Facebook Twitter

№ა-645-ბ-4-2012 26 მარტი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადების ავტორი – ს. ღ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ვ. გ-ი

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1-ელი დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ს. ღ-ეს ვ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4666 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ღ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის განჩინებით ს. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1-ელი დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ღ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივნისის განჩინებით ს. ღ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის განჩინებაზე განუხილველად იქნა დატოვებული ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

2011 წლის 15 აგვისტოს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ს. ღ-ემ. განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა საქმის წარმოების განახლების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

2012 წლის 15 თებერვალს ს. ღ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, მოითხოვა უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და საქმის წარმოების განახლება.

განმცხადებელმა წარმოადგინა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნა, რომლითაც განმცხადებლის მოსაზრებით, დასტურდება საფოსტო გზავნილზე მისი ხელმოწერის სიყალბე. აქედან გამომდინარე, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ დოკუმენტი, რომელსაც გასაჩივრებული განჩინება ეყრდნობა ყალბია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ გარემოებას და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, ს. ღ-ის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

მითითებული ნორმის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლში.

განსახილველ შემთხვევაში ს. ღ-ე მოითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 21 ნოემბრის განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას იმ საფუძვლით, რომ დოკუმენტი, რომელსაც ემყარება გასაჩივრებული განჩინება, ყალბია.

განმცხადებლის მიერ მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების განახლების შესაძლებლობას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მითითებული საფუძვლით დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ არასებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.

ამდენად, ზემოხსენებული ნორმა უთითებს იმ კონკრეტულ მტკიცებულებაზე, რომლითაც შეიძლება დადასტურდეს იმ დოკუმენტის სიყალბე, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება. ასეთ მტკიცებულებად მიჩნეულია მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.

განსახილველ შემთხვევაში, საფოსტო გზავნილზე ხელმოწერის სიყალბის ფაქტის დასადასტურებლად განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია ექსპერტის დასკვნა და არა სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების განახლების წინაპირობა, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’ვ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების საფუძველი. მითითებული ნორმის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

ზემოაღნიშნული ნორმით კანონმდებელი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ამასთან, კანონმდებლის მოთხოვნაა, რომ ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდეს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; და ბოლოს, მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ უნდა ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. ამდენად, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული საფუძვლები კიდეც რომ დადასტურდეს, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შეიძლება მხოლოდ ორი აუცილებელი პირობის არსებობისას: პირველი, ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და მეორე, მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე, ამასთან, თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. შესაბამისად, კანონმდებელი ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებზე მითითების შესაძლებლობაც მხარეს გააჩნდა საქმის წარმოების დასრულებამდე.

განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 16 იანვრის დასკვნას, რომლითაც, განმცხადებლის მოსაზრებით, დასტურდება საფოსტო გზავნილზე მისი ხელმოწერის სიყალბე. აღნიშნული ფაქტი, როგორც უკვე აღინიშნა, შეიძლება დადასტურდეს მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. გარდა ამისა, განმცხადებელი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ ვერ შეძლო მან ზემოთ დასახელებული მტკიცებულება (ექსპერტის დასკვნა) მოეპოვებინა საქმის განხილვის დროს და წარედგინა იგი სასამართლოსათვის. კერძოდ, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივნისის განჩინებაზე საქმის წარმოების განახლებას განმცხადებელი სწორედ იმ საფუძვლით მოითხოვდა, რომ საფოსტო გზავნილზე ხელმოწერა მას არ ეკუთვნოდა, შესაბამისად, მისთვის გასაჩივრებული განჩინების გამოტანამდე ცნობილი იყო აღნიშნული ფაქტი და, ცხადია, მას შეეძლო ექსპერტიზის დასკვნა მოეპოვებინა და სასამართლოსათვის წარედგინა საქმის წარმოების დასრულებამდე, ანუ გასაჩივრებული განჩინების მიღებამდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს ს. ღ-ის განცხადების დაკმაყოფილებისა და საქმის წარმოების განახლების პროცესუალური საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 430-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ღ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.