¹ 3კ-361 1 მარტი 2000 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავნჯდომარე მ. ცისკაძე
მოსამართლეები: თ. აბესაძე, ლ. ისაკაძე.
განიხილა საქართველოს ... კავშირის “ს.-ს” საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 26 ოქტომბრის განჩინებაზე, საქმეზე – ზ. თ.-ს სარჩელის გამო, მოპასუხე საქართველოს ... ასოციაცია “ს.-ს”, კრწანისის რაიონის საბინაო-საექსპლიუატაციო ტრესტის ...-ე უბნის მიმართ, მესამე პირი თბილისის ქონების მართვის სამმართველოსთან საიჯარო ხელშეკრულების გაუქმების, არასაცხოვრებელი ფართის კომუნალურ ფონდში ჩარიცხვისა და შემდგომში მოსარჩელისათვის გადაცემის შესახებ.
პალატის სხდომაზე გამოცხადდნენ და საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს მოსარჩელე ზ. თ.-მ, მისმა წარმომადგენელმა რ. ტ.-მ, თბილისის ქონების მართვის სამმართველოს წარმომადგენელმა დ. ს.-მ და მოპასუხე საქართველოს ... კავშირი “ს.-ს” ადვოკატმა ზ. ჯ.-მ.
პალატამ, რომელმაც მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თ. აბესაძის მოხსენება,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
ზ. თ.-ს საკუთრებაში აქვს თბილისში, ...-ის ქუჩა ¹ 8-ში, მეორე სართულზე, ორი ოთახი. ამ ოთახების ქვეშ, პირველ სართულზე არასაცხოვრებელ ფართზე, საქართველოს ... ასოციაცია “ს.-ს” და ¹... საბინაო-საექსპლუატაციო უბანს შორის 1995 წლის 24 ივლისს გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება ათი წლის ვადით. რადგანაც შენობა ძლიერ ავარიულია, ხოლო მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოთა ვალდებულებები, მოითხოვა საიჯარო ხელშეკრულების გაუქმება და სადავო ფართის კომუნალურ ფონდში ჩარიცხვა.
1999 წლის 27 ივლისის სხდომაზე მოპასუხე ასოციაცია “ს.-ს” წარმომადგენელმა თ. ბ.-მ იშუამდგომლა, რომ ზ. თ.-ე არ არის სათანადო მოსარჩელე, რადგან არ არის იჯარით გაცემული ფართის მესაკუთრე, რის გამოც საქმის წარმოებით შეწყვეტა მოითხოვა (ს.ფ. 44-45) იმავე სხდომაზე მოსამართლის კითხვაზე ქონების მართვის სამმართველოს წარმომადგენელმა თანხმობა განაცხადა საქმეში სათანადო მოსარჩელედ ჩაბმაზე, ხოლო ზ. თ.-ს წარმომადგენელი ადვოკატი მ. ტ.-ი არ იყო თანახმა სათანადო მოსარჩელით შეცვლაზე. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის საფუძველზე საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ, თბილისის ქონების მართვის სამმართველოს პროცესში ჩააბა მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნით ... კავშირთან “ს.-სთან”, იჯარის ხელშეკრულების გაუქმებისა და დაკავებული ფართიდან გამოსახლების თაობაზე. აღნიშნულის გამო, მოპასუხის წარმომადგენელმა თ. ბ.-მ იშუამდგომლა პროცესის გადადება მასალების წარმოსადგენად და ადვოკატის ასაყვანად. სასამართლომ დააკმაყოფილა თ. ბ.-ს მოთხოვნა და სხდომა გადაიდო 1999 წლის 3 აგვისტოს (ს. ფ. 45-49).
1999 წლის 3 აგვისტოს სხდომაზე ... კავშირის “ს.-ს” წარმომადგენელმა თ. ბ.-მ კვლავ მოითხოვა სხდომის გადადება 15 დღით ადვოკატის აყვანის გამო (ს. ფ. 58).
სასამართლომ არ დააკმაყოფილა თ. ბ.-ს მოთხოვნა საქმის გადადების თაობაზე, რადგან ადვოკატის აყვანისა და საქმის მომზადებისათვის მისი მოთხოვნით საქმე უკვე გადადებული იყო. ამის გამო, მოპასუხის წარმომადგენელმა თ. ბ.-მ დატოვა სხდომა (ს. ფ. 61) მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ თ. ბ.-ს მონაწილეობის გარეშე განიხილა საქმე და 1999 წლის 3 აგვისტოს გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირის მოთხოვნა. გაუქმდა 1995 წლის 24 ივლისს დადებული საიჯარო ხელსეკრულება სსუ-სა და ასოციაცია “ს,-ს” შორის. ასოციაცია “ს.-ი” გამოსახლებულ იქნა დაკავებული ფართიდან. უარი ეთქვა ზ. თ.-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე დაუსაბუთებლობის გამო.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიუონულმა სასამართლომ 1999 წლის 25 აგვისტოს განჩინებით უარი უთხრა ... ასოციაცია “ს.-ს” წარმომადგენელს თ. ბ.-ს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვისა და საქმის განახლების შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. ... ასოციაცია “ს.-ს” წარმომადგენელმა თ. ბ.-მ საკასაციო წესით საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე და ითხოვს მის გაუქმებას შემდეგი მოტივებით: პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე გამოიტანა ამ საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომ პროცესს არ ესწრებოდა მისი ადვოკატი და ამიტომ ვერ უზრუნველყო საბუღალტრო მონაცემების სასამართლოში მიტანა.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის მოტივებს, მოუსმინა მხარეებს, მათ წარმომადგენლებს და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო. როგორც საქმის მასალებითაა დადგენილი, მოპასუხე საქართველოს ... ასოციაცია “ს.-ს” პრეზიდენტი გამოცხადდა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, მაგრამ თვითნებურად მიატოვა იგი. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ კანონიერად ჩათვალა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232-ე მუხლის გამოყენება, რომლის თანახმად “გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც თუმცა სასამართლოს სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე”. ამავე დროს დასახელებული კოდექსის 230-ე მუხლის მიხედვით თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულად ითვლება. ამავე დროს სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მოთხოვნა იმის შესახებ, რომთუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, მაშინ სარჩელი დაკმაყოფილდება, ვინაიდან სადავო ფართზე იჯარის ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლები დადგენილი იქნას საქმის მასალებით.
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ ადვოკატის აყვანის მოთხოვნაზე და საბუღალტრო ქვითრების სასამართლოში წარდგენაზე უარის თქმა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია; სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მოპასუხის წარმომადგენელს თ. ბ-ს ადვოკატის აყვანისა და საჭირო მასალების წარმოდგენისათვის სასამართლომ მისცა საშუალება (ს. ფ. 45-49); 58, 59, 77).
აღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები მოცემულ შემთხვევაში არარსებობს.
პალატამ, რომელმაც იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 26 ოქტომბრის განჩინება ამ საქმეზე დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.