№ვ-84-ა-2-2012 30 მარტი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - ა. ა-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ვ. ს-ე
გასაჩივრებული განჩინება - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინება
განმცახდებლის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ს-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ა-ის მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 ივლისის განჩინებით ა. ა-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, რაზეც კერძო საჩივარი შეიტანა ა. ა-მა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2012 წლის 3 თებერვალს ა. ა-მა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2011 წლის 14 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 12 მარტის განჩინებით ა. ა-ს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად და დაევალა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დასაბუთებული განცხადების წარმოდგენა, კერძოდ უნდა დაეზუსტებინა რომელი განჩინების გაუქმებას ითხოვდა და რის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ა-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილით კანონმდებელმა დაადგინა ის სავალდებულო წინაპირობები, რომელთა განცხადებაში მიუთითებლობა, ამავე ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად, განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის განახლების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება.
მოცემულ შემთხვევაში, ა. ა-ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 12 მარტის განჩინებით მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, განცხადებაში არ იყო მითითებული საფუძვლები, რომელთა გამოც უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის წარმოების განახლება. შესაბამისად, განმცხადებელს დაევალა დაეზუსტებინა რომელი განჩინების გაუქმებას ითხოვდა და რის საფუძველზე. აღნიშნული განჩინება ა. ა-ს ჩაბარდა 2012 წლის 19 მარტს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში.
დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 20 მარტს და ამოიწურა 2012 წლის 23 მარტს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში განმცხადებელს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
განსახილველ საქმეზე საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2012 წლის 21 მარტს განცხადებით მომართა ქ. მ-ქ-იმ და წარმოადგინა ე. დ-ის, ს. ი-სა და შ. მის განცხადებები, სადაც აღნიშნეს, რომ ისინი ესწრებოდნენ ა. ა-ის მიერ ვ. ს-ისათვის თანხის გადაცემას. აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან საქმის წარმოების განახლების განცხადებაზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების დამადასტურებელი მტკიცებულება არ არის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ა-ის განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 427-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ა-ის განცხადება დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.