Facebook Twitter

¹ 3კ\386 1 მარტი 2000 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავნჯდომარე მ. ცისკაძე

მოსამართლეები: თ. აბესაძე, ლ. ისაკაძე.

განიხილა ხაშურის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე ნ. ნ.-ს სარჩელის გამო კასატორთან სამუშაოზე აღდგენის შესახებ. პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

ნ. ნ.-ე მუშაობდა ხაშურის რაიონის გამგეობის მთავარ ბუღალტერად. ადმინისტრაციის 1999 წლის 1 მარტის ბრძანებით ის გათავისუფლდა სამუშაოდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად.

ნ. ნ.-მ, რომელმაც გათავისუფლება მიაჩნია არასწორად, სარჩელით მიმართა სასამართლოს სამუშაოზე აღდგენის შესახებ.

ხაშურის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ხაშურის რაიონის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

საკასაციო საჩივარი ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას იმის გამო, რომ:

ნ. ნ.-ე გათავისუფლდა სამუშაოდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 101-ე მუხლის თანახმად, რომელიც იძლევა ამავე კანონის 50-ე მუხლის პირველი ნაწილით სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველს;

პროფკავშირთან შეუთანხმებლად შრომის ხელშეკრულების შეწყვეტისას სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა შრომის კანონით კოდექსის 206-ე მუხლით.

პალატა თვლის, რომ გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო საკასაციო საჩივარი – დაუკმაყოფილებლად.

დადგენილია, რომ ნ. ნ.-ე გათავისუფლდა სამსახურიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად. ეს მუხლი აწესრიგებს სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს და მოსამსახურის საპენსიო უზრუნველყოფას, და არა სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს, რაც გათვალისწინებულია ამავე კანონის მე-10 თავში.

დადგენილია აგრეთვე, რომ მოსარჩელე გათავისუფლდა სამუშაოდან პროფკავშირის თანხმობის გარეშე, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლს.

პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელე გათავისუფლდა სამუშაოდან შრომის კანონთა კოდექსის 101-ე მუხლით; ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლებულია შრომის კანონთა კოდექსის 50-ე მუხლით.

სწორია საკასაციო საჩივრის მეორე მოსაზრება – შრომის კანონთა კოდექსის 206-ე მუხლის შესაბამისად პალატამ ჩათვალა რა დადგენილად, რომ ადმინისტრაციამ მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულება მოშალა შესაბამის პროფკავშირთან შეუთანხმებლად, საქმე განიხილა სასამართლოს წესით.

პალატამ, რომელმაც იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება, ხოლო საკასაციო საჩივარი – დაუკმაყოფილებლად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.