№ას-81-77-2012 1 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს ეკონიომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ხ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უძრავი ნივთის უმკვიდროდ ცნობა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ხ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ აწ გარდაცვლილი მ. ჭ-ის კუთვნილი ქ.თბილისში, მ-ის ქ.№67-ში მდებარე უძრავი ქონების უმკვიდროდ ცნობისა და უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, უმკვიდროდ იქნა ცნობილი და მოსარჩელეს გადაეცა აწ გარდაცვლილი მ. ჭ-ის სახელზე რიცხული ქ.თბილისში, მ-ის ქ.№67-ში მდებარე 100,83 კვ.მ ერთსართულიანი საცხოვრებელი სადგომი, 19,75 კვ.მ საცხოვრებელი, 85,08 კვ.მ დამხმარე ფართი და 16,41 კვ.მ სარდაფი (რემონტისა და რეკონსტრუქციის შედეგად ფართი არის 108 კვ.მ აუდიტორის დასკვნის თანახმად).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის ცნობა-დახასიათების თანახმად, ოქტომბრის რაიონის აღმასკომის 1990 წლის 22 აგვისტოს №19.47.10 გადაწყვეტილების საფუძველზე მ. ჭ-ი წარმოადგენს ქ.თბილისში, მ-ის ქ. №67-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრეს.
საქმეში წარმოდგენილი შინაურული ხელწერილის შესაბამისად, 1996 წლის 20 მარტს მ. ჭ-მა მოწმეთა თანდასწრებით მ-ის ქუჩა №67-ში მდებარე სახლი 5500 აშშ დოლარად მიჰყიდა ზ. ხ-ს.
მოწმეების – მ. ც-ის, ზ. ე-ის, თ. ტ-ის, ნ. ხ-ის სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებების შესაბამისად, შინაურული ხელწერილით ბინის შეძენის შემდგომ ზ. ხ-ი ფაქტობრივად ფლობდა სადავო საცხოვრებელ სადგომს. მოწმე თ. ტ-სა და ნ. ხ-ის განმარტებით, ისინი ესწრებოდნენ ბინის ყიდვის ფაქტს, ფულის გადაცემას და ხელშეკრულების შედგენას, რომელსაც თვითონაც აწერენ ხელს.
ამდენად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელე ზ. ხ-ი წარმოადგენს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს, რომლის სარგებლობის უფლება წარმოდგება მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან.
სახლის მესაკუთრე მ. ჭ-ი გარდაიცვალა 1999 წლის 12 მარტს.
სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ მიერ 2011 წლის 6 ივნისს გაცემული ინფორმაციით, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია 1999 წლის 12 მარტს გარდაცვლილი მ. ჭ-ის დანაშთი ქონების თაობაზე.
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი და 11 მუხლის „ა” ქვეპუნქტის თანახმად პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელე ზ. ხ-ი წარმოდგენს ამ კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს, რომლის სარგებლობის უფლება წარმოიშვა მესაკუთრესთან სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-12 პუნქტითა და სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლით და მიუთითა, რომ ქ. თბილისში, მ-ის ქ.№67-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე გარდაცვლილია და მისი სამკვიდრო ქონების მისაღებად ნოტარიუსისათვის არავის მიუმართავს, რაც ქონების უმკვიდროდ ცნობის კანონიერ საფუძველს წარმოადგენს.
,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის მე-13 პუნქტის და ამავე მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად უმკვიდროდ ცნობილი საცხოვრებელი სადგომი მოსარგებლეს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა და საჯარო რეესტრში რეგისტრირდება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე.
ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა ზ. ხ-ის სარჩელი სადავო ქონების უმკვიდროდ ცნობისა და საცხოვრებელი სადგომის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, რომ საცხოვრებელ სადგომს კეთილსინდისიერად ფლობდა და მხოლოდ შინაურული, წერილობითი ხელშეკრულებით ამ ფაქტის დადგენა შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი 1996 წლის 20 მარტის შინაურული ხელწერილის, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმეთა ახსნა-განმარტებების, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2011 წლის 6 ივნისს გაცემული ინფორმაციის შესაბამისად მიიჩნია, რომ ზ. ხ-ი წარმოადგენს მოსარგებლეს, რომლის სარგებლობის უფლება გამომდინარეობს სანოტარო ფორმის დაცვის გარეშე დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან, რაც არასწორია.
სასამართლომ არასწორად შეაფასა ქონების უმკვიდროდ ცნობისა და მოსარჩელისათვის საცხოვრებელი სადგომის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფაქტი.
მხარემ სათანადო დოკუმენტი ვერ წარადგინა და საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა 1996 წლის 27 ივლისამდე მოსარჩელის მიერ საცხოვრებელი სადგომის კეთილსინდისიერად ფლობის ფაქტს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზ. ხ-ი არ წარმოადგენს მოსარგებლეს „საცხოვრებელი სადგომით წარმოშობილი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად.
ამასთან, სასამართლომ არ იმსჯელა და ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებაში აღნიშნულია გვარი „ხ-ა“, ხოლო პირადობის მოწმობით პირი არის „ხ-ი“ ანუ არ არის დადასტურებული გარემოება, რომ „ხ-ა“ და „ხ-ი“ ერთი და იგივე პირია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 30 იანვრის განჩინებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საქართველოს ეკონიმოკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.