Facebook Twitter

№ას-319-305-2012 22 მარტი, 2012 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ზ. მ-ის, ლ. ქ-ის, ი. ქ-ისა და ნ. თ-ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინებაზე, საქმეზე – ზ. მ-ის, ლ. ქ-ის, ი. ქ-ისა და ნ. თ-ას სარჩელის გამო, გურამ ქ-ისა და პ. ნ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, ზ. მ-ის, ლ. ქ-ის, ი. ქ-ისა და ნ. თ-ას საკასაციო საჩივარი ზ. მ-ის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 2 მარტის განჩინებით, ზ. მ-ის, ლ. ქ-ის, ი. ქ-ისა და ნ. თ-ას საკასაციო საჩივარი ლ. ქ-ის, ი. ქ-ისა და ნ. თ-ას საკასაციო პრეტენზიის ნაწილში დარჩა განუხილველად გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, ხოლო საკასაციო საჩივარს ზ. მ-ის პრეტენზიის ნაწილში დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 3818.82 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნისა და მის მიერ ბ. ბ-ის სახელზე გაცემული მინდობილობის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა მხარეს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, მაგრამ არ ჩაბარდა არასწორი ან არასრული მისამართის გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით სასმართლომ ზ.მ-ეს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაუგზავნა განმეორებით, საქმეში არსებულ დაზუსტებულ მისამართზე (ტ.II, ს.ფ.100), მაგრამ არც ამჯერად ჩაბრდა იმავე საფუძვლის მითითებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული თავისი ან მოპასუხის მისამართი არასწორი აღმოჩნდა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია სწორად მიუთითოს თავისი მისამართი. წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროცესო კოდექსი აწესებს კონკრეტულ სანქციას – სარჩელის განუხილველად დატოვების სახით. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სარჩელში, სააპელაციო საჩივარსა და საკასაციო საჩივარშიც ის მისამრთია მითითებული, რომელზეც ზ. მ-ეს ორჯერ გაეგზავნა ხარვეზის დადგენის შესახებ უზენაესი სასამართლოს განჩინება მაგრამ, არ ჩაბარდა. აღნიშნული კი იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ მხარის მიერ მითითებული მისამართი არასწორია, ეს კი თავის მხრივ საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ზემოაღნიშნული საფუძვლის გარდა, პალატა დამატებით განმარტავს, რომ ორჯერ გაგზავნის შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს, ჩაბარების თარიღად კი მეორედ გაგზავნილი შეტყობინების სასამართლოში მობრუნების თარიღი უნდა იქნეს მიჩნეული. გამომდინარე აქედან, ზ. მ-ისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარებულად ითვლება 2012 წლის 14 მარტს (ტ. II, ს.ფ. 106) და სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენაც ამ თარიღიდან იწყება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2012 წლის 15 მარტს და დასრულდა ამავე წლის 21 მარტს. აღნიშნულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის. აღნიშნული კი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კიდევ ერთი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 71-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. მ-ის, ლ. ქ-ის, ი. ქ-ისა და ნ. თ-ას საკასაციო საჩივარი ზ. მ-ის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 დეკემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.