№ას-889-932-2011 12 მარტი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მაია სულხანიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები _ ზ. ხ-ე, ო. ხ-ე, ა. ხ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ჭ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის საოქმო განჩინება
კასატორთა მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ სამკვიდროდან სავალდებულო წილის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 4 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ლ. ჭ-ემ მოპასუხეების _ ზ. ხ-ის, ა. ხ-ისა და ო. ხ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა კარლო ხ-ის დანაშთი ქონების, კერძოდ, ქ.ბათუმში, წ-ის ქ.№11-ში მდებარე უძრავი ქონების 1/4 წილის მესაკუთრედ ცნობა.
მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელემ მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
2010 წლის 9 აგვისტოს ლ. ჭ-ემ მიმართა ხელვაჩაურის სანოტარო ბიუროს, 2007 წლის 11 აპრილს გარდაცვლილი მამის კარლო ხ-ის დანაშთი ქონების (ქ.ბათუმი, წ-ის ქ.№11) 1/4¼წილის, როგორც სავალდებულო წილის მიღების თხოვნით. მამკვიდრებელმა კარლო ხ-ემ 1996 წლის 25 იანვარს თავისი ქონება, მათ შორის, ქ.ბათუმში, წ-ის ქ.№11-ში მდებარე ქონება, თანაბარწილად უანდერძა მისი პირველი რიგის მემკვიდრეს, შვილს ზ. ხ-ეს და ამ უკანასკნელის შვილებს _ ო. და ა. ხ-ეებს;
ხელვაჩაურის ნოტარიუსის თ.ჩ-ას 2010 წლის 2 სექტემბრის დადგენილებით - სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ლ. ჭ-ეს უარი ეთქვა კარლო ხ-ის სამკვიდროს მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ნოტარიუსმა ვერ დაადგინა სამკვიდროს ფლობის ფაქტი, ამასთან, მემკვიდრეს კანონით გათვალისწინებულ ექვსთვიან ვადაში არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის სამკვიდროს მიღების თხოვნით;
სარჩელში აღნიშნულია, რომ ანდერძისმიერ მემკვიდრეებს (მოპასუხეებს) სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში არ მიუმართავთ ნოტარიუსისათვის და არ მიუღიათ მემკვიდრეობა. მოსარჩელემ კი სამკვიდრო ქონება მიიღო ფაქტობრივი ფლობით, რაც დასტურდებოდა მოწმეთა ჩვენებებით, ასევე იმით, რომ მოსარჩელე რეგისტრირებული იყო დასახელებულ მისამართზე მეწარმედ და ამ დრომდე იქ ცხოვრობდა. შესაბამისად, იგი ფლობდა სამკვიდრო ქონებას და სარგებლობდა ამ ქონებით, როგორც საკუთარით (ს.ფ. 2-6).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
კარლო ხ-ე გარდაიცვალა 2007 წლის 11 აპრილს. მას გარდაცვალების დროისათვის გააჩნდა უძრავი ქონება, მდებარე ქ.ბათუმში, წ-ის ქ№11-ში, სადაც იგი ცხოვრობდა მეუღლესთან მ. ს-ე-ხ-ესთან ერთად;
მოსარჩელე ლ. ჭ-ე წარმოადგენს კარლო ხ-ის ერთ-ერთ პირველი რიგის მემკვიდრეს;
კარლო ხ-ემ, 1996 წლის 25 იანვრის ანდერძით, მთელი თავისი ქონება, მათ შორის ქ.ბათუმში, წ-ის ქ№11-ში მდებარე უძრავი ქონება, დაუტოვა მისი პირველი რიგის მემკვიდრეს, შვილს ზ. ხ-ეს და შვილიშვილებს ო. და ა. ხ-ეებს;
ნოტარიუსმა ნ. ა-ემ 2010 წლის 5 აგვისტოს გამოაქვეყნა კარლო ხ-ის ანდერძი და შედგა შესაბამისი ოქმი, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ კარლო ხ-ის 1996 წლის 25 იანვრის ანდერძი ძალაშია და გაუქმებული ან შეცვლილი არ არის;
კარლო ხ-ის სიცოცხლეშიც (ბოლო წლებში) და მისი გარდაცვალების შემდეგაც სადაო სახლში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და დღემდე ცხოვრობს მოპასუხე, ერთ-ერთი ანდერძისმიერი მემკვიდრე ო.ი ხ-ე. მხარეთა განმარტებით, ამჟამად აღნიშნულ ბინაში ასევე ცხოვრობს მოპასუხე ა. ხ-ეც, რომელსაც ამავე მისამართზე საკუთრებაში გააჩნია სხვა ფართიც;
ქ.ბათუმში, წ-ის ქ№11-ში მდებარე კარლო ხ-ის დანაშთი ქონება საჯარო რეესტრში ამ დროისათვის რეგისტრირებული არ იყო და იგი ყოფილი ტექნიკური აღრიცხვის მასალებით კვლავ ირიცხებოდა აწ. გარდაცვლილ კარლო ხ-ის სახელზე;
2010 წლის 9 აგვისტოს მოსარჩელე ლ. ჭ-ემ განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის სანოტარო ბიუროს კარლო ხ-ის დანაშთი ქონების, ქ.ბათუმში, წ-ის ქ.№11-ში არსებული სავალდებულო წილის, ანუ 1/4¼ ნაწილის¼ მიღებაზე, რაზეც სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე ნოტარიუსის 2010 წლის 2 სექტემბრის დადგენილებით ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ არ დგინდებოდა მის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი და ასევე მის მიერ გაშვებული იყო კანონით დადგენილი სამკვიდროს მიღების 6 თვიანი ვადა.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ვინაიდან იგი სარგებლობდა ქ.ბათუმში, წ-ის ქ.№11-ში პირველ სართულზე მდებარე უძრავი ქონებით, სადაც იგი 2001 წლიდან ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, ამიტომ იგი ფაქტობრივად დაეუფლა კარლო ხ-ის დანაშთ სამკვიდრო ქონებას და, შესაბამისად, ეკუთვნოდა სავალდებულო წილი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ, როგორც სასამართლო სხდომაზე წარდგენილი მასალებით და მოწმეთა ჩვენებით დადგინდა, ხსენებული ფართი, რომლითაც სარგებლობდა ლ. ჭ-ე, არ წარმოადგენდა მამკვიდრებლის ქონებას, ვინაიდან იგი ლ. ჭ-ეს ჯერ კიდევ 2001 წლის 1 თებერვლის ხელშეკრულებით იჯარით ჰქონდა აღებული ქ.ბათუმის მერიისაგან და არასდროს წარმოადგენდა კარლო ხ-ის საკუთრებას. სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად კი, სამკვიდრო ქონება შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების, ასევე მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის;
საქალაქო სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზეც, რომ, რადგან ამჟამად მასთან იმყოფებოდა მამამისის კარლო ხ-ის კუთვნილი მოძრავი ნივთები, როგორიცაა საათი, გასაღები, სარეცხი მანქანა, ელექტროგამათბობელი და საწოლის გადასაფარებლები, რომელთა სურათებიც მოსარჩელემ წარმოადგინა, ამიტომ იგი ამით ფაქტობრივად დაეუფლა მთლიან სამკვიდროს და არ გაუშვია სამკვიდროს მიღების ვადა. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეზე წარდგენილი მასალებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მოსარჩელე მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა აღნიშნულ ქონებას და ისინი შედიოდა სამკვიდროში. ამასთან, არც ის ფაქტი დასტურდებოდა, რომ კარლო ხ-ის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელე ცხოვრობდა ქ.ბათუმში, წ-ის ქ.№11-ში და ფაქტობრივად ფლობდა სამკვიდრო ქონებას. სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ჭ-ე მის მიერ მითითებულ მოძრავ ნივთებს: სარეცხ მანქანას, საათს, ელექტროგამათბობელს, დაეუფლა კარლო ხ-ის სიცოცხლეში. რაც შეეხებოდა გასაღებს და საწოლის გადასაფარებელს, მხარემ ვერ დაადასტურა, რომ იგი წარმოადგენდა მამკვიდრებლის საკუთრებას და შედიოდა სამკვიდრო მასაში.
რამდენადაც მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ კარლო ხ-ის სამკვიდრო გაიხსნა 2007 წლის 11 აპრილს, ხოლო მოსარჩელემ სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსს მიმართ მხოლოდ 2010 წლის 9 აგვისტოს, ამასთან, საქმის მასალებით არ დგინდებოდა ლ. ჭ-ის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ჭ-ეს გაშვებული ჰქონდა სამკვიდროდან სავალდებულო წილის მიღებისათვის კანონით დადგენილი ვადა. აღნიშნული, გამორიცხავდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 1424-მუხლი იმპერატიულად მიუთითებს, რომ სამკვდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში (ს.ფ. 106-114).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ჭ-ემ (ს.ფ. 127-132).
ქუთასისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. ჭ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ცნობილ იქნა კარლო ხ-ის დანაშთი უძრავი ქონების, ქ.ბათუმში, წ-ის ქ.№11-ში მდებარე უძრავი ქონების 1/4 წილის მესაკუთრედ.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ლ. ჭ-ე დაიბადა 1945 წლის 2 ივნისს. იგი 1966 წლიდან ცხოვრობდა აჭარაში, ხოლო ბოლო თხუთმეტი წლის განმავლობაში მუშაობდა და ცხოვრობდა ქალაქ ბათუმში წ-ის ქ.№11-ში;
ლ. ჭ-ე, და მოპასუხე ზ. ხ-ე არიან და-ძმა, ხოლო ო.ი და ა. ხ-ეები არიან ლ. ჭ-ის ძმისშვილები;
კარლო ხ-ე გარდაიცვალა 2007 წლის 11 აპრილს, რომელსაც გარდაცვალების დროისათვის გააჩნდა უძრავი ქონება, მდებარე ქ.ბათუმში, წ-ის ქ№11-ში, სადაც იგი ცხოვრობდა მეუღლესთან მ. ს-ე-ხ-ესთან ერთად;
მოსარჩელე ლ. ჭ-ე წარმოადგენს კარლო ხ-ის ერთ-ერთ პირველი რიგის მემკვიდრეს;
1996 წლის 25 იანვრის ანდერძის თანახმად, კარლო ხ-ემ მთელი თავის ქონება, მათ შორის ქ.ბათუმში, წ-ის ქ№11-ში მდებარე უძრავი ქონება ანდერძით დაუტოვა მისი პირველი რიგის მემკვიდრეს, შვილს ზ. ხ-ეს და შვილიშვილებს ო. და ა. ხ-ეებს;
ნოტარიუსმა ნ. ა-ემ 2010 წლის 5 აგვისტოს გამოაქვეყნა კარლო ხ-ის ანდერძი და შედგა შესაბამისი ოქმი, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ კარლო ხ-ის 1996 წლის 25 იანვრის ანდერძი ძალაშია და გაუქმებული ან შეცვლილი არ არის;
მხარეები სადაოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ლ. ჭ-ის მიერ იჯარით აღებული ობიექტი სამკვიდრო მასაში არ შედის;
ქ.ბათუმში, წ-ის ქ№11-ში მდებარე კარლო ხ-ის დანაშთი ქონება საჯარო რეესტრში დღეისათვის რეგისტრირებული არ არის და იგი ყოფილი ტექნიკური აღრიცხვის მასალებით კვლავ ირიცხება აწ. გარდაცვლ. კარლო ხ-ის სახელზე;
2010 წლის 9 აგვისტოს მოსარჩელე ლ. ჭ-ემ მიმართა ხელვაჩაურის სანოტარო ბიუროს ქ.ბათუმი, წ-ის ქ.№11-ში მდებარე კარლო ხ-ის დანაშთი ქონების სავალდებულო წილის, ანუ 1/4 ნაწილის¼ მიღებაზე, რაზეც სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე ნოტარიუსის 2010 წლის 2 სექტემბრის დადგენილებით ეთქვა უარი იმ საფუძვლით, რომ არ დგინდებოდა მის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი და ასევე მის მიერ გაშვებული იყო კანონით დადგენილი სამკვიდროს მიღების 6 თვიანი ვადა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებულად მიჩნევის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი:
სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს 6 თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი). სამოქალაქო კოდექსის 1372-ე მუხლის თანახმად, სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. ასეთი მოთხოვნის უფლება გადადის მემკვიდრეობით. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ამავე კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
მხარეთა განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების მოსმენის შემდეგ სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ლ. ჭ-ე მამის გარდაცვალების შემდგომ და მანამდეც ცხოვრობდა მამის სახლში და ფლობდა დანაშთ ქონებას, კერძოდ, მას მამის სახლში მეორე სართულზე ჰქონდა ერთი პატარა ოთახი (სადაც ღამეს ათევდა, სტუმრებს ღებულობდა და ცხოვრობდა ანუ იგი ფაქტობრივი ფლობით შეუდგა დანაშთი ქონების ფლობასა და მართვას. ამასთან, მამის გარდაცვალების შემდეგ მან წამოიღო ნივთები: სარეცხი მანქანა, ელექტროღუმელი, გადასაფარებლები, საათი, სახლის გასაღები.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმის შესახებ, რომ სამკვიდროს ფლობასა და მართვაში იგულისხმება მემკვიდრის ისეთი მოქმედება, რომელიც გამოიხატება სამკვიდრო ქონების სარგებლობაში, ფლობასა და განკარგვაში. მემკვიდრის მოქმედებიდან უნდა დასტურდებოდეს, რომ ის სამკვიდროს საკუთრად მიიჩნევს და სწორედ ამიტომ დაეუფლა სამკვიდროს ან მის ნაწილს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, რადგან ლ. ჭ-ემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო მამის დანაშთი ქონება, ფაქტობრივი ფლობით მიღებული სამკვიდროს მიღების მოთხოვნაზე კი ხანდაზმულობის ვადები გავრცელებული ვერ იქნებოდა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, კარლო ხ-ემ მთელი მისი ქონება უანდერძა ზ., ო. და ა. ხ-ეებს თანაბარწილად, მაგრამ ანდერძის დროსაც მემკვიდრეს სავალდებულო წილის მიღების უფლება აქვს, მით უფრო როდესაც დასტურდებოდა, რომ ლ. ჭ-ე მამის დანაშთ ქონებას დაეუფლა ფაქტობრივი ფლობით. მოცემულ შემთხვევაში, ანდერძი რომ არ ყოფილიყო, კარლო ხ-ის კანონისმიერი მემკვიდრეები იქნებოდნენ მისი ორი შვილი (ლ. ჭ-ეE და ზ. ხ-ე) და მეუღლე.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ჭ-ეს როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს (იგი კარლო ხ-ის შვილია) უნდა მიეღო შესაბამისი წილი მამის, აწ გარდაცვლილი კარლო ხ-ის დანაშთი ქონებიდან 1/4 წილის უფლებით, რომელიც მდებარეობდა ქ.ბათუმში, წ-ის ქ.№11-ში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ საფუძვლიანი იყო და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო მისთვის მამის დანაშთი ქონებიდან სავალდებულო წილის სახით 1/4 წილის მიკუთვნების თაობაზე უარის თქმის ნაწილში.
რაც შეეხებოდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 10 ნოემბრის, 11 ნოემბრის და 16 ნოემბრის განჩინებების გაუქმებაზე, ასევე იმ განჩინების გაუქმებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ. ჭ-ის შენიშვნები სხდომის ოქმთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ისინი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას, რამდენადაც არ არსებობდა ლ. ჭ-ის მიერ გასაჩივრებული წინმსწრები განჩინებების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები (ს.ფ. 203-217).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზ., ო. და ა. ხ-ეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. გარდა ამისა, კასატორებმა მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის საოქმო განჩინების გაუქმება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა საქმეზე ახალი მოწმეების დაკითხვის თაობაზე.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები შემდეგში მდგომარეობს:
სასამართლომ დაუსაბუთებლად დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა და სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაკითხა ახალი მოწმეები, მაშინ, როდესაც მხარეს იმავე მოწმეების წარდგენა შეეძლო პირველი ინსტანციის სასამართლოში. სასამართლოს აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე და 215-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ, საოქმო განჩინება, რომლითაც სასამართლომ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა ახალი მოწმეების დაკითხვის თაობაზე, უნდა გაუქმდეს და ამ მოწმეების ჩვენებები საქმიდან ამოღებულ უნდა იქნეს.
სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად არ გაითვალისწინა მოსარჩელის დედის, მ. ს-ის ჩვენება და გაიზიარა უკანონოდ დაკითხული მოწმეების ჩვენებები, რაც ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნებს. ამასთან, სასამართლომ ისე გაიზიარა მოსარჩელე მხარის მოწმეთა ჩვენებები, რომ არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მიერ მოწვეული მოწმეების ჩვენებები. სასამართლო ვალდებული იყო გადაწყვეტილებაში დაესაბუთებინა, თუ რატომ არ გაიზიარა ესა თუ ის მტკიცებულება და რატომ გაიზიარა სხვა;
სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ ლ. ჭ-ე ფაქტობრივი ფლობით შეუდგა დანაშთი ქონების ფლობასა და მართვას. გარდა ამისა, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ ლ. ჭ-ემ მამის საცხოვრებელი ბინიდან წამოიღო მოძრავი ნივთები: სარეცხი მანქანა, ელექტროღუმელი, გადასაფარებლები, საათი, სახლის გასაღები. აღნიშნული გარემოებები არ შეესაბამებიან სინამდვილეს. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის მოწმეთა ჩვენებები და შეფასება არ მისცა იმ ფაქტს, რომ დასახელებული მოწმეები იყვნენ მოსარჩელის ახლობლები. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ისინი დაიცავდნენ მოსარჩელის ინტერესებს (ს.ფ. 225-229, 231-237).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით განსაზღვრულია საკასაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების შემთხვევები. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნებს საქმეს, თუ საქმის განხილვისას აღმოჩნდა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია, ან არასწორად გამოიკვლია საქმის ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც არსებით გავლენას ახდენენ საქმის შედეგზე.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დაადგინა, რომ მოსარჩელე ლ. ჭ-ე კანონით დადგენილ ვადაში ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამის სამკვიდრო ქონებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების მიერ წარმოდგენილია დასაბუთებული პრეტენზია. კონკრეტულ შემთხვევაში დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არსწორად შეფასება. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისას თავისი დასკვნები დააფუძნა მხოლოდ ერთი მხარის (მოსარჩელის) მოწმეთა ჩვენებებს და არ გამოიკვლია, არ შეაფასა მოწინააღმდეგე მხარის მოწმეთა ჩვენებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარასებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს ორი თვალსაზრისით: მათი სარწმუნოობისა თუ არასარწმუნოობის თვალსაზრისით და, ასევე იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ესა თუ ის მტკიცებულება. სასამართლოს მიერ მტკიცებულებების შეფასება გულისხმობს მტკიცებულებათა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში შეფასებას, ამასთან, სასამართლო ვალდებულია, მოწმის ჩვენებაც და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებიც შეაფასოს მათი შინაარსის და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით. აღნიშნული გულისხმობს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების (მხარეებთან დამოკიდებულებას, ფიზიკურ მდგომარეობასა და სხვა) განხილვას და გამორიცხვას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მოწმის ჩვენების სისწორეზე. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად დაუსაბუთებელი დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებებზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები - არასარწმუნოდ. გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება დაუსაბუთებლად, თუ მასში არ არის მითითებული, რა მოსაზრებით ხელმძღვანელობდა სასამართლო, როცა საქმეში არსებული ესა თუ ის მტკიცებულება შეაფასა ასე და არა სხვაგვარად.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელე ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამის სამკვიდრო ქონებას. აღნიშნული გარემოება სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმეების – შ. ბ-ის, ნ. ც-ის, ც. გ-ის, გ. დ-ისა და ნ. ჭ-ის ჩვენებების საფუძველზე. რაც შეეხება მოპასუხეთა მიერ წარმოდგენილი მოწმეების - ნ.წ-ის, ლ. ლ-ის, ნ. კ-ის, მ. ს-ის, ი. ჟ-ის და დ. ქ-ის ჩვენებებს, ისინი სასამართლოს საერთოდ არ შეუფასებია და არც ის დაუსაბუთებია, თუ რატომ უარყო ეს ჩვენებები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულებათა შეფასება უნდა მოხდეს ერთობლიობაში, მხოლოდ მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვა წარმოადგენს მათი სწორი შეფასების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ შეფასებას, რამაც იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება განაპირობა. ასეთი გადაწყვეტილება კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე” ქვეპუნქტის თანახმად, გაუქმებას ექვემდებარება. ამასთან, არსებობს სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, ხოლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავად დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები.
საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად გამოიტანოს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარასებობის შესახებ.
საკასაციო საჩივრით გასაჩივრებულია ასევე სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის საოქმო განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ახალი მოწმეების დაშვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული განჩინება გაუქმებას ექვემდებარება შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი, მართალია, ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ახალი ფაქტების მოყვანის და ახალი მტკიცებულებების წარდგენის შესაძლებლობას, მაგრამ ამავე ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, თუ მხარეს შეეძლო წარედგინა ისინი პირველი ინსტანციის სასამართლოში, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა. მითითებული ნორმის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულებების დაშვების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლომ, უპირველესად, სწორედ ის უნდა გამოარკვიოს, გააჩნია თუ არა მხარეს სააპელაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულებების წარდგენის საპატიო მიზეზი. ამა თუ იმ მიზეზის საპატიოდ თუ არასაპატიოდ მიჩნევა კი უნდა მოხდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული საოქმო განჩინებით ისე დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა ახალი მოწმეების დაშვების თაობაზე, რომ საერთოდ არ უმსჯელია გააჩნდა თუ არა აპელანტს სააპელაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულების წარდგენის საპატიო მიზეზი. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინება არ პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლის მოთხოვნას, ვინაიდან მასში არაა აღინიშნული მოტივები, რომლებითაც სასამართლო მივიდა თავის დასკვნამდე და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია და იგი ექვემდებარება გაუქმებას. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, გააჩნია თუ არა აპელანტს სააპელაციო სასამართლოში ახალი მოწმეების წარდგენის საპატიო მიზეზი და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოს მათი დაშვება-არდაშვების საკითხი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ., ა. და ო. ხ-ეების საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2011 წლის 15 მარტის საოქმო განჩინება სააპელაციო სასამართლოში ახალი მოწმეების დაშვების თაობაზე და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.