Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

№ას-86-82-2012 22 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ნ. ფ-ე, ვ. დ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. გ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ფ-ესა და ვ. დ-ას მიმართ უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული 13984 ლარის გადახდის შესახებ იმ მოტივით, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ი. ფ-ესთან, რომელთანაც შეეძინა შვილები. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელემ ჩაატარა ქმრის ბინაში სარემონტო სამუშაოები, რითაც გაზარდა ბინის ღირებულება, თუმცა მოპასუხეთა მოთხოვნით თ. გ-ე თავის შვილებთან ერთად სადავო ბინიდან გამოსახლდა.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ მოტივით, რომ სადავო ბინის ღირებულება რემონტის შედეგად არ გაზრდილა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6741 ლარის გადახდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებანი და მათი სამართლებრივი შეფასება.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის მეორე ნაწილით და დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ თ. გ-ეს, როგორც კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია, უფლებამოსილი პირებისაგან – აპელანტებისაგან მოითხოვოს იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაიღო ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს.

სააპელაციო პალატამ ასევე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება, რომ თ. გ-ეს ჰქონდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი არემონტებდა და საცხოვრებელი სახლის გაუმჯობესებისათვის ხარჯებს სწევდა შემდგომში თავისად დაგულვებულ ქონებაზე, რადგან იგი ამ ოჯახის რძალი იყო, აპელანტის შვილთან ქორწინების დროს ოთხი შვილი შეეძინა და ამ სახლში ცხოვრობდა მეუღლის გარდაცვალებამდე.

სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის მეორე ნაწილის, 980-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ თ. გ-ე იძულების წესით გამოსახლდა ქ. ქუთაისში, მ-ის ქ.№37-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან, ამდენად, მას უფლება ჰქონდა, მოეთხოვა ხარჯების ანაზღაურება. ანუ მიმღებმა საგანი უკან დააბრუნა, თუმცა მისთვის მიყენებული დანაკლისი აპელანტებისგან არ მიუღია და უნდა მიიღოს.

პალატამ ჩათვალა, რომ სარემონტო სამუშაოები ჩაატარა თ. გ-ემ. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით სარემონტო სამუშაოების ჩატარებით აღნიშნული ქონების ღირებულება გაიზარდა 6741 ლარით. სახლში, რომელშიც ეს სამუშაოები ჩატარდა ცხოვრობს ნ. ფ-ე და ვ. დ-ა. ამდენად, დგინდება, რომ აპელანტების ქონების ღირებულება ჩატარებული სარემონტო სამუშოების შედეგად გაიზარდა და ამ გაუმჯობესებითაც ისინი იღებენ სარგებელს, სამოქალაქო კოდექსის 987-ე და 991-ე მუხლების შესაბამისად, იკვეთება აპელანტების 6741 ლარით გამდიდრების ფაქტი, რაც უნდა აუნაზღაურდეს მოწინააღმდეგე მხარეს, თ. გ-ეს.

სააპელაციო პალატის განმარტებით, აპელანტების მიერ მითითებული გარემოებები ვერ იქნა გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, რაც მათი მოთხოვნის უსაფუძვლობაზე მეტყველებს.

სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მოთხოვნა საცხოვრებელ სახლზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე, ვინაიდან აღნიშნულზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ნამსჯელი არ არის. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენა, ამდენად, ამ საკითხზე ვერც სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ფ-ემ და ვ. დ-ამ გაასაჩივრეს საკასაციო წესით, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლი და არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელის მიერ სადავო სარემონტო სამუშაოების შედეგად სადავო უძრავი ნივთის ღირებულება არ გაზრდილა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თ. გ-ის მიერ სადავო ქონებაზე გაღებული ხარჯები გაიქვითა წლების განმავლობაში კასატორთა საკუთრებაში არსებულ ბინაში მოსარჩელის ცხოვრებით.

გასაჩივრებული განჩინება ეფუძნება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლს, თუმცა პალატას საქმის გარემოებანი და მტკიცებულებანი სრულყოფილად არ გამოუკვლევია და არ დაუსაბუთებია, რას ეყრდნობა მისი შინაგანი რწმენა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 15 თებერვლის განჩინებით ნ. ფ-ისა და ვ. დ-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამასთან, ნ. ფ-ე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. ფ-ისა და ვ. დ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი სხვა ქონებრივ და არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქ. საქმის განხილვის შედეგებზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მოცემული საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ვ. დ-ას უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 337,05 ლარის 70% – 235,935 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ფ-ისა და ვ. დ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ ვ. დ-ას (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) 2012 წლის 9 თებერვალს №... სალაროს შემოსავლის ორდერით გადახდილი 337,05 ლარის 70% – 235,935 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.