Facebook Twitter

№ას-90-86-2012 2 მარტი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ა-ე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოპასუხე ე. ა-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის სტუდენტად ყოფნის პერიოდში გადაუხდელი სწავლის საფასურის დაკისრება 1875 ლარის ოდენობით (ს.ფ. 2-12).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 106-113).

დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება (ს.ფ. 116-126).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინებით სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2006 წლის 30 სექტემბრის №3-510 ბრძანებით ე. ა-ე ეროვნული გამოცდების ჩაბარების შედეგად ჩაირიცხა უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის ფაკულტეტის პირველ კურსზე;

2006 წლის 21 სექტემბერს სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ე. ა-ეს შორის დაიდო სასწავლო ხელშეკრულება ერთი წლის ვადით, რომლითაც განისაზღვრა, რომ თუ სტუდენტი რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში არ გადაიხდიდა სწავლის საფასურს, ამოღებულ იქნებოდა სტუდენტთა სიიდან - გაირიცხებოდა;

ე. ა-ემ გადაიხადა 2006-2007 სასწავლო წლის სწავლის საფასური;

სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2008 წლის 29 დეკემბრის №3-694 ბრძანების მიხედვით, ე. ა-ეს საფასურის გადაუხდელობის გამო შეუწყდა უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი;

მოპასუხეს 2011 წლის 15 აპრილს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დ.ლეკვეიშვილის მიერ გაეგზავნა შეტყობინება-გაფრთხილება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტისა და უნივერსიტეტის წინაშე არსებული დავალიანების - 1875 ლარის დაფარვის მოთხოვნით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული იყო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, აპელანტმა აიღო ვალდებულება შეესრულებინა სამუშაო, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საფასური; მოწინააღმდეგე მხარეს მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა გადახდის ვალდებულება, თუ აპელანტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს შეასრულებდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ასევე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმადაც უმაღლესი განათლების დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა სწავლის საფასური.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კანონით დადგენილია საზღაურის გადახდის ვალდებულება სწავლისათვის და არა სტუდენტად ყოფნისათვის. ამიტომ, სტუდენტი ვალდებულია გადაიხადოს საფასური იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს შესაბამისი მომსახურება უმაღლესი სასწავლებლისაგან: ისწავლოს ან/და მიიღოს სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში ე. ა-ეს სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთი სემესტრის გარდა არ უსწავლია და არც სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი მიუღია, რაც მეტყველებდა აპელანტის მოსაზრებების დაუსაბუთებლობაზე (ტომი I, ს.ფ. 160-170)

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 29 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლოს არ მოუხდენია მტკიცებულებების სრული და ყოველმხრივი განხილვა, რითაც დაირღვა საპროცესო ნორმები. საქმე შეეხება ისეთ ურთიერთობას, რომელზეც ჩამოყალიბებული არ არის სასამართლო პრაქტიკა, საკასაციო საჩივარი დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, კერძოდა, საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

სააპელაციო სასამართლომ იურიდიულად ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ ჩათვალა მოპასუხე 2008 წლამდე პერიოდში სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფად. კასატორი მიუთითებს მოსარჩელე უნივერსიტეტის შინაგანაწესის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ზედიზედ სამი სამესტრის განმავლობაში სწავლის საფასურის გადაუხდელობა უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად,; აგრეთვე, სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ 2007 წლის 23 ოქტომბრის №13 გადაწყვეტილებაზე, რომლის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობისა და სწავლის საფასურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტი დაიშვება სასწავლო პროცესში, ასევე შეფასებებზე, მაგრამ მწავლის საფასურის გადახდის დაგვიანებისათვის დაეკისრება დამატებითი თანხის გადახდა ამ მუხლით დადგენილი ოდენობით. კასატორის მოსაზრებით, ზემოაღნიშული სამართლებრივი აქტები პირდაპირ მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ სწავლის საფასურის გადახდის ვადის პირველად დარღვევის შემთხვევაში სტუდენტს სტატუსი არ უწყდება. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა მოხდეს 131-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ვინაიდან აღნიშნული ვალდებულება პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა და მოთხოვნის ვადის ათვლა უნდა მოხდეს ბოლოს შესასრულებელი ვალდებულებიდან;

კასატორი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პიროებბი დარღვეულად ჩაითვლებოდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ არანაკლებ სამი სემესტრის სწავლების საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ანუ 2008 წლიდან. აქედან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადა უნდა აითვალოს 2008 წლის დეკემბრიდან;

კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არც ერთი ნორმა არ ავალდებულებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ლექციაზე არდასწრების გამო, ან თუნდაც ერთი წლის განმავლობაში შეფასების მიუღებლობის გამო სტუდენტის სტატუსმოპოვებული პირი მაშინვე გარიცხოს უნივერსიტეტიდან, ვინაიდან სტუდენტს სტუდენტის სტატუსის მოპოვების შემდეგ, უფლება აქვს ისწავლოს შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამისათვის განსაზღვრულ ვადაში (ბაკალავრიატი – 4 წელი, მაგისტრატურა – 2 წელი) უნივერსიტეტში, თუ დაუგროვდება აკადემიური დავალიანება (გაუვლელი საგნები) – დაარეგისტრიროს (ისწავლოს) იგი მომდევნო სემესტრებში და ა.შ.;

კასატორის მითითებით, ზემოთ მოყვანილი მოსაზრების საპირისპიროდ, პირველი ინსტანციისა და შემდგომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება/განჩინება აგებულია იმ მსჯელობაზე, რომ სტუდენტმა უნდა გადაიხადოს მხოლოდ იმ პერიოდის საფასური, როცა ფიზიკურად ესწრებოდა ლექცია-სემინარებს. ამგვარი დასაბუთება კი ეწინააღმდეგება უნივერსიტეტში მოქმედ სამართლებრივ აქტებს და საერთოდ, ჩვეულებრივ სახელშეკრულებო ურთიერთობას (ს.ფ. 172-180).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისa და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი, გადახდის თარიღი – 2012 წლის 6 იანვარი, საგადასახადო დავალება № 22, ანგარიში: სს ბანკი „რესპუბლიკა“, ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01) 70% – 105 ლარი სს ბანკი „რესპუბლიკის“ მეშვეობით;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.