№ას-1732-1713-2011 6 მარტი, 2012 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - მ. ო-ა
მოწინააღმდეგე მხარე - ვ. ლ-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - აუცილებელი მისასვლელი გზის მიცემა, ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ლ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. და გ. ლ-ეების მიმართ ქ. ქობულეთში, ... გამზ. №...-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე აუცილებელი მისასვლელი გზის გამოყოფისა და შენობის დემონტაჟის მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, 2003 წლის 26 ნოემბერს ნ., გ. და ვ. ლ-ეებს შორის დაიდო გარიგება და მოსარჩელეს ქ. ქობულეთში, ... გამზ. №...-ში მდებარე მამა პაპისეული 2089 კვ. მ მიწის ნაკვეთიდან წილის სახით გადაეცა 780 კვ. მ. მიუხედავად ამისა, მოსარჩელე ვერ ახერხებს თავისი მიწის ნაკვეთის ფლობასა და სარგებლობას, რადგან ოდითგანვე არსებული ნაკვეთთან მისასვლელი გზა ამჟამად არის ნ. და გ. ლ-ეების მიწის ნაკვეთის ახალი შემძენის მ. ო-ას სარგებლობაში, რომელიც უფლებას არ აძლევს ისარგებლოს მისასვლელი გზით.
2010 წლის 3 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის საოქმო განჩინებით მ. ო-ა დაიშვა ნ. და გ. ლ-ეების უფლებამონაცვლედ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, აუცილებელი გზის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთს არ აქვს კავშირი საჯარო გზებთან. მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ჭიშკართან მისასვლელი გზა კი უერთდება ... ქუჩას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა ვ. ლ-ის წარმომადგენლის განცხადება სარჩელის ნაწილობრივ გამოხმობის თაობაზე, ვ. ლ-ის სარჩელი მოპასუხე მ. ო-ას მიმართ შენობის დემონტაჟის მოთხოვნის ნაწილში დარჩა განუხილველად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ვ. ლ-ეს მიეცა მის მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა (დამაკავშირებელი საჯარო გზასთან) ქ. ქობულეთში, დ. ... №...-ში მდებარე მ. ო-ას მიწის ნაკვეთში შესასვლელი გზის გაგრძელებაზე მხარეთა შორის არსებული ბეტონის გამყოფ ღობემდე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტის №1470-08-4 დასკვნისა და მისი დანართის მიხედვით, მ. ო-ას აეკრძალა ვ. ლ-ისათვის ხელშეშლა აღნიშნული მისასვლელი გზით სარგებლობასა და მის მოწყობაში.
აღნიშნული გადაწყვეტილება მ. ო-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები მიიჩნია:
1) ქ. ქობულეთში, ... გამზ. №...-ში მდებარე 780 კვ. მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა მოსარჩელე ვ. ლ-ე, ხოლო 1309 კვ. მ მიწის ნაკვეთისა და 195.3 კვ. მ შენობა-ნაგებობის - მ. ო-ა;
2) მხარეებს თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი რეალურად გამიჯნული არ აქვთ. ფაქტობრივი მდგომარეობით არსებობს სასაზღვრო მიჯნა, რომელიც მოსარჩელე ვ. ლ-ემ 2003 წელს ააშენა;
3) ვ. ლ-ის მიწის ნაკვეთს არ გააჩნია საჯარო გზასთან მისასვლელი ... გამზირიდან. მას გააჩნია ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი შესასვლელი ... №...-ში განთავსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოდან და ... ქუჩაზე მდებარე მოქალაქე გოლიაძის მიწის ნაკვეთში განთავსებული რკინის ჭიშკრის საშუალებით;
4) საქმეზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნით განმარტებულია:
ა) ქალაქ ქობულეთში ვ. ლ-ის მიწის ნაკვეთს ფაქტობრივი მდგომარეობით შესასვლელი დავით ... გამზირიდან ბლოკირებული აქვს, №... საერთო სახლთმფლობელობაში თანამესაკუთრეთა შორის არსებული კაპიტალური ბეტონის გამიჯნავი ყრუ ღობით. მას გააჩნია ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი შესასვლელი ... №215-ში განთავსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ეზოდან და ... ქუჩაზე მდებარე მოქალაქე გოლიაძის მიწის ნაკვეთში განთავსებული რკინის ჭიშკრის საშუალებით;
ბ) ქალაქ ქობულეთში ვ. ლ-ის მიწის ნაკვეთში შესასვლელი შეიძლებოდა მოწყობილიყო, ... №215-ში მდებარე მრავალსართულიანი სახლის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთიდან, რომელშიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გენერალური გეგმის მიხედვით აშენებული ავტოფარეხების მიმდებარედ არსებობდა საჯარო გზა, რომელიც უკავშირდებოდა ... და ... ქუჩების დამაკავშირებელ საჯარო გზას.
გ) მ. ო-ას მიწის ნაკვეთის გამოყენება აუცილებელია იმისათვის, რომ ვ. ლ-ეს მიწის ნაკვეთს ჰქონდეს კავშირი საჯარო გზასთან;დ) ტექნიკურად ვ. ლ-ის მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზა შეიძლება მოეწყოს დავით ... №...-ში მდებარე მ. ო-ას მიწის ნაკვეთში შესასვლელი გზის გაგრძელებაზე მათ შორის არსებული ბეტონის გამყოფ ღობემდე. ასეთი გზის მოწყობისათვის აუცილებელი არ არის მ. ო-ას მიწის ნაკვეთზე არსებული კოტეჯის ტიპის შენობის დემონტაჟი (იხილეთ დანართი).
ე) ქალაქ ქობულეთში ... ქ. №...-ში მდებარე ამხანაგობა ,,ი-ას“ მხრიდან ვ. ლ-ის კუთვნილ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი წარმოადგენდა საჯარო გზას, რომელიც დღეს შედის ამხანაგობა ,,ი-ას“ კუთვნილი 2286.00 კვ. მ. მიწის ნაკვეთის შემადგენლობაში.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ სამეზობლო ურთიერთობები სპეციფიკურია და განსხვავდება სხვა სახის სამართლებრივი ურთიერთობებისაგან. ამ დროს, გარდა მართლზომიერებისა, არსებითია პიროვნული, პირადი ფაქტორიც. მეზობლებს შორის არსებობს ყოველდღიური ურთიერთობა, რომელიც ვერ დარეგულირდება ფორმულებით, რომლებიც მოცემულია კანონში. ნდობის, გულისხმიერების, კეთილგანწყობისა და კეთილგონიერი დამოკიდებულების გარეშე შეუძლებელია მეზობლებს შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების არსებობა.
სასამართლოს განმარტებით, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური. მესაკუთრის უფლებები შეზღუდულია ან კანონით ან ხელშეკრულებით. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლში საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული. თუ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები, მაშინ მეზობელმა უნდა ითმინოს თავისი მიწის ნაკვეთის დატვირთვები. მეზობელი მიწის ნაკვეთის დატვირთვა ობიექტური მიზეზით უნდა იყოს გამოწვეული, კერძოდ, როდესაც მიწის ნაკვეთი მთლიანადაა იზოლირებული საჯარო გზებისაგან ან მისი დიდი ნაწილია ამგვარ მდგომარეობაში, ან კიდევ საამისოდ არსებობდა ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი გზა, მაგრამ ამჟამად შეუძლებელია მისი ამ მიზნით გამოყენება. აუცილებელ გზაში იგულისხმება არამარტო ბილიკი, საცალფეხო გზა, არამედ სამანქანე გზაც. ვ. ლ-ის უფლება დაუკავშირდეს საჯარო გზას, კანონით გარანტირებული უფლებაა და მისი შეზღუდვა დაუშვებელია.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვ. ლ-ეს უნდა მისცემოდა მისასვლელი საჯარო გზასთან მ. ო-ას მიწის ნაკვეთის გამოყენებით. სასმართლომ აღნიშნა, რომ ვ. ლ-ე მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილი შესასვლელით სარგებლობს და ისიც მესამე პირების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან, მაშინ როდესაც მოდავე მხარეებს თანასაკუთრებაში აქვთ მიწის ნაკვეთი და მისი რეალური გაყოფა არ მომხდარა. ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაშიც დადგებოდა საკითხი მისასვლელი გზით სარგებლობის აუცილებლობაზე.
სასამართლოს პოზიციით, ექსპერტის დასკვნით ცალსახად იყო განმარტებული, რომ მ. ო-ას მიწის ნაკვეთის გამოყენება აუცილებელია ვ. ლ-ის მიწის ნაკვეთის საჯარო გზებთან დაკავშირებისათვის. ექსპერტის დასკვნას თან ერთვის ნახაზის დანართი, რომლითაც განსაზღვრულია ტექნიკურად თუ როგორ უნდა გაკეთდეს მისასვლელი გზა. მოწინააღმდეგე მხარემ დასკვნის საწინააღმდეგო არგუმენტებზე ვერ მიუთითა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. ო-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: 2003 წელს მოსარჩელემ სასაზღვრო მიჯნა ააშენა, რითაც უარი თქვა საჯარო გზასთან მოპასუხის მიწის ნაკვეთის მეშვეობით დაკავშირებაზე. აუცილებელი გზის საჭიროება 2010 წლამდე არ არსებობდა, რადგანაც ვ. ლ-ე საჯარო გზით სარგებლობდა, რომელიც 2011 წელს ამხანაგობა „ი-ას“ საკუთრებაში მოექცა. აუცილებელი გზის დადგენით მ. ო-ას ინტერესები ილახება. კასატორს ნაკვეთის შეძენისას არ ჰქონდა საფუძველი ევარაუდა, აუცილებელი გზის მოთხოვნის არსებობის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი აღნიშნულ ნაკვეთს არ შეიძენდა. 2010 წლამდე მოპასუხეს არ ჰქონდა საჯარო გზასთან დაკავშირების პრობლემა, მან ამგვარი მოთხოვნა ახალი მესაკუთრის გამოჩენის შემდეგ დააყენა. ამხანაგობის საკუთრებაში არსებული გზის ნაწილი კვლავ საჯარო დანიშნულებისაა. ამხანაგობა „ივარიას“ ნაკვეთზე აუცილებელი გზის დადგენით ამ უკანასკნელის უფლებები ნაკლებად შეიზღუდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 11 იანვრის განჩინებით მ. ო-ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ო-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, რის გამოც მ. ო-ას საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნას დაშვებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ო-ას (პირადი №...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს გ. ა-ის მიერ ძველი თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების №200122900 ანგარიშზე (სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - №220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი - №300773150) 2012 წლის 3 იანვრის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.