№ 3კ - 352 2 მარტი 2000 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავნჯდომარე დ. ხელაია
მოსამართლეები: რ. ნადირიანი, ლ. გოჩელაშილი
განიხილა ვ. ძ. - ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს, სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, სამოქალაქო საქმეზე ვ. ძ. - ის სარჩელის გამო, მოპასუხე ს. ჭ. - ის მიმართ ქონებიდან რეალური წილის გამოყოფის შესახებ.
მოსამართლე რ. ნადირიანის მოხსენების საფუძველზე პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1993 წელს მხარეებმა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ზესტაფონის საკოლმეურნეო ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ააშენეს სასაუზმის შენობა 1995 წლის 4 აგვისტოს. მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, სადაც აღნიშნულია, რომ მხარეებმა თანაბარი წილის საფუძველზე ააშენეს სასაუზმე „თ.-ა“, რომელიც მხარეთა შეთანხმებით გაფორმდა ვ. ძ. - ის სახელზე. ობიექტის ფუნქციონირება მოხდებოდა მხარეების მიერ თანაბარი წილის საფუძველზე, მიღებული მოგებისას კი მხარეები გაანაწილებდნენ გაწეული მუშაობის შესაბამისად.
მხარეთა შორის მიღებული მოგების განაწილებისას წარმოიშვა უთანხმოება რის გამოც ვ. ძ. - ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა სასაუზმე „თ.-ს“ შენობიდან თავისი წილის გამოყოფა.
ზესტაფონის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და სასაუზმე „თ.-ს“ შენობა მხარეებს შორის გაყოფილ იქნა თანაბარნაწილად.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გააუქმა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება, ხოლო თავისი გადაწყვეტილებით გააუქმა ს. ჭ. - ისა და ვ. ძ. - ის საზიარო უფლება სასაუზმე „თ.-ს“ შენობაზე. შენობა საკუთრების უფლებით გადაეცა ვ. ძ. - ეს და მასვე დაეკისრა ს. ჭ. - ის სასარგებლოდ 8986 ლარის გადახდა. არ დაკმაყოფილდა ს. ჭ. - ის მოთხოვნა მიწის ნაკვეთის გაყოფპასთან დაკავშირებით. მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განლაგებულია საწარმო „თ.-ს“ შენობა, დარჩა ვ. ძ. - ის სარგებლობაში.
მოსარჩელე ვ. ძ. - ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძველებით:
კასატორის მოსაზრებით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 954 - ე და 961 - ე და 963 - ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ სააპელაციო სასამართლომ არასწორად უთხოა უარი საზიარო საგნის ნატურით გაყოფაზე და ჩათვალა, რომ საზიარო საგნის გაყოფა ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე გამორიცხულია.
საკასაციო პალატა კასატორის ამ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს. რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ ობიექტის ნატურით გაყოფისას ობიექტის შემდგომი ფუნქციონირება შეუძლებელი გახდება. ეს ფაქტი საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად არის მიჩნეული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407 - ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
კასატორი რაიონულ სასამართლოში და სააპელაციო სასამართლოში მოითხოვდა მხოლოდ საზიარო შენობის გაყოფას, საკასაციო საჩივრით კი დამატებით ითხოვს მოპასუხე ს. ჭ - ს დაეკისროს ერთი წლის მიუღებელი მოგების წილი, რაც შეადგენს 2340 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406 - ე მუხლის თანახმად დავის საგნის შეცვლა ან გადიდება საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია.
კასატორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე გააუქმა საზიარო უფლება და დააკისრა საზიარო საგნის ღირებულების 8000 ლარის გადახდა, რომ არ გაარკვია, შეეძლო თუ არა ამ თანხის გადახდა.
მოწინააღმდეგე მხარე მოითხოვს საზიარო შენობის გაყოფას სამოქალაქო კოდექსის 964 - მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შენობის ღირებულების ვ. ძ - თვის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმდეს და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საზიარო უფლება და ყოველგვარი დასაბუთებისა და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმის მითითების გარეშე დააკისრა ვ. ძ - ეს ს. ჭ - ის სასარგებლოდ სადავო შენობის ღირებულება - 8000 ლარი.
სამოქალაქო კოდექსის 964 - ე მუხლის 1 ნაწილით, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია, მაშინ საზიარო უფლება გაუქმდება საზიარო საგნის, დაქირავებული ნივთის ან მიწის ნაკვეთის გაყიდვითა და ამონაგების განაწილებით.
ამდენად მითითებული ნორმიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ სადავო, საზიარო შენობა უნდა გაიყიდოს საჯარო ვაჭრობით და ამონაგები თანხა განაწილდეს მხარეთა შორის.
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411 - ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 1999 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება ამ საქმეზე გაუქმდეს ნაწილობრივ; კერძოდ, ვ. ძ - თვის 986 ლარის დაკისრების ნაწილში დარჩეს უცვლელად, ხოლო დანარჩენ ნაწილში გაუქმდეს და გამოტანილ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
ს. ჭ - ისა და ვ. ძ - ის საზიარო უფლება ზესტაფონის საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე სასაუზმე „თ.-ს“ შენობაზე გაუქმდეს საზიარო შენობის გაყიდვითა და მხარეთა შორის ამონაგების განაწილებით.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.