Facebook Twitter

№ას-1332-1350-2011 12 მარტი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – სს „ს. კ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. მ-ი

განმცხადებლის მოთხოვნა – უფლებამონაცვლედ ცნობა

დავის საგანი _ აუცილებელი გზა, ხელშეშლის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ს. კ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

1. მ. მ-ის საკუთრებაში არსებულ, ლანჩხუთის რაიონის სოფელ შ-ში მდებარე 4001.00კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთთან მიმართებით აღიარებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე, 247-ე და 248-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები (აუცილებელი გზის და სერვიტუტის უფლება);

ნება დაერთო მოსარჩელეს _ შპს „ს. კ-ას“ გამოიყენოს მოპასუხე მ. მ-ის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მიზნით, მათ შორის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, მოპასუხისათვის შეთავაზებული პირობების შესაბამისად;

2. მოპასუხე მ. მ-ს აღეკვეთა ლანჩხუთის რაიონის სოფელ შ-ში მდებარე 4001.00კვ.მ ფართის მქონე, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით შპს „ს. კ-ის“ მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მიზნით განხორციელებულ სარგებლობაში ნებისმიერი ხელის შეშლა;

3. მიწის ნაკვეთზე შპს „ს. კ-ის“ უფლებების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სამსახურში დაუყოვნებლივი რეგისტრაციის უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა შპს „ს. კ-ისათვის“ ნების დართვას აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით გამოეყენებინა მ. მ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მოპასუხისათვის შეთავაზებული პირობების სანაცვლოდ, ასევე მოპასუხის მიმართ ხსენებულ მიწის ნაკვეთზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე, 247-ე და 248-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებების აღიარებას მოსარჩელის სასარგებლოდ _ ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მიზნით, მათ შორის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად;

4. მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოპასუხის მიერ მისთვის მიყენებული ზიანის (34117.85 აშშ დოლარი) ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. კ-ამ“. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისრებოდა ზიანის ანაზღაურება 34117.85 აშშ დოლარის ოდენობით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივლისის განჩინებით შპს „ს. კ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს. კ-ამ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით აღნიშნულ საქმეში კასატორის _ შპს „ს. კ-ის“ უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა სს „ს. კ-ა“, ამავე განჩინებით სს „ს. კ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სს „ს. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

2011 წლის 30 დეკემბერს სს „კ-ამ“ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და განმარტა, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით კ-ას მ.მ-ის მიწის ნაკვეთზე მიენიჭა აუცილებელი გზისა და სერვიტუტის უფლება და ნება დაერთო გამოეყენებინა ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მიზნით, მოპასუხისათვის შეთავაზებული პირობების შესაბამისად. განმცხადებელი განმარტავს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს VII სალიცენზიო ფართობზე, ხოლო კ-ას აღნიშნულ ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა დროებით, ამ სალიცენზიო ფართობზე სახელმწიფოს მიერ ახალი ინვესტორის გამოვლენისა და მასთან გაფორმებული ახალი ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე. სალიცენზიო ფართობზე ტენდერის ჩატარების შედეგად გამარჯვებულად გამოვლინდა ინვესტორი კომპანია „ვექტრა ინესტმენტს Pპრივატე ლტდ“, რომელთანაც პროდუქციის წილობრივი განსაზღვრის ხელშეკრულება გაფორმდა 2011 წლის 10 ნოემბერს, „ვექტრა ინესტმენტს Pპრივატე ლტდ-ემ“ დააფუძნა საოპერაციო კომპანია შპს „ვ.ჯ-ა“, რომელსაც განზრახული აქვს VII სალიცენზიო ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოება დაიწყოს 2012 წლის პირველი იანვრიდან. აღნიშნული დროიდან სს „კ-ას“ შეუწყდება ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების უფლებამოსილება და იგი მიენიჭება შპს „ვ.ჯ-ას“, რის გამოც აუცილებელი იქნება მ.მ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთითა და სერვიტუტისა და აუცილებელი გზის უფლებებით სარგებლობის უფლებამოსილება მიენიჭოს შპს „ვ.ჯ-ას“. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს „ს. კ-ა“ ითხოვს, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილ სამართლებრივ ურთიერთობებში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ელი, მე-2 და მე-3 პუნქტების ნაწილში) 2012 წლის პირველი იანვრიდან სს „ს. კ-ის“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნეს შპს „ვ.ჯ-ა“.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო სს „ს. კ-ის“ განცხადებას და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს „ს. კ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:

1. მ. მ-ის საკუთრებაში არსებულ, ლანჩხუთის რაიონის სოფელ შ-ში მდებარე 4001.00კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთთან მიმართებით აღიარებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე, 247-ე და 248-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებები (აუცილებელი გზის და სერვიტუტის უფლება);

ნება დაერთო მოსარჩელეს _ შპს „ს. კ-ას“ გამოიყენოს მოპასუხე მ. მ-ის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მიზნით, მათ შორის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, მოპასუხისათვის შეთავაზებული პირობების შესაბამისად;

2. მოპასუხე მ. მ-ს აღეკვეთა ლანჩხუთის რაიონის სოფელ შ-ში მდებარე 4001.00კვ.მ ფართის მქონე, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით შპს „ს. კ-ის“ მიერ ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მიზნით განხორციელებულ სარგებლობაში ნებისმიერი ხელის შეშლა;

3. მიწის ნაკვეთზე შპს „ს. კ-ის“ უფლებების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სამსახურში დაუყოვნებლივი რეგისტრაციის უზრუნველყოფის მიზნით, გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა შპს „ს. კ-ისათვის“ ნების დართვას აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით გამოეყენებინა მ. მ-ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მოპასუხისათვის შეთავაზებული პირობების სანაცვლოდ, ასევე მოპასუხის მიმართ ხსენებულ მიწის ნაკვეთზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე, 247-ე და 248-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებების აღიარებას მოსარჩელის სასარგებლოდ _ ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მიზნით, მათ შორის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად;

4. მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოპასუხის მიერ მისთვის მიყენებული ზიანის (34117.85 აშშ დოლარი) ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სს „ს. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.

წარმოდგენილი განცხადებით სს „ს. კ-ა“ მოთხოვს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით დადგენილ სამართლებრივ ურთიერთობებში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ელი, მე-2 და მე-3 პუნქტების ნაწილში) სს „ს. კ-ის“ უფლებამონაცვლედ შპს „ვ.ჯ-ას“ ცნობას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მიხედვით, უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე, მათ შორის, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მის აღსრულებამდე. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე უფლებამონაცვლეობის საკითხს განიხილავს ის სასამართლო, რომლის წარმოებაშიცაა საქმე, ხოლო, თუ უფლებამონაცვლეობა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ წარმოიშვა, მაშინ ეს საკითხი უნდა განიხილოს გადაწყვეტილების გამომტანმა სასამართლომ. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შინაარსიდან, რომლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანდოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.

განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი - სს „ს. კ-ა“ მის უფლებამონაცვლედ შპს „ვ.ჯ-ას“ ცნობას მოითხოვს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1-ელი, მე-2 და მე-3 პუნქტების ნაწილში, რომელიც მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და კანონიერ ძალაშია შესული. შესაბამისად, გადაწყვეტილების ამ ნაწილით დადგენილ სამართლებრივ ურთიერთობაში ერთ-ერთი მხარის უფლებამონაცვლეობის საკითხი უნდა განიხილოს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ს. კ-ის“ განცხადება დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს (186.1 მუხლის ’’ე’’ ქვეპუნქტი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე, 399-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს. კ-ის“ განცხადება დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.