№ას-93-89-2012 29 მარტი, 2012 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი –ვ. ს-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის
დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ს-ის წინააღმდეგ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, 1992 წელს წყალტუბოს საექსპლოატაციო კანტორისაგან მიიღო ბინა, მდებარე ქ. წყალტუბო, კ-ის ქუჩის მე-2 შესახვევის №31/1-ში. 1994 წელს ავადმყოფობის გამო გაემგზავრა სამკურნალოდ უკრაინაში, მეუღლე და შვილები კი, დარჩნენ მითითებულ საცხოვრებელ ბინაში. 1998 წელს მოსარჩელის მეუღლე საცხოვრებლად წავიდა უკრაინაში, ბინა კი, ჩააბარა თვისი სიძის მამას – ვ. ს-ეს, რომელმაც ყალბი საბუთების მეშვეობით, მის საკუთრებაში არსებული ბინა გაასხვისა სხვა პირზე. მისი ბრალეულობა დადგინდა ქუთაისის რაიონული პროკურატურის მიერ. ვინაიდან მოპასუხის ბრალეული ქმედებით მას მიადგა ზიანი, ნ. მ-ემ მოითხოვა ვ. ს-ისათვის მის სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურება 20500 ლარის ოდენობით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ვ. ს-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20500 ლარის გადახდა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა ვ. ს-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 სექტემბრის განჩინებით ვ. ს-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ ნ. მ-ის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ვ. ს-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს საქმეზე დადგენილად ჩათვალა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ნ. მ-ემ აღძრა სარჩელი ვ. ს-ის მიმართ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ;
მოპასუხე ვ. ს-ეს გაეგზავნა სარჩელი და თანდართული მასალები კანონით დადგენილი წესით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით და მიეცა ვადა შესაგებლის წარმოდგენისათვის 05 (ხუთი) დღე.
სარჩელი და თანდართული მასალები 2011 წლის 01 ივლისს ვ. ს-ეზე გადასაცემად ჩაჰბარდა მის მეუღლეს ლიანა ბარამიძეს;
ვ. ს-ეს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია მითითებულ ვადაში, არც რაიმე საპატიო მიზეზზე მიუთითებია და არც შესაგებლის წარმოდგენისათვის ვადის გაგრძელება მოუთხოვია.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ მოთხოვნას, რაც მისი დაკმაყოფი-ლების საფუძველს იძლეოდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ნ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ვ. ს-ეს ნ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 20500 ლარის, სახელმწიფო ბაჟის 615 ლარის და ადვოკატის მომსახურეობის ხარჯის 200 ლარის ანაზღაურება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაბარდა ვ. ს-ის მეუღლეს ლ.ს-ეს 2011 წლის 24 ივლისს.
2011 წლის 02 აგვისტოს მოპასუხემ საჩივრით მომართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა 2011 წლის 11 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტი-ლების გაუქმება.
საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ მოპასუხე ვ. ს-ე ცხოვრობს ქ. წყალტუბოში, სადაც მას სარჩელის ასლი არ გაგზავნია, მართალია მოპასუხეს ალტერნატიული მისამართი აქვს ქალაქ ქობულეთში, მაგრამ აღნიშნული გამოწვეულია იმით, რომ მოპასუხე იქ დროებით იმყოფება, რის გამოც სარჩელის ასლი ჩაბარდა მის მეუღლეს. ქ. ქობულეთში მდებარე საცხოვრებელი ბინა დაქირავებულია ვ. ს-ის მიერ.
სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად ჩათვალა ის გარემოება, რომ დ/გადაწყვეტილება მხარის მიერ კანონით დადგენილ ვადაში იყო გასაჩივრებული საჩივრით.
სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით. ანუ საჩივრის ავტორის მითითება, იმ გარემოებაზე რომ მას ქ. წყალტუბოში სადაც იგი ცხოვრობს გზავნილი არ გაგზავნია და გაეგზავნა ალტერნატიულ მისამართზე, არ ადასტურებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის შესაბამისად, შესაგებლის წარუდგენლობის შეუძლებლობას. პალატამ ასვეე დასაბუთებულად მიიჩნია სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების მეორე სავალდებულო მიზეზი იყო ის, რომ ნ. მ-ის სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 412-ე, 992-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდნენ სარჩელის მოთხოვნას.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტულ საქმეზე 2011 წლის 11 ივლისს არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების დამაბრკოლებელი გარემოებები, სახელდობრ სახეზე იყო ერთ-ერთი პირობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა - მოპასუხე მხარის მიერ სარჩელზე შესაგებლის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობა არასაპატიო მიზეზით. მეორე პირობა, რაც ასევე აუცილებლად უნდა არსებულიყო რათა მიღებული ყოფილიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება იყო ის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად, სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს მოთხოვნას.
აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდნენ და ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პირველი ინსტანციიის სასამართლოს არ უნდა მიეღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოპასუხე მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა შესაგებლის წარუდგენლობის ისეთი საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებია სასამართლოსათვის, რაც ცხადყოფდა, რომ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოხდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრება, მაგრამ საჩივარი არ შეიცავდა საფუძვლიან დასაბუთებას, თუ რატომ ვერ მოახერხა მხარემ შესაგებლის წარდგენა კანონით დადგენილ ვადაში და ამასთან, მხარის მიერ მისი პოზიცია ვერ იქნა გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე იმ გარემოებაზე, რომ მხარის მიერ საჩივარი დ/გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში იყო წარდგენილი ანუ პალატის განმარტებით, არსებობდა ის პირობები, რომ მას წარედგინა შესაგებელი დროულად სასამართლოში, რაც არ გააკეთა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ს-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის არსებითად განხილვის თვალსაზრისით ქუთაისის საქალაქო სასამართლოსათვის დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ მიუხედავად იმისა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა მოთხოვნას, სასამართლომ შესაგებლის წარუდგენლობის გამო, მაინც გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. კერძოდ, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ნ. მ-ის მეუღლემ, მისი უკრაინაში სამკურნალოდ გამგზავრების შემდეგ მოახდინა ბინის პრივატიზება საკუთარ სახელზე, ხოლო შემდეგ გაასხვისა მინდობილობის მეშვეობით, კერძოდ, ვ. ს-ეს დავალების ხელშეკრულებით დაავალა ბინის გასხვისება, რომლის რეალიზაციის შედეგად მირებული თანხა მან გაუგზავნა სვეტლანა მ-ეს. ამდენად, სასამართლომ ყურად არ იღო ის გარემოება, რომ ვ. ს-ე, სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, მოქმედებდა სვეტლანა მ-ის სახელით, რაც ცხადყოფს, რომ ბინა გაასხვისა არა კასატორმა, არამედ სვეტლანა მ-ემ და, შესაბამისად, ბინის ნასყიდობის გარიგებაზე დადებული უფლებები და მოვალეობები წარმოეშვა სვეტლანა მ-ეს და მოპასუხეს დასახელებულ დავაში წარმოადგენს არა ვ. ს-ე, არამედ სვეტლანა მ-ე. ამდენად, კასატორის განმარტებით, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კდოექსის 2321-ე მუხლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი, ვინაიდან სარჩელი იურიდიულად გაუმართლებელი იყო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 თებერვლის განჩინებით ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1050 ლარი) 70% – 735 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ვ. ს-ეს (პირადი №...) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საგირავნო-სადეპოზიტო ანგარიშიდან დაუბრუნდეს (სს ბანკი „რესპუბლიკა“ ბანკის BIC კოდი: REPLGE22, მიმღების IBAN ანგარიშის № GE79 BR00 0000 0033 0500 01.) სახელმწიფო ბაჟის სახით ა. ს-ას მიერ №... სალაროს შემოსავლის ორდერით 2012 წლის 8 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1050 ლარი) 70% – 735 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.