№ას-274-265-2012 20 მარტი, 2012 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ. ჭ-ას განცხადება საპროცესო ვადის აღდგენისა და საქმის არსებითად განხილვის თაობაზე საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე, საქმეზე _ მ. ჭ-ას სარჩელის გამო, მოპასუხეების: ს. მ-ისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, შრომითი კოლექტივის მესაკუთრეთა სიის ბათილად ცნობის, „თ-ის“ ქონების მესაკუთრედ ცნობის, შრომითი კოლექტივის მესაკუთრეთა სიაში შეყვანის, სახელფასო დავალიანების – 795 აშშ დოლარის ანაზღაურების, 1996 წელს გაცემული 774 ცალი სერტიფიკატის მოვალის დადგენის, ანაზღაურების, აქციით წარმოებიდან მიუღებელი შემოსავლის დადგენისა და მოვალისათვის დაკისრების თაობაზე.
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჭ-ას განცხადება საპროცესო ვადის აღდგენისა და საქმის არსებითად განხილვის შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 თებერვლის განჩინებით მ. ჭ-ას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 დეკემბრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. ჭ-ამ კანონით დადგენილი წესით ჩაიბარა 2012 წლის 13 იანვარს (ტ.II, ს.ფ. 75), ამდენად, სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჩათვალა, რომ საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 14 იანვრიდან და ამოიწურა 2012 წლის 3 თებერვალს. საქმეში წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის შესწავლით კი დადასტურდა, რომ მ. ჭ-ამ სასამართლოს მიმართა 2012 წლის 10 თებერვალს, საკასაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.
2012 წლის 19 მარტს მ.ჭ-ამ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა საპროცესო ვადის აღდგენა და საქმის არსებითად განხილვა შემდეგი საფუძვლებით:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 20 თებერვლის განჩინებით უხეშად დაირღვა საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნები, ასევე საერთაშორისო სამართლის პრინციპები, რადგანაც კანონს, რომელმაც მხარის მდგომარეობა გააუარესა, მიენიჭა უკუქცევითი ძალა. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინება გამოიტანა 2011 წლის 13 დეკემბერს, რა დროსაც მოქმედებდა კანონის ნორმა, რომელიც საკასაციო საჩივრის შეტანისათვის ითვალისწინებდა ერთთვიან ვადას, აღნიშნული განმარტებულია სასამართლოს განჩინებითაც. მ.ჭ-ას სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჩაბარდა 2012 წლის 13 იანვარს და კანონით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადის დაცვით საკასაციო საჩივარი წარადგინა 2012 წლის 10 თებერვალს. იმ შემთხვევაში, თუ გასაჩივრების დროს მოქმედებადა ახალი კანონი, მოსამართლე ვალდებული იყო მხარისათვის ეცნობებინა აღნიშნულის თაობაზე, რაც სრულიად კანონიერად არ განხორციელდა, რადგანაც საპროცესო მოქმედების უფლება სხვა კანონის მოქმედების ფარგლებში წარმოიშვა. განმცხადებლის განმარტებით, მას საპროცესო ვადა არ დაურღვევია, ხოლო საკასაციო პალატის განჩინებით დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლებები.
საკასაციო სასამართლო მხარის ზემოაღნიშნული არგუმენტაციის ანალიზის საფუძველზე თვლის, რომ მ. ჭ-ას მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებებიდან, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით იმპერატიულადაა დადგენილი, რომ საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. აღნიშნული ნორმა ზოგადი ხასიათისაა და ვრცელდება ყველა ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის ამა თუ იმ საპროცესო წესის მიმართ, უფრო მეტიც, კანონმდებლის ზემოაღნული პოზიცია გამყარებულია თითოეული ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოების სპეციალურ წესებში.
რაც შეეხება საკასაციო საჩივრის წარდგენის ვადას, საკასაციო პალატა განმეორებით მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის ახალ რედაქციაზე, რომელიც 2012 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა და რომლის პირველი ნაწილის თანახმადაც, დადგენილია, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის პირველი მუხლით კი განსაზღვრულია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს. დასახელებული ნორმით კანონმდებელმა განსაზღვრა საპროცესო კანონის დროში მოქმედების პრინციპი და დაადგინა, რომ ცალკეული საპროცესო მოქმედება სრულდება ამ საპროცესო მოქმედების განხორციელების დროს მოქმედი ნორმის შესაბამისად. იმ უდავო გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინება მიიღო 2011 წლის 13 დეკემბერს, მან სწორად განმარტა იმ დროს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილი, ხოლო რადგანაც საპროცესო მოქმედება განხორციელდა ახალი კანონის მოქმედების ფარგლებში – განჩინება მხარემ ჩაიბარა 2012 წლის 13 იანვარს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის ახალი რედაქციის მოქმედების დროს, საკასაციო პალატამ სავსებით მართებულად გაავრცელა მოცემული საქმის მიმართ ახალი ნორმის მოქმედება და სწორად დატოვა განუხილველად საკასაციო საჩივარი 21-დღიანი ვადის დარღვევის გამო. საკასაციო პალატა არ იზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ კანონს უკუძალა მიანიჭა და მხარის მიმართ გამოიყენა კანონი, რომელიც მის მდგომაროებას აუარესებდა, რადგანაც არნიშნული ამავე კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თავისებურებიდან არ გამომდინარეობს. ამასთანავე, უსაფუძვლობის გამო ვერ იქნება გაზიარებული მხარის პოზიცია, რომ ახალი ნორმის მოქმედების თაობაზე ის სასამართლოს უნდა გაეფრთხილებინა, რადგანაც ასეთს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. ჭ-ას განცხადებაში მითითებული გარემოებები უსაფუძვლოა, რადგანაც, ერთი მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის აღდგენას არ ითვალისწინებს, ხოლო, მეორე მხრივ, განმცხადებელი არასწორად მიიჩნევს მის კონსტიტუციურ უფლებას დარღვეულად, რადგანაც საკასაციო სასამართლოს 2012 წლის 20 თებერვლის განჩინებით მას საპროცესო ნორმის სწორი განმარტების საფუძველზე ეთქვა უარი საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ჭ-ას განცხადება საპროცესო ვადის აღდგენისა და საქმის არსებითად განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.