Facebook Twitter
საქმე №ას-271-262-2012 22 მარტი, 2012 წელი

№ას-271-262-2012 22 მარტი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. ნ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ნ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ-ის“ მიმართ შპს „ბ-ის“ 2011 წლის 17 იანვრის №3 ბრძანების ბათილად ცნობის, დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო:

1989 წლიდან 2011 წლის 17 იანვრამდე მოსარჩელე მუშაობდა შპს „ბ-ში“ სხვადასხვა თანამდებობაზე, 2010 წელს კი, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან გადაყვანილ იქნა ინჟინრის თანამდებობაზე. შპს „ბ-ის“ დირექტორი თ. ნ-ი მოსარჩელის მიმართ უარყოფითად იყო განწყობილი, ახდენდა მისი უფლებების შეზღუდვას და მის მიმართ ახორციელებდა დისკრიმინაციას, საბოლოოდ კი, 2011 წლის 17 იანვარს დაუსაბუთებელი ბრძანების საფუძველზე, სამსახურიდან გაათავისუფლა. სადავო ბრძანებაში დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია მის მიერ შრომითი დისციპლინის დარღვევა, რაც არასწორია, სინამდვილეში შრომით დისციპლინას საზოგადოების დირექტორი არღვევდა, შპს „ბ-ის“ შესყიდვის შემდეგ თანამშრომლებს ავალდებულებდა უქმე და დასვენების დღეებში მთელი დღის განმავლობაში სამსახურში ყოფნას. სწორედ დასვენების დღეებში სამუშაოზე გამოუცხადებლობა გახდა მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

მოპასუხის გამარტებით, მ.ნ-ის სამუშაოდან გათავისუფლება განაპირობა მის მიერ სამუშაო გრაფიკის სისტემატურმა დარღვევამ, შესაბამისად, სადავო ბრძანება გაცემულ იქნა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე. მოსარჩელეს ყველა პირობა გააჩნდა სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, თუმცა ის სისტემატურად აგვიანებდა, აცდენდა სამსახურს, რის გამოც ორჯერ გამოუცხადდა საყვედური. სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით, სამუშაო დრო, შრომის კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებული 41 საათი განაწილებულია 7 დღეზე, იწყება დილის 9:30 საათზე და მთავრდება 15:30 საათზე, ხოლო შესვენების დრო 13:00 საათიდან 14:00 საათამდეა. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა ჯამურად 35 საათია, რაც არ აღემატება შრომის კოდექსით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ოდენობას, მითითებულის თაობაზე ცნობილი იყო მოსარჩელისათვისაც.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ნ-ის სარჩელი მოპასუხე შპს ,,ბ-ის“ მიმართ, შპს ,,ბ-ის“ 2011 წლის 17 იანვრის №3 ბრძანების გაუქმების, დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის 2011 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:

მხარეთა ახსნა–გამარტებებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ნ-ე მუშაობდა შპს „ბ-ში“ ინჟინრის თანამდებობაზე და ხელფასის სახით ყოველთვიურად იღებდა 300 ლარს. შპს „ბ-ის“ 2011 წლის 17 იანვრის №3 ბრძანებით მ. ნ-ე გათავისულდა დაკავებული თანამდებობიდან. ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულ იქნა მ. ნ-ის მიერ სამსახურის სისტემატურად გაცდენა და დაგვიანება. პალატამ მიუთითა მოსარჩელის ახსნა-განმარტებაზე, რომლითაც თავად მოსარჩელე ადასტურებს შპს „ბ-ის“ დირექტორის მიერ თანამშრომლების დავალდებულებას ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით ემუშავათ, მიუხედავად ამისა, აპელანტის განმარტებით, იგი შაბათ-კვირას არ დადიოდა სამსახურში. მ. ნ-ის მიერ სამსახურის გაცდენისა და დაგვიანებების შესახებ მონაცემებს შეიცავს, აგრეთვე, საქმეში წარმოდგენილი საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანებები, ასევე შპს „ბ-ის“ 2010 წლის 27 დეკემბრისა და 2011 წლის 4 იანვრის საერთო კრების ოქმები, შესაბამისად, პალატამ დადგენილად მიიჩნია მ. ნ-ის მიერ სამსახურის გაცდენისა და დაგვიანებების შესახებ ფაქტობრივი გარემოება. პალატამ იხელმძღვანელა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, მე-3 მუხლით, პირველი მუხლის პირველი ნაწილით და ჩათვალა, რომ მხარეთა შორის შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება არ ექცევა რაიმე სპეციალური კანონით გათვალისწინებულ მოწესრიგების სფეროში და იგი ექვემდებარება შრომის კოდექსის შესაბამისი ნორმებით დადგენილ რეგულირებას. პალატის განმარტებით, შრომითი ხელშეკრულების მოშლა, როგორც შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი, პირდაპირაა გათვალისწინებული შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 38-ე მუხლით. შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაწესიდან გამომდინარე, განმტკიცებულია შრომითი ხელშეკრულების მოშლის უფლებამოსილება, ამასთან, აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელებისათვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა არსებობდეს ამ უფლების განხორციელებისათვის შესაბამისი მართლზომიერი საფუძველი. საკითხი იმის შესახებ, თუ რა უნდა ჩაითვალოს ხელშეკრულების მოშლის შესახებ უფლებამოსილების განხორციელების მართლზომიერ საფუძვლად, უნდა შეფასდეს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ მისთვის უცნობი იყო ყოველდღიურად, მათ შორის, შაბათ-კვირას, სამსახურში გამოცხადების აუცილებლობის შესახებ და რომ ამგვარი სამუშაო განრიგი ეწინააღმდეგება შრომით კანონმდებლობას და იწვევს მის დისკრიმინაციას. სასამართლოს მითითებით, თავად მ. ნ-ის ახსნა-განმარტებიდან დგინდება, რომ მხარისათვის ცნობილი იყო საზოგადოების დირექციის მოთხოვნა. რაც შეეხება იმ პრეტენზიას, რომ ამგვარი სამუშაო განრიგი ეწინააღმდეგება შრომით კანონმდებლობას და იწვევს მის დირსკრიმინაციას, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს მისი გაზიარების სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, ბაზრის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე და თავად იმ ფუნქციური დატვირთულობის გათვალისწინებით, რასაც ეწევა შპს „ბ-ი“ (ყოველდღიური ვაჭრობა), ასევე იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „ბ-ში“ თანამშრომელთა სამუშაო დღის ხანგრძლივობა შეადგენს მოკლე პერიოდს, ამგვარი სამუშაო განრიგი არ იწვევდა აპელანტის დისკრიმინაციას. დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გრემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ ჩათვლა, რომ დასაქმებულის მიერ სამუშაო პირობების დარღვევა უნდა შეფასდეს დამსაქმებლისათვის იმ მართლზომიერ საფუძვლად, რა დროსაც მას შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების მოშლის უფლებამოსილება გააჩნდა, ამასთანავე, ვინაიდან არ დასტურდება გათავისუფლების შესახებ 2011 წლის 17 იანვრის №3 ბრძანების არაკანონიერება და, შესაბამისად, არ არსებობს მისი ბათილობის სამართლებრივი საფუძველი, მოსარჩელის მოთხოვნები სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, როგორც ძირითადი მოთხოვნიდან გამომდინარე მოთხოვნები, ასევე არ ექვემდებარებიან დაკმაყოფილებას.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ნ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარისაგან არ გამოითხოვა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სამსახურის გაცდენის ზუსტი დრო, ასევე ის ფაქტი, თუ რა სამსახურებრივი მოვალეობა არ შეასრულა კასატორმა. ამასთანავე, შაბათ-კვირა წარმოადგენს უქმე და დასვენების დღეებს. სასამართლოს არ გამოუკვლევია ის საკითხიც, თუ მ.ნ-ე სისტემატურად აცდენდა სამსახურს, საზოგადოების დირექციამ ერთხელ მაინც რატომ არ ჩამოართვა ახსნა-განმარტება ან რატომ არ დაუქვითა ხელფასი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მარტის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველად, ამავე განჩინებით, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მ. ნ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.