№ 3კ/ 445 10 მარტი 2000 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
თავნჯდომარე მ. ცისკაძე
მოსამართლეები: ქ. გაბელაია, ლ. ქაჯაია.
განიხილა ნ. ჩ - ას საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე. საქმეზე - ნ. ჩ - ას სარჩელით მოპასუხე ა. ძ - ლის მიმართ ბინის თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ.
პალატამ მოისმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მ. ცისკაძის მოხსენება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
ნ. ჩ. და ა. ძ - ლი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 1984 წლის 30 მარტიდან. მეუღლეები ცხოვრობდნენ ქ, თბილისში, გლდანის მასივი მე - 3 მ/რ, 72 - ე კორპ. 142 ბინაში, რომელიც პრივატიზირებულია ა. ძ - ლის სახელზე. ამ ბინის პრივატიზაცია მოხდა 1993 წელს და მასში ჩაწერილი იყვნენ ნ. ჩ - ნა, ა. ძ ლი და მისი შვილი პირველი ქორწინებიდან ა. ძ - შვლი. ნ. ჩ - ა და ალ. ძ - ლი განქორწინდნენ 1998 წლის აგვისტოში. განქორწინების შემდეგ ნ. ჩ - ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ალ. ძ - ლის მიმართ და მოითხოვა გლდანის მასივში მდებარე ბინაზე თანამესაკუთრედ ცნობა, იზოლირებული ფართის გამოყოფა.
გლდანი - ნაძალადევის რაიონულმა სასამართლომ 1999 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ნ. ჩ - ას სარჩელი; ალ. ძ - შვილის სახელზე პრივატიზებულ ბინაზე, მდებარე ქ. თბილისში ...-ის მე - ... მ/რ, ... - ე კორპ, ბინა 142. ნ. ჩ - ა ცნობილი იქნა თანამესაკუთრედ და მას გამოეყო ამ ბინიდან ½ წილი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 1999 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ალ. ძ - ის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა გლდანი - ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე; ნ. ჩ - ა ცნობილი იქნა ქ. თბილისში, ...-ის მასივი, მე - ... მ/რ, ... - ე კორპ, ბინა 142 - ის 1/3 - ის მესაკუთრედ.
ნ. ჩ - ა საკასაციო სარჩელში ითხოვს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამარლოს გადაწყვეტილების შეცვლას. იმგვარად, რომ იგი ცნობილი იქნეს სადავო ბინის ½ - ის მესაკუთრედ იმ საფუძვლით, რომ მისი გერი ა. ძ - ი 1990 წლიდან არ ცხოოვრობდა სადავო ბინაში, იგი რუსეთშია წასული და ბინის პრივატიზაციისათვის არ იყო მისი თანხმობა საჭირო, სადავო ბინაზე მას დაკარგული აქვს უფლება.
საკასაციო პალატა საქმის მასალის განხილვის, მხარეთა განმარტების მოსმენის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
დადგენილია, რომ ალ. ძ - ლი ქ. თბილისში გლდანის მასივში 1993 წლის 18 თებერვალს უსასყიდლოდ გადაეცა საკუთრებაში. იმ დროისათვის ამ ბინაში ალ. ძ - თან ერთად ჩაწერილი იყო შვილი - ან. ძ - ლი და მეუღლე ნ. ჩ - ა. სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის №107 - ე დადგენილების „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ“ მე - 2 მუხლის III ნაწილის მოთხოვნაზე, ბინის პრივატიზაციისათვის დამქირავებელთან ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების თანხმობის აუცილებლობის შესახებ. საქმის მასალებით ირკვავა, რომ თანხმობა მიცემულმ ჰქონდა, როგორც ნ. ჩ - ას, ასე ან. ძ - ლს, რომელმაც რუსეთიდან გამოგზავნა მინდობილობა და გამოხატა თავისი ნება პრივატიზაციის შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე სადავო ბინაზე საკუთრების უფლება მოიპივა როგორც ალ. ძ - ლმა ისე მისმა მეუღლემ ნ. ჩ - ამ და შვილმა ან. ძ - ლმა, თითოეულმა 1/3 წილი.
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410 - ე მუხლით.
დ ა ა დ გ ი ნ ა
არ დაკმაყოფილდეს ნ. ჩ - ას საკასაციო საჩვარი.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.