Facebook Twitter

№ 3 კ/446 8 მარტი 2000 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავნჯდომარე მ. ცისკაძე

მოსამართლეები: ქ. გაბელაია, ლ. ქაჯაია.

განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე დ. ნ - ის საკასაციო საჩივარითბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე - მ. უ - ას სარჩელით მოპასუხე დ. ნ - ის მიმართ თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ; დ. ნ - ის შეგებებული სარჩელი მ. უ - ის მიმართ ბინის ფართზე უფლებადაკარგულად ცნობის თაობაზე.

პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მარიამ ცისკაძის მოხსენება

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

დ. ნ - ი და მ. უ - ია მეუღლეები არიან. ერთად ცხოვრების პერიოდში ორი შვილი შეეძინათ, ქორწინებამდე დ. ნ - ლს ერთ ოთახიანი ბინა ჰქონდა საკუთრებაში ქ. გორის გარეუბანში. ქორწინების შემდეგ მეუღლეთა შეთანხმებით ერთ ოთახიანი ბინა ქ. გორის გარეუბნიდან ქალაქის ცენტრში იქნა გაცვლილი ერთ ოთახიან ბინაზე, რისთვისაც მ. უ - ას მშობლებმა დაუმატეს 1 400 აშშ დოლარი.

1997 წელს დ. ნ - ი და მ. უ - ია განქორწინდნენ. მ. უ - ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ქ. გორში ...-ის ქ. № 13 - ში მდებარე 32 - ე ბინის თანამესაკთრედ ცნობა. დ. ნ - მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა მ. უ - ას ბინის ფართზე უფლებადაკარგულად ცნობა.

გორის რაიონმა სასამართლომ 1999 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება არ დააკმაყოფილა მ. უ - ას სარჩელი თანამესაკუთრედ ცნობაზე; არ დაკმაყოფილდა ასევე დ. ნ - ის შეგებებული სარჩელიც. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც მ. უ - ამ, ისე დ. ნ - მა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მ. უ - ას წარმომადგენლის ადვოკატ დ. დ - ის სააპელაციო საჩივარი;

გააუქმა გორის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება;

დააკმაყოფილა მ. უ - ას სარჩელი და იგი ცნობილი იქნა ქ. გორში, ...-ის ქ. №13, 32 - ე ბინის თანამესაკუთრედ.

არ დაკმაყოფილდა დ. ნ - ის სააპელაციო საჩივარი; დ. ნ - ლს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

დ. ნ - ი საკასაციო სარჩელში ითხოვს სააპელაციოსასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სადავო ბინაზე მ. უ - ას თანამესაკუთრედ ცნობის ნაწილში. ასევე ბინაზე მ. უ - ას მფლობელობის შეწყვეტის მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმ მოტივით, რომ მ. უ - ას არ უცხოვრია სადავო ბინაში, მის საკუთრებაში ირიცხება ბინა ქ. გორში ...-ის ქ. № 48 - ში; მ. უ - ას მიერ დამატებული ფული არ მომხდარა ბინის გაფართოება იგი ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი თანხით იყო გადაცვლილი, რის გამოც არ არსებობს ქონების საერთო საკუთრებად მიჩნევის საფუძველი.

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩვირის მოტივების შემოწების შედეგად თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სწორია და უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუკმაყოფილებელი შემდეგი გარემოებების გამო: დადგენილია, რომ დ. ნ.-მა და მ. უ.-მ ერთად ცხოვრების პერიოდში, ურთიერთ შეთანხმებით გადაცვალეს ბინა ქ. გორის ცენტრში და დაუმატეს 1 400 აშშ დოლარი. დ. ნ.-ი არ უარყოფს 1 400 აშშ დოლარის მ. უ.-მ მშობლების მიერ სესხებას. სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქორწინო და საოჯახო კოდექსის 21-ე მუხლი, რომლის თანახმადაც სადავო ბინა მეუღლეთა ერთად ცხოვრების პერიოდში გაიცვალა ქალაქის გარეუბნიდან ქალაქის ცენტრში და მისი ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (საქორწინო და საოჯახო კოდექსის 23-ე მუხლის მესამე ნაწილი).

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

არ დაკმაყოფილდეს დ. ნაზარაშვილის საკასაციო საჩივარი.

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 26 ნოემბრის განჩინება.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.