№ას-323-309-2012 26 მარტი, 2012 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ლ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ა-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 2 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ი. ა-მა მოპასუხე ლ. კ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 100000 აშშ დოლარის დაკისრება (ტომი 1, ს.ფ. 1-9).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ლ. კ-ეს ი. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 100000 აშშ დოლარის გადახდა (ტომი 1, ს.ფ. 120-124).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. კ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება (ტომი 1, ს.ფ. 131-141).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 თებერვლის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო (ტომი 2, ს.ფ. 34-36).
სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 10 თებერვლის განჩინება ლ. კ-ემ გაასაჩივრა კერძო საჩივრით და მოითხოვა მისი გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ იგი არის პენსიონერი, შემოსავლის სხვა წყარო არ გააჩნია, სახელმწიფო ბაჟის ნაწილი თანხა – 450 ლარი, მან მოიძია სესხის სახით და გადაიხადა, დარჩენილი თანხის (4550 ლარის) გადახდას აპირებს კვლავ სესხის სახით მოძიებული თანხით. სწორედ ამ მიზნით ითხოვდა და ითხოვს იგი საპროცესო ვადის გაგრძელებას, რაც საშუალებას მისცემს დაიცვას საკუთარი უფლებები მოწინააღმდეგე მხარის ხელყოფისაგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი შუამდგომლობს სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე (ტომი 2, ს.ფ. 39).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. კ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 თებერვლის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. მითითებული ხარვეზის აღმოსაფხვრელად აპელანტს დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინა სახელმწიფო ბაჟის (5000 ლარის) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავდროულად, სასამართლომ აპელანტს განუმარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუსვებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად. აღნიშნულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ აპელანტის შუამდგომლობაზე და მიიჩნია, რომ არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი, რამდენადაც შუამდგომლობის ავტორს არ წარუდგენია მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც სასამართლო იმსჯელებდა სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შეღავათების გავრცელების შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 3-5).
2011 წლის 1 დეკემბერს აპელანტმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და იშუამდგომლა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელების თაობაზე, ამასთან, სასამართლოს წარუდგინა 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (ტომი 2, ს.ფ. 7).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 დეკემბრის, 29 დეკემბრის, 2012 წლის 25 იანვრის განჩინებებით ლ. კ-ეს სამჯერ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა (ტომი 2, ს.ფ. 10-12, 20-22, 28-30).
2012 წლის 6 თებერვალს აპელანტმა ახალი განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის საქმის განხილვის დაწყებამდე გაგრძელების შესახებ. მითითებული შუამდგომლობა მოტივირებულია იმით, რომ ამ ეტაპზე აპელანტისათვის შეუძლებელი აღმოჩნდა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად სესხის აღება, ის არის პენსიონერი და სხვა არანაირი დამოუკიდებელი შემოსავალი არ გააჩნია (ტომი 2, ს.ფ. 32).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 თებერვლის განჩინებით ლ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ აპელანტის 2012 წლის 6 თებერვლის შუამდგომლობაზე და მიიჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან 2011 წლის 18 ნოემბრის განჩინებით აპელანტს ერთხელ უკვე ეთქვა უარი სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე, ხოლო მოცემულ შემთხვევაში მას წარდგენილი არ ჰქონდა უტყუარი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც სასამართლო იმსჯელებდა სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით შეღავათების გავრცელების თაობაზე (ტომი 2, ს.ფ. 34-36)
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა შუამდგომლობაში მის მიერ მითითებული გარემოებები და გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკითხს იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი სასამართლოს მიერ მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, პასუხობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეს არ წარუდგენია უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობას. აღნიშნულს იზიარებს საკასაციო სასამართლოც, ვინაიდან აპელანტს მისი გადახდისუუნარობის დასადასტურებლად წარდგენილი ჰქონდა ერთადერთი მტკიცებულება – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრის 22.12.2011წ. ცნობა, რომლის თანახმად, ლ. კ-ე იღებს ასაკის საფუძვლით დანიშნულ პენსიას 100 ლარის ოდენობით (ტომი 2, ს.ფ. 19). დასახელებული ცნობა ვერ ჩაითვლება მხარის გადახდისუუნარობის დამასაბუთებელ უტყუარ მტკიცებულებად, ვინაიდან იგი სრულად არ ასახავს მის ქონებრივ მდგომარეობას და არ გამორიცხავს შემოსავლის სხვა წყაროს არსებობის შესაძლებლობას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად უთხრა უარი აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და მართებულად დატოვა განუხილველად მისი სააპელაციო საჩივარი.
ამდენად, ლ. კ-ის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 10 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.