Facebook Twitter

#as-73-69-2012 12 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ნ. თ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ს-ა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნარდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. თ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ს-ას მიმართ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად თანხის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი დასაბუთებით: 1991 წელს მას და ზ. ს-ას შორის დაიდო გარიგება. გარიგების თანახმად, ზ. ს-ამ აიღო ვალდებულება, რომ 7 ოთახიან ბინაში გააკეთებდა ხის კედელს და გამოცვლიდა კარ-ფანჯარას, რისთვისაც უნდა გადაეცა შესაბამისი ხის მასალა და გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საზღაური. რამდენადაც კანონმდებლობით ამ ტიპის ხელშეკრულებებისათვის არ არის დადგენილი სავალდებულო წერილობითი ფორმა, გარიგება დაიდო ზეპირად. 1991 წლის 12 ივლისს ზ. ს-ას მის საცხოვრებელ სახლში 33 კუბuri მეტრი ხის მასალა მიუტანა. მასალასთან ერთად გადასცა 3000 მანეთი ავანსად. სულ ივლისში ზ. ს-ას გადაუხადა 5000 მანეთი. 2003 წლის 19 აგვისტოს ს-ა მოვიდა მასთან და განუცხადა, რომ მუშაობის დაწყებისათვის სჭირდებოდა მასალები. ზ. ს-ას სახლში მიუტანა 48 ლარად და 91 ლარად ღირებული მასალები. 2004 წელს ზ. ს-ამ, მისი ახლობლების ძალდატანებით ჩასვა 10 ფანჯარა, ისიც უხარისხოდ. 2008 წელს ისინი ფაქტობრივად თავიდან შეთანხმდნენ. ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებაც მას დღემდე არ შეუსრულებია და არ აპირებს შეთანხებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლებით: 1991 წელს ნ. თ-ის მიერ მიღებული შეკვეთა კეთილსინდისიერად შეასრულა და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, ასევე გასულია ყველა ხანდაზმულობის ვადა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. თ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც საპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. ს-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ხოლო ნ. თ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ნ. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1991 წელს მოსარჩელე ნ. თ-სა და მოპასუხე ზ. ს-ას შორის დაიდო გარიგება, რომლის თანახმად, მოპასუხემ აიღო ვალდებულება, რომ მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში შეასრულებდა სარემონტო სამუშაოებს, კერძოდ, გააკეთებდა ხის კედელს და გამოცვლიდა კარ-ფანჯრებს, ხოლო მოსარჩელეს მისთვის უნდა გადაეცა შესაბამისი ხის მასალა და გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საფასური. 2011 წლის 25 თებერვალს შედგენილი შემოწმების აქტის თანახმად, ქ.ოზურგეთში, ა-ს ქ.№25-ში, ბინა №3-ში მდებარე ნ. თ-ის საცხოვრებელი ფართი შეადგენს 72.4 კვ.მ-ს, დამხმარე ფართი – 80 კვ.მ-ს, საერთო ფართი – 152.4 კვ.მ-ს. ბინა საჭიროებს რემონტს, შესაცვლელია 11 ერთეული, კარის ბლოკი, 2 ერთეული ფანჯარა, აღსადგენია კედლების ზედაპირი. სახლში ინახება 11 ერთეული კარის ჩარჩო კარის გარეშე და დამონტაჟებულია ორი ერთეული ხის ფანჯარა. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტის 2011 წლის 7 მაისის დასკვნით ქ.ოზურგეთში, ა-ს ქ.№25-ში ბინა №3-ში მდებარე ნ. თ-ის საცხოვრებელი ბინის რემონტს, კერძოდ, ჭერსა და კედლებზე 2 სმ სისქის ხის „პანელების“ აკვრას დასჭირდებოდა 14.30 კუბური მეტრი ხის მასალა. იატაკის მოწყობას დასჭირდებოდა 7.5 კუბური მეტრი ხის მასალა. რადგან უცნობია კარებისა და ფანჯრების სქემა. საშუალო გაანგარიშებით მათთვის საჭირო ხის მასალის რაოდენობა შეადგენს 6.0 კუბური მეტრს, მთლიანი ხის საჭირო მასალა 27.8 კუბური მეტრს. ქ.ოზურგეთში, ა-ს ქ.№25, ბინა №3-ში მოწყობილია ე.წ. რუსული „ლისტვენიცას“ ხის ჯიშის ნაკეთობის 2 ერთეული ფანჯრის ბლოკი, რომლის საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 1080 ლარს. 11 ერთეული ფიჭვის ხის ჯიშის კარების ჩარჩოს საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 770 ლარს. საერთო ღირებულება 1950 ლარს. ნ. თ-ის ბინის რემონტისათვის გამოყენებულია, კერძოდ, ფანჯრებისათვის 1.0 კუბ. მეტრი „ლისტვენიცას“ ხის ჯიშის მასალა, ფიჭვის ხის ჯიშის მასალიდან დამზადებულია კარების ჩარჩო 0.8-1.0 კუბ. მეტრით. დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოს წარმოებისათვის იატაკის ჩათვლით საჭიროა 25 კუბური მეტრი „ლისტვენიცას“ ხის ჯიშის მასალა, რომლის საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 20750 ლარს. მხარეები ერთმანეთთან იმყოფებოდნენ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობაში, რომელიც მხარეთა შორის დაიწყო 1991 წელს. ნ. თ-ი სარჩელის ხანდაზმულად ცნობის გამომრიცხავ გარემოებად მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მას და მოპასუხეს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა განახლდა 2008 წელს, როდესაც ფაქტობრივ მხარეთა შორის შედგა ახალი შეთანხმება და ზ. ს-ამ კვლავ აიღო ვალდებულება შეპირებული კარ-ფანჯრის დამზადების თაობაზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადასტურებას მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმეთა დაკითხვის გზით შეეცადა და მიუთითა, რომ მოწმეები ზურაბ ჩავლეიშვილი და თეიმურაზ მიქელაშვილი დაადასტურებენ 2008 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შემდგარ ახალ შეთანხმებას. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეებისა და საქმის მასალების გამოკვლევით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან საქმის მასალებით დაუდასტურებელია და ვერც ერთი მოწმე ვერ ადასტურებს მხარეთა შორის 2008 წელს ახალი გარიგების დადების არსებობას.

სამოქალაქო კოდექსის 629-ე და 648-ე მუხლის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნისათვის კანონმდებელმა სპეციალური ვადები დააწესა. სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს ხანდაზმულობის ინსტიტუტს. ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება და დაცვა. ხანდაზმულობის ვადის არსებობა აიძულებს სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს, დროულად იზრუნონ თავიანთი უფლებების განხორციელებისა და დაცვისათვის. პირს ყოველთვის შეუძლია წარადგინოს მოთხოვნა, მაშინაც კი, როცა ხანდაზმულობის ვადა გასულია. მართალია, ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური თვალსაზრისით, მაგრამ ხანდაზმულობის ვადის გასვლის მიუხედავად, მოთხოვნა განხილული უნდა იქნეს და, თუ გამოირკვევა, რომ არ არსებობს ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები, მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

მოსარჩელე მხარის არგუმენტი რომ 2008 წელს მოპასუხესთანA ახალი გარიგება დაიდო, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობის გამო. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ ხელშეკრულების დადების დღიდან გავიდა 20 წელი, ხოლო ზ. ს-ას მიერ კარ-ფანჯრის დამზადებიდან – (სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე თავად ნ. ჩავლეიშვილმა აღნიშნა, რომ ზ. ს-ამ 2002 წელს დაუმზადა 10 ფანჯარა) 8 წელზე მეტი, მაგრამ ნ.თ-ს არ უცდია კანონშესაბამისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

პალატამ მიიჩნია, რომ ნ. თ-მა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავდა სარჩელის ხანდაზმულობას, რაც თავისთავად სამართლებრივი თვალსაზრისით სარჩელის დაკმაყოფილებას სრულიად შეუძლებელს ხდის.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. თ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულად ჩათვლის თაობაზეც არაკანონიერია, ხანდაზმულობა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების იძულებით განხორციელება ან დაცვა. კანონით სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული ხანდაზმულობის ვადა 6 წელს. ამასთან ერთად კანონით შესაძლებელია გათვალისწინებული იყოს სხვა ხანდაზმულობის ვადებით. ნაკლის გამო ხანდაზმულობის ვადა იწყება სამუშაოს მთლიანად მიღების დღიდან. მოცემულ შემთხვევაშიც სამუშაოს ნაწილ-ნაწილ ასრულებდა. მან 2004 წელს შეასრულა სამუშაოს ნაწილი, ჩასვა ფანჯრები, ხოლო სამუშაოს დასრულებას წლების განმავლობაში ჰპირდებოდა. ამდენად, მოთხოვნა არ უნდა ჩათვლილიყო ხანდაზმულად. რამდენადაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მოპასუხის მიერ შესრულებული არ არის. განსახილველ შემთხვევაში, დადებულ იქნა ზეპირი ფორმით ნარდობის ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრული იყო შესასრულებელი სამუშაო, სამუშაოს შესრულების ვადა და საზღაური, რომელიც მოპასუხე მხარემ დაარღვია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. თ-ი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია ნარდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობით ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო კოდექსის 629-ე და 648-ე მუხლების შესაბამისად. კასატორი სადავოდ ხდის სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის გამოყენების კანონიერებას. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. თ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.