Facebook Twitter

¹ 3კ/171 9 თებერვალი 2000 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავნჯდომარე მ. ცისკაძე

მოსამართლეები: ლ. გოჩელაშვილი. ლ. ისაკაძე.

განიხილა ლ.ხ.-ს განცხადების დასაშვებობა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1997 წლის 30 სექტემბრის განჩინების – საქმეზე ლ.ხ.-ს სარჩელით მოპასუხე თ. ზ.-სთან, სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. ნ. გ.-ს შეგებებული სარჩელი ლ. ხ.-სა და მისი ოჯახის წევრების მიმართ საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების შესახებ – გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახე.

პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მარიამ ცისკაძის მოხსენება და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ლ.ხ-ს საკუთრებას წარმოადგენდა ქ. ზესტაფონში ...-ის ¹8-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. ლ. ხ.-ს მინდობილობით თ. ზ.-მ ეს სახლი მიჰყიდა ნიკოლოზ გაბუნიას 1997 წლის 24 იანვარს. ლ. ხ.-მ 1997 წლის აპრილში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: თ. ზ-ს და ნ. გ.-ს მიმართ და მოითხოვა საცხოვრებელი სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ვინაიდან იგი გაფორმდა თვალთმაქცურად, მოპასუხეებთან სესხის უზრუნველსაყოფად, მოპასუხეებმა მოატყუეს იგი.

ნ. გ.-მ შეგებებული სარჩელი შეიტანა სასამართლოში და მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული ბინიდან ლ. ხ.-სა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლება იმ საფუძველით, რომ ბინის გაყიდვის შემდეგ ყოფილი მესაკუთრე არ ათავისუფლებს სახლს.

ზესტაფონის რაიონის სასამართლომ 1997 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებით და ლ. ხ.-ს სარჩელი, უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა.

ნ. გ.-ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. ლ. ხ. ი თავის ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნენ ნ. გ.-ს სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლიდან, მდებარე ქ. ზესტაფონში, ...-ს ¹8-ში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 1997 წლის 30 სექტემბრის განჩინებით უცვლელად დატოვა მოცემულ საქმეზე ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილება.

ლ. ხ.-მ 1999 წლის ივნისში განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებასა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 3 სექტემბრის განჩინების გადასინჯვის შესახებ.

ლ.ხ.-ი განცხადებაში ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიუთითებს მოწმე გ. კ.-ს ახსნა-განმარტებას, რომელიც ადასტურებს, რომ ლ. ხ.-ს, ნ. გ.-ს და თ. ზ.-ს შორის სახლის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, ფაქტობრივად არ დადებულა. სახლი არ გაყიდულა და მისი ღირებულება არ მიუღია ლ. ზ.-ს. გ. კ.-ს ახსნა-განმარტება დაწერილია 1999 წლის 1 თებერვალს. საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გ. კ.-ს ახსნა-განმარტება ადრე, რომ ყოფილიყო წარმოდგენილი, სასამართლოები საქმეს გადაწყვეტავდნენ ლ. ხ.-ს სასარგებლოდ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ შეიძლება. იმავე მუხლის მეორე ნაწილში კი აღნიშნულია, რომ ამ ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა.

პალატა თვლის, რომ ლ. ხ.-სათვის ცნობილი იყო გ. კ.-ს ახსნა-განმარტების შესახებ ჯერ კიდევ 1997 წელს, რადგან გ. კ.-ს შEსახებ მითითებულია ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1997 6 აგვისტოს გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში (ს. ფ. 43) ლ. ხ.-ი 1997 წლის 18 აგვისტოს საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ დაჰკითხა მოწმეები ნ. კ.-ე, ყ.-ი, კ.-ე და სხვები, რომლებიც დაადასტურებდნენ, ლ. ხ.-ს ვაჟის, ნ. ხ.-ს მიერ ნ. გ.-საგან ფულის სესხებას (ს. ფ. 49).

თვით გ. კ.-ს ახსნა-განმარტებაშიც მოცემულია, რომ ზესტაფონის რაიონის სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ სადავო სახლი ნ. გ.-ს გადაეცა და გადაწყვეტილების გამოტანიდან ორი-სამი თვის შემდეგ მოლაპარაკებას აწარმოებდა ლ. ხ.-სა და თ. ზ.-ს შორის.

ვინაიდან, ლ.ხ.-სათვის ცნობილი გახდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი რამდენიმე წლის წინ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თAნახმად, განუხილველად უნდა დარჩEს განცხადება დაუშვებლობის გამო.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, 429-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ლ. ხ.-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 6 აგვისტოს გადაწყვეტილებასა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997 წლის 30 სექტემბრის განჩინების გაუქმების, საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველი, დაუშვებლობის გამო.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.