Facebook Twitter
№ას-99-95-2012 1 მარტი, 2012 წელი

№ას-99-95-2012 1 მარტი, 2012 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, მაია სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – პ. ჯ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - მ. ვ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. ვ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და პ. ჯ-ეს არასრულწლოვანი შვილის – 2004 წლის 21 მაისს დაბადებული ს. ჯ-ის სარჩენად, მოსარჩელის სასარგებლოდ, ყოველთვიურად დაეკისრა ალიმენტის გადახდა 120 ლარის ოდენობით 2011 წლკის 10 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანებამდე.

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. ჯ-ემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ალიმენტის შემცირება, კერძოდ, შვილის სარჩენად მისთვის, ყოველთვიურად, ნაცვლად 120 ლარისა, 70 ლარის დაკისრება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 დეკემბრის განჩინებით პ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან აპელანტი ითხოვდა ყოველთვიურად გადასახდელად დაკისრებული ალიმენტის შემცირებას 50 (120-70) ლარით, სააპელაციო საგნის ღირებულება სსკ-ის 41.1-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, შეადგენდა 600 (50X12) ლარს, რაც კანონით დადგენილ 1000 ლარზე ნაკლები იყო, შესაბამისად, სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა პ. ჯ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულებას წარმოადგენდა 6350 ლარი და არა 600 ლარი, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ განმარტა, ვინაიდან მას ალიმენტის გადახდა შვილის სრულწლოვანებამდე დაეკირსა და, შესაბამისად, 2022 წლის 21 მაისამდე, სხვაობა 127 თვის გათვალისწინებით იქნება 6350 ლარი (127X120 – 127X70 = 6350) ამდენად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ პ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, პ. ჯ-ე სააპელაციო საჩივრით ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას, რომლითაც მას, არასრულწლოვანი შვილის _ ს. ჯ-ის სასარგებლოდ, დაეკისრა ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 120 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2011 წლის 10 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანებამდე. სააპელაციო საჩივრის თანახმად, იგი ითხოვდა ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისთვის, შვილის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად 70 ლარის დაკისრებას, რაც ცხადყოფს, რომ აპელანტმა სადავოდ გახადა ალიმენტის ოდენობა 50 ლარის ნაწილში. ვინაიდან ალიმენტი შემცირდა 50 ლარით, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა გამოანგარიშდეს 50 ლარის ერთ წელზე (12 თვეზე) გაანგარიშებით, რაც არ აღემატება 1000 ლარს.

კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულებას წარმოადგენდა 6350 ლარი და არა 600 ლარი, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ განმარტა, ვინაიდან მას ალიმენტის გადახდა შვილის სრულწლოვანებამდე დაეკირსა და, შესაბამისად, 2022 წლის 21 მაისამდე, სხვაობა 127 თვის გათვალისწინებით იქნება 6350 ლარი (127X120 – 127X70 = 6350) ამდენად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელზე – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით, ხოლო ამავე კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრისას სააპელაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სარჩელით, რომელშიც ჩამოყალიბებულია მოსარჩელის მოთხოვნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებითა და კანონით. კანონი ქონებრივი დავის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობისათვის გარკვეულ შეზღუდვას აწესებს, კერძოდ, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის თაობაზე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა ალიმენტის შემცირების ნაწილში პ. ჯ-ის სააპელაციო საჩივრის ღირებულება 600 (50X12) ლარით, და მართებულად დატოვა იგი განუხილველად დაუშვებლობის გამო, რის გამოც არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 დეკემბრის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

პ. ჯ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 დეკემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.