Facebook Twitter

№ას-67-64-2012 26 მარტი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ბ. ჯ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ჩ-ი, მ. ჩ-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სარჩოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 30 მაისს ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს მ. და მ. ჩ-ებმა (წარმომადგენელი ლ. ნ-ე) მოპასუხეების – შპს „ბ. ჯ-ასა“ და ზ. ი-ის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს, რომ შრომითი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მათი მამის, ნ. ჩ-ის დაღუპვის გამო მოპასუხეებს დაკისრებოდათ ერთჯერადი დახმარება 10 წლის სამსახურებრივი სარგოს ოდენობით, რაც შეადგენდა 34680 ლარს. ამავდროულად, მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხეებს მათ სასარგებლოდ დაკისრებოდათ ყოველთვიურად 192.66 ლარის, თითოეულზე 96.33 ლარის გადახდა, მარჩენალის ნ. ჩ-ის გარდაცვალების დღიდან – 2008 წლის 22 ივნისიდან მოსარჩელეების სრულწლოვანებამდე. მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სარჩელში მიეთითა სამოქალაქო კოდექსის 106-ე მუხლზე, „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესების“ 35-ე, 36-ე მუხლებზე (ს.ფ. 4-12).

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. და მ. ჩ-ების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ბ. ჯ-ას“ დაეკისრა სარჩოს გადახდა 2000 წლის 1 იანვარს დაბადებული მ. ჩ-ისა და 2002 წლის 14 ოქტომბერს დაბადებული მ. ჩ-ის სასარგებლოდ, ყოველთვიურად 192.66 ლარის ოდენობით, თითოეულზე 96.33 ლარი, ნ. ჩ-ის გარდაცვალების დღიდან – 2008 წლის 22 ივნისიდან.

საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ნ. ჩ-ი დასაქმებული იყო შპს „ბ. ჯ-აში“ საკონტეინერო ტერმინალის მტვირთავად;

ნ. ჩ-ი დაიღუპა 2008 წლის 22 ივნისს შპს „ბ. ჯ-ას“ კუთვნილ, საწარმოო ტერიტორიაზე არსებული შენობის დემონტაჟის დროს, რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ჩამოშლის გამო, რაც გამოწვეული იყო მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევით;

ნ. ჩ-ს დარჩა ორი არასრულწლოვანი შვილი: 2000 წლის 1 იანვარს დაბადებული მ. ჩ-ი და 2002 წლის 14 ოქტომბერს დაბადებული მ. ჩ-ი;

ნ. ჩ-ი წარმოადგენდა თავისი არასრულწლოვანი შვილების მარჩენალს;

შპს „ბ. ჯ-ასა“ და ზ. ი-ს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, ზ. ი-მა იკისრა ვალდებულება, მოეხდინა შპს „ბ. ჯ-ას“ მფლობელობაში არსებული შენობის დემონტაჟი. ხელშეკრულების შესაბამისად, ზ. ი-ი უფლებამოსილი იყო მისი შეხედულებისამებრ აეყვანა დამხმარე მუშახელი.ზ. ი-მა ასევე, იკისრა ვალდებულება დაეცვა შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნები;

შპს „ბ. ჯ-ას“ არ გაუფორმებია განაწესი-დაშვება გაზრდილი სამუშაოების წარმოებაზე;

შპს „ბ. ჯ-ა“ არ უწევდა კონტროლს სამუშაოს ხელმძღვანელის – ზ. ი-ის მიერ უსაფრთხო მუშაობის ღონისძიების შესრულებას;

მოსარჩელეს სარჩელში არ მიუთითებია მნიშვნელოვანი საფუძვლის შესახებ, რომლის არსებობის შემთხვევაში დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს სარჩოს სანაცვლოდ ერთჯერადი ანაზღაურება;

მოპასუხე შპს „ბ. ჯ-ამ“ ნ. ჩ-ის გარდაცვალების გამო, დახმარება გაუწია გარდაცვლილის ოჯახს 5000 ლარის ოდენობით;

ნ. ჩ-ი არ ახორციელებდა შპს „ბ. ჯ-ას“ მფლობელობაში არსებული შენობის დემონტაჟს ზ. ი-თან შრომით სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე.

ნ. ჩ-ი ახორციელებდა შპს „ბ. ჯ-ას“ მფლობელობაში არსებული შენობის დემონტაჟს ამავე საწარმოს მენეჯერის დავალებით, როგორც შპს „ბ. ჯ-ას“ თანამშრომელი.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა შრომის კოდექსის 35-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, „მშენებლობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 28 მარტის №2 დადგენილების მეორე მუხლის პირველ პუნქტზე, სამშენებლო ნორმებისა და წესების III-4-80* მუხლის 2.4.* პუნქტზე, 1.3.*, 1.6, 1.8 პუნქტებზე. სასამართლომ განმარტა, რომ შპს „ბ. ჯ-ა“ ვალდებული იყო მიეღო კანონით დადგენილი ზომები დასაქმებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისათვის და გაეფორმებინა განაწესი-დაშვება გაზრდილი სამუშაოების წარმოებაზე, იგი ვალდებული იყო აგრეთვე კონტროლი გაეწია სამუშაოების ხელმძღვანელის, ამ შემთხვევაში ზ. ი-ის მიერ უსაფრთხო ღონისძიების შესრულებაზე, რაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შპს „ბ. ჯ-ას“ არ განუხორციელებია. აღნიშნულმა გამოიწვია შენობის დემონტაჟის დროს, რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ჩამოშლის გამო, შპს „ბ. ჯ-ას“თანამშრომლის ნ. ჩ-ის გარდაცვალება.

ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. ჩ-ი წარმოადგენდა შპს „ბ. ჯ-ას“ თანამშრომელს, შენობის დემონტაჟთან დაკავშირებით იგი შრომით ურთიერთობაში არ იმყოფებოდა ზ. ი-თან. შესაბამისად, მოპასუხე ზ. ი-ის მიერ მითითებული გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ ნ. ჩ-ი შენობის დემონტაჟს ახორციელებდა იმ საწარმოს მენეჯერის დავალებით, რომელთანაც ის შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა, გაზიარებულ იქნა.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დამსაქმებლისათვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა შპს „ბ. ჯ-ა“, როგორც ნ. ჩ-ის დამსაქმებელი და არა ზ. ი-ი, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელსაც, როგორც, შპს „ბ. ჯ-ას“ მიერ დაქირავებულ სამუშაოების ხელმძღვანელს, ხელშეკრულებით ევალებოდა უსაფრთხოების წესების დაცვა, რაც მას არ განუხორციელებია. შპს „ბ. ჯ-ამ“ მის მფლობელობაში არსებული შენობის დემონტაჟის ხელმძღვანელობა დაავალა არასათანადო კვალიფიკაციის მქონე პირს, რითაც საფრთხეში ჩააგდო შენობის დემონტაჟზე მომუშავე პირები, რასაც, თავად შპს „ბ. ჯ-ს“ მიერ უსაფრთხოების წესების დარღვევასთან ერთობლიობაში მოჰყვა ნ. ჩ-ის სიცოცხლის მოსპობა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ სარჩელის მოთხოვნა, რომელიც შეეხებოდა მოპასუხე შპს „ბ. ჯ-ასათვის“ ყოველთვიური სარჩოს დაკისრებას, დააკმაყოფილა (ს.ფ. 102-109).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ. ჯ-ამ“, რომელმაც მოითხოვა ამ გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში (ს.ფ. 116-125).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით შპს „ბ. ჯ-ას“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასებები და მიიჩნია, რომ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 31 ოქტომბრის განჩინება შპს „ბ. ჯ-ამ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ ჩათვალა დადგენილად ის გარემოება, რომ ნ. ჩ-ი (მოსარჩელეების მარჩენალი) შპს „ბ. ჯ-ას“ მფლობელობაში არსებული შენობის დემონტაჟს ახორციელებდა ზ. ი-თან შრომით-სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე. მითითებული პოზიცია დაუსაბუთებელია, ვინაიდან თავად ის ფაქტი, რომ ნ. ჩ-ი დაიღუპა ობიექტზე, სადაც სამუშაოებს ახორციელებდა ზ. ი-ი, ასაბუთებს, რომ იგი ი-ის დავალებით მოქმედებდა. ზ. ი-ი რომ ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებდა დემონტაჟს, ეს დადასტურებულია საქმის მასალებითაც და სასამართლო გადაწყვეტილებითაც;

საქმის განმხილველმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს, რომ სამუშაოების მწარმოებელი იყო არა შპს „ბ. ჯ-ა“, არამედ ზ. ი-ი;

ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ მიიჩნიეს, რომ შპს „ბ. ჯ-ასა“ და ზ. ი-ს შორის არსებობდა არსებობდა შრომის კოდექსით გათვალისწინებული ურთიერთობა (ს.ფ. 180-188).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 იანვრის განჩინებით შპს „ბ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ბ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ბ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (346.79 ლარი) 70% – 242.75 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ბ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „ბ. ჯ-ას“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (346.79 ლარი) 70% – 242.75 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.