№ 3 – 319 10 მარტი 2000 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავნჯდომარე დ. ხელაია
მოსამართლეები: ლ. გოჩელაშილი, მ წიქვაძე
განიხილა ზ. უ - ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე - ზ. უ - ის სარჩელზე ა. ლ - ას მიმართ, თანხის დაბრუნების შესახებ. პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1997 წლის 16 ოქტომბერს ზ. უ - ესა და ა. ლ -ას შორის დაიდო საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება იმ პირობით, რომ მყიდველი ბინის ღირებულების ნაწილს - 3 500 აშშ დოლარს გადაიხდიდა 1997 წლის 1 ნოემბრამდე, ხოლო 3 500 დოლარი გადაიხადა 3 500 დოლარი გადაიხადა ხელშეკრულების დადებისთანავე. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი დათქმულ ვადაში ვერ გადაიხდიდა დარჩენილ თანხას, ვალდებული იყო ოჯახის წევრებთან ერთად საცხოვრებელი ბინა გამოეთავისუფლებინა. მყიდველმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა 1997 წლის 12 დეკემბერს, ე. ი. ხელშეკრულებით დათქმულ ვადის გადააცილებით, მაგრამ გამყიდველმა თანხა არ მიიღო იმ მოტივით, რომ მისი ბინის ღირებულება 14 000 აშშ დოლარი გახდა. აღნიშნულის გამო გამყიდველმა მოითხოვა ხელშეკრულების მოშლა და ბინის დაბრუნება მყიდველისაგან, ხოლო მიღებული თანხის - 3 500 აშშ დოლარის დაბრუნებაზე, ე. ი. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაზე უარი განაცხადა.
ზ. უ - ემ სარჩელით მოითხოვა ა. ლ - გან თანხის 3 500 აშშ დოლარის დაბრუნება. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის გლდანი - ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1990 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ზ. უ - ეს და ა. ლ - ას შორის დადებული გარიგება მიიჩნია ბინის ნასყიდობად გადახდის განვადებით, რომელიც ითვალისწინებს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორმხრივ რესტიტუციას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოცემულ საქმეზე გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ზ. უ - ის მიერ ა. ლ - თვის გადახდილი თანხა - 3 500 აშშ დოლარი მიჩნეულ იქნა ბედ, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 423 - ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად რჩება მის მიმღებს, თუ ბეს მიმცემი ბრალეულად დაარღვევს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას.
საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას, რადგან სასამართლოს გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნლა გამოეყენებინა. კერძოდ დავის გადაწყვეტისას გამოყენებული იქნა ახალი სამოქალაქო კოდექსის ნორმები. ამავე კოდექსის 1507 - ე მუხლის III ნაწილით კი მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო ძველი სამოქალაქო კოდექსი (1964 წ), რომლის 204 - ე მუხლის თანახმად ბეს შესახებ შეთანხმება წერილობით უნდა დადებულიყო მხარეთა შორის. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით კი ირკვევა, რომ გადახდილი თანხა - 3 500 აშშ დოლარი გადასახდელი თანხის ნაწილს წარმოადგენდა და არა ბეს.
პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393 - ე მუხლის მე - 2 ნაწილით სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებია. ამავე კოდექსის 394 - ე მუხლის „ე“ პუნქტით კი გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ მისი იურიდიული დასაბუთება იმდენად არასწორია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411 მუხლის საფუძვლით საკასაციო სასამართლო პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
სააპელაციო პალატის მიერ საქმეზე საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1997 წლის 15 ივლისს ა. ლ - სა და ხ. უ - ეს შორის დაიდო გარიგება, რომლის თანახმადაც მხარეები შეთანხმდენენ, რომ ა. ლ - ია გაყიდდა მის სახელზე არსებულ საცხოვრებელ ბინას თბილისში ...-ის ქ. №25, 45- ში 6 000 აშშ დოლარად, ხოლო ზ. უ - ე ნაწილ - ნაწილ გადახდის პირობით იყიდდა აღნიშნულ ბინას. ზ. უ - ე თანხის ნაწილი - 3 500 აშშ დოლარი ა. ლ - ას გადაუხადა ხელშეკრულების დადების დროს, ხოლო ნაწილი უნდა გადაეხედა ერთი თვის ვადაში. ზ. უ - ემ დადგენილ ვადაში ვერ შეასრულა ვალდებულება. გარიგების შეუსრულებლობამ განაპირობა მხარეებს შორის 1997 წლის 16 ნოემბრის ხელშეკრულების დადება, რომლითაც ზ. უ.-ე ვალდებული იყო ა. ლ - თვის გადაეხადა 1000 დოლარით მეტი თანხა ე. ი. 3 500 აშშ დოლარი ამავე წლის 1 დეკემბრამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოეთავისუფლებინა სადავო ბინა.
ზ. უ - ძემ 1997 წლის 1 დეკემბრისთვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა.
პალატა თვლის, რომ ზ. უ - ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
ზ. უ - სა და ა. ლ - ას შორის ვალდებულებითი (სახელშეკრულებო) ურთიერთობა წარმოიშვა ძველი სამოქალაქო კოდექსის (1964 წ) 154 - ე მუხლის საფუძველზე. ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმდებოდნენ ვალდებულების ნაწილ - ნაწილ შესრულებაზე, რასაც ითვალისწინებდა იმავე კოდექსის 167 - ე მუხლი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507 - ე მუხლის მე - 2 ნაწილით იმ ურთიერთობათა მიმართ რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ. 1997 წლის 1 დეკემბრამდე ხელშეკრულების შეუსრულებლობით მხარეებს წარმოეშვათ გარკვეული უფლებები და მოვალეობები. კერძოდ, ამავე კოდექსის 405 - ე მუხლის პირველი ნაწილით. თუ ხელშეკრულებით ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის ვალდებულებების შესრულებისათვის დამატებით განსაზღვრული ვადა (1997 წლის პირველ დეკემბრამდე) უშედეგოდ გავიდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 152 - ე მუხლით თუ ხელშეკრულების ერთ - ერთი მხარე 405 - ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). საქმის მასალებით დადგენილია რომ ა. ლ - ამ უარი თქვა ხელშეკრულებაზე ვინაიდან ზ. უ - ძე ვალდებულების შესრულებისათვის დამატებით განსაზღვრულ ვადაში ვერ შეძლო ხელშეკრულების შესრულება.
პალატა თვლის რომ ა.ლ - სა და ზ. უ - ეს შორის დადებული გარემოება სამართლებრივი ბუნებით ნასყიდობის გადახდის განვადებით, რადგან განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე, ნივთის ფასის გადახდა კი მყიდველის მიერ ხდება ნაწილ - ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში. მოცემულ შემთხვევაში ა. ლ -ამ გადასცა მას საკუთრებაში არსებული ბინა მყიდველს - ზ. უ - ეს, ხოლო ზ. უ - ის მიერ უნდა მომხდარიყო თანხის ნაწილ - ნაწილ გადახდა დროის განსაზღვრულ შუალედში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 508 - ე მუხლით დადგენილია ორმხრივი რესტიტუცია ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, რომლითაც ყოველი მხარე ვალდებულია დაუბრუნოს ერთმანეთს ის რაც ხელშეკრულებით მიიღეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ზ. უ - ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352 - ე მუხლის 1 ნაწილით, 405 - ე მუხლის 1 ნაწილით, 508 - ე მუხლით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411 - ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ზ. უ - ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
ა. ლ - ას დაეკისროს ზ. უ - ის სასარგებლოდ 3 500 აშშ დოლარის გადახდა.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.