ას-1579-1578-2011 26 მარტი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სპს „თ-ე“
წარმომადგენელი - ს. შ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სპს „თ-ემ“ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მოპასუხისათვის მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის დავალდებულება.
მოსარჩელის მითითებით, მხარეებს შორის 2005 წლის 23 ივნისს დადებული ხელშეკრულებით სპს „თ-ეს“ უნდა განეხორციელებინა 30 ჰა ჩაის პლანტაციის მძიმედ გასხვლა, ასევე 220 ბოძისა და 30 შეკვრა ეკლიანი მავთულის დამონტაჟება. 30 ჰა ჩაის პლანტაციის მძიმედ გასხვლაზე მოპასუხეს მიღება-ჩაბარების აქტი არ შეუდგენია.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სპს „თ-ის“ მოთხოვნა ხანდაზმული იყო.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით სპს „თ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2005 წელს გამოცხადებული იყო ტენდერი სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის „ჩაის“ სახელმწიფო შესყიდვაზე, რომელშიც გამარჯვებულად გამოვლინდა სპს „თ-ე“, მასთან 2005 წლის 23 ივნისს გაფორმდა №61 ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, მოეხდინა პერსპექტიული ჩაის პლანტაციის მძიმედ გასხვლა, მისი შემოღობვა ეკლიანი მავთულით და ხის ბოძებით. აღნიშნული ხელშეკრულებით განისაზღვრა მისი მოქმედების ვადა 2006 წლის 1 იანვრამდე. აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელის წერილის თანახმად, 2005 წლის 23 ივნისს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სპს „თ-ეს“ შორის გაფორმებული №61 ხელშეკრულება ითვალისწინებდა ხელვაჩაურიოს რაიონში 30 ჰექტარი პერსპექტიული ჩაის მძიმედ გასხვლაზე მომსახურების გაწევას საერთო ღირებულებით 28400 ლარი. მომსახურების გეგმა-გრაფიკით სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2005 წლის 1 დეკემბრისათვის. ამ პერიოდისათვის სპს „თ-ის“ მიერ შეძენილ 2200 ცალ წაბლის ხის ბოძსა და 300 შეკვრა ეკლიან მავთულზე საერთო ღირებულებით 13840 ლარი, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ 2005 წლის 1 დეკემბერს შედგენილი იქნა შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი. რაც შეეხება გასხვლით სამუშაოებს, 20 ჰა-ზე ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში იქნა დასრულებული, ხოლო 10 ჰა-ზე უამინდობის გამო სამუშაოები გაგრძელდა 2005 წლის ბოლომდე. შპს „თ-ის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მდგომარეობა 2005 წლის დეკემბრის თვეში გადაამოწმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცენტრალური აპარატის პასუხისმგებელ მუშაკებისაგან შექმნილმა ჯგუფმა შიდა კონტროლის სამმართველოს უფროსის ლევან გეგეშიძის ხელმძღვანელობით. მათთან სიტყვიერი შეთანხმებით ხელშეკრულების ვადა უნდა გაგრძელებულიყო 2006 წლის იანვრის თვის ბოლომდე, მაგრამ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ოფიციალურად უარი განაცხადა ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე, რის გამოც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფს სპს „თ-ის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაგვიანებით შესრულების გამო მიღება-ჩაბარების აქტი არ გაუფორმებია
სასამართლომ მიიჩნია, რომ სპს „თ-ის“ სარჩელი ხანდაზმული იყო, რადგანაც მოთხოვნის უფლება ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისთანავე, 2006 წლის 1 იანვრიდან წარმოიშვა, სარჩელი კი აღძრულია 2010 წლის 13 აპრილს.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 აგვისტოს განჩინებით სპს „თ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის განჩინებით სპს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 აგვისტოს განჩინება და საქმე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას.
აღნიშნული განჩინება სპს „თ-ემ“ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით:
1. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ 2009 წლის 28 აპრილის წერილით მოპასუხე აღიარებს სამუშაოს შესრულებას. წერილში გარკვევით წერია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 30ჰა პლანტაციიდან 20 ჰა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში იყო გასხლული. მიღება-ჩაბარების აქტი თუნდაც მხოლოდ ამ 20 ჰა-ზე უნდა შემდგარიყო;
2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო მხოლოდ პლანტაციის გასხვლის ვადა და არა მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის, შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა სარჩელის ხანდაზმულობაზე უსაფუძვლოა;
3. სასამართლომ არ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით და ხანდაზმულობის ვადა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან არ აითვალა. მოთხოვნა კი, 2009 წლის 28 აპრილიდან წარმოიშვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სპს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
აღნიშნული ნორმა ისე არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლოს შეუძლია მხოლოდ გასაჩივრებული გადაწყვეტილებაში ასახული დასკვნების გაზიარების შესახებ ზოგადი მითითებით შემოიფარგლოს. 390-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. „მოკლე დასაბუთება“ არ ნიშნავს ბლანკეტურ მითითებას. ამგვარი დასაბუთებით არ უნდა ირღვეოდეს 249-ე მუხლით განსაზღვრული სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შინაარსი, რომლის მიხედვით გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დაკვნებს, შეიძლება ეს შეფასებები და დასკვნები არ გაიმეოროს, მაგრამ დასაბუთება უნდა შეიცვალოს თითოეულ მათგანზე და არა ზოგადად გადაწყვეტილებაზე ან მის რომელიმე სტრუქტურულ ნაწილზე მითითებით.
„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის- სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. სასამართლოს აქტებში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.
სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.
საქმეებზე „დევიერი ბელგიის წინააღმდეგ“ და „დელკური ბელგიის წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ „ადამიანის უფლებათა“ ევროპული კონვენციის ფრანგულ ტექსტში, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი შეიცავს ტერმინს „დასაბუთებული“ (Bien-Fonde), აღნიშნული კი ნიშნავს, რომ განაჩენი კარგად უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი თვალსაზრისით, მართალია, აღნიშნულ საქმეებში საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე, მაგრამ ეს პრინციპი ვრცელდება სამოქალაქო დავების მიმართაც.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გარკვეულ შემთხვევებში სააპელაციო საჩივარი სარჩელის იდენტურადაა ჩამოყალიბებული. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება მათი განმეორების გარეშე, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე გადაწყვეტილების გაუქმების გარკვეულ ფაქტობრივ ან სამართლებრივ საფუძველს მიუთითებს, სააპელაციო სასამართლომ ისინი უნდა შეაფასოს და მხოლოდ ამის შემდეგ დაასკვნას, რამდენად დასაბუთებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტი მიუთითებდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ხანდაზმულობის ვადა არასწორად ათვალა და არ შეაფასა საქმეში არსებული 2009 წლის 28 აპრილის წერილი, რომლითაც მოპასუხე სამუშაოს შესრულების ფაქტს აღიარებდა.
აპელანტის მიერ წამოყენებული ამგვარი პრეტენზიები სააპელაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს. სასამართლომ მათი გათვალისწინებით უნდა მიუთითოს, რატომ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია შესრულებულ სამუშაოზე მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა. პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას, რომ მოთხოვნის უფლება ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე წარმოიშვა, მაგრამ დამატებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის მიხედვით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება არა მხოლოდ სასამართლოსათვის მიმართვის, არამედ იმ შემთხვევაშიც, როდესაც მხარე სხვა ქმედითი ღონისძიებებით ცდილობს მოთხოვნის დაკმაყოფილებას, ხოლო იმავე კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით კი, ხანდაზმულობის ვადის დენა მოთხოვნის აღიარების გზით წყდება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეკვლია, არსებობდა თუ არა ამგვარი საფუძვლები განსახილველ შემთხვევაში, მით უფრო, რომ აპელანტი ამ საკითხზე მიუთითებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, აღნიშნული კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის მიხედვით, განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან საჭიროა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, ამგვარ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს აპელანტის ფაქტობრივ-სამართლებრივ პრეტენზიებზე, შეაფასოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის შესაბამისად დასაბუთებული განჩინებით (გადაწყვეტილებით) გადაწყვიტოს დავა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სპს „თ-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება