Facebook Twitter
საქმე №ას-8-8-2012 16 მარტი, 2012 წელი

№ას-8-8-2012 16 მარტი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – დ. ჟ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ს-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ქონების თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. კ-მა (ჟ-მა) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ს-ის მიმართ 2008 წლის 16 სექტემბერს გაცემული №2-520 სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობისა და, სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, კურორტ ბახმაროში, პ-ის ქ№7-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

1999 წლის 14 ნოემბერს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ჩოხატაურის რაიონული განყოფილების №58 აუქციონზე მოსარჩელემ შეიძინა ჩოხატაურის კურორტ ბახმაროში, პ-ის ქ№7-ში მდებარე ამორტიზებული, 1 საცხოვრებელი ოთახისაგან შემდგარი ხის სახლი და 1999 წლის 22 ნოემბერს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან გააფორმა სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი და მოსარჩელეს გადაეცა საკუთრების მოწმობა. ვინაიდან შეძენილი ქონება იყო ამორტიზებული, მოსარჩელემ მის ნაცვლად ააშენა 2 ოთახისაგან შემდგარი ხის სახლი. 2004 წლის 9 ივნისს ჩოხატაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ქ. თ-მა მოპასუხეების: დ. ჟ-ის, ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს ჩოხატაურის განყოფილების, შპს „მ-ის“ ჩოხატაურის საწარმოო გაერთიანებისა და ჩოხატაურის სანოტარო ბიუროს მიმართ 1999 წლის 22 ნოემბერს დ.ჟ-სა და ქონების მართვის სამინისტროს შორის გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების, მიღება-ჩაბარების აქტისა და დ.ჟ-ის სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობის, ბახმაროში, პ-ის ქ№7-ში მდებარე 28 კვ.მ სახლის საკუთრებაში გადაცემის, დ.ჟ-ის მიერ უძრავი ქონებით სარგებლობისათვის, 200 ლარის, კომუნალური და ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურების მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით. დავის დასრულებამდე გარდაიცვალა ქ.თ-ი და მის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი შვილი – თ. ს-ი. აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული სასამართლოების მიერ და საბოლოოდ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქმის განხილვის პერიოდში, 2009 წლის 11 აგვისტოს თ. ს-მა მის საკუთრებად აღირიცხა სადავო ქონება. საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველი გახდა 2008 წლის 16 სექტემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა და იმ დროისათვის უკვე გაუქმებული ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება ქ.თ-ის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე სადავო ქონება 2010 წლის 15 ივლისს საკუთრების უფლებით აღირიცხა დ.კ-ის (ჟ-ის) საკუთრებად, რაც გაასაჩივრა თ.ს-მა, რის გამოც ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურმა გააუქმა უკვე განხორციელებული რეგისტრაცია და დაარეგისტრირა დ.კ-ის პირობითი განცხადება, ხოლო 2010 წლის 12 აგვისტოს შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება დ.კ-ის განცხადებაზე. საბოლოოდ კი, წარმოების შეჩერებიდან 29-ე დღეს სარეგისტრაციო სამსახურმა შეწყვიტა წარმოება. საჯარო რეესტრის მოქმედება გაასაჩივრეს მხარეებმა და საბოლოოდ ძალაში იქნა დატოვებული ადმინისტრაციული ორგანოს 2009 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება თ.სამვულიდის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ქ.თ-ის სამკვიდრო მასაში არასწორად შევიდა მოსარჩელის მიერ შეძენილი სადავო ქონება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და განმარტა, რომ მოსარჩელესა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს შორის დადებული ხელშეკრულება კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, ის განხორციელდა არსებითი ხარვეზებით, ამასთანავე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლზე და წარმოდგენილი სარჩელი მიიჩნია ხანდაზმულად. მოპასუხის განმარტებით, ქ.თ-ი გარდაიცვალა 2007 წლის 8 აპრილს, რის გამოც საქმის წარმოება დ.ჟ-ის საკასაციო საჩივარზე შეჩერდა 2007 წლის 31 ივლისს. 2008 წლის 16 სექტემბერს თ.ს-მა მიიღო სამკვიდრო მოწმობა, რაც ამავე წლის 19 სექტემბერს წარადგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში და 2008 წლის 22 სექტემბერს დ.ჟ-ის საკასაციო საჩივრზე საქმის წარმოება განახლდა, ამდენად, დ.ჟ-ი ვალდებული იყო, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიემართა 2010 წლის დეკემბრამდე.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის გადაწყვეტილებით დ. კ-ის (პირადი №...) სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. კ-მა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 ნოემბრის განჩინებით დ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო პალატამ ქორწინების მოწმობით დადგენილად მიიჩნია, რომ დ. კ-ის ქორწინებამდელი გვარი იყო ჟ-ი. საკუთრების დამადასტურებელი №79 მოწმობით დადასტურებულად იქნა მიჩნეული, რომ დ. ჟ-მა 1999 წლის 14 ნოემბერს აუქციონის წესით შეიძინა 16 კვ.მ ხის სახლი და 16 კვ.მ მიწა კურორტ ბახმაროში, პ-ის ქუჩაზე. 1999 წლის 22 ნოემბრის სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით დ. ჟ-მა შეიძინა აღნიშნული ქონება. 2008 წლის 16 სექტემბრის №2-520 სამკვიდრო მოწმობით თ. ს-ი არის მამკვიდრებელ ქ. თ-ის კანონისმიერი მემკვიდრე – შვილი, რომელიც ფლობს და განაგებს მამკვიდრებლის ქონებას. მან, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის კუთვნილი, ჩოხატაურის რაიონის კურორტ ბახმაროში, პ-ის ქ№7-ში მდებარე სააგარაკე სახლი მიწის ნაკვეთით მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით. საჯარო რეესტრის 2009 წლის 11 აგვისტოს ამონაწერით თ. ს-ის საკუთრებას წარმოადგენდა ჩოხატაურის რაიონის კურორტ ბახმაროში, პ-ის ქ№7-ში მდებარე 48 კვ.მ მიწის ნაკვეთი და უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია სამკვიდრო მოწმობა. საჯარო რეესტრის 2010 წლის 5 აგვისტოს ამონაწერით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თ. ს-ის საკუთრებას წარმოადგენდა ჩოხატაურის რაიონის კურორტ ბახმაროში პ-ის ქ№7-ში მდებარე 47.70 კვ.მ შენობა-ნაგებობა, ხოლო უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებული იყო სამკვიდრო მოწმობა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი. საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ს-ის დედას – ქ. თ-ის ეკუთვნოდა ჩოხატაურის რაიონის კურორტი ბახმაროში, პ-ის ქ№7-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. პალატამ ასევე მიუთითა ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც თ. ს-ის დედის – ქ. თ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. კურორტ ბახმაროს დირექციას ჩამოერთვა პ-ის ქ№7-ში მდებარე 48 კვ.მ ოროთახიანი სახლი და გადაეცა მის კანონიერ მესაკუთრე ქ. თ-ს. ჩოხატაურის აღმასრულებლის 2000 წლის 20 ივლისის ქონების ჩაბარების აქტით ჩოხატაურის რაიონის კურორტ ბახმაროში, პ-ის ქ№7-ში მდებარე ბინა ჩაბარდა ქ. თ-ს. დაბადების მოწმობის თანახმად, თ. ს-ის დედა ქ. თ-ია. გარდაცვალების მოწმობის თანახმად კი, ქ. თ-ი გარდაიცვალა 2007 წლის 8 აპრილს. 2006 წლის 7 ივლისის №2447/15 ექსპერტის დასკვნის თანახმად, ჩოხატაურის რაიონის კურორტ ბახმაროში, პ-ის ქ№7-ში ქ.თ-ის სახელზე რიცხული 28 კვ.მ, დ. ჟ-ის სახელზე რიცხული 16 კვ.მ და დ.ს-ის სახელზე რიცხული 16 კვ.მ ფართის ოთახები რეალურად არ მდებარეობს, რის გამოც არ დგინდება ამ ფართებს შორის რაიმე კავშირის არსებობა. თ. ს-მა, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, დედის გარდაცვალების შემდგომ მიიღო მამკვიდრებლის კუთვნილი, ჩოხატაურის რაიონის კურორტ ბახმაროში, პ-ის ქ№7-ში მდებარე სააგარაკე სახლი მიწის ნაკვეთით. აღნიშნული ქონება მოპასუხის დედას – ქ. თ-ს გადაეცა ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით. გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და კანონიერ ძალაშია შესული.

პალატამ იხელმძღვანელა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლით, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-40, 62-ე მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლით და განმარტა, რომ თ. ს-მა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციისა და სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად მიიღო დედის – ქ. თ-ის სამკვირდო ჩოხატაურის რაიონის კურორტ ბახმაროში, პ-ის ქ№7-ში მდებარე სააგარაკე სახლი მიწის ნაკვეთით და ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა. პალატამ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ თ.ს-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა კანონიერია, რადგან ის ეფუძნება ქ. თ-ის (მამკვიდრებლის) საკუთრების უფლებას კურორტ ბახმაროში, პ-ის ქ№7-ში არსებულ ოროთახიან ღია აივნის სააგარაკე სახლზე. აღნიშნული უფლება ქ. თ-მა მოიპოვა ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული. ქ. თ-ის გარდაცვალების შემდეგ ამ უკანასკნელის სამკვიდრო კანონიერად მიიღო მისმა შვილმა თ. ს-მა. როგორც დადგენილია, თ. ს-მა სამკვიდრო მიიღო 2008 წლის 16 სექტემბერს, რაც დ. კ-ისათვის ცნობილი გახდა იმავდროულად და აპელანტს სადავოდ არ გაუხდია, შესაბამისად, დ.კ-ის მიერ დარღვეულია სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლით განსაზღვრული სამკვიდროს მიღებაზე შედავების ორთვიანი ვადა. პალატამ ასევე მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: ქ. თ-ი გარდაიცვალა 2007 წლის 8 აპრილს. ამ დროს იხილებოდა სწორედ ქ. თ-ის საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში დ. ჟ-ის, „მ-ისა“ და ჩოხატაურის ქონების მართვის წინააღმდეგ აუქციონის აქტის არარად ცნობის, მიყენებული ზიანისა და ხარჯების ანაზღაურებაზე. საქმის წარმოება, ქ. თ-ის გარდაცვალების გამო, შეჩერდა 2007 წლის 31 ივლისს გარდაცვლილის უფლებამონაცვლის დადგენამდე. 2008 წლის 16 სექტემბერს თ.ს-მა მიიღო სამკვიდრო მოწმობა და 2008 წლის 19 სექტემბერს წარადგინა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. 2008 წლის 22 სექტემბერს საქმის წარმოება განახლდა. ამ გარემოებით პალატამ უდავოდ დადგენილად იიჩნია, რომ დ. ჟ-მა (ანუ დ. კ-მა) ჯერ კიდევ საქმის წარმოების განახლების შესახებ 2008 წლის 22 სექტემბრის განჩინებით გაიგო, რომ ქ. თ-ის სამკვიდრო მიიღო მისმა შვილმა თ. ს-მა, რის დასტურადაც მემკვიდრემ წარადგინა 2008 წლის 16 სექტემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ 2008 წლის 22 სექტემბრიდან აპელანტისათვის ცნობილი იყო ქ. თ-ის სამკვიდროს თ. ს-ის მიერ მიღების ფაქტი, სამკვიდრო ქონებაზე პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, მოსარჩელეს სამკვიდრო მოწმობა უნდა გაესაჩივრებინა ამ ფაქტის შეტყობინებიდან 2 თვის ვადაში, რაც მას არ განუხორციელებია, შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოსთან ერთად ხანდაზმულიც იყო. პალატამ ასევე უსაფუძვლოდ ჩათვალა მოსარჩელის მეორე მოთხოვნაც სადავო ქონების მესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი აღნიშნული მოთხოვნის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება. სასამართლოს განმარტებით, თ.ს-ის წარმომადგენელ მ. ჯ-ის მოსაზრება, რომ დ. კ-ის მიერ წარმოდგენილი №58 აუქციონის დოკუმენტით არ დგინდება, დ.კ-ის მიერ შესყიდული 16 კვ.მ უძრავი ქონების კავშირი თ.ს-ის საკუთრებაში არსებულ ფართთან. მითითებული ვერც ექსპერტიზის დასკვნით იქნა დადასტურებული. საქმის მასალებით არ დგინდება დ. ჟ-ის მიერ შეძენილი სახლის საინდეტიფიკაციო და სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, სწორედ ამის გამო ვერ მოახერხა მან რეგისტრაციაში გაეტარებინა სადავო ფართი მის სახელზე, ამასთან, კ-ის მიერ წარმოდგენილი სანოტარო ხელშეკრულება უნომროა და მასში მითითებული არ არის სახლის ნომერი, არამედ, მითითებულია მხოლოდ პ-ის ქუჩა ნომრის გარეშე. სასამართლოს განმარტებით, ასევე გაურკვეველია საკუთრების მოწმობითაც 16 კვ.მ ხის სახლი ვის გადაეცა, ხოლო აპელანტმა ვერ წარადგინა იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ სადავო ქონება სახელმწიფოს ეკუთვნოდა და შეტანილი იყო საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და 105-ე მუხლის მეორე ნაწილებისა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ჟ-მა, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:

გასაჩივრებულ განჩინებაში პალატამ მიუთითა, რომ დ. ჟ-მა გაუშვა სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლით განსაზღვრული სამკვიდროს მიღებაზე შედავების ორთვიანი ვადა, რის გამოც მისი სარჩელი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე ხანდაზმულად მიიჩნია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რადგანაც ქ. თ-ის გარდაცვალების მომენტისათვის, საქართველოს უზენაეს სასამართლოში მხარეთა შორის მიმდინარეობდა დავა ბახმაროში, პ-ის ქ№7-ში მდებარე ქონებაზე. საკასაციო სასამართლოში თ. ს-მა წარადგინა სამკვიდრო მოწმობა ზემოაღნიშნული ქონების მიღების თაობაზე. მიუხედავად სადავო სამკვიდრო მოწმობისა, უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია თ. ს-ის საჩივარი და ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ქ.თ-ის უფლებამონაცვლე თ.ს-ის სარჩელი. დადგენილია, რომ მხარეთა შორის დავა მიმდინარეობდა ბახმაროში, პ-ის ქ№7-ში მდებარე ქონებაზე პრივატიზაციის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე, შესაბამისად, მხოლოდ სამკვიდრო მოწმობა რომ რაიმე უფლების წარმომშობი ყოფილიყო თ.ს-ისათვის, მას უზენაესი სასამართლოც გაითვალისწინებდა. თ.ს-ის მიერ საკასაციო სასამართლოში წარდგენილი სამკვიდრო მოწმობით დ.ჟ-ის უფლება არ დარღვეულა, რადგან საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ იყო საჯარო რეესტრში და იგი ვერც განხორციელდებოდა ქონებაზე არსებული ყადაღის გამო. დ. ჟ-მა შეიტყო რა, რომ მის მიერ პრივატიზების წესით შეძენილი ქონება საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა თ.ს-მა, მან მაშინვე მიმართა ჩოხატაურის სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა მისი უფლების რეგისტრაცია, რაც განხორციელდა კიდეც, ხოლო, როცა საჯარო რეესტრმა გააუქმა აღნიშნული რეგისტრაცია, რითაც დაირღვა კასატორის უფლება, ამ უკანასკნელმა მიმართა სასამართლოს სარჩელით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დ. ჟ-ის მიერ სადავო სამკვიდრო მოწმობის გაცნობის მომენტი ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტად და არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1450-ე მუხლი. დ. ჟ-ის უფლება დაირღვა მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრმა გააუქმა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ბახმაროში, პ-ის ქ№7-ში მდებარე უძრავ ქონებაზე იმ საფუძვლით, რომ არ იყო გაუქმებული თ.ს-ის სამკვიდრო მოწმობა, როგორც მისი უფლების დამდგენი დოკუმენტი. სააპელაციო სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ აპელანტმა ვერ შეძლო, შესაბამისი მტკიცებულების წარდგენით დაედასტურებინა სადავო ქონების სახელმწიფოსადმი კუთვნილება და მისი საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეტანა, სასამართლომ ასევე არასწორად ჩათვალა, რომ არ დგინდებოდა კავშირი თ.ს-ის ქონებასა და დ.ჟ-ის მიერ შესყიდულ ქონებას შორის, ამ თვალსაზრისით, სასამართლომ არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლი და მხარეთა შორის ათი წლის განმავლობაში მიმდინარე დავაზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს არ მიანიჭა პრეიუდიციული ძალა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სადავო ქონება დ. ჟ-მა შეიძინა პრივატიზების წესით, რომლის გასხვისებაც ვერ მოხდებოდა ისე, რომ ეს ქონება შეტანილი არ ყოფილიყო საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ თუ კასატორის მიერ შესყიდული ქონება და ქ.თ-ის სახელზე რიცხული ქონება ერთი და იგივე არ იყო, გაუგებარია, რატომ დავობდა მოწინააღმდეგე მხარე ათი წლის განმავლობაში დ.ჟ-ის პრივატიზაციის ხელშეკრულების, საკუთრების მოწმობისა და მიღება-ჩაბარების აქტის ბათილად ცნობაზე, რომელზედაც საბოლოოდ, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, უთხრეს უარი. გასაჩივრებული განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ და „ე1“ პუნქტების შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 22 თებერვლის განჩინებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დ. ჟ-ი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა დ. ჟ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას დ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. ჟ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.