Facebook Twitter

№ას-393-372-2012 30 მარტი, 2012 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ი-ა“

მოწინააღმდეგე მხარე– ზ. მ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 14 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ზ. მ-მა მოპასუხე შპს „ი-ას“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა, რომ მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა: სესხის ძირითადი თანხა – 700000 ლარი, სესხისათვის გათვალისწინებული პროცენტი – 140000 ლარი, აგრეთვე, ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 100800 ლარის ოდენობით (ტომი 1, ს.ფ. 1-12).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „ი-ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 252141.23 ლარის გადახდა (ტომი 1, ს.ფ. 331-337).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში შპს „ი-ამ“ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება (ტომი 2, ს.ფ. 4-13).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 დეკემბრის განჩინებით შპს „ი-ას“ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტს ჩაბარდა 2011 წლის 2 ნოემბერს. მისთვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369.1 მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 3 ნოემბერს და ამავე კოდექსის 61.2 მუხლის შესაბამისად ამოიწურა 2011 წლის 16 ნოემბერს. აქედან გამომდინარე, აპელანტს გასაჩივრების უფლება ჰქონდა 2011 წლის 16 ნოემბრის ჩათვლით.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ შპს „ი-ას“ გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია კანონით დადგენილ ვადაში. საქმის მასალების თანახმად, აპელანტმა სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით გააგზავნა 2011 წლის 17 ნოემბერს, ე.ი. გასაჩივრების ვადის დარღვევით (გასაჩივრების ბოლო დღე იყო 2011 წლის 16 ნოემბერი ).

ზემომითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3, 59-ე, 63-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა (ტომი 2, ს.ფ. 26-27).

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 9 დეკემბრის განჩინება შპს „ი-ამ“ გაასაჩივრა კერძო საჩივრით და მოითხოვა მისი გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტს არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, დასახელებული გადაწყვეტილება ჩაიბარა შპს „ი-ას“ ბუღალტერმა და ჩაბარება დაადასტურა შპს „ი-ას“ ბეჭდით.

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ბუღალტერი არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ უფლებამოსილ პირს. რაც შეეხება ჩაბარების დასტურზე შპს „ი-ას“ ბეჭდის არსებობას, საჩივრის ავტორის განმარტებით, მ. -ე სარგებლობდა ორგანიზაციის ბეჭდით მხოლოდ საგადასახადო დოკუმენტაციის საწარმოებლად და მას არ ჰქონდა მინიჭებული ბეჭდის სხვა დანიშნულებით გამოყენების უფლება. გზავნილის ჩაბარების მომენტში მ. -ე იმყოფებოდა შპს „ი-ას“ დირექტორის ალტერნატიულ სამუშაო ადგილას საგადასახადო დოკუმენტაციის საწარმოებლად, რა დროსაც მან გამოიყენა სწორედ ამ დოკუმენტაციისათვის განკუთვნილი ბეჭედი.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შესახებ აპელანტისათვის ცნობილი გახდა 2011 წლის 17 ნოემბერს, როდესაც შპს „ი-ას“ დირექტორმა იგი შემთხვევით იპოვა სხვადასხვა ძველ დოკუმენტებს შორის. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა იმავე დღეს ფოსტის მეშვეობით, ამიტომ მას გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია (ტომი 2, ს.ფ. 52-54).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ი-ას“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 დეკემბრის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით მოწესრიგებულია ორგანიზაციისათვის უწყების ჩაბარების საკითხი, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ უწყების ჩაბარება ორგანიზაციის კანცელარიის ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურული ერთეულის ანდა პირისათვის, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის, ნიშნავს უწყების ჩაბარებას ორგანიზაციისათვის.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არაა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი 2011 წლის 2 ნოემბერს ჩაბარდა შპს „ი-ას“ თანამშრომელს (ბუღალტერს) მ. -ეს. აღნიშნული გარემოება დასტურდება გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე მისი მიმღები პირის (მ.-ის) ხელმოწერით და შპს „ი-ას“ ბეჭდით. ადრესატისათვის გზავნილის ჩაბარება დადასტურებულია ასევე ამავე ბარათზე ფოსტის კურიერის ხელმოწერით (ტომი 1, ს.ფ. 340). საქმის მასალებით უდავოდ დგინდება ისიც, რომ აპელანტს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა შესაგებელში მის მიერ მითითებულ სამუშაო ადგილის მისამართზე: ქ.თბილისში, წ-ის ქ.№114-ში (ტომი 1, ს.ფ. 164-175, 339).

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ბუღალტერი არ წარმოადგენს სასამართლო გზავნილის ჩაბარებაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ უფლებამოსილ პირს.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მსჯელობას, ვინაიდან უდავოა, რომ შპს „ი-ას“ თანამშრომელმა (ბუღალტერმა) ფოსტის კურიერისგან პრეტენზიის გარეშე ჩაიბარა სასამართლო გზავნილი, რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით და ორგანიზაციის ბეჭდით. აღნიშნული კი იმას ადასტურებს, რომ სასამართლო გზავნილი ჩაიბარა სწორედ შპს „ი-ას“ უფლებამოსილმა პირმა. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კერძო საჩივრის ავტორს ეკისრებოდა, რაც მან ვერ შეძლო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ი-ას“ კანონის მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა მის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი, ამიტომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა შპს „ი-ას“ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, ვინაიდან საჩივარი შეტანილია კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის ‘’ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ შპს „ი-ას“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ი-ას“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.