Facebook Twitter

ას-85-81-2012 12 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. ჯ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ამ. ჯბ-ი

კასატორი_ ამ. ჯბ-ი

მოწინააღმდეგე მხარე _ნ. გ-ე, ა. ჯ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორს მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

კასატორს მოთხოვნა _გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – საზიარო საგანზე გაწეული ხარჯების ანაზღაურება, უსაფუძვლო გამდიდრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ამ. ჯბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. გ-ისა და ან. ჯ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის კურორტ ბ-ში მდებარე სახლის აღდგენისათვის გაწეული ხარჯების თითოეულზე, 3277,5 ლარის, სულ 6554 ლარის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით: კურორტ ბ-ში, მოსარჩელესა და მოპასუხეებს თანასაკუთრებაში ჰქონდათ 4-ოთახიანი საცხოვრებელი სახლი. 1999 წელს, დიდთოვლობის გამო, დაზიანდა სადავო სახლი, რომლის აღდგენაზეც, როგორც აუდიტორული დასკვნიდან ირკვევა, მოსარჩელემ დახარჯა 13110 ლარი. სახლის აღდგენის დროს მოსარჩელე იმედოვნებდა, რომ დანახარჯს მოპასუხეები აუნაზღაურებდნენ, მაგრამ უარის მიღების შემდეგ მან ნ. ჯ-ისა და მ. ბ-ისაგან (ნ. ბ-ის მეუღლისაგან) მიიღო ხელწერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ მათ, უსახსრობის გამო, უარი განაცხადეს სახლის სარემონტო სამუშაოებზე და დასთანხმდნენ თავიანთი წილის გაყიდვაზე, შესაბამისად, ნ. ჯ-ეს მოსარჩელემ გადაუხადა მისი წილის პროპორციულად 70 ლარი, ხოლო მ. ბ-ს - 100 ლარი. მოსარჩელე მხარეს სადავო უძრავი ქონება საჯარო რეესტრში არ აღურიცხავს.

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელემ დაუკითხავად ააგო სახლი, რომლითაც მთელი გასული პერიოდი სარგებლობდა და მას არა აქვს ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ამ. ჯბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ამ. ჯბ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის განჩინებით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, რაც საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ამ. ჯბ-მა. საქართველოს უზენეასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის გადაწყვტილებით ა. ჯბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ან. ჯ-ეს ამ. ჯბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3277 ლარი და 50 თეთრი, ნ. გ-ეს ამ. ჯბ-ის სასარგებლოს 3277 ლარისა და 50 თეთრის გადახდა. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1990 წლის 19 თებერვლის თარიღით შედგენილი საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტით დასტურდება, რომ კურორტ ბ-ში, ხ-ის ქუჩა №41-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეებიდან ზოგიერთი მათგანი გარდაცვლილია. ამჟამად სახლის თანამესაკუთრეები არიან ამ. ჯბ-ი, ნ. ბ-ი, ან. ჯ-ე, ნ. გ-ე და ნორა გ-ე. რადგან შენობა სიძველისა და დიდთოვლიანობის გამო ინგრეოდა, მოსარჩელე ამ. ჯბ-მა 1999 წელს თანამესაკუთრეებს შესთავაზა, ერთად დაეწყოთ სახლის აღდგენითი სამუშაოები, რაზედაც უარი მიიღო. ამის შემდეგ მან შესთავაზა ნ. ჯ-ეს, ვარლამ კეჭაყმაძის მემკვიდრე ნ. ბ-ს და მის მეუღლე მ. ბ-ს კუთვნილი საზიარო სახლის ოთახების შესყიდვა. ამის შემდეგ მან ნ. ჯ-ისა და მ. ბ-ისაგან (ნ. ბ-ის მეუღლისაგან) მიიღო ხელწერილი, რომ მათ, უსახსრობის გამო, უარი განაცხადეს სახლის სარემონტო სამუშაოებზე და დასთანხმდნენ თავიანთი წილის გაყიდვაზე, შესაბამისად, ნ. ჯ-ეს გადაუხადა 70 ლარი, ხოლო მ. ბ-ს, 100 ლარი. რაც შეეხება მესამე თანამესაკუთრე ნ. გ-ეს, მისთვის მოსარჩელე ამ. ჯბ-ს არც ფული გადაუხდია და არც ხელწერილი გამოურთმევია, რადგანაც მისი კუთვნილი სახლიდან საერთოდ არაფერი დარჩენილა. ამ. ჯბ-ს თანამესაკუთრეებისაგან გამოსყიდული უძრავი ქონება არ აღურიცხავს საჯარო რეესტრში კანონით დადგენილი წესით. ამ. ჯბ-ის განმარტებით, მან 2000 წელს აღადგინა საზიარო სახლი, რომლის აღდგენაზეც გაწეულმა ხარჯებმა მთლიანად შეადგინა 13110 ლარი, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს პალატამ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობს საზიარო სახელშეკრულებო უფლებებიდან, კერძოდ, ამ. ჯბ-ის მოთხოვნაა საზიარო საგანზე გაწეული მოვლის ხარჯების ანაზღაურება მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ. სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის და 956-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ ა. ჯბ-ი უფლებამოსილი იყო დამოუკიდებლად განეხორციელებინა საზირო საგნის მოვლა-ოპატრონობა და შენახვისათვის საჭირო ღონისძიებები სხვა თანამესაკუთრეების გარეშეც. სამოქალაქო კოდექსის 463-ე, 473-ე და 960-ე მუხლების შესაბამისად პალატამ მიიჩნია, რომ სხვა მოწილეთა თანხმობის გარეშე საგნის მოვლა-პატრონობისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებასა და გაწეული ხარჯების ანაზღაურებას კანონი ითვალისწინებს, მოცემულ შემთხვევაში ამ. ჯბ-ის საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრეებს, ან. ჯ-ესა და ნ. გ-ეს თავიანთი უფლება საზიარო საცხოვრებელ სახლზე არ დაუთმიათ კანონით გათვალისწინებული წესით, ანუ ქონება არ გადაუფორმებიათ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით, ე.ი საზიარო უფლება არ გაუქმებულა, შესაბამისად მათ უნდა დაეკისროთ ცალ-ცალკე ა. ჯბ-ის სასარგებლოდ 3277 ლარისა და 50 თეთრის გადახდა.

მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება, რომ აუდიტის დასკვნაში მითითებულია არარელური ხარჯები პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, არ გაიზიარა შესაბამისი მტკიცებულებების არ არსებობის გამო.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ნოემბრის გადაწყვტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს ამიირამ ჯბ-მა და ა. ჯ-ემ. კასატორმა ა. ჯბ-მა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არასწორად დააკისრა მოპასუხეებს თანხა ცალ-ცალკე მათი წილის პროპორციულად, რადგან მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს სოლიდარულ ვალდებულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლი და არ გამოიყენა ამავე კოდექსის 465-ე მუხლი. აღნიშნული მუხლების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მთლიანი თანხა. სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 473-ე მუხლი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, აღნიშნული ნორმა აწესრიგებს ისეთ შემთხვევას, როცა მოვალემ შეასრულა მთლიანად სოლიდარული ვალდებულება და ამ მოვალეს შეუძლია დანარჩენ მოვალეებს მოსთხოვოს მის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი თანხა მისი წილის გამოვლებით. ეს მოვალე, რომელმაც შეუსრულა კრედიტორს ვალდებულება მთლიანად, შემდეგ თვითონ გახდა კრედიტორი დანარჩენ მოვალეთა მიმართ თავისი წილის გამოკლებით.

კასატორმა ან. ჯ-ემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სამშენებლო საინჟინრო სასაქონლო ექსპერტიზის შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ვერ შეძლო საპატიო მიზეზით. სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ უთხრა უარი ექსპერტიზის ჩატარებაზე, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე ხარჯების ოდენობასთან დაკავშირებით და დააკისრა აუდიტის დასკვნაში აღნიშნული თანხის გადახდა, რაც შეუსაბამოდ მაღალი და არარეალურია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ამ. ჯბ-ის და ა. ჯ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო კოდექსის 953-ე, 954-ე, და 960-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ. ჯბ-ს დაუბრუნდეს მის მიერ 2012 წლის 23 იანვარს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –300 ლარის 70% _ 210 ლარი. ა. ჯ-ეს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –328 ლარის 70% _229,60 ლარი ( 2012 წლის 9 თებერვალი, #5112.6.1) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ამ. ჯბ-ის და ა. ჯ-ის საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ამ. ჯბ-ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –300 ლარის 70% _ 210 ლარი

ა. ჯ-ეს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –328 ლარის 70% _229,60 ლარი ( 2012 წლის 9 თებერვალი, #5112.6.1) სს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მეშვეობით.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.