Facebook Twitter

№ას-272-263-2012 28 მარტი, 2012 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს სასწავლო განმავითარებელი ტექნოლოგიების რესპუბლიკური ცენტრი „შ-ი“

წარმომადგენელი – კ. ც-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. კ-ა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – დამატებითი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ზ. კ-ამ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას კ. ც-ის მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით.

საქმის განხილვისას, მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხის ვინაობა - შპს სასწავლო განმავითარებელი ტექნოლოგიების რესპუბლიკური ცენტრი „შ-ი“.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით ზ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს სასწავლო განმავითარებელი ტექნოლოგიების რესპუბლიკურ ცენტრ „შ-ს“ დაეკისრა 210 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. კ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 210 ლარის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაყოვნებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შპს სასწავლო განმავითარებელი ტექნოლოგიების რესპუბლიკურ ცენტრ „შ-ს“ მოსარჩელე ზ. კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა დაყოვნებული თანხის 0.07%, 2009 წლის 9 სექტემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

შპს სასწავლო განმავითარებელი ტექნოლოგიების რესპუბლიკური ცენტრი „შ-ის“ დირექტორმა - კ. ც-ემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა, რომლითაც ზ. კ-ას დაეკისრებოდა წარმომადგენლის მომსახურებისათვის შპს სასწავლო განმავითარებელი ტექნოლოგიების რესპუბლიკური ცენტრი „შ-ის“ მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 იანვრის განჩინებით შპს სასწავლო განმავითარებელი ტექნოლოგიების რესპუბლიკური ცენტრი „შ-ის“ დირექტორის - კ. ც-ის განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების საკითხი დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი არ არის.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება შპს სასწავლო განმავითარებელი ტექნოლოგიების რესპუბლიკური ცენტრი „შ-ის“ დირექტორმა - კ. ც-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და დამატებითი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი, რომელიც სასამართლო ხარჯებში წარმომადგენლის მომსახურების ხარჯებსაც გულისხმობს, განსხვავებით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს სასწავლო განმავითარებელი ტექნოლოგიების რესპუბლიკურ ცენტრ „შ-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მოცემულ საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი არსებობდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ:

ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა;

ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს;

გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

აღნიშნული ჩამონათვალი ამომწურავია და სასამართლო არ არის უფლებამოსილი დამატებითი გადაწყვეტილება განსხვავებული საფუძვლით გამოიტანოს.

განსახილველ შემთხვევაში, მხარის მოთხოვნა იყო წარმომადგენლის ხარჯების დაკისრებასთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს პოზიციას, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა მხოლოდ სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხზე დაიშვება. სასამართლო ხარჯების ცნების განსაზღვრისათვის სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლით.

აღნიშნული მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

ჩამოთვლილი მუხლების საფუძველზე ცხადია, რომ ადვოკატისთვის მომსახურების საფასური სასამართლოს გარეშე ხარჯებს მიეკუთვნება, ხოლო დამატებითი გადაწყვეტილების მიღება კი იმ შემთხვევაში ხდება, თუ ძირითადი გადაწყვეტილებით სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი არ გადაწყვეტილა. მხარის მიერ მითითებული საფუძვლით დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის რომელიმე სხვა დებულება ითვალისწინებს.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით უნდა ეხელმძღვანელა, რომელიც წარმომადგენლისათვის გაწეულ ხარჯებს სასამართლო ხარჯებთან ათანაბრებს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ეს მუხლი პროცესის ხარჯების გამიჯვნის განსხვავებულ წესს არ ადგენს. იგი მხოლოდ მხარის მიერ გაღებული სასამართლო და წარმომადგენლის მომსახურების ხარჯების განაწილების საკითხს აწესრიგებს. სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების განმარტება კი, 37-ე მუხლშია მოცემული, რომელიც სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს სასწავლო განმავითარებელი ტექნოლოგიების რესპუბლიკური ცენტრი „შ-ის“ დირექტორის - კ. ც-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 5 იანვრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.