¹ 3\4-99 1 მარტი 2000 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავნჯდომარე მ. ცისკაძე
მოსამართლეები: თ. აბესაძე, ლ. ისაკაძე.
განიხილა ვ. მ.-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ.
ონის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით, რომელიც უცვლელად დარჩა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 16 თებერვლის განჩინებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
ვ. მ.-ი განცხადებით ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ამ საქმის წარმოების განახლებას იმის გამო, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით სადავო ნაკვეთში მისასვლელ გზად მიჩნეულია მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის – კ. მ.-ს ეზოდან მისასვლელი გზა. ამჟამად მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი მეზობელი – გ. შ.-ი თანახმაა ვ. მ.-მ სადავო ნაკვეთში მისასვლელად ისარგებლოს მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთით.
პალატა თვლის, რომ განცხადება უსაფუძვლოა.
განცხადებაში აღნიშნული გარემოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის შესაბამისად არ წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რომელიც ადრე, რომ ყოფილიყო წარმოდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისარჩელისათვის ხელსაყრელ გადაწყვეტილების გამოტანას.
სასამართლომ სარჩელი უარყო ძირითადად იმის გამო, რომ კანონიერად მიიჩნია აწ გარდაცვლილი გ. მ.-სათვის, რომლის ოჯახი მიეკუთვნებოდა პირველ კატეგორიას, სადავო მიწის ნაკვეთის გამოყოფა. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1136-ე მუხლის შესაბამისად სწორად ჩათვალა შემდეგში ამ მიწის ნაკვეთის გადაცემა აწ გარდაცვლილ გ. მ.-ს მემკვიდრისათვის – კ. მ.-სათვის.
სასამართლომ დადგენილად ცნო აგრეთვე, რომ მოსარჩელე ვ. მ-ს ოჯახი მიეკუთვნებოდა მეორე კატეგორიას. ის გარემოება, რომ ეს ნაკვეთი ადრე მის მამა-პაპას ეკუთვნოდა არ წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს, რადგან “საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის დადგენილების მე-3 მუხლი, რომელშიც ცვლილება იქნა შეტანილი 1993 წლის 16 იანვრის დადგენილებით, არ ითვალისწინებს მიწების ადრინდელი მესაკუთღეების მემკვიდრეებისათვის ამ მიწების გამოყოფას, მათ მიწები მიეცემა საერთო საფუძველზე.
პალატამ, რომელმაც იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის430-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა
უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდეს ვ. მ.-ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა ამ საქმის წარმოების განახლების შესახებ.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.