Facebook Twitter

ბს-443-424(კ-05) 7 ნოემბერი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

ლანა ჭანტურიას მდივნობით

კასატორი (მოპასუხე)– სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებელი”

წარმომადგენელი: დ. ბ-ლი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)– დ. ჯ-ში

მესამე პირი – კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მუშაკთა ---ი _ არ გამოცხადდა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, განაცდურის ანაზღაურება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2004 წლის 3 აგვისტოს დ. ჯ-მა სარჩელი აღძრა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში მოპასუხე საქტელერადიომაუწყებლობის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა /იხ.ს.ფ. 2/.

საქმის გარემოებები:

მოსარჩელე 1992 წლიდან მუშაობდა თანამდებობაზე. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ასრულებდა --- გადაცემების ---ის მოვალეობას, ამზადებდა --- სხდომების ანოტაციას არქივისთვის. 2004 წლის 1 ივლისს რედაქცია გაუქმდა და მას შესთავაზეს კონტრაქტი, რაზედაც უარი განაცხადა მასში მოცემული პირობების გამო, ვინაიდან, მოსარჩელის განმარტებით, შესთავაზეს ---ა ტრანსლაციების ---ში, სადაც ტრანსლაციებს აწარმოებს ტექნიკური პერსონალი და ადგილი იქ ფიზიკურად არ იყო. კონტრაქტზე ხელის მოწერის შემთხვევაში კი კონტრაქტი ერთთვიანი ვადით შეიცვლებოდა და მისი სამსახურიდან გათავისუფლება შესაბამისობაში იქნებოდა კანონმდებლობასთან.

მოსარჩელის განმარტებით, 2004 წლის 8 ივლისს იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან იმ მოტივით, რომ მან არ მოაწერა ხელი ზემოთ მითითებულ კონტრაქტს და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა.

რაიონულ სასამართლოში სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ მისი სამსახურიდან გათავისუფლებისას დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 371-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან შტატების შემცირების შემთხვევაში აუცილებლად უნდა მომხდარიყო შეთანხმება პროფკავშირთან. ასევე, არ არის გათვალისწინებული პრეზიდენტის განკარგულება, რომლის შესაბამისადაც, სპეციალური კომისიის რეკომენდაციები უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. გათავისუფლების შემდეგ უნდა მომხდარიყო ახალი სამუშაოს შეთავაზება. კონტრაქტი ახალი სამუშაოს შეთავაზებით დათარიღებულია 29 ივნისით, ხოლო ბრძანება დათარიღებულია 8 ივლისით. შრომის წიგნაკის ასლი მიუთითებს, რომ მოსარჩელე გათავისუფლდა საკუთარი განცხადების საფუძველზე. შეთავაზებულ კონტრაქტში კი არ არის აღნიშნული ტელევიზიის სპეციფიკა, რომ ტელევიზია არის მაღალი რადიაციის წარმოება, რომ ამისთვის საჭიროა განსაკუთრებული კვება და ერთი საათით ნაკლები სამუშაო დღე. მოსარჩელის განმარტებით, --- საარქივო ჩანაწერები ისევ გრძელდება, რის გამოც, მოპასუხეს მისი სამსახურიდან გათავისუფლების არანაირი საფუძველი არ გააჩნდა /იხ.ს.ფ. 32, სხდომის ოქმი/.

მოპასუხემ – საქტელერადიომაუწყებლობის წარმომადგნელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 22 მარტის ¹-- განკარგულებით ქვეყანაში რეალურად დაიწყო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქტელერადიომაუწყებლობის დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებლობად გარდაქმის პროცესი. მითითებული განკარგულების საფუძველზე, 2004 წლის 23 მარტს, მიღებულ იქნა სსიპ საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის თავმჯდომარის ბრძანება ¹-- სსიპ საქართველოს ტელევიზიასა და რადიომაუწყებლობაში რეორგანიზაციის, სტრუქტურული ცვლილებებისა და სხვა ღონისძიებათა განხორციელების შესახებ. მოპასუხის მითითებით, აღნიშნული ბრძანების შესახებ ეცნობათ სსიპ საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის მუშაკებს, მათ შორის - მოსარჩელესაც.

მოპასუხის განმარტებით, მოგვიანებით მოსარჩელეს წარუდგინეს ახალი შრომითი კონტრაქტი, რომელიც მუშაკს უწესებდა შრომითი საქმიანობის ახალ პირობებს, კერძოდ: უვადო შრომითი საკონტრაქტო ურთიერთობიდან მუშაკი გადავიდა ვადიან შრომით კონტრაქტზე, ახალი კონტრაქტი ითვალისწინებდა მომატებულ ანაზღაურებას, განისაზღვრა ასევე მისი უფლებები და მოვალეობები ადმინისტრაციის წინაშე. მოსარჩელეს განემარტა, რომ თუ იგი თანახმა არ იქნებოდა გაეგრძელებინა მუშაობა ახალ შრომით პირობებში, ადმინისტრაცია უფლებამოსილი იყო, შეეწყვიტა მასთან შრომითი ურთიერთობა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

დ. ჯ-შს 1992 წლიდან ეკავა ---ის თანამდებობა სსიპ “საქტელერადიომაუწყებლობაში” და ასრულებდა ---ის მოვალეობას, ამზადებდა ---ის ანოტაციას არქივისათვის. 2004 წლის 1 ივლისს აღნიშნული რედაქცია გაუქმდა და მას შესთავაზეს კონტრაქტი, რომელზეც ხელი არ მოაწერა მასში აღნიშნული პირობების გამო, რის თაობაზეც 2004 წლის 6 ივლისს შედგა სათანადო აქტი. 2004 წლის 8 ივლისს დ. ჯ-ში გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.

რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი არეგულირებს სამუშაოზე დარჩენის უპირატეს უფლებას და მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც მუშაკთა რიცხოვნობა და შტატები მცირდება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ დასტურდება. ამავე კოდექსის 37-ე მუხლი კი არეგულირებს შემთხვევას, როცა ხელშეკრულების მოშლა ხდება ადმინისტრაციის ინიციატივით, რა დროსაც საჭიროა პროფკავშირის თანხმობა, ხოლო 34-ე მუხლი განსაზღვრავს ჩამონათვალს თუ რა შემთხვევაში ხდება კონტრაქტის შეწყვეტა. რაიონული სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელე დ. ჯ-ში გათავისუფლებულია სამსახურიდან შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტით, რაც პროფკავშირის თანხმობას არ საჭიროებს /იხ.ს.ფ. 39-40/.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ჯ-მა, რომლითაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:

არამართებული იყო რაიონული სასამართლოს მითითება, რომ კონტრაქტი ითვალისწინებდა მომატებულ ხელფასს, რეორგანიზაციის თაობაზე ბრძანება ითხოვდა შრომის კანონმდებლობის დაცვას, რაც მოპასუხე ორგანიზაციის მიერ არ ყოფილა დაცული და იგი სამსახურიდან გაათავისუფლა პროფკავშირთან შეთანხმების გარეშე. აპელანტის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ მას ასევე უკანონოდ დააკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ამასთან, რაიონულ სასამართლოს არ გამოუკვლევია ის გარემოება, რომ მოსარჩელის გათავისუფლების დროს დარღვეულ იქნა შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნები /იხ.ს.ფ. 43-44/

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დ. ჯ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა /იხ.ს.ფ. 73-78/.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 20 ივლისის განჩინებით, დ. ჯ-ის საკასაციო საჩივარის საფუძველზე, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს /იხ.ს.ფ. 92-98/.

სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის თავმდჯომარის 2004 წლის 8 ივლისის ბრძანება დ. ჯ-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ; სსიპ “საზოგადოებრივ მაუწყებელს” დ. ჯ-ის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2004 წლის 8 ივლისიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ხოლო დ. ჯ-ის სარჩელი სამუშაოზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

“სსიპ საქართველოს ტელევიზიასა და რადიომაუწყებლობაში რეორგანიზაციის განხორციელების შესახებ” საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ “საქტელერადიომაუწყებლობის” ---ის 2004 წლის 23 მარტის ბრძანებით დადგინდა შრომის არსებითი პირობების შეცვლა, რაც გამოიხატა განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულებიდან ერთთვიანი ვადით დადებულ კონტრაქტის სისტემაზე გადასვლაზე. მოსარჩელემ უარი განაცხადა შრომის ახალ საკონტრაქტო პირობებზე გადასვლაზე. დ. ჯ-ში თანამდებობიდან გათავისუფლდა 2000 წლის 8 ივლისს, გაფრთხილებიდან ერთ თვით ადრე. სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ---ის 2005 წლის 15 დეკემბრის წერილის თანახმად, “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მთელი კოლექტივი გადასულია ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულებებით მუშაობის სისტემაზე.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შრომითი ხელშეკრულების ვადა თავისი ბუნებით მის არსებით პირობას განეკუთვნება, რადგან მასზეა დამოკიდებული ხელშეკრულების მხარეთა შორის არსებული ყველა უფლება-მოვალეობის არსებობა. შეიცვალა რა “საქტელერადიომაუწყებლობის” მუშაკებთან, მათ შორის, დ. ჯ-თან დადებული შრომის ხელშეკრულების ვადა, ამით არსებითად შეიცვალა მისი შრომის პირობები. შრომის კანონთა კოდექსის 26.3. მუხლში შრომის არსებითი პირობების კონკრეტულ ჩამონათვალში ვადა არ იყო მითითებული, მაგრამ ეს უკანასკნელი მხოლოდ პირობითი და არა ამომწურავი ხასიათის იყო, შესაბამისად, მოცემულ ურთიერთობაზე ვრცელდებოდა შრომის კანონთა კოდექსის 26.3. მუხლის მოქმედება.

სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, შრომის კანონთა კოდექსის 26.4. მუხლის თანახმად, ადმინისტრაციას გააჩნდა დ. ჯ-თან განუსაზღვრელი ვადით დადებული შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. ამასთან, “საქტელერადიომაუწყებლობის” მიერ დაირღვა დასახელებული საფუძვლით მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების კანონით დადგენილი პროცედურა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შრომის კანონთა კოდექსის 30.4. მუხლის შესაბამისად, შრომის არსებითი პირობების მოსალოდნელი შეცვლის შესახებ დ. ჯ-ში გაფრთხილებული იყო ორი თვით ადრე, მაგრამ მოპასუხემ არ დაიცვა შრომის კანონთა კოდექსის 422 მუხლის მოთხოვნები _ გათავისუფლების თაობაზე მუშაკის წინასწარი გაფრთხილების ერთთვიანი ვადა, რამდენადაც საქმეში არსებული მოსარჩელის გაფრთხილების ხელწერილი დაუთარიღებელია.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ უკანონოდ მიაჩნია რა გასაჩივრებული აქტი, სასამართლო ამავე დროს მოკლებული იყო პირვანდელ თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის შესაძლებლობას, ვინაიდან სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სტრუქტურაში დ. ჯ-ის თანამდებობა-ტრანსლაციების რედაქციის რედაქტორი არ არსებობდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლი და განმარტა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა წარმოადგენდა მოსარჩელისათვის ბრძანების გამოცემის დღიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე საშუალო თვიური ხელფასის ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველს /იხ.ს.ფ. 198-202/.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ “საზოგადოებრივმა მაუწყებელმა”, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება /სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში/ და ამ ნაწილში საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 208-212/.

კასაციის მიზეზი:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 42.2 მუხლი, რამდენადაც დ. ჯ-ში სამსახურიდან გათავისუფლდა შრომის კანონთა კოდექსის 30.1. მუხლის “ვ” პუნქტის საფუძველზე, ამ შემთხვევაში კი შრომის კანონთა კოდექსის 422 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება. მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ერთი თვით ადრე მუშაკის გაფრთხილების ვალდებულება ადმინისტრაციას მხოლოდ მაშინ ეკისრება, თუ შრომის ხელშეკრულება წყდება ადმინისტრაციის ინიციატივით, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში დ. ჯ-ში სამსახურიდან გათავისუფლებულია შრომის ახალ პირობებში მუშაობის გაგრძელებაზე უარის თქმის გამო, რაც შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის დამოუკიდებელ საფუძველს წარმოადგენს. საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 20 ივლისის განჩინება, რომლითაც საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს, არ ავალდებულებდა სასამართლოს, გამოეკვლია იყო თუ არა მოსარჩელე გაფრთხილებული მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ შრომის კანონთა კოდექსის 42.2. მუხლის საფუძველზე, შესაბამისად, მითითებულ ნორმას არ აქვს სამართლებრივი კავშირი კონკრეტულ დავასთან.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულია სსსკ-ის 377.1. მუხლის მოთხოვნები, რამდენადაც დ. ჯ-ში შრომის კანონთა კოდექსის 42.2. მუხლზე სარჩელის მოთხოვნას არ აფუძნებდა, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი აქვს საპროცესო დარღვევას.

სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად განმარტა შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლი, არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე, 249.4. მუხლები, რამდენადაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა რა დ. ჯ-ის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენასთან დაკავშირებით, ასევე არ უნდა დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო.

საკასაციო სასამართლოს 2006 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის გ) პუნქტის საფუძველზე სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად /პროცესუალური კასაცია/.

საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე კასატორმა სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” წარმომადგენელმა მხარის დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება /იხ.ს.ფ. 251, სხდომის ოქმი/.

მოწინააღმდეგე მხარემ _ დ. ჯ-მა არ ცნო სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა /იხ.ს.ფ. 251, სხდომის ოქმი/.

კასატორის სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა მხოლოდ დ. ჯ-ის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, ხოლო გადაწყვეტილება დ. ჯ-ის სამუშაოზე აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, შესაბამისად შესულია კანონიერ ძალაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების დასაბუთებულობა _ საფუძვლიანობის, საკასაციო საჩივრის სასამართლო სხდომაზე განხილვისა და სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, სწორი შეფასება არ მიეცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასრულად, სწორად არ იქნა საქმის მასალები გამოკვლეული და დადგენილი ფაქტები. სადავო სამართალურთიერთობას სწორად არ შეეფარდა კანონის ნორმები. ამასთან, გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია.

სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, რამდენადაც როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ “საქტელერადიომაუწყებლობის” მიერ დ. ჯ-ის სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაირღვა მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლების კანონით დადგენილი პროცედურა, რამდენადაც შრომის კანონთა კოდექსის 30.4. მუხლის შესაბამისად, შრომის არსებითი პირობების მოსალოდნელი შეცვლის შესახებ დ. ჯ-ში გაფრთხილებული იყო ორი თვით ადრე, მაგრამ მოპასუხემ არ დაიცვა შრომის კანონთა კოდექსის 422 მუხლის მოთხოვნები _ გათავისუფლების თაობაზე მუშაკის წინასწარი გაფრთხილების ერთთვიანი ვადა, რადგან საქმეში არსებული მოსარჩელის გაფრთხილების ხელწერილი დაუთარიღებელია, ხოლო მასზე თანდართულ, შრომის ხელშეკრულებაზე აღნიშნულია 25 ივნისი, იგულისხმებოდა, რომ დ. ჯ-ში ადრე ვერ იქნებოდა გაფრთხილებული.

საკასაციო სასამართლო შრომის კანონთა კოდექსის 26.3. მუხლის საფუძველზე განმარტავს, წარმოებისა და შრომის ორგანიზაციაში ცვლილებებთან დაკავშირებით დასაშვებია შრომის არსებითი პირობების შეცვლა იმავე სპეციალობით, კვალიფიკაციით ან იმავე თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებისას. შრომის არსებითი პირობების _ შრომის ანაზღაურების სისტემისა და ოდენობის, შეღავათების, მუშაობის რეჟიმის შეცვლის, არასრული სამუშაო დროის დაწესების ან გაუქმების, პროფესიების შეთავსების, თანრიგებისა და თანამდებობათა დასახელების შეცვლისა და სხვ. შესახებ მუშაკებს უნდა აცნობონ არა უგვიანეს ორი თვისა. ამავე ნორმის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ ადრინდელი შრომის არსებითი პირობები არ შეიძლება შენარჩუნებულ იქნეს, ხოლო მუშაკი თანახმა არ არის გააგრძელოს მუშაობა ახალ პირობებში, შრომის ხელშეკრულება შეწყდება ამავე კოდექსის 30.3. პუნქტით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომის კანონთა კოდექსის 26.4 მუხლის შესაბამისად, მუშაკის სამსახურიდან დათხოვნა 30-ე მუხლის “ვ" პუნქტის საფუძველზე დასაშვებია, თუ შეუძლებელია შენარჩუნდეს ადრინდელი შრომის არსებითი პირობები, ხოლო მუშაკი თანახმა არ არის გააგრძელოს მუშაობა ახალ პირობებში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი არსებითი პირობების შეცვლას უკავშირებს იმავე სპეციალობით, კვალიფიკაციით ან იმავე თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელებას. რაც შეეხება არსებითი პირობების ისეთ შეცვლაზე, რასაც თან სდევს ანაზღაურების სისტემისა და ოდენობის, მუშაობის რეჟიმისა და სხვა ხასიათის ცვლილებები, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საჭიროა მუშაკს ეცნობოს არა უგვიანეს ორი თვისა.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 42.2 მუხლი, რამდენადაც დ. ჯ-ში სამსახურიდან გათავისუფლდა შრომის კანონთა კოდექსის 30.1. მუხლის “ვ” პუნქტის საფუძველზე, ამ შემთხვევაში კი შრომის კანონთა კოდექსის 422 მუხლის მოქმედება არ ვრცელდება.

“შრომის კანონთა კოდექსის 422.1. მუხლის მიხედვით მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ მუშაკს პერსონალურად უნდა ეცნობოს ერთი თვით ადრე მაინც. აღნიშნული შეტყობინება მუშაკმა უნდა დაადასტუროს ხელმოწერით.

ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმით მუშაკის წინასწარი გაფრთხილების წესი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ვრცელდება იმ შემთხვევებში, როცა მუშაკი თავისუფლდება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტის, მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში კი სულ სხვა სამართალურთიერთობაა სახეზე, კერძოდ, შრომითი ხელშეკრულების /კონტრაქტის/ შეწყვეტის გზით მუშაკის სამუშაოდან გათავისუფლება, შრომით კონტრაქტზე /ახალ პირობებზე/ მუშაკის მიერ უარის თქმის გამო, მით უფრო, რომ დ. ჯ-ში სარჩელს არ აფუძნებდა იმ გარემოებას, რომ მისი გათავისუფლების დროს ადმინისტრაციის მიერ დარღვეულია შრომის კანონთა კოდექსის 422.1. მუხლის მოთხოვნები _ სამუშაოდან გათავისუფლებისას წინასწარი გაფრთხილების ერთთვიანი ვადის შესახებ.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს სარჩელის საფუძვლიანობაზე დ. ჯ-ის მიერ მითითებული ფატობრივი და სამართლებრივი საფუძვლების ფარგლებში, რამდენადაც სარჩელი /დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალება/ შედგება, როგორც სამართლებრივი, აგრეთვე ფაქტობრივი საფუძვლისაგან, ამასთან სარჩელის საფუძველი არის ის ფაქტები, რომელთა არსებობა განაპირობებს მოთხოვნის საფუძვლიანობას და რომლებსაც მატერიალური სამართლის ნორმა უკავშირებს სადავო სამართალურთიერთობის სუბიექტების უფლება-მოვალებების წარმოშობას, შეცვლას და შეწყვეტას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა გამოიკვლიოს შრომის კანონთა კოდექსით დადგენილი რომელი პროცედურები დაირღვა დ. ჯ-ის გათავისუფლების დროს, რამდენადაც დ. ჯ-ში სამსახურიდან გათავისუფლდა შრომის კანონთა კოდექსის 30.1. მუხლის “ვ” პუნქტის საფუძველზე, შრომის ახალ პირობებში მუშაობის გაგრძელებაზე უარის თქმის გამო, ამგვარ ვითარებაში კი მუშაკის გათავისუფლების თაობაზე წინასწარი გაფრთხილების ვადად, შრომის კანონთა კოდექსის 26.3. მუხლის თანახმად დადგენილია ორი თვე, მაშინ, როცა სააპელაციო სასამართლოს დასკვნით დ. ჯ-ის გათავისუფლების დროს ადმინისტრაციას არ დაუცავს შრომის კანონთა კოდექსის 422 მუხლით დადგენილი წინასწარი გაფრთხილების ერთთვიანი ვადა.

საკასაციო სასამართლო ევროპის სოციალური ქარტიის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის ¹-- დადგენილებით,) 4.4. მუხლის საფუძველზე (საქართველო სავალდებულო შესასრულებლად აღიარებს მითითებულ პუნქტში ევროპის სოციალური ქარტიით დადგენილ მოთხოვნებს) განმარტავს, რომ დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში თითოეული მუშაკისათვის აღიარებულია შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსალოდნელი გათავისუფლების თაობაზე წინასწარი შეტყობინების /გაფრთხილების/ ვალდებულება ადმინისტრაციის მხრიდან, წარმოადგენს მუშაკის კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ გარანტიას, მომზადებული შეხვდეს სამუშაოდან გათავისუფლების ფაქტს, რომ ეს არ იყოს მისთვის მოულოდნელი.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ, ვინაიდან სასამართლო მოკლებული იყო პირვანდელ თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენის შესაძლებლობას, სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სტრუქტურაში დ. ჯ-ის თანამდებობა-ტრანსლაციების რედაქციის რედაქტორის არარსებობის გამო შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა წარმოადგენდა მოსარჩელისათვის ბრძანების გამოცემის დღიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე საშუალო თვიური ხელფასის ოდენობით იძულებითი განაცდურის ანაზღაურების საფუძველს.

საკასაციო სასამართლო შრომის კანონთა კოდექსის 207.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილ და წინანდელ სამუშაოზე აღდგენილ მუშას ან მოსამსახურეს სასამართლოს გადაწყვეტილებით აუნაზღაურდება იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმდროისათვის მოქმედი შრომის კანონმდებლობა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას პირდაპირ უკავშირებს მუშაკის სამუშაოზე აღდგენას, როგორც სამართლიან კომპენსაციას, შრომითი საქმიანობიდან იძულებითი მოწყვეტის იურიდიულ შედეგს. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნის _ სამუშაოზე აღდგენის დაუკმაყოფილებლობა გამორიცხავს თანამდევი იურიდიული შედეგის _ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკმაყოფილებას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერების დადგენის შემდეგ, რამდენადაც შრომის კანონთა კოდექსის 207-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასი ანაზღაურდება სამუშაოდან უკანონო გათავისუფლებისა და წინანდელ სამუშაოზე აღდგენის შემთხვევაში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. შესაბამისად, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით, კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.