Facebook Twitter

№ას-77-73-2012 29 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. გ-ეს წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ, სტუდენტად ყოფნის პერიოდში გადაუხდელი სწავლის საფასურის ანაზღაურება (2005-2008 და 2008-2009 – პირველი სემესტრი, სასწავლო წლებში)– 2500 ლარის ოდენობით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში იგი იხდიდა შესაბამის გადასახადებს. ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ მას სწავლა არ გაუგრძელებია, განცხადებით მიმართა ფაკულტეტის დეკანს დოკუმენტების დაბრუნების თაობაზე, ვინაიდან გააჩნდა სურვილი თავიდან მიეღო მონაწილეობა მისაღებ გამოცდებზე. მიუხედავად იმისა, რომ ადრე გაწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა (2006 წლის 15 მარტს მიმართა განცხადებით), მაინც შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და გადაიხადა მთელი წლის სწავლის საფასური.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ნოემბრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ნ. გ-ე 2005 წლის 24 ოქტომბრის №3-168 ბრძანებით ჩაირიცხა რსუ-ში ფიზიკური აღზრდის სპეციალობაზე;

ნ. გ-ესა და შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2005 წლის 13 ოქტომბერს გაფორმდახელშეკრულება ერთი წლის ვადით, რომლითაც განისაზღვრა მხარეთა უფლება მოვალეობები;

ნ. გ-ემ სწავლის საფასურის სახით გადაიხადა სწავლების პირველი კურსის გადასახადი 1000 ლარის ოდენობით, რაც დასტურდება სალაროს შემოსავლის ორდერებით (ს.ფ. 43,44);

ნ. გ-ემ 2006 წლის 15 მარტს განცხადებით მიმართა უნივერსიტეტის ტექნიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, ატესტატისა და სერთიფიკატის დაბრუნების მოთხოვნით ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილოების მისაღებად; მოთხოვნა მასზე არსებული რეზოლუციით ფაკულტეტმა დააკმაყოფილა (ს.ფ.37);

სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 29 დეკემბრის №3-694 ბრძანებით, ნ. გ-ეს შეუწყდა რსუ-ს სტუდენტის სტატუსი; ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა სტუდენტის მიერ სწავლის საფასურის გადაუხდელობა;

მხარეთა შორის 2005 წლის 05 აგვისტოს დადებული სასწავლო ხელშეკრულებით, რომელიც ერთი წლის ვადით დაიდო, განისაზღვრა სწავლის საფასურის გადახდის წესი, რომლის თანახმადაც მოპასუხეს რექტორის ბრძანება №1-52, 15.09. 2005წ. დადგენილ ვადებში უნდა გადაეხადა სწავლის საფასური, წინააღმდეგ შემთხვევაში ამოღებული იქნებოდა სტუდენტთა სიიდან - გაირიცხებოდა.

სასამართლომ უდავოდ დადგენილად ჩათვალა, რომ მოპასუხე ნ. გ-ეს 2006-2007, 2007-2008 და 2008-2009 სასწავლო წლებში ლექციებზე არ უვლია და საგანმანათლებლო მომსახურება არ მიუღია;

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 15.09.2005 წლის №1-52 ბრძანების საფუძველზე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები ნ. გ-ე და სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფებოდნენ ერთმანეთთან 2005-2006 სასწავლო წლის დასრულების შემდგომ, ხოლო 2005 – 2006 სასაწავლო წლის საფასური მოპასუხემ გადაიხადა 1000 ლარის ოდენობით და შეასრულა მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები.

სასამართლომ ასევე უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხესთან შემდეგ წლებში წერილობითი სასწავლო ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

აპელანტის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხეს სამი სემესტრის თანხის გადაუხდელობის შემდგომ შუწყდებოდა სტუდენტის სტატუსი და გაირიცხეობოდა უნივერსიტეტიდან ვინაიდან სწავლის საფასურის გადახდის წესი 2005 წლის 05 აგვისტოს სასწავლო ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა.

სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 15.09.2005წლის №1-52 ბრძანების მეოთხე მუხლით დაწესდა სწავლის საფასურის სემესტრული გადახდა. კერძოდ ბრძანებაში აღნიშნულია: ”სწავლის საფასური გადახდილი უნდა იქნეს თანაბრად 50% თითოეული სემესტრისათვის. ამასთან, პირველი ნახევრის (1 სემესტრის) საფასურის გადახდის ვადად დადგინდეს მიმდინარე წლის 20 ოქტომბერი, ხოლო მეორე სემესტრისა, მომდევნო წლის 20 თებერვალი. ამავე პუნქტში მიეთითა იმპერატიული დათქმა იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სტუდენტი ამოღებული უნდა იქნეს სტუდენტთა სიიდან. ანუ სასწავლო წლის დასაწყისში, თუკი სტუდენტი 20 ოქტომბრამდე არ გადაიხდიდა სწავლის საფასურის 50%-ს, ის უნდა გარიცხულიყო ინსტიტუტიდან.

სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული წესი და გადახდის ვალდებულება ნ. გ-ეს შემთხვევაში შეეხებოდა 2005-2006 სასწავლო წლის გადასახადს, ვინაიდან მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდო 2005 წლის 5 ოქტომბერს და მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი წლით.

პალატამ უდაოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ანუ 2005-2006 სასწავლო წლის სწავლის საფასური 1000 ლარის ოდენობით ნ. გ-ემ გადაიხადა. დანარჩენ წლებში სასწავლო ხელშეკრულება მხარეთა შორის არ გაფორმებულა.

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებისა და სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის 15.09.2005წლის №1-52 ბრძანების, მეოთხე პუნქტის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის (გარიცხვის) საფუძველი არსებობდა იმ დროიდან როცა მან არ გადაიხადა 2006-2007 წლის სწავლის საფასური, 2006 წლის 20 ოქტომბრიდან.

პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ 2005-2006 სასწავლო წლის დასრულების შემდეგ მხარეები ერთმანეთთან სახელშკრულებო და ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში აღარ იმყოფებოდნენ, რაც ნ. გ-ესათვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვადებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრებას გამორიცხავდა.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა 2005-2006 სასწავლო წლის დასრულების შემდგომ არ გაგრძელებულა. არანაირი ხელშეკრულება 2005-2006 სასწავლო წლების დასრულების შემდგომ მათ შორის არ შემდგარა, გარდა ამისა არანაირი ფაქტობრივი სახელშკრულებო ურთიერთობაც მხარეთა შორის ამ პერიოდიდან აღარ არსებობდა, რადგან ნ. გ-ემ 2006 წლის დასაწყისშივე მიმართა წერილობითი განცხადებით მოსარჩელე მხარეს, სადაც ითხოვა თავისი ატესტატისა და სერთიფიკატის დაბრუნება იმ მიზეზით, რომ სწავლის გაგრძელებას აღარ აპირებდა იმ ფაკულტეტზე, რომლის სტუდენტადაც ის ირიცხებოდა, მითითებულ წერილობით განცხადებაში ნ. გ-ე მიუთითებდა, რომ აპირებდა ხელახლა მონაწილეობის მიღებას ერთიან ეროვნულ გამოცდებში. ნ. გ-ეს აღნიშნულ განცხადებას ფაქტობრივად მოჰყვა ის, რომ მას არანაირი საფასური სწავლისა ამის შემდგომ აღარ გადაუხდია, აღარ უვლია უნივერსიტეტში, შესაბამისად, არ დასწრებია სასწავლო კურსს, არანაირ სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ შესულა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

მხარეთა და მათ წარმომადგენელთა მოსაზრებების მოსმენის, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შემდგომ პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.

სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა ”უმაღლესი განათლების შესახებ” საქაქრთველოს კანონის მე-2ჰ14 -ე, 22.1-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე მუხლები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 407-ე, 411-ე და 414-ე მუხლები.

კასატორის აზრით, სასამართლომ იურიდიულად სათანადოდ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ ჩათვალა მოპასუხე 2006 წლიდან 2008 წლამდე პერიოდში რსუ-სთან სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფად.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება დაფუძნებულია იმ არგუმენტებზე, რომ სტუდენტმა უნდა გადაიხადოს მხოლოდ იმ პერიოდის საფასური, როცა ფიზიკურად ესწრებოდა ლექცია-სემინარებს. ამდაგვარი დასაბუთება ეწინააღმდეგება უნივერსიტეტში დღემდე მოქმედ სამარტლებრივ აქტებს და საერთოდ ჩვეულებრივ სახელშეკრულებო ურთიერთობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 იანვრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს (საიდენტიფიკაციო კოდი ...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ №29 საგადასახადო დავალებით 2012 წლის 6 იანვარს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.