Facebook Twitter

ბს-443-34(კ-05) 1 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),

ბ. კობერიძე

დავის საგანი: საპენსიო დავალიანების ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 13 ივლისს დ. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის რაიონული ფილიალის მიმართ და მიუთითა, რომ არის 1941-45 წლების დიდი სამამულო ომის მონაწილე, II ჯგუფის ინვალიდი, ლეიტენანტი, თავდაცვის სამინისტროში დანიშნული აქვს პენსია.

1997წ. 1 იანვრიდან ძალაში შევიდა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ”, კანონი, რომლის მე-60 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს 1997წ. 1 ივნისიდან დაენიშნა მეორე სახეობის პენსია – მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისთვის) თვეში 14 ლარი, მაგრამ მოსარჩელის განმარტებით, 1997 წლიდის 1 ივნისიდან არ დაენიშნა დანამატი მოხუცებულობის პენსიაზე მოხუცებულობისათვის დაწესებული ორი მინიმალური პენსიის ოდენობით ანუ 28 ლარი. აღნიშნული დანამატი მოპასუხე ორგანიზაციამ დაუნიშნა მხოლოდ 2003წ. 18 მაისიდან, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხე ორგანიზაციას მის სასარგებლოდ დაკისრებოდა ერთჯერადად 1997წ. 1 ივნისიდან 2003წ. 1 მაისამდე მოხუცებულობის პენსიაზე მიღებული დანამატი 1988 ლარის ოდენობით.

მოპასუხე _ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის რაიონის ფილიალის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ დ. გ-ე არის დიდი სამამულო ომის II ჯგუფის ინვალიდი, ლეიტენატი, რის გამოც თავდაცვის სამინიტროში მას დაენიშნა პენსია ომის ინვალოდობის გამო. მან სოცდაზღვევის ზესტაფონის ფილიალს მიმართა მეორე სახეობის პენსიის _ მოხუცებულობის გამო (შრომის წელთა ნამსახურობისათვის) და დანამატის დანიშვნის შესახებ. თუმცა მოპსაუხის მითითებით, მას დაენიშნა პენსია მხოლოდ მოხუცებულობის გამო –14 ლარი, რის გამოც დ. გ-ეს უნდა აუნაზღაურდეს 1997წ. 1 ივნისიდან 2003წ. 18 მაისამდე მუდმივი დანამატი.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე ორგანიზაციას დ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ერთჯერადად 1988 ლარის ანაზღაურება.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ დ. გ-ეს ზესტაფონის რაიონულმა ფილიალმა ასაკის გამო პენსია – 14 ლარი დაუნიშნა 1997წ. 1 ივნისიდან, ხოლო მასზე დანამატი (42 ლარი) – 2003წ. 18 მაისიდან, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე. აპელანტის განამარტებით, მოსარჩელის მოთხოვნა 1997წ. 1 ივნისიდან 2003წ. 18 მაისამდე პენსიის ანაზღაურების ნაწილში უსაფუძვლოა, ვინიადან აღნიშნული დანამატის დანიშვნა ხდება სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანიდან. ამასთან, “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც განასზაღვრავს უკვე დანიშნული პენსიის მომატების უფლებას, დანამატის დანიშვნის დაგვიანებით მოთხოვნის შემთხვევაში, ითვალისწინებს მისი მხოლოდ 12 თვის უკან დახევით გაცემის შესაძლებლობას.

ყოველიზე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ითხოვდა ზესტაფონის რიონული სასამართლოს 2004წ. 17 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილბით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სოციალაური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 სექტემბრის გადაწყვეტილება და დ. გაჩეჩილაძის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პენსიის დასანიშნად დაგვიანებით მიმართვის შემთხვევაში პენსია დაენიშნება მასზე უფლების წარმოქმნის დღიდან და გაიცემა არა უმეტეს გასული 12 თვისა, რომელიც წინ უსწრებს პენსიის დანიშვნის საკითხზე მიმართვის დღეს.

გამომდინარე აქედან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პერის დაგვიანებით მიმართვის შემთხვევაში პენსია დაენიშნება მხოლოდ ბოლო ერთიწ., რაც მოსარჩეს დაენიშნა ზესტაფონის რაიუნული სასამართლოს 2003წ. 18 ივნისის გადაწყვეტილბით.

არ დაეთანხმა რა მითითებულ გადაწყვეტილბას იგი საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-ემ.

საკასაციო საჩივრით კასატორი ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილბით მისი სასარჩელო განცხადების დაკამყოფილებას.

კასატორი საკასაციო საჩივარს ძირთადად ამაყარებდა იმავე გარემოებებზე, რაზეც სასარჩელო განცხდებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორის დ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დ. გ-ე არის დიდი სამამულო ომის მეორე ჯგუფის ინვალიდი. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დ. გ-ის სარჩელი მეორე სახის პენსიის დანიშვნისა და ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობის 504 ლარის სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ზესტაფონის ფილიალისათვის დაკისრების თაობაზე და დ. გაჩეჩილაძეს მეორე სახის პენსია დაენიშნა 2003წ. 18 მაისიდან.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიუთითებს, რომ “სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის შესაბამისად, თუ პენსიონერმა მიიღო პენსიის მომატების უფლება და დროულად არ მიმართა სათანადო ორგანოს პენსიის მისაღებად, მაშინ მას ახალ და ადრინდელ პენსიებს შორის სხვაობა შეიძლება აუნაზღაურდეს წარსული დროისათვის, მაგრამ არა უმეტეს 12 თვისა, რომელიც წინ უძღოდა პენსიის გადასაანგარიშებლად მიმართვის დღეს.

ამ ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატის მოსაზრებით, დ. გ-ეს პენსია უნდა დაენიშნოს პენსიის გადასაანგარიშებლად ფონდისთვის მიმართვიდან ერთიწ. უკან დახევით, რაც ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულია და საყურადღებოა, რომ მითითებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას კანონი არასწორად არ გამოყენებულა, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 28 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.