Facebook Twitter
№ას-72-68-2012 1 მარტი, 2012 წელი

№ას-72-68-2012 1 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ი. ბ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - მ. ბ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ბ-ემ საჩივრით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა შპს „რ. ქ-ის“ მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის 2008 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც დაკმაყოფილდა ი. ბ-ის სარჩელი და ქ. ქუთაისში, ს. II-ის ქ. №29-ში მდებარე საცხპვრებელი სახლის 5/6 ნაწილის მესაკუთრედ ცნობილ იქნა ი. ბ-ე. აღნიშნული საცხოვრებელი სახლის 1/6 ნაწილის (რომელიც არ შედის 5/6 ნაწილში) საკუთრების საკითხის გადაწყვეტა კი, დადგინდა 1980 წლის 18 სექტემბრის ქ. ქუთაისში ლ-ის რაიონის სახალხო სასამართლოს (საქმე 2/500) გადაწყვეტილებით.

მ. ბ-ემ, დასახელებული საჩივრის უზურნველსაყოფად, მოითხოვა მოპასუხე ი. ბ-ის სახელზე რიცხულ, ქ.ქუთაისში, ს. მე-2-ის ქუჩა №29-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე ყადაღის დადება იმ მოტივით, რომ საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სადავო სახლის 1/6 ნაწილი აღირიცხებოდა მის სახელზე, ხოლო, თუკი მოპასუხე სახლს გაასხვისებდა, მყიდველი იქნებოდა კეთილსინდისიერი და სასამართლო გადაწყვეტილება ვერ აღსრულდებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მ. ბ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო ი. ბ-ის სახელზე რიცხულ, ქ.უთაისში, ს. მე-2-ის ქუჩა №29-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №....

პალატამ მიიჩნია, რომ მოთხოვნა დასაბუთებული იყო და გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან, იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე სადავო ქონებას გაასხვისებდა ან უფლებრივად დატვირთავდა, გადაწყვეტილების აღსრულება, მოსარჩელის იურიდიული ინტერესის გათვალისწინებით, შეუძლებელი გახდებოდა ან არსებითად გართულდებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ი. ბ-ის წარმომადგენელმა მ. დ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ი. ბ-ეს მ. ბ-ესთან გააჩნდა საზიარო უფლება და, შესაბამისად, ყადაღის გარეშეც, საცხოვრებელი სახლის გაყიდვა საზიარო უფლების გაუქმებამდე ვერ იქნებოდა შესაძლებელი, რის გამოც არ არსებობდა ყადღის დადების აუცილებლობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 10 იანვრის განჩინებით ი. ბ-ის წარმომადგენელ მ. დ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა ი. ბ-ის წარმომადგენელ მ. დ-ის საჩივარი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს მოთხოვნა, სასამართლოს განმცხადებლის მითითების საფუძველზე უნდა შეექმნას მყარი შინაგანი რწმენა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის კონკრეტული ღონისძიების გამოუყენებლობა შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების შემდგომ აღსრულებას. თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს სახელით გამოტანილ მართლმსაჯულების აქტს, რომელიც მოდავე მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად აწესრიგებს და მიმართულია სამომავლოდ (კანონიერ ძალაში შესვლის დროისათვის) დაცული და აღიარებული უფლების რეალიზებისაკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების აღსრულების დროისათვის აღმოჩნდება, რომ შეუძლებელია სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგის განხორციელება, მართლმსაჯულება რეალურ მიზანს დაკარგავს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებელი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის მტკიცების ტვირთს განმცხადებელს აკისრებს, თუმცა ადგენს, რომ სასამართლოს სწორედ საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას დასაბუთებული ვარაუდი იმისა, რომ უზრუნველყოფილ იქნას სარჩელი. რაც შეეხება მტკიცების სტანდარტს, დასახელებული ნორმა განსაზღვრავს, რომ მხარემ უნდა მიუთითოს იმ სავარაუდო და მოსალოდნელ გარემოებაზე, რაც რეალურად გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხებისა თუ შეუძლებლობის წინაპირობა გახდება. ამასთან, აღნიშნულის სწორად გადაწყვეტის წინაპირობა სწორედ უზრუნველყოფის ღონიძიების მართებულობის, მხარეთა ინტერესების შესაძლო შელახვისა და მოთხოვნის საფუძვლიანობის წინაპირობების ურთიერთშეჯერება და ერთობლივად განხილვა-გადაწყვეტაა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით სწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის დანაწესი, რადგან განსახილველ შემთხვევაში არსებობდა მ. ბ-ის სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განცხადების დაკმაყოფილების წინაპირობა. განმცხადებელი სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სადავო სახლის 1/6 ნაწილი აღირიცხებოდა მის სახელზე, ხოლო თუკი მოპასუხე სახლს გაასხვისებდა, მყიდველი იქნებოდა კეთილსინდისიერი და სასამართლო გადაწყვეტილება ვერ აღსრულდებოდა. აღნიშნული გარემოების ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში არსებობს გონივრული ვარაუდი სასამართლო გადაწყვეტილების შემდგომი აღსრულების დაბრკოლებისა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებაზე შეტანილი საჩივრის შინაარსი და ამომწურავდაა განმარტებული ის საკითხები, თუ რას უნდა შეიცავდეს მოწინააღმდეგე მხარის საჩივარი. დასახელებული ნორმის „გ“ ქვეპუნტის თანახმად, საჩივარში უნდა აღინიშნოს გარემოებები, რომელთა გამოც უნდა გაუქმდეს ან შეიცვალოს განჩინება უზრუნველყოფის შესახებ. ამ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი ეკისრება მომჩივანს.

განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ ი. ბ-ეს მ. ბ-ესთან გააჩნდა საზიარო უფლება და, შესაბამისად, ყადაღის გარეშეც, საცხოვრებელი სახლის გაყიდვა საზიარო უფლების გაუქმებამდე ვერ იქნებოდა შესაძლებელი, რის გამოც არ არსებობდა ყადaღის დადების აუცილებლობა, რაც საკასაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან მითითებული გარემოება მას სათანადო მტკიცებულებებით არ გაუმყარებია. პირიქით, აღნიშნულის საწინააღმდეგოს მიუთითებს საქმეში არსებული 2010 წლის 24 დეკემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც ირკვევა, რომ ქ. ქუთაისში, ს. მე-2-ის ქუჩა №29-ში მდებარე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა ი. ბ-ე.

სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია თავისი ბუნებით წარმოადგენს იურიდიულ ფიქციას, რომლის თანახმად, ივარაუდება, რომ რეესტრის უფლების რეგისტრაციის ფაქტი სრულად და სწორად არის განხორციელებული. მოცემულ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ჩანაწერის უსწორობა სათანადო წესით დადასტურებული არ არის. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მასზე, რომ საჩივრის ავტორს ყოველთვის შეეძლო განეკარგა სადავო ქონება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეუძლებელს გახდიდა გადაწყვეტილების აღსრულებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ი. ბ-ის წარმომადგენელ მ. დ-ის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 დეკემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.