Facebook Twitter
საქმე №ას-261-252-2012 19 მარტი, 2012 წელი

№ას-261-252-2012 19 მარტი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ნუნუ კვანტალიანი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – 1. დ. ქ-ე

2. შპს „ო-ის“ დირექტორი ი. ჯ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. დ-ი, ნოტარიუსი ხუხა მ-ა

გასაჩივრებული განჩინებები – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 იანვრისა და 2012 წლის 9 იანვრის განჩინებები

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა: 1.სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 9 იანვრის განჩინების გაუქმება და ერთიანი სააღსრულებო ფურცლის გაცემის დავალდებულება

2. უსწორობის გასწორების თაობაზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 9 იანვრის განჩინების გაუქმება, საარსრულებო ფურცლის გაცემაზე უარის თქმის დავალდებულება, სააპელაციო პალატის 2011 წლის 16 მარტისა და საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებიების აღსრულების შეჩერების დავალდებულება

დავის საგანი – თავდაპირველ სარჩელში – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია, შეგებებულ სარჩელში – სესხის იპოთეკისა და ვალდებულების ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. ქ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ო-ისა“ და ნ. დ-ის მიმართ სესხის გადაუხდელი თანხის, დარიცხული პროცენტებისა და პირგასამტეხლოს – 1 870 656 აშშ დოლარის ნ. დ-ისათვის დაკისრების, ასევე, გადაწყვეტილების მიღებიდან აღსრულებამდე ყოველთვიურად 1698 აშშ დოლარისა და წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 3000 ლარის დაკისრების მოთხოვნით, პირველი და მეორე სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ქ.ბათუმში, მ-ის ქ№48-სა და პ-ის ქ№132-ის კვეთაზე არსებული შპს „ო-ის“ კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 2603 კვ.მ შენობა-ნაგებობების) იძულებითი აუქციონის წესით რეალიზაციის გზით გადახდევინების დადგენა, ასევე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს დ. ქ-ის, ნ. დ-ისა და ნოტარიუს ხ. მ-ას მიმართ 2007 წლის 27 დეკემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, 2008 წლის 21 თებერვლის სესხის, იპოთეკისა და ვალდებულების ხელშეკრულებისა და 2008 წლის 24 ოქტომბრის შეთანხმების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით დ. ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ნ. დ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის – 566 000 აშშ დოლარის, 2010 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით მასზე დარიცხული პროცენტის – 499 916 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს – 400 000 აშშ დოლარის, სულ 1 465 916 (ერთი მილიონ ოთხას სამოცდახუთი ათას ცხრაას თექვსმეტი) აშშ დოლარის გადახდა, მოპასუხე ნ. დ-ს მოსარჩელე დ. ქ-ის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე სესხის ძირითადი თანხის 3%-ის ყოველთვიურად და გადასახდელი (სესხის ძირითადი თანხის) თანხის 0.01%-ის პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად გადახდა, ნ. დ-ს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 3 000 ლარის გადახდა, მოპასუხე შპს „ო-ის“ დირექტორ ი. ჯ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, დადგინდა, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხების გადახდევინება მომხდარიყო იპოთეკის საგნის –ქ.ბათუმში, მ-ის ქ№48-სა და პ-ის ქ№132-ის კვეთაზე არსებული შპს „ო-ის“ კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების იძულებითი აუქციონის წესით რეალიზაციიდან ამოღებული თანხის ხარჯზე, მოსარჩელეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე ეთქვა უარი, ხოლო მოპასუხეს, შეგებებულ სარჩელზე დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 3 000 (სამი ათასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. დ. ქ-ემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება თავისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, შპს „ო-იმ“ კი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დ.ქ-ისათვის სარჩელზე მთლიანად უარის თქმა, შპს „ო-ის“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე შპს „ო-ის“ შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე საოქმო განჩინებების გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით დ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „ო-ის“ სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება ნ. დ-ისათვის დ. ქ-ის სასარგებლოდ 2010 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს, ასევე 2010 წლის 11 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად სესხის ძირითადი თანხის 0,01%-ის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. დ-ს დ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით პროცენტის – 366 202 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 353 184 აშშ დოლარის ანაზღაურება; ნ. დ-ს დ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2010 წლის 11 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად სესხის ძირითადი თანხის 0,1%-ის – 566 აშშ დოლარის ანაზღაურება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, რომლითაც, დაუშვებლობის გამო, განუხილველად იქნა დატოვებული შპს „ო-ის“ საკასაციო საჩივარი.

2011 წლის 21 დეკემბერს სააპელაციო პალატას განცხადებით მიმართა დ.ქ-ის წარმომადგენელმა რ.პ-ამ და მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებასა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორება, ასევე უცვლელად დატოვებულ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა შემდეგი დასაბუთებით:

განმცხადებლის განმარტებით, აღსასრულებლად წარდგენილი ზემოაღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სააღსრულებო წარმოება არ დაწყებულა იმ საფუძვლით, რომ აღმასრულებელმა მოითხოვა ერთიანი სააღსრულებო ურცელი, ამასთანავე, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებასა და სააღსრულებო ფურცელში დაშვებულია მექანიკური უზუსტობა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების თარიღად, ნაცვლად 2011 წლის 16 მარტისა, მითითებულია 2010 წლის 16 მარტი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 იანვრის განჩინებით დ. ქ-ის წარმომადგენელ რუსუდან პ-ას განცხადება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატმ მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტზე, 21-ე მუხლის მე-2 პუნქტზე და განმარტა, რომ მოკლებულია შესაძლებლობას, ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებულ ნაწილზე გასცეს სააღსრულებო ფურცელი, რადგანაც ამ საკითხზე უფლებამ-ლს წარმოადგენდა სწორედ ბათუმის საქალაქო სასამართლო. ამავე პალატის 2012 წლის 9 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა დ.ქ-ის წარმომადგენლის განცხადება უსწორობის გასწორების ნაწილში, გასწორდა მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილების შესავალ ნაწილსა და მის საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა, გადაწყვეტილების გამოტანის თარიღად, ნაცვლად 2010 წლის 16 მარტისა, მიეთითა 2011 წლის 16 მარტი, რადგანაც სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ მოცემული საქმე განხილულ იქნა 2011 წლის 16 მარტს და აღნიშნულის ნაცვლად, გადაწყვეტილებაში მთითებულ იქნა 2010 წლის 16 მარტი, აღნიშნული უზუსტობა აისახა სააღსრულებო ფურცელშიც, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლისა და ამავე კოდექსის მე-7 მუხლის საფუძველზე, გაასწორა დაშვებული უსწორობანი.

სააპელაციო პალატის 2011 წლის 9 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა დ. ქ-ის წარმომადგენელმა რ.პ-ამ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებასა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 9 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე ერთიანი სააღსრულებო ფურცლის გაცემის დავალდებულება შემდეგი საფუძვლებით:

დ.ქ-ის განცხადების სააფუძველზე სააპელაციო პალატამ გასცა სააღსრულებო ფურცელი მხოლოდ იმ ნაწილში, რომლითაც შეცვალა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე უფლებამ-ლად მიიჩნია ბათუმის საქალაქო სასამართლო. შპს „ო-იმ“ უსაფუძვლოდ მოითხოვა მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების გაუქმება, რაც მართებულად არ დაკმაყოფილდა,თუმცა ამ განჩინებაზე კერძო საჩივრის წარდგენის უფლების გამოყენებით შპს „ო-ი“ აფერხებს საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დაბრუნებას, ორივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ერთ დავაზეა გამოტანილი, რის გამოც გაცემულ უნდა იქნას ერთიანი სააღსრულებო ფურცელი, რადგანაც ცალ-ცალკე გაცემის შემთხვევაში, ისინი დამოუკიდებლად ვერ აღსრულდება, ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ორი სააღსრულებო ფურცლის არსებობის შემთხვევაში, დ.ქ-ეს მოუწევს სააღსრულებო წარმოებისათვის გათვალისწინებული საფასურის გადახდა თითოეული სააღსრულებო ფურცლის გამო, რაც გააუარესებს კრედიტორის ისედაც გართულებულ ქონებრივ მდგომარეობას.

სასამართლოს ასევე მიმართა კერძო საჩივრით შპს „ო-იმ“, მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 9 იანვრის განჩინების გაუქმება, საარსრულებო ფურცლის გაცემაზე უარის თქმის ქვემდგომი სასამართლოს დავალდებულება, ასევე სააპელაციო პალატის 2011 წლის 16 მარტისა და საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებების აღსრულების შეჩერების დავალდებულება შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან სასამართლოს მიმართა განცხადებით და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება, ასევე გადაწყვეტილებათა აღსრულების შეჩერება და საქმის დაჩქარებული წესით განხილვა. სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია საქმის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებაზე, არამედ გასცა სააღსრულებო ფურცელი, სასამართლო არ იყო უფლებამ-ლი, გაესწორებინა უსწორობა, ის ვალდებული იყო, გაეუქმებინა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმის წარმოება დაეწყო თავიდან, რადგანაც იხილებოდა შპს „ო-ის“ განცხადება ახლად აღმოჩნილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე. სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო სამართალწარმოების უმთავრესი პრინციპი – ოფიციალობა, რომლის თანახმადაც, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციისა და მტკიცებულებების წარდგენის თაობაზე, სასამართლომ უნდა მოიპოვოს მტკიცებულებები, როდესაც საფრთხე ემუქრება მართლმსაჯულების ძირითად პრონციპს – მხარეთა თანასწორობას. აღნიშნული პრონციპის დაცვა მნიშვნელოვანია ადმინისტრაციულ დავათა სწორად გადაწყვეტისა და ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობაზე სრულფასოვანი კონტროლის განხორციელებისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრების საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ქ-ისა და შპს „ო-ის“ კერძო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ 2011 წლის 9 იანვრით დათარიღებულ განჩინებაზე, რომლითაც განმცხადებელ დ.ქ-ეს უარი ეთქვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ სასამართლომ მატერიალური ნორმის სწორად განმარტების შედეგად, სავსებით მართებულად უთხრა უარი განმცხადებელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. საკასაციო პალატა მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების საკითხის მარეგულირებელი ნორმატიული აქტია. დასახელებული კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით კი დადგენილია, რომ სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების, უცხოელთა საქართველოდან გაძევების შესახებ გადაწყვეტილების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით განსაზღვრული გირავნობის მოწმობისა და ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული უძრავი ქონების შემძენის განცხადების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე. დასახელებული კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით კი, კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა შემდეგი: სააღსრულებო ფურცელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადასცემს კრედიტორს, გარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი დაუყოვნებლივი აღსრულების შემთხვევებისა, როდესაც სააღსრულებო ფურცელი გაიცემა გადაწყვეტილების გამოტანისთანავე. ამდენად, მოხმობილი ნორმების სამართლებრივი ანალიზით დასტურდება, რომ გადაწყვეტილების სადავო ნაწილში სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უფლებამოსილს სწორედ მისი მიმღები ბათუმის საქალაქო სასამართლო წარმოადგენდა და არა სააპელაციო სასამართლოს, როს გამოც მხარეს სავსებით მართებულად ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს დ.ქ-ის კერძო საჩივრის არგუმენტებზე და თვლის, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს სამართლებრივად მოტივირებულ შედავებას, რადგანაც ის გარემოება, რომ საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება შპს „ო-იმ“ გაასაჩივრა კერძო საჩივრით, საპროცესო კანონმდებლობით გარანტირებული განჩინების ამ წესით გასაჩივრების პრინციპიდან გამომდინარეობს და არ ქმნის რაიმე დარღვევას, ამასთანავე, არც ის საკითხია კანონის დარღვევა და სააპელაციო პალატისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის დავალდებულების წინაპირობა, რომ, საქმის თავისებურებიდან გამომდინარე, სააღსრულებო წარმოების დაწყებისათვის, სავალდებულოა ორი სააღსრულებო ფურცლის გაცემა, ასევე ამ სააღსრულებო ფურცლების გამო, კანონით გათვალისწინებული მოსაკრებლის კრედიტორის მიერ წინასწარ გადახდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ დ. ქ-ის წარმომადგენელ რუსუდან პ-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.

რაც შეეხება შპს „ო-ის“ კერძო საჩივარს უსწორობის გასწორების შესახებ სააპელაციო პალატის 2012 წლის 9 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არც მოცემული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგანაც სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინებით დასტურდება შემდეგი:

სააპელაციო სასამართლომ მოცემული სამოქალაქო საქმე სააპელაციო წესით განიხილა 2011 წლის 16 მარტს, საქმეში წარმოდგენილი გადაწყვეტილებას შესავალ ნაწილში კი, მითითებულია 2010 წლის 16 მარტი. აღნიშნულმა უზუსტობამ ასახვა ჰპოვა ასევე ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმადაც, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

დასახელებული ნორმის შინაარსით დასტურდება სასამართლოს უფლება, გაასწოროს პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებული უსწორობანი და აშკარა არითმეტიკული შეცდომები და ამ საკითხის განხილვა სასამართლოს შეუძლია როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა დ.ქ-ის განცხადება იმ ნაწილშიც, რომლითაც გასწორდა ანალოგიური შინაარსის უზუსტობა სააღსრულებო ფურცელში, ამასთან, ვინაიდან მოქმედი კანონმდებლობა არ შეიცავს სპეციალურ ნორმას სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების თაობაზე, სასამართლომ სწორად გამოიყენა ანალოგიის პრონციპი და სწორად გაავრცელა ამ საკითხის მიმართ სამოქალაქო საპროცესო კდექსის 260-ე მუხლის დებულება, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შპს „ო-ის“ მოსაზრებას, რომ სასამართლოს, ნაცვლად უსწორობის გასწორებისა, უნდა გაეუქმებინა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რადგანაც იხილებოდა განცხადება საქმის წარმოების განახლებაზე, ამასთან ე.წ „ოფიციალობის პრინციპის“ დაცვით საკუთარი ინიციატივით მიეღო ზომები სადავო გარემოებებისა და მტკიცებულებების თაობაზე, რათა არ დარღვეულიყო თანასწორობა. აღნიშნულის საპირისპიროდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება განხილულია სააპელაციო პალატის 2012 წლის 12 იანვრის განჩინებით და, მიუხედავად იმისა, სასამართლო დააკმაყოფილებდა თუ არა მას, ის მაინც ვალდებული იყო, ემსჯელა უსწორობის გასწორების საკითზე, რადგანაც საქმის წარმოების განახლების საკითხი სადავო საკითხის გადაწყვეტას არ კრძალავს, ამასთან, რაც შეეხება ე.წ „ოფიციალობის პრინციპს“, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნულს სამოქალაქო სამართალწარმოება საერთოდ არ იცნობს, არამედ აგებულია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე და, სწორედ მხარეთა თანასწორობის უპირველეს ამოცანას წარმოადგენს სასამართლოს ნეიტრალური დამოკიდებულება, საკუთარი ინიციატივით მოიძიოს და გამოითხოვოს მტკიცებულებები, აღნიშნული ვალდებულება მხარეებს აკისრიათ ამავე კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების პერსპექტიულობაც მხარის მიერ მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებათა და მხარის მიერვე მოძიებული და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევითაა განპირობებული, ამასთანავე, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ შპს „ო-ი“, ერთი მხრივ, მიუთითებს სასამართლოს პასიურ როლზე სადავო გარემოებების დადგენის თვალსაზრისით და, მეორე მხრივ, აღნიშნავს იმასაც, რომ მტკიცებულებათა ამ წესით მიღება ადმინისტრაციული სამართალწარმოებისთვისაა დამახასიათებელი. ამდენად, საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულ არგუმენტს უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად თვლის.

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოცემული კერძო საჩივრის მითითებას, რომ სასამართლოს არც კი უმსჯელია გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების საკითზე. ამ მოსაზრების საპირისპიროდ, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლთაც განსაზღვრულია ის სუბიექტური ფარგლები, რომელთა დაცვითაც დასაშვებია სასამართლო აქტის მიმართ კერძო საჩივრის შეტანა. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოცემული კერძო საჩივრის ობიექტი უსწორობის გასწორების შესახებ განჩინებაა, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ მხარის შუამდგომლობა განხილულია 2012 წლის 12 იანვრის განჩინებით, ეს საკითხი საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი მხოლოდ მის წარმოებაში არსებულ 2012 წლის 12 იანვრის განჩინებაზე წარდგენილი კერძო საჩივრის გადაწყვეტისას გახდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დ. ქ-ისა და შპს „ო-ის“ კერძო საჩივრები უსაფუძვლოა და არ არსებობს მათი დაკმაყფილების პროცესულური საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. ქ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. შპს „ო-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 იანვრისა და 2012 წლის 9 იანვრის განჩინებები დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივრებზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.