¹ 3კ-442 1 მარტი 2000 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავნჯდომარე დ. ხელაია
მოსამართლეები: თ. კობახიძე, მ. წიქვაძე.
განიხილა ვ. ს.-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 10 ნოემბრის განჩინებაზე საქმეზე, ვ. ს.-ს სარჩელის გამო ჟ. ს.-ს, შ. გ.-ს და ნ. ს.-ს მიმართ დამფუძვნებელთა მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
1994 წლის 27 აგვისტოს მაღაზია “უ.-ს” შრომითმა კოლექტივმა შექმნა დროებითი ამხანაგობა ობიექტის პრივატიზების მიზნით. ამხანაგობის მოწვეულ წევრად მიღებულ იქნა ვ. ს.-ე.
ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს მიერ 1995 წლის 15 დეკემბერს რეგისტრაციაში გატარდა შპს “უ.-ო”. დამფუძვნებელ პარტნიორებს შორის კაპიტალი განაწილდა იმგვარად, რომ ვ. ს.-ს წილი შეადგენდა 40%-ს, ჟ. ს.-ის – 18%-ს, შ. გ.-ის – 18%-ს, რ. ბ.-ის – 18%-ს, ხოლო ნ. ს.-სა – 6%-ს.
1995 წლის სექტემბერში რ. ბ.-ი გარდაიცვალა.
შპს “უ.-ს” დამფუძვნებელთა 1995 წლის 5 ნოემბრის კრებაზე მოხდა რ. ბ.-ს წილის განაწილება, რის შედეგადაც ვ. ს.-ის და მ. გ.-ის წილები საზოგადოების კაპიტალში გაიზარდა 7-7%-ით, ნ. ს.-ის – 4%-ით, ამავე დროს პარტნიორებმა დაადგინეს, რომ როდესაც მიიღებდნენ გამყიდველებს ან სხვა დამხმარე მუშაკებს, მათი ხელფასის ანაზღაურება მოხდებოდა ჟ. ს.-ის, შ. გ.-ის და ნ. ს.-ის წილებიდან.
ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 25 აგვისტოს გადაწყვეტილებით ვ. ს.-ს უარი ეთქვა სარჩელზე ჟ. ს.-ის, შ. გ.-ის და ნ. ს.-ის მიმართ მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 10 ნოემბრის განჩინებით გადაწყვეტილება დატოვებული იქნა უცვლელად.
საკასაციო საჩივრით ვ. ს.-ე მოითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ გარდაცვლილი პარტნიორის უმემკვიდრეოდ დარჩენილი წილი სასამართლოს პროპორციულად უნდა გადაენაწილებინა ყველა პარტნიორზე, ხოლო პარტნიორი ნ. ს.-ე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობისათვის განთავისუფლებული უნდა ყოფილიყო დაკავებული თანამდებობიდან.
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა წარმომადგენლების განმარტებები და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი ფაქტობრივად ითხოვს შპს “უ.-ს” დამფუძვნებელთა (პარტნიორთა) კრების 1995 წლის 5 ნოემბრის კრების ოქმის გაუქმებას, რაც უსაფუძვლოა. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 15.2 მუხლის შესაბამისად დაუშვებელია პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების გასაჩივრება კრების ოქმის შედგენიდან ორი თვის შემდეგ.
კასატორი არასწორად მიუთითებს “მეწარმეთა შესახებ” კანონის 31-ე მუხლზე. კანონის აღნიშნული ნორმის და შპს “უ.-ს” წესდების 3.8 პუნქტის “ე” ქვეპუნქტის თანახმად პარტნიორთა გარიცხვა დასაშვებია მხოლოდ მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას. მნიშვნელოვან საფუძვლებად მიიჩნევა პარტნიორის ქონებაზე საბანკროტო წარმოების გამოცხადება, საზოგადოების წინაშე დაკავებული არსებითი მოვალეობის დარღვევა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით. ვინაიდან შპს-ში გამყიდველად მუშაობა ვერ ჩაითვლება პარტნიორის მოვალეობად, ნ. ს.-ს მიერ სამუშაოს სისტემატიური გაცდენა არ წარმოადგენდა შპს-დან მისი გარიცხვის საფუძველს.
რაც შეეხება ნ. ს.-ის სამუშაოდან განთავისუფლებას, “მეწარმეთა კანონის” მიხედვით არ არის სასამართლოს განსჯადი.
ვ. ს.-მ მოპასუხე ნ. ს.-ის სამუშაოდან განთავისუფლება მოითხოვა საკასაციო საჩივრით. კასატორმა არ გაითვალისწინა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლის შესაბამისად დავის საგნის შეცვლა ან გადიდება საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ვ. ს.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 10 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.