოხატული ნება აშკარა იყო, არაბუნდოვანი და მხრის თ. ბ-ის მიერ გამოვლენილი ნება გულისხმობდა, რომ თუკი 2010 წლის 27 იანვრამდე ვერ უზრუნველყოფდა რ. ჭ-ისათვის ამ დრომდე უკვე გაფორმებულ ფართებზე (300 კვ.მ) დამატებით 149 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გაფორმებას, ამ დროის შემდგომ გადაიხდიდა ნასესხები თანხის ე.ი. 41000 $-ის 2% რაც შეადგენდა თვეში 820 აშშ დოლარს.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მითითებას იმის თობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექის 90-91-ე მუხლები რამაც არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა გამოიწვია. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სკ-ის 90-ე მუხლით გათვალისწინებული პირობითი გარიგება ისეთი გარიგებაა, რომლისთვისაც პირობას აქვს დამატებითი ფაქტის მნიშვნელობა და თვით გარიგებას კი არ განაპირობებს, არამედ ამ გარიგების იურიდიულ შედეგებს განსაზღვრავს იმით, რომ ამ გარიგების შესრულების გადადება ხდება მის დადგომამდე, ან გარიგების შეწყვეტა ამ მოვლენის დადგომისთანავე. განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან ირკვეოდა, რომ თ. ბ-ემ აიღო ვალდებულება რ. ჭ-ისათვის დამატებით ნ. კ-ის ფაქტობრივ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ 149 კვ.მ მიწის ნაკვეთის შეძენასა და რ. ჭ-ის საკუთრებაში აღრიცხვაში დახმარებისა, პალატამ მიიჩნია, რომ ამგვარი შეთანხმება არ შეიძლება ყოფილიყო ბათილი, რადგანაც მოქმედი კანონმდებლობით დასაშვებია ფიზიკური პირის, თუნდაც არამართლზომიერ მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ სახელმწიფო მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება, რის გამოც, პირობითად, შესაძლებელს წარმოადგენდა თ. ბ-ის, როგორც წარმომადგენლის დახმარებით, ნ. კ-ის მფლობელობაში არსებულ 149 კვ.მ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისა და შემდგომში ამ მიწის ნაკვეთზე ნასყიდობის საფუძველზე რ. ჭ-ის საკუთრების უფლების დადგენისა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა.
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ჭაღალაძეს მისი მარწმუნებლისათვის მიცემული ჰქონდა 41 000 აშშ დოლარი სესხის სახით 2010 წლის 06 იანვარს, ხოლო 2011 წლის 27 იანვარს აღნიშნულ თანხაზე მხარეებს შორის დაიდო ე.წ. ხელწერილი, რომლის ძალითაც თითქოსდა თ. ბ-ე ჭ-ის ნასესხები 41000 აშშ დოლარით უნდა დახმარებოდა ვინმე ნ. კ-ისაგან 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით შეძენაში, რაც არასწორია, ვინაიდან ხსენებული ხელწერილიდან ირკვევა, რომ ბ-ემ ჭ-ისგან მიღებული სესხის თანხით (41 000 აშშ დოლარი) ამ უკანასკნელს დაეხმარა კ-ისგან 300 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შეძენაში ანუ ეს თანხა გადახდილ იქნა კ-ისათვის. აღნიშნული ხელწერილით და არა ნასესხები თანხით ბ-ემ მართალია იკისრა 149 კვ.მ. მიწის ნაკვეთის გაფორმება, (თუ ამ ერთი წლის მანძილზე ვერ „გავაფორმეთ“, ფართი, რომელიც შეადგენს 149 კვ.მ. ვერ გავაფორმე ვიხდი ამ თანხის ე.ი. 41 000 აშშ დოლარის 2%-სო).
კასატორის განმარტებით, სასამართლოს არ გამოურკვვია თუ რატომ ვერ შეძლო ბ-ემ რეალურად ჭ-ისათვის 149 კვ.მ. მიწის ნაკვეთის შეძენა. სასამართლო მხოლოდ იმის გარკვევით შემოიფარგლა, რომ აღნიშნული 149 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ფართი – კ-ეს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისგან ქონდა ასაღიარებელი საკუთრებაში, მაგრამ სასამართლოს არ გაურკვევია რეალურად კ-ე რამდენად აკმაყოფილებდა კანონით გათვალისწინებული წესების მოთხოვნებს – აღნიშნული 149 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრებაში მიღების პირობებს, რისი გარკვევის გარეშეც არ შეიძლებოდა ბ-ის პასუხისმგებლობაზე მსჯელობა, რაც ცხადყოფს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და უკანონოდ დაადგინა, რომ ხსენებული ხელწერილი კანონთან არ მოდიოდა წინააღმდეგობაში და ის არ ეწინააღმდეგებოდა კანონის მოთხოვნებს, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 90-ე მუხლს. ამდენად, სასამართლომ არასწორად დაადგინა ბ-ის მიერ ნაკისრი ვალდებულების არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობა და ის, რომ ბ-ისა და ჭ-ის გარიგება არ იყო კანონსაწინააღმდეგო და პირობითი გარიგება. ანუ ბ-ის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება და ის გარიგება რომლითაც ბ-ე იღებდა ვალდებულებას ჭ-ისათვის ქონების შეძენაში დახმარება ვერ შესრულდებოდა სანამ ამ ქონებას მესაკუთრე არ გახდებოდა კ-ე ან სხვა ნებისმიერი პირი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 თებერვლის განჩინებით თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1642.10 ლარი) 70% –1149.47 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ თ. ბ-ეს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით ნ. ბ-ის მიერ №... სალაროს შემოსავლის ორდერით 2012 წლის 4 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1642.10 ლარი) 70% –1149.47 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.